"ლარსზე, ქართველმა მესაზღვრეებმა "ეფ-ეს-ბეს" თანამშრომლებს უკრაინელის გატაცების საშუალება არ მისცეს" - რა ხდება საქართველო-რუსეთის საზღვარზე - კვირის პალიტრა

"ლარსზე, ქართველმა მესაზღვრეებმა "ეფ-ეს-ბეს" თანამშრომლებს უკრაინელის გატაცების საშუალება არ მისცეს" - რა ხდება საქართველო-რუსეთის საზღვარზე

" უკრაინსკაია პრავდა - ევროპას" ინფორმაციით, 16 და 17 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 6 მოქალაქე არ შემოუშვეს. ისინი ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან და ცდილობენ უფლებადამცველებს ხმა მიაწვდინონ. უცხოური მედიის ცნობით, მათ „მოტაცებას“ რუსი ძალოვნები ცდილობდნენ.

ტატიანა ზარუბინა, რომელიც ერთ-ერთი უკრაინელის დედაა, უცხოურ გამოცემასთან ისტორიას იხსენებს:

„ნოემბერში, ხერსონის ოლქიდან გამოსულ ბიჭებს შორის არის ერთი მამაკაცი, რომელიც ციხეში აქამდე არასდროს მომხვდარა. ახლა, ბუფერულ ზონაში მასთან რუსი ძალოვნები მივიდნენ და მის წაყვანას ცდილობდნენ, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ამის საშუალება არ მისცეს. ქართველმა მესაზღვრეებმაც მიირბინეს. ქართველი მესაზღვრეები ჩვენებს კარგად ექცევიან, მათ დაეხმარნენ ახალგაზრდა მამაკაცის დახსნაში და უთხრეს, ჩვენს პუნქტთან ახლოს იყავითო, იქ, სადაც რუს მესაზღვრეებს შესვლის უფლება არ აქვთ", - ამბობს ზარუბინა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Unmode-ის ხელმძღვანელმა აიდანა ფედოსიკმა ზარუბინას სიტყვები დაადასტურა:

„ФСБ-ს თანამშობლები უკრაინის მოქალაქესთან სამოქალაქო სამოსში და სამოქალაქო მანქანით მივიდნენ. ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში ჩასმას ძალით ცდილობდნენ, მაგრამ დანარჩენებმა ამის საშუალება არ მისცეს. დასახმარებლად ქართველი მესაზღვრეები მოვიდნენ.

მამაკაცი, რომლის წაყვანასაც რუსი ძალოვნები ცდილობდნენ 40 წლის უკრაინის მოქალაქეა, რომელსაც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვს. რუსეთში ის დამოუკიდებლად ჩაფრინდა, რათა კრასნოდარის მხარეში მცხოვრები და ენახა.

მიხაილი რუსეთში ჩავიდა და საშინელი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, ადლერის აეროპორტიდან გასვლის საშუალებაც არ მისცეს. გასაუბრების ოთახში რუსმა ძალოვნებმა ფურცელზე ხელის მოწერა მოსთხოვეს, რომელზეც ეწერა: „ყირიმი - რუსეთია“, „პუტინი - ყოჩაღია და სპეცოპერაცია - მართალი საქმე“ და სხვა მსგავსი ტექსტი. მიხაილმა უარი განაცხადა ხელმოწერაზე".

უფლებადამცველის თქმით, მიხაილი სცემეს, შემდეგ სასამართლოში წაიყვანეს და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო 15 დღით დააკავეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულს ისევ დახვდა პოლიციელები, ისევ სცემეს, ისევ დააკავეს 15 დღით, ასე სულ სამჯერ მოხდა.

"როგორც ჩანს მიხაილი საემიგრაციო ციხიდან შემთხვევით გამოიყვანეს და სწორედ ამიტომ ცდილობენ რუსი სამართალდამცავები მის უკან დაბრუნებას", - ამბობს უფლებადამცველი.

„მას რუსული პასპორტიც შესთავაზეს, საემიგრაციო ციხეს სასწაულებრივად დააღწია თავი და უკრაინელ პატიმრებთან მოხვდა, რომლებიც ჩვენ გამოგვყავს. მიხაილმა შეძლო და საქართველოს საზღვარიც გადაკვეთა, თუმცა ახლოს გაჩერდა და დანარჩენ ბიჭებს ელოდებოდა. მოგვიანებით ის ბუფერულ ზონაში დააბრუნეს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს“, - ამბობს უფლებადამცველი Новая газета-სთან.

დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინის მოქალაქეების ნეიტრალურ ზონაში ყოფნასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა:

„საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში, უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რიგი მედია საშუალებების მხრიდან გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ მყისიერად გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ოლექსანდრ შულჰასთან. ქართულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით. უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს“, - ვკითხულობთ უწყების ოფიციალურ განცხადებაში.