ესტონეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა - მედიის ცნობით, მისი ქმარი რუსეთთან ტვირთის გადაზიდვის საქმიანობითაა დაკავებული: როგორია პრემიერის პასუხი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელიც არაერთხელ მოუწოდებდა დასავლეთის ქვეყნებს, რომ რუსეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექციათ, სკანდალში აღმოჩნდა.
23 აგვისტოს ესტონურმა გამოცემა ERR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია Stark Logistics, რომლის 24%-ს ესტონეთის პრემიერის ქმარი კრისტიან კრააგი ფლობს, რუსეთსა და ესტონეთს შორის ტვირთის გადაზიდვის საქმიანობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ კრისტიანმა საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ეს საქმე შეწყვიტა.
როგორც ჟურნალისტები წერენ, კომპანიაში კვლავ არის რუსეთთან ლოჯისტიკის მენეჯერი, ხოლო Stark Logistics რუსეთში ტვირთის გადაზიდვას ისევ აგრძელებს.
კრააგმა ERR-ს განუცხადა, რომ მისი კომპანია რუსეთში ახალ ტვირთებს კი არ გზავნის, არამედ, ძველ კონტრაქტებს ასრულებს. მისი თქმით, მიწოდების ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები არ არიან. კითხვაზე აპირებს თუ არა Stark Logistics რუსეთთან საქამიანობის დასრულებას, კრააგმა ასე უპასუხა:
"ჩვენ მხოლოდ ერთი ესტონელი კლიენტი გვყავს, რომელსაც ვეხმარებით ამჟამინდელი და საერთაშორისო სამართლის დაცვით, კანონიერი კონტრაქტები შეასრულოს რუსეთთან, ეს კომპანია AS Metaprint-ია. რუსეთში ტვირთის მიწოდების ახალი კლიენტების ძიება არ მიმდინარეობს“. (გააგრძელეთ კითხვა)