"ჯოჰარ დუდაევმა მითხრა, ოპერაციას თქვენ უხელმძღვანელებთო" - რას ჰყვებოდა ზვიად გამსახურდიას პირადი მფრინავი - კვირის პალიტრა

"ჯოჰარ დუდაევმა მითხრა, ოპერაციას თქვენ უხელმძღვანელებთო" - რას ჰყვებოდა ზვიად გამსახურდიას პირადი მფრინავი

გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ზვიად გამსახურდიას პირადი მფრინავის ზაურ ბედიას მოგონებიდან, რომელიც "კვირის პალიტრაში" 2012 წელს გამოქვეყნდა.

"მიმინო"

აფხაზეთში ერთი მაღალმთიანი სოფელი იყო, ფსხუ, - ტრანსპორტი იმ სოფელში არ დადიოდა, მხოლოდ "კუკურუზნიკი" დაფრინავდა. ერთხელ იქაური აეროპორტის უფროსმა მთხოვა, ერთ კაცს უნდა დავეხმაროთ, სოხუმში გასაყიდად ძროხა ჰყავს წასაყვანი, უარი არ გამოდის, უნდა ვუშველოთო. "მიმინო" ხომ გახსოვთ? ისეთი ამბავი დამემართა... ჯერ კი ვიუარე, მაგრამ მერე ხელი ჩავიქნიე, ჯანდაბას, წავაყვანინებ-მეთქი. საქონელი რომ მოიყვანეს, გული გადამიქანდა, ძროხა კი არა, ხარი იყო, ფლოქვებით მიწას თხრიდა და ისე აბრიალებდა თვალებს, ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი, სიტყვა მქონდა მიცემული. რის ვაი-ვაგლახით აიყვანეს თვითმფრინავში, არ გვემორჩილებოდა, სულ დალეწა იქაურობა. როგორც კი ძრავა ჩავრთეთ და აფრენა დავიწყეთ, მთლად გადაირია. ისეთ დღეში ჩაგვაგდო, აღარ მეგონა, ცოცხალი თუ ჩავაღწევდით სოხუმში. თვითმფრინავს ისეთი ყანყალი აუტეხა, მეგონა, ეს-ესაა ძირი გავარდება-მეთქი, მაგრამ ჰაერში ვიყავით უკვე და რაღას ვიზამდი? ასე ყანყალ-ყანყალში მივფრინდი სოხუმის აეროპორტამდე, ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მაგრამ მწარედ შევცდი. სოხუმის აეროპორტს რომ მივუახლოვდი, რადიოგადამცემში დისპეტჩერი მეკითხება, ზაურ, ზაიჩიკი ხომ არ მოგყავსო? "ზაიჩიკს" ავიაციაში უბილეთო მგზავრს ეძახიან. "ზაიჩიკი" არა, ხარი მომყავს-მეთქი.

დისპეტჩერმა იფიქრა, მეხუმრებაო და შემომიტია, ოხუნჯობას თავი დაანებე, "ზაიჩიკი" გყავს თუ არაო. არა, ხარი მომყავს-მეთქი. ჰოდა, ხარი თუ მოგყავს, ცუდად ყოფილა შენი საქმე, მოსკოვიდან დიდი კომისიაა ჩამოსული და ყველა თვითმფრინავს ამოწმებსო. იმ დროს უბილეთო მგზავრების გადაყვანა გახშირებული იყო და კომისია სწორედ "ზაიჩიკების" გადამყვანებზე ნადირობდა. რას წარმოიდგენდა, ხარის სამგზავრო თვითმფრინავით გადაყვანას თუ გაბედავდა ვინმე. რას ვიზამდი, თვითმფრინავი მანქანა ხომ არ იყო, გადამეხვია, დავეშვი. როგორც კი ხარმა მიწა იგრძნო, სულ გადაირია და აბღავლდა. წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც ეშვება და თან ბღავის. ამ უბედურებას ისიც დაემატა, რომ ეტყობა, ხარს ნერვიულობისგან დიარეა დაეწყო, იქაურობა ხომ მოთხვარა, თავადაც გვარიანად იყო "მორთული"...

როგორც იქნა, დავჯექი. როგორც კი თვითმფრინავის კარი გაიღო, შავკოსტიუმიანმა რევიზორებმა საქაღალდეები და კალმები მოიმარჯვეს, ხარმა კი ამ დროს ჯაჭვები გაგლიჯა და ბღავილ-ბღავილით შევარდა პირდაპირ კომისიის წევრებში. უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა, კომისიის წევრები გარბოდნენ, გადარეული ხარი კი ხან ერთს გაეკიდებოდა და ხან მეორეს. ზოგმა თვითმფრინავის ტრაპს შეაფარა თავი, ზოგმა მოაჯირზე გადაძრომა მოასწრო, ზოგმა სადღაც ხე მოძებნა და აძვრა. ამ სურათის შემყურე სოხუმის აეროპორტის უფროსი მიკროფონში უშვერად იგინებოდა. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ სამი თვით ჩამომართვეს ფრენის უფლება. მიუხედავად ამისა, მერეც საჰაერო ხულიგნად დავრჩი.

"იმიტომ, რომ ქართველი ხართ"!

ზვიად გამსახურდია დიდი პიროვნება იყო. ვიდრე მისი პირადი პილოტი არ გავხდი, არ ვიცნობდი. მახსოვს, მოსკოვიდან სოხუმში მოვფრინავდი. დისპეტჩერმა ჰაერში მითხრა, დაფრენის შემდეგ რაზმის მეთაურთან გამოცხადდიო. ოთახში რომ შევედი, იქ ფაფახიანი ხალხი დამხვდა. ჯოჰარ დუდაევის წარმომადგენლები ყოფილან. ამ დროისთვის ზვიადი უკვე გაქცეული იყო საქართველოდან და სომხეთში იჯევანს აფარებდა თავს. მითხრეს, თქვენ უნდა გადმოიყვანოთ სომხეთიდან ჩეჩნეთშიო. იმავე ღამეს გავფრინდით გროზნოში. ჯოჰარ დუდაევმა მიგვიღო თავის სასახლეში. საოცრად თავმდაბალი კაცი იყო. მითხრა, ზვიად გამსახურდიას გამოყვანის ოპერაცია უნდა დავგეგმოთ, შევიმუშაოთ რამდენიმე ვარიანტი, ზუსტად გათვლილი და დამუშავებული, ხოლო ოპერაციას თქვენ უხელმძღვანელებთო. გამიკვირდა, რატომ მე-მეთქი. "იმიტომ, რომ თქვენ ქართველი ხართ"! - მითხრა ჯოჰარ დუდაევმა.

განაგრძე კითხვა