რუსი ოკუპანტების თავდაცვის პირველი ზღუდე გარღვეულია?
„ჩნდება იმის ბევრი ნიშანი, რომ უკრაინის არმიამ მოახერხა ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე რუსების თავდაცვის პირველი ზღუდის გარღვევა, სამხრეთით ნოვოპროკოპივკას უტევენ, აღმოსავლეთით ვერბოვოეს და აფართოებენ სოლს სტრატეგიულად მნიშვნელოავანი ქალაქის ტოკმაკის მიმართულებით“-ეს სიტყვები, რომელიც 25 აგვისტოს СNN -მა გაავრცელა ეკუთვნის, არც მეტი და არც ნაკლები... აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარეს, ოთხვარსკვლავიან გენერალ მარკ მილის...
ანუ, აშშ-ის ყველაზე მაღალჩინოსანი სამხედრო ოფიცერი, რომელიც ასევე წარმოადგენს აშშ-ის პრეზიდენტისა და თავადცვის მინისტრის მთავარ სამხედრო მრჩეველს, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევების წამოწყებიდან თითქმის სამი თვის თავზე მაინც მოახერხა რუსი ოკუპანტის თავდაცვის პირველი და ყველაზე რთული ზღუდის გარღვევა და ეხლა ცდილობს განავითაროს შეტევა სამხრეთის, ტოკმაკის მიმართულებით...
უკრაინის მხარე ძალზე ძუნწია ამ თემაზე ახალი ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელების მხრივ, რაც გასაგებიცაა, რადგან მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზღუდის გარღვევის შემდეგ, საჭიროა ახლად განთავისუფლებულ რაიონში ფეხის მოკიდება, გამაგრება, მეორე ეშელონის საჯარისო დანაყოფების დამატება და შეტევის სამხრეთი მიმართულებით გაგრძელდება, რაც ერთ-ორ დღეში შეიძლება ვერც მოესწროს.
რუსეთის ხელისუფლების დუმილიც ასევე გასაგებია, ვის სურს აღიაროს, რომ ნახევარი წლის განმავლობაში აგებული ამ, მართლაც ძალიან ძლიერი თავდაცვის ზღუდის გარღვევა, უკრაინის არმიამ მაინც მოახერხა?
ჩვენ ვეცადეთ რუკის საშუალებით მკითხველისთვის მარტივად აგვეხსნა, თუ სად და როგორ მოხდა რუსების თავდაცვის ზღუდის გარღვევა და ეხლა საით არის მიმართული უკრაინის კონტრშეტევების მთავარი მიმართულებები...
ამ ძალზე მნიშვნელოვან თემაზე უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ „კვირის პალიტრის“ ორშაბათის, 28 აგვისტოს ნომერში, რუბრიკაში „სამხედრო საქმე“, რადგან იმ მომენტისთვის ბევრად მეტი რამე გახდება ცნობილი...