როგორ უნდა მოპარო ომში მტერს... შვეულმფრენი
ომში ყველაფერი მოდის, სროლისა და დაბომბვების გარდა, მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის ალაფად წაღებაც, მაგრამ როდესაც ეს ტექნიკა „თავისი სურვილით“ ხელში „გივარდება“, ეს სულ სხვაა...
მოკლედ, 9 აგვისტოს უკრაინის ქალაქ პოლტავასთან მინდორში შვეულმფრენი დაეშვა...
ამაში რა იქნებოდა გასაკვირი, რომ არა,ერთი გარემოება-ამ შვეულმფრენს დიდი წითელი ვარსკვლავები ეხატა და ის რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკუთვნოდა...
არც ეს გამოიწვევდა დიდ აჟიოტაჟს, რადგან ომის დროს ფრონტის ხაზთან ან სულაც მოწინააღმდეგის მხარეს შეიძლება მოხდეს დაზიანებული შვეულმფრენის იძულებული დაშვება...
მაგრამ, პოლტავა,სადაც წითელვარსკვლავიანი და თანაც დაუზიანებელი რუსული შვეულმფრენი დაეშვა, ფრონტის ხაზიდან არც მეტი და არც ნაკლები...თითქმის 300 კმ-ითაა დაშორებული, რაც ასევე გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ შვეულმფრენის ეკიპაჟს ამხელა სანავიგაციო შეცდომა მოუვიდა და მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში ამდენი კმ-ი იფრინა...
მაშინ როგორ აღმოჩნდა რუსული, ერთი-ერთი ბოლო მოდიფიკაციის Ми-8 АМТШ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი, სახელად Терминатор -ი
უკრაინის ქალაქ პოლტავასთან?
ეს კითხვა ორი კვირა ძალზე აწუხებდა რუსეთის კონტრდაზვერვასაც და რამდენიმე ვერსიას უშვებდნენ, სანამ ვერ მოითმინა ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა, რომელიც საფრონტო ბომბდამშენის ყოფილი პილოტია და თავის „ტელეგრამ-არხზე“ პირველად გაასაჯაროვა რუსული შვეულმფრენის უკრაინულ პოლტავასთან დაშვების ფაქტი, რაც იმით ახსნა, რომ ეკიპაჟმა ფრენისას ორიენტაცია დაკარგა, უკრაინელებმა რადიოეთერში ის შეცდომაში შეიყვანეს, ფრონტის ხაზი გადააკვეთინეს და პოლტავაში დასვეს, რის შემდეგაც, უკვე მიწაზე, შვეულმფრენის კაბინაშივე ეკიპაჟის ორი წევრი-მეორე მფრინავი და ბორტტექნიკოსი ჩაცხრილეს,ხოლო ეკიპაჟის მეთაური კი დაჭრეს, რუსული მხარე მზადაა თავისი მფრინავის გამოსახსნელად, ის ხუთ უკრაინელ სამხედრო ტყვეში გაცვალოსო...
მხოლოდ რუსი ბლოგერის ამ გააქტიურების შემდეგ ხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვამაც „ამოიღო“ და ერთ-ერთი უკრაინული გაზეთის საშუალებით გაავრცელა ნაალაფარი რუსული შვეულმფრენის ფოტოები და რაც მთავარია, სენსაციური ინფორმაცია-უკრაინელი მზვერავები თითქმის ნახევარი წელია აწარმოებდნენ ამ საიდუმლო ოპერაციას რუსი სამხედრო მფრინავის გადმოსაბირებლად, რომ მას თან შვეულმფრენიც „გამოეყოლებინა“ ხელსო!
ანუ გამოდის, რომ რუსული შვეულმფრენის ეკიპაჟის მეთაური კი არ შემცდარა, არამედ წინასწარგანზრახულად გადაფრინდა უკრაინელების მხარეს და მათ მიზანმიმართულად გადასცა სამხედრო შვეულმფრენი, რისთვისაც, სავარაუდოდ, არცთუ მცირე გასამრჯელოც მიიღო,რადგან უკრაინის სამხედრო დაზვერვას ომის დაწყების შემდეგ გამოცხადებული ჰქოონდა, რომ ვინც რუსული მხრიდან თვითმფრინავს ან შვეულმფრენს მოიპარავდა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანდა ერთ მილიონ დოლარს მიიღებდა საჩუქრის სახით(ტანკის მოპარვა მხოლოდ 50 ათასი დოლარით იყო შეფასებული)...
როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან საქმე მხოლოდ ამ შვეულმფრენის ეკიპაჟის მეთაურმა დაიჭირა, რადგან პოლტავაში დაჯდომის შემდეგ,ეკიპაჟის დანარჩენმა ორმა წევრმა აქტიური პროტესტი გამოხატა, რის გამოც ლიკვიდირებულნი იქნენ უკრაინელი სამხედროების მიერ.
მაგრამ რას უზამს რუსული „ეფ-ეს-ბე“ უკრაინაში გატაცებული შვეულმფრენის მეთაურის ოჯახს? ბევრს ვერაფერს, რადგან შვეულმფრენის მოპარვამდე, უკრაინის სამხედრო დაზვერვას, თურმე ჯერ ამ მფრინავის ოჯახი გამოუყვანია მალულად რუსეთიდან...
რა აღმოჩნდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელში?
რუსეთის შეიარაღებული ძალების საარმიო ავიაციის 319-ე ცალკეული საშვეულმფრენო პოლკის Ми-8 АМТШ ტიპის არანაკლებ 5 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი საბორტე ნომრით 62(წითელი), რომელიც დატვირთული იყო Су-30СМ და Су-34 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებით...
ეს არის Ми-8 ტიპის შვეულმფრენის ერთ-ერთი ბოლო მოდიფიკაცია, რომელიც რუსეთის საარმიო ავიაციის შეიარაღებაში ოფიციალურად 2009 წელს მიიღეს, თუმცა ამ სტატიის ავტორს ჰქონდა საშუალება მისი საცდელი ვარიანტი ჯერ კიდევ 1999 წელს დაეთვალიერებინა დეტალურად გარედან და შიგნიდან, არამარტო სამხედრო ჟურნალისტის, არამედ წმინდა პროფესინალური მიზნითაც, რადგან თავის დროზე საბჭოთა არმიაში ორწლიანი სავალდებულო სამსახურის დროს, სწორედ Ми-8Т ტიპის შვეულმფრენის საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტი გახლდათ...
Ми-8 АМТШ ტიპის შვეულმფრენის ძირითადი განსხვავებაა შედარებით თანამედროვე ოპტიკურელექტრონული აპარატურა,რომელიც ღამის ხედვის სათვალეების გამოყენებით ეკიპაჟს ღამით ფრენის საშუალებასაც აძლევს;ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „შტურმი“ და გაძლიერებული ჯავშანდაცვა, როგორც ეკიპაჟის კაბინის, ისე სადესანტო ნაკვეთურის.
გარეგნულად კი Ми-8 АМТШ -ს გამორჩევა სხვა Ми-8МТ-ებისგან იმით შეიძლება, რომ მას მარჯვენა ბორტზეც აქვს დამატებული გორგოლაჭებზე გასაგორებელი კარები, ხოლო სალონის ბოლოში კი ძირს ჩამოსაშვები აპარელი უყენია, რაც საერთო ჯამში აჩქარებს დესანტირების პროცესს.
საგულისხმოა,რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ამ წარმატებულ საიდუმლო ოპერაციას-რუსი პილოტის გადაბირებისა და სამხედრო შვეულმფრენის მოტაცების სახით, წინ უძღოდა ძალზე წარუმატებელი მცდელობა ასევე გადაებირებინათ რუსული საფრონტო ბომბდამშენის Су-34-ის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი მაინც, რომ მას უკრაინის მორიგი ქალაქის დასაბომბად გაფრენისას,ჰაერში გადაწყვეტილება შეეცვალა, უკრაინულ აეროდრომზე დაშვებულიყო და უკრაინელ მზვერავებისთვის ძვირადღირებული ბომბდამშენი ფეშქაშად მიერთმია, რისთვისაც დიდ ჯილდოს ჰპირდებოდნენ...
მრავალთვიანი საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ, თითქოს ერთი რუსი პილოტი დათანხმდა უკრაინელების შეთავაზებას და კონოტოპის აეროდრომიც კი წინასწარ გაამზადებინა-იქ დავეშვები, მაგრამ ჰაერში უკრაინული გამანადგურებელი დამახვედრეთ,რომ წინ გამიძღვესო...
დათქმულ დროს, როდესაც უკრაინული გამანადგურებელი კონოტოპიდან აფრენას აპირებდა, თითქოსდა გატაცებული რუსული ბომბდამშენის დასახვედრად და გასაძღოლად, რუსებმა კონოტოპის აეროდრომზე მოულოდნელი საჰაერო იერიში განახორციელეს, ის უკრაინული გამანადგურებელიც ააფეთქეს და რამდენიმე სამხედროს სიცოცხლეც შეიწირეს...
როგორც შემდგომ გაირკვა, ვითომ გადაბირებული რუსი სამხედრო მფრინავი თურმე ორმაგს თამაშობდა და ყველაფერს „გე-ერ-უ“-ს ათანხმებდა...
ამ ჩავარდნის გამო, ერთი უკრაინელი სამხედრო მზვერავი-პოლკოვნიკია დაპატიმრებული, რომლის საქმეს უკრაინის სასამართლო იხილავს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არანაირად არ სცნობს და გარკვეულ პირებს აბრალებს ამ საიდუმლო ოპერაციის ჩავარდნას.
რაც შეეხება საავიაციო ტექნიკის გატაცებას, რამდენიმე ფაქტი ჩვენს საქართველოსაც უკავშირდება, მათ შორის ერთმა მთელი მსოფლიოშიც კი გამოიწვია დიდი რეზონანსი, როდესაც 1989 წლის 20 მაისს კაპიტანმა ზუევმა ცხაკაიადან(სენაკიდან) გაიტაცა МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი(რომელიც იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოდ ითვლებოდა) და ნატოს წევრი თურქეთის ტრაპიზონის აეროპორტში დასვა. გამანადგურებელი თურქებმა მეორე დღესვე დააბრუნეს ცხაკაიაში,ზუევმა კი თავშესაფარი აშშ-ებში იპოვა.
1991 წელს თელავის სამხედრო აეროდრომიდან მოხერხდა Ми-8Т ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის მოტაცება-რუს პილოტს საკმაო თანხა გადაუხადეს და მანაც ეს შვეულმფრენი კახეთის ზვრებში დასვა, რის შემდეგაც თივის ზვინში გადამალეს. მოგვიანებით ის საქართველოს შინაგანი ჯარების საავიაციო ესკადრილიას გადაეცა, სადაც ამ სტატიის ავტორს, როგორც შინაგანი ჯარების პრესსამსახურის უფროსს უწევდა მასზე ფრენა მგზავრის ამპლუაში. ამ შვეულმფრენმა 1998 წლის 27 აგვისტოს გორის სტადიონიდან აფრენისას განიცადა ავარია და დაიწვა, საბედნიეროდ ბორტზე მყოფი ყველა პირი გადარჩა.
თვითმფრინავის მოპარვის სიმძიმე ქართულ არმიასაც აქვს განცდილი, როდესაც 1993 წლის 20 ნოემბერს კოპიტნარიდან თბილისის საავიაციო ქარხნის „ველის“ აეროდრომზე Су-25К ტიპის ახალთახალი(სულ ექვს საათამდე თუ ჰქონდა ნაფრენი ამ ბორტს) მოიერიშე თვითმფრინავის გადმოფრენის დროს(კოპიტნარის აეროდრომს ზვიდისტების შეირაღებული რაზმები მიადგნენ და მაშინდელმა ხელისუფლებამ თვითმფრინავების სასწრაფო ევაკუაცია განახორციელა) პილოტმა ჟიტნიკოვმა(რომელიც რამდენიმე თვის მიღებული იყო საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებში, თუმცა აფხაზეთის ომში მონაწილეობა არ მიუღია, სამაგიეროდ სამოქალაქო ომში ზვიადისტების რაზმების დასაბომბად გაფრენებზე უარს არ ამბობდა, მაშინ როდესაც ქართველი მფრინავები ყველანირად ცდილობდნენ ეს თავიდან აერიდებინათ ან სპეციალურად სხვაგან ყრიდნენ ბომბებს) ეს მოირიშე თვითმფრინავი გაიტაცა და თბილისის ნაცვლად ერევანში დასვა...