როგორ ერევიან რუსული სპეცსამსახურები ქართულ პოლიტიკაში?! - კვირის პალიტრა

როგორ ერევიან რუსული სპეცსამსახურები ქართულ პოლიტიკაში?!

როგორ მუშაობს საქართველოში რუსეთის აგენტურა და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი დავით კუხალაშვილი გვესაუბრება

- რუსეთის სპეცსამსახურები ჩვენს ქვეყანაში მუდმივად აქტიურობენ და მათი მთავარი მიზანია, საქართველო არ გაწევრიანდეს ნატოში. რუსეთის გარდა, რა თქმა უნდა, აქ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც მუშაობენ.

- რუსული სპეცსამსახურები, კონკრეტულად, როგორ ერევიან ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში?

- სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია და საქართველოდან გაიტანეს "კა-გე-ბეს" აგენტების სრულია სია. საქართველომ ამას ხელი ვერ შეუშალა და შესაბამისად, შეფერხდა ლუსტრაციის პროცესი. რუსეთის ფედერაციამ კი საქართველოს ტერიტორიაზე მყარი აგენტურული ქსელი მიიღო. ანუ ვინც საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს "კა-გე-ბემ" გადაიბირა, ისინი რუსეთის ფედერაციის აგენტები გახდნენ. გარდა ამისა, ნებისმიერი სპეცსამსახური აქტიურად იყენებს შესაძლებლობას, ის პირები დაითანხმოს თანამშრომლობაზე, რომლებიც გარკვეული დროით მისი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ასევე, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები - ე.წ. ტყვეთა აყვანის პროცესიც სახიფათოა, რადგან რუსულ სპეცსამსახურებს უჩნდებათ შესაძლებლობა, საპატიმროში მყოფი საქართველოს მოქალაქეები გადაიბირონ...

რუსულ და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს საქართველოში ოთხი ძირითადი მიმართულება აინტერესებთ - პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სადაზვერვო სამსახურების მუშაობის ერთ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საკუთარი აგენტებისთვის ლეგალური შემოსავლების შექმნა. ამ შემთხვევაში, ისინი " მუშაობენ" როგორც ბიზნესსექტორში, არასამთავრობო სექტორში და ა.შ.

- ბევრი ტურისტი შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რამდენად არის საფრთხე იმისა, რომ მათ რიცხვშიც იყვნენ აგენტები?

- საფრთხე ნებისმიერი სახელმწიფოს ტურისტული ჯგუფიდან შეიძლება მოდიოდეს. ეს მიღებული პრაქტიკაა - ტურიზმის საფარქვეშ ხელსაყრელია მნიშვნელოვანი ინფორმაციების შეგროვება და ახალი აგენტების გადაბირება. მეორე მხრივ, ასეთი ჯგუფებზე აქტიურად "მუშაობა" საქართველოს კონტრდაზვერვასაც შეუძლია, რათა დროულად მოხდეს ჯაშუშების გამოვლენა და მათი ქმედებების აღკვეთა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანია კიბერსივრცის კონტროლიც, რათა ამ არხის გამოყენებით საქართველოდან არ გაიტანონ საიდუმლო ინფორმაცია...

ტურისტების საფარქვეშ შემოსულ ჯგუფებს სპეცსამსახურები გამოიყენებს მაშინ, როდესაც ჩათვლის საჭიროდ. ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდნენ და განახორციელონ დივერსიული თუ ტერორისტული აქტები, ხანძრების ინსპირირება და ა.შ

- როგორ ფიქრობთ, რუსულ სპეცსამსახურებს მოქმედ ქართველ პოლიტიკოსებში აგენტები ჰყავთ?

- პოლიტიკა სადაზვერვო საქმიანობის ელიტალური მიმართულებაა - როგორც აგენტების გადაბირება, ისე ინფორმაციის შეკრება. რა თქმა უნდა,რუსული სპეცსამსახურები ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაიბირონ მთავრობიდან, პარლამენტიდან, სასამართლო ხლისუფლებიდან და ა.შ. სადაზვერვო სამსახურებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც დღეს არ არიან წარმოდგენილნი არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ჯერ ერთი, ისინი ადრე თუ გვიან შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში და რაც მთავარია - შესაძლოა, თავად სპეცსამსახურებამ შექმნან სათანადო პირობები და ერთი შეხედვით უპერსპექტივო პარტიები და პოლიტიკური ლიდერები ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ.

საქართველოში ელექტორონული არჩევნებით ხმის მიცემის დანერგვა იგეგმება. მე პირადად, ეს სახიფათოდ მეჩვენება, რადგან ამ სისტემის თავის სასარგებლოდ გამოყენებაზე, შეიძლება, უკვე მუშაობდნენ რუსული სპეცსამსახურები. მოკლედ, ჩვენს უსაფრთხოების სტრუქტურებს სერიოზული მუშაობა მართებთ, რათა საფრთხეების დროულად გამოვლენა და ნეიტრალიზაცია მოხდეს,

სპეციალურად საიტისთვის