"თურმე გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას... ასმაგად ვაზღვევინებთ რუსებს!" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპული ნიკა ახვლედიანის თანამებრძოლები
42 წლის ნიკოლოზ ახვლედიანი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ის უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში, ქართული ბატალიონ „დიდგორში იბრძოდა და ბახმუტის სამხრეთით, კლიშევკასთან შეტაკებების დროს გმირულად დაიღუპა. როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, კარგი მებრძოლი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი იყო. დღედღეზე შვებულებას ელოდა, საქართველოში ჩამოსვლას და ოჯახის მონახულებას აპირებდა. უფრო ვრცლად, ნიკოლოზ ახვლედიანის შესახებ მისი თანამებრძოლები თორნიკე გოგუაძე და გიორგი მიქელაძე გვესაუბრებიან.
თორნიკე გოგუაძე:_
- ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. რთულ პოზიციებზე ვართ, ყოველდღე შეტაკებები გვაქვს, მაგრამ გავუმკლავდებით, ეგ არაფერიო. საუბრის დასასრულს - მიყვარხარ, ძმაოო, მითხრა. მე, გულწრფელად რომ ვთქვა, ზედმეტი ემოციის გარეშე ვუპასუხე: მეც მიყვარხარ-მეთქი. ნიკა. თურმე, გრძნობდა რაღაცას. ალბათ, სიკვდილის მოახლოებას. ასე, ცდილობდა დამშვიდობებას ჩემთან და, ვინ იცის, კიდევ რამდენ ადამიანთან, რომელებსაც თავისიანებად თვლიდა. ახლა მთელი გულით ვამბობ, ძლიერი ემოციით ვამბობ, მიყვარს ნიკას სული და მისი სახით ყველა იმ ადამიანის, ვინც საქართველოსთვის გმირულად დაეცა, ვინც თავის შერცხვენას, ცივი მიწა არჩია, ვინც ამაღლდა საკუთარ ვნებებსა და ინსტინქტებზე. მე ვდებ პირობას, რომ ასჯერ მეტად ვაზღვევინებთ რუსებს მისი და ყველა ჩვენი გმირის გამო!
გიორგი მიქელაძე:_
- მე და ნიკა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ერთად ვიყავით. ჩვენი ბატალიონი „დიდგორი“ უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის დაქვემდებარებაშია. იმ კონკრეტულ ოპერაციაში, ჩვენი ბატალიონიდან ნიკა და კიდევ ორი ბიჭი იყო ლეგიონის ბიჭებთან ერთად, სულ 9 კაცი. რუსების დრონმა აღმოაჩინა ჩვენი ბიჭები, 24 საათის განმავლობაში იბომბებოდნენ, ერთ-ერთი ჭურვი ზუსტად იქ ჩავარდა, სადაც ნიკა იყო ჩასაფრებული... ნიკა დაიღუპა, სამმა - ორმა ქართველმა და ერთმა ჩეჩენმა, კანტუზია მიიღო. სიტყვებს ვერ ვპოულობ, ჩემი ძმის დასახასიათებლად, გარდა იმისა, რომ უშიშარი, შეუპოვარი მებრძოლი იყო, კეთილშობილი და თავგანწირული ადამიანიც გახლდათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, გიცნობდა თუ არა, თავს გასწირავდა შენთვის. მტრის ბოღმა ჰქონდა, რომ დავჯდებოდით, სულ იმაზე ლაპარაკობდა, რამდენი ხალხი დაგვიხოცეს რუსებმაო, აფხაზეთში ჩვენი ქალები და ბავშვები აწამესო. ძალიან ენატრებოდა საქართველო, დედა დაეღუპა და მის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვიდა.
ამას ძალიან განიცდიდა... მეუღლე არ ჰყავდა, მაგრამ და ჰყავდა და დეიდაშვილები, რომლებზეც ზრუნავდა. მათ მინდა ვუთხრა, რომ ძნელი ყოფილა გადარჩენილების სიაში ყოფნა. ერთი ასეთი ამბავი მინდა გავიხსენო. ლისიჩანსკში ვიყავით ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, განუწყვეტლივ გვბომბავდნენ, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, გადარჩენის შანსი თითქმის არ გვქონდა, მაგრამ ნიკას წარბი არ შეუხრია, მისი შეშინებული ან შეშფოთებული სახე არ მინახავს. პირიქით, ძალიან მშვიდად, შემართებით იყო და ჩვენც სტიმულს გვაძლევდა. სამი ღამე არ მძინებია, ბიჭები ძალიან განვიცდით.
იმ ოპერაციაში, რომელშიც ნიკა დაიღუპა, ჩვენი ბატალიონის მეთაურიც მონაწილეობდა. კანტუზიის გამო წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ჩუმად გაიპარა და ბიჭებთან ერთად ნიკას ცხედარის გამოსაყვანად ცხელ წერტილში შევიდა. იცით უკრაინელები რა დღეში იყვნენ ?! ტელეფონი არ გაჩერებულა, ქართველები რომ მიკავშირდებოდნენ და ნიკას გამოყვანის ოპერაციაში დახმარებას გვთავაზობდნენ, ეს გასაგები იყო, ჩვენ ერთმანეთისთვის ისედაც ყოველთვის გადადებული გვაქვს თავი, მაგრამ უკრაინელები და ამერიკელებიც გიჟებს ჰგავდნენ, თუ მასიური ცეცხლია, ჩვენც მზად ვართ დასახმარებლადო. ნიკა გამოყვანილია, მალე კიევში ვლადიმერსკი ცერკავის სახელობის ტაძარში დავასვენებთ, პატივს მივაგებთ და მერე საქართველოში გამოვაცილებთ. _
- ექსპერტების და ანალიტიკოსები ბოლო დროს ხშირად საუბრობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩავარდნაზე და ომის წლობით გაჭიანურებაზე. ნიკა უკვე 52-ე ქართველი მოხალისეა, რომელიც ამ ომს შეეწირა. როგორია თქვენი განწყობა, რას აპირებთ?
- ბოლომდე ბრძოლას! ჩვენ ანწუხელიძის ქვეყნიდან ვართ, არასოდეს არ დავნებდნებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ გამარჯვების დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და ჩვენი ამბავი ისტორიას დარჩება. რუსების მიმართ ანგარიშსწორება უკვე ჩემი პირადი საქმეა უკვე. სახელებითა და გვარებით ვიცი ის ბავშვები და ქალები, როლებიც რუსებმა აწამეს და მოკლეს. ამაზე პასუხი უნდა აგონ.
ხათუნა ბახტურიძე
სპეციალურად საიტისთვის