რუსეთის დესტრუქციული და საშიში გეგმებისგან საქართველოს ჩინეთი დაიცავს?!
რამდენიმე დღეში შემოდგომა დაიწყება და სურთ თუ არა, პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. მართალია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში შოვის მეწყერმა ყველაფერი გადაფარა და ბუნებრივია, პოლიტიკოსების ყურადღებაც ამ თემაზე იყო მიპყრობილი, მაგრამ ნელ-ნელა აქტიურდება პოლიტიკური თემებიც. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის ამოწურვამდე მიცემული ბოლო ინტერვიუ იყო, სადაც მან ელექტრონულ არჩევნებზე ილაპარაკა და თქვა, რომ "მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს". შემდეგ კი გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზეც გაიმეორა, რომ "ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი. ზოგ ქვეყანაში, გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ეს არ არის საუკეთესო, მას გარკვეული შეზღუდვები ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ როგორ მუშაობს ეს". ცხადია, ეს საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია და მოსახლეობის ინფორმირებულობაც, მაგრამ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნებთან დაკავშირებული პესიმისტური მოლოდინი, ცხადია, კითხვებს აჩენს. მმართველი პარტიის რეაქცია დეგნანის კრიტიკით გამოიხატა და არა რეალურ პრობლემებზე საუბრით, ოპოზიციას კი თითქოს ეს საკითხები საერთოდ არ აინტერესებს - ნაწილი რას აკეთებს, კაცმა არ იცის, ნაწილი კი "ნაცმოძრაობის" სახით ან ისევ აქციებს აანონსებს, რომელიც რითი იქნება სხვა აქციებისგან განსხვავებული, არავინ ამბობს. სამაგიეროდ, სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი ბათუმში დასასვენებლად ჩასულ ხალხს ხვდება და სააკაშვილისთვის გადასაცემ მესიჯებს აგროვებს. როგორი იქნება ქართული პოლიტიკური შემოდგომა, რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ერთი შეხედვით ძალიან მარტივი კითხვაა, რადგან პოლიტიკურ პარტიას გამარჯვების გარდა რა უნდა უნდოდეს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს საკითხი ნამდვილად გამოცანაა, რადგან შეუძლებელია "ნაცმოძრაობა" ვერ ხვდებოდეს, რომ 11 წელია, ვერსად ვერ გაიმარჯვა, ყველა კვლევაში დაბალი რეიტინგი აქვს და ვერც რევოლუცია გამოსდის, თუმცა რევოლუციის ვარსკვლავბიჭუნა ჰყავს. ამდენწლიანი მარცხი არ შეიძლება არ აჩენდეს კითხვას, თუ როგორ აპირებს ეს პარტია გამარჯვებას. აბსოლუტურად არაფერს ცვლიან და ამ წლების განმავლობაში რითიც მარცხდებიან, იმითვე სურთ გამარჯვება. ერთხანს იძახეს, ახალი სახეები გვეყოლებაო. გამოჩნდა მელია, ხაბეიშვილიც ახალი იყო, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ხაბეიშვილის ახალი სახის ჩრდილში ჩაცუცქული არიან ძველი ფიგურები - მერაბიშვილი, კეზერაშვილი. ამას დაემატა ცისკარიშვილის აქტიურობა, გამოჩნდა ჭიაბერაშვილიც - ჩანს, "ნაცმოძრაობა" ხელახლა კრებს ძველ გვარდიას. ძველი სახეები და მათი რიტორიკა თავის დროზე იყო "ნაცმოძრაობის" მარცხის ერთ-ერთი მიზეზი და მარტო იმის ხარჯზე გამარჯვება, რაც დღეს აქვთ დღის წესრიგში, აი, "ქართული ოცნება" მიდის რუსეთისკენო, ძალიან გაუჭირდებათ. ცხადია, ამის ხარჯზე მოიპოვებენ დასავლეთის მხარდაჭერას. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ავსტრიაში ვიყავი შვილთან. იქ საუბარი ჩამოვარდა საქართველოზე და პოლიტიკაში ჩაურთველმა ერთმა კაცმა გამოაცხადა, ჩემთვის ცხადია, მთავრობა რუსეთისკენ იყურება, ხალხი კი ევროპისკენო - ეს კარგი პიარფორმულაა, რომელიც დატრიალდა და ახლა მიდის და მიდის. საქართველოში ეს ფორმულა რამდენად არის ქმედითი, ეს საკითხავია, თორემ დასავლეთში აშკარად მუშაობს.
- რატომ არ ცდილობს ხელისუფლება, რომ ამ პიარფორმულის გავრცელებას ხელი შეუშალოს, ეს ხომ მის იმიჯზეც მოქმედებს? გასაგებია, რომ ევროპელები არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ არ აინტერესებთ, რიგითი ევროპელებიც და პოლიტიკური წრეებიც რას ფიქრობენ მათზე?
- ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, რომელიც მე და თქვენ შესაძლოა ვერ დავინახოთ. ფაქტია, სააკაშვილმა თავის დროზეც და მოგვიანებითაც მოახერხა საერთაშორისო საზოგადოების მიმხრობა და ისიც იდგა და ეძახდა "დემოკრატიის შუქურას" კაცს, რომელიც ძალიან ბევრ არადემოკრატიულ საქმეს აკეთებდა, ოღონდ მის ამ ძალადობასთან დაკავშირებულ ქმედებებს მსოფლიო "ვერ ხედავდა". როგორც კი სააკაშვილი გავიდა პოლიტიკიდან, ყველა ნაკლზე "თვალი აეხილა" დასავლეთს და ახლა დაგვიწყეს ამაზე საყვედური, აი, სასამართლო არ არის ობიექტურიო და ა.შ. მათ შორის რუსული საქმის კეთებაც ახლა გახდა ობიექტური და როდესაც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცა "ნაცმოძრაობამ", მაშინ ხმა არ ამოუღიათ. ამიტომაც ერთადერთ ლოგიკურ ვარიანტად მეჩვენება ის, რომ დასავლეთის გარკვეულ წრეებს აწყობთ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ხელახლა მოყვანა, აწყობს იმიტომ, რომ ეს აწყობს რუსეთს. ის, რომ დასავლეთი ებრძვის რუსეთს, ოღონდ ბოლო პერიოდში გაანელა ბრძოლის სიმწვავე. ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმაც თქვეს, არ არის საჭირო რუსეთის გაქრობა გეოპოლიტიკური სივრციდანო. მოკლედ, რუსეთი დასავლეთისთვის საჭიროა. ეს პოზიცია გარკვეულწილად გასაგებია, რადგან ჩინეთისთვის რუსეთი ბარიერია. ამიტომ ის, რომ მათ რუსეთი სჭირდებათ, გვაფიქრებინებს, რომ ეს გავლენას ახდენს კიდეც მათ საქართველოსთან ურთიერთობაზე. რუსეთს აწყობს აქ რევოლუცია და ფუნდამენტური არეულობა, ისეთი, რომ აქ ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი სატრანზიტო ხაზები აღარ შემოვიდეს და სფერო კვლავ რუსეთს დაუბრუნდეს. ამისთვის კი საჭიროა ისეთი ფიგურა, რომელიც ომზე წავა, თუ ეს რუსეთს აწყობს. 2008 წელს რუსეთს აწყობდა ომი და ქართულმა მხარემ მას ხელი შეუწყო. ახლაც არ არის გამორიცხული, რომ იგივე განმეორდეს, რადგან დასავლეთი ბოლო პერიოდში დაფიქრდა, რუსეთის გარეშე არსებობა გაგვიჭირდებაო. ამიტომაც შეიძლება ხელსაც აძლევდეს აქ რუსეთისთვის საჭირო ფიგურების წინ წამოწევა. ეს ვერსიაა და, თუ ამ ვერსიით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ჩვენი მოქმედი ხელისუფლებისთვის ძალიან ძნელი იქნება ასეთი ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ ცურვა. ამ შემთხვევაში ერთ-ერთ სწორ ნაბიჯად მიმაჩნია, რომ ჩინეთისკენ გადაიდგას ნაბიჯები, რადგან სწორედ მას არ აწყობს აქ არეულობა. შესაძლოა სწორედ ჩინეთმა დაიცვას ჩვენი ინტერესები, ისევე როგორც ყაზახეთის დაიცვა და რუსეთს უთხრა, ათ დღეში გაქრი აქედანო, და რუსეთიც გაქრა. ამიტომ რუსეთს სჭირდება, რომ აქ პროცესები არა მისგან პროვოცირებული ჩანდეს, არამედ შექმნას ისეთი სურათი, რომ თავად ქართული მხარე აკეთებს რევოლუციურ მოძრაობებს, დასავლეთი მას მხარს უჭერს და ა.შ. - ანუ იდგმება მორიგი პოლიტიკური სპექტაკლი, რათა რუსეთის ინტერესები აქ ისე გატარდეს, რომ ჩინეთი არ გაბრაზდეს. ამიტომ ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოახერხოს დასავლეთის კრიტიკის შემცირება, რადგან, ჯერ ერთი, "ოცნების" სუსტი წერტილი პიარია, მით უმეტეს, საერთაშორისო პიარი; და მეორე, თუ ეს ვერსია, რაც გითხარით, რეალურია, მაშინ სავარაუდოდ, დასავლეთის გარკვული ძალები (ცხადია, არა ყველა) გააგრძელებენ ჩხიკინს, რათა რუსეთისთვის სასურველი სცენარი გაათამაშონ. ამასთან გამკლავება ძალიან ძნელი იქნება საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის.
- ბოლო დღეებში ძალიან საინტერესო იყო აშშ-ის ელჩის ბოლო ინტერვიუ, სადაც ელექტრონულ არჩევნებზე ეჭვი გამოთქვა. არადა, აქამდე თავად საელჩო ლობირებდა ელექტრონული არჩევნების დანერგვას და ცალსახაა, რომ მიუხედავად პრობლემებისა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ყუთში კონვერტების ჩაყრა. თქვენი შეფასებით, ეს განცხადება რატომ გაკეთდა?
- დეგნანი დასავლეთის იმ პოლიტიკის განსახიერებაა, რომელიც ცდილობს, ერთი მხრივ, "ნაციონალების" აღორძინებას და, მეორე მხრივ, "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას - ანუ პრაქტიკულად რუსეთზე მუშაობს. ნუ შეგვაცდენს ის, რომ ამ დროს ამერიკა უკრაინაში რუსეთს ებრძვის. სავსებით შესაძლებელია, რომ შტატები უკრაინისთვის რუსეთს ებრძოდეს, მაგრამ ამავე დროს კავკასიას უთმობდეს, რადგან სწორედ დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, ჩვენ რუსეთის დანგრევა არ გვინდაო. მართლა არ უნდათ და ეს პოლიტიკური რევერანსი არ ყოფილა, რადგან ამერიკას, როგორც გითხრით, ჩინეთის ეშინია. რუსეთი რომ დაანგრიოს, მერე ჩინეთი უფრო გაძლიერდება და ყველა ის ქვეყანა, რომელთაც ახლა რუსეთი აკონტროლებს, ჩინეთის კონტროლში გადავა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და ახალ სუნთქვას შთაბერავს ჩინურ ეკონომიკას. ეს კი ამერიკას რაში აწყობს? არაფერში. ამიტომაც დეგნანი ამ პოლიტიკის გამტარებელია. ჩვენ დეგნანს ავუმხედრდით, საშინელი ქალი ხარო, მაგრამ დეგნანი რა შუაშია? ის ხომ ამერიკის პოლიტიკას ატარებს. ცხადია, საქართველოში არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, თითქოს ამერიკას თავისი ისეთი ინტერესები ჰქონდეს, რაც საქართველოსას არ ემთხვევა. ცხადია, ეს გულუბრყვილობაა. ამის დაშვება ყოველთვის შეიძლება. ცნობილი გამოთქმის არ იყოს, მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ და შესაძლებელია ამერიკასაც ჰქონდეს თავისი გეგმები. მიუხედავად იმისა, რომ მართლა უზარმაზარი საქმე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული. ამერიკა პრაქტიკულად იქცევა. შესაძლოა იმასაც კი ფიქრობდეს, საქართველოსთვის ამდენი გავაკეთე და ახლა ჩემთვისაც გააკეთოს, რაც მჭირდებაო - მას კი სჭირდება რუსეთის კონტროლირებადი კავკასია, რათა არ გააკონტროლოს ჩინეთმა, და ჩინურ-ევროპული გზის ჩაკეტვა.
- არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ასეთი განწყობების შექმნას ექნება გავლენა არჩევნების შეფასებასა თუ აღიარებაზე?
- ასეთ ფორმულირებას რომ გააკეთებს ელჩი, დროა, დიპლომატიის ისტორიაში ანალოგიის ქექვა დავიწყოთ. არსებობს ქვეყნის საშინაო საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის პრეცედენტი. ეს არანაირ დიპლომატიურ ეტიკეტში არ ჯდება და რადგან არ ჯდება, გვაფიქრებინებს სწორედ იმას, რომ ცდილობენ დეგნანმა ბოლომდე გაატაროს ის ხაზი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან დეგნანზე სწორედ ის ეჭვი გაჩნდა, რომ ამერიკას სურს საქართველოს ომში ჩაბმა. შესაძლებელია მართლაც სურდეს? ცხადია, შეიძლება, რადგან ამერიკა უკრაინაში დასავლეთის დახმარების მთავარი ძალაა. მას სჭირდებოდა, რომ კიდევ ერთი ფრონტი გახსნილიყო და კერძოდ, საქართველოში. უკრაინული თემა კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ საომარ ვითარებაში საქართველოს ჩართვაზე ერთხანს ამერიკული და უკრაინული მხარეები ერთდროულად საუბრობდნენ, ეს ამყარებს ვერსიას, რომ რაღაც საერთო სცენარი არსებობდა. თუმცა, ვიმეორებ, ორაზროვნება ყველაფერშია და მათ შორის, პოლიტიკაშიც - ანუ ერქმევა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება, იქნება გინება, მაგრამ შედეგი რუსეთისთვის სასარგებლო გამოვა. გვახსოვს ანალოგიური მოვლენები სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც სააკაშვილი ტრიბუნიდან "ლილიპუტინს" გაიძახოდა და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთებდა.
- ოპოზიცია რას აპირებს, თქვენი აზრით, რა პერსპექტივაა ამ მხრივ? მით უმეტეს, არჩევნებიც მოახლოვდა და პოლიტიკურად აქტიური შემოდგომაც, მაგრამ მათგან ახალი არაფერი გამოკვეთილა.
- გაისმა ძალიან ჭკვიანი ანალიტიკოსებისგან ვერსია, რომ შესაძლოა დანარჩენი ოპოზიცია მესამე ცენტრად გაერთიანდეს. საერთოდ, მესამე ძლიერი ცენტრის ძიება დიდი ხნის ვერსიაა და თავად პოლიტიკოსებშიც გაჩნდა, მაგრამ მე არ ვვარაუდობ, რომ ასეთი რამე მოხდება პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე. საქმე ის არის, რომ საზოგადოება ამ პარტიების მარცხს არის შეჩვეული და მათში გამარჯვებული პარტიების დანახვას ასე ადვილად ვერ მოახერხებს. ცხადია, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ამისთვის უკვე ძალიან ძლიერი საარჩევნო კამპანია უნდა ჰქონდეთ დაწყებული, რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება და საზოგადოებაში ნდობის მოპოვებასა და მისი განწყობის შეცვლას დროც სჭირდება და სათანადო სტრატეგია და ტაქტიკაც. ის ჭკვიანი ანალიტიკოსები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ თუკი ვითარება ასეთივე დარჩება, საერთოდ ვერაფერს მოახერხებენ - ანუ დღეს ოპოზიციური პარტიების ძირითადი საარჩევნო ხერხი არის ხელისუფლების ლანძღვა და კრიტიკა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამის ნაცვლად ოპოზიციამ ხალხს ის უნდა უთხრას, თვითონ რას გააკეთებენ, ხელისუფლებაში რომ მოვლენ. ხმის მიცემას უნდა ჰქონდეს მომავლის ლოგიკა და არა ის, რომ წარსული თუ არსებული არ მოსწონთ. მაგალითად, 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი ხმა მიიღო არა თვითონ, არამედ სააკაშვილის წინააღმდეგი ხმებით, ოღონდ სააკაშვილი არ დარჩენილიყო და "ოცნებას" აძლევდნენ ხმას. მას შემდეგ თერთმეტი წელია ცდილობენ, რომ ისევ ეს მოდელი გათამაშდეს, მაგრამ ფაქტია, არ თამაშდება. აუცილებელია ოპოზიციამ ახალი რაღაც იპოვოს, კერძოდ, გეგმა, რაც მომავალში გასაკეთებელზე იქნება ორიენტირებული და მათ პარტიებს გახდის "ქართულ ოცნებაზე" სასურველ პარტიად.
- როდესაც ვაშაძე "ნაციონალებს" შეუერთდა, ითქვა, რომ ეს უნდა გამხდარიყო სხვების მიზიდვის ბიძგის მიმცემი, დასახელდა არაფორმალურ ლიდერად და ა.შ. რას ფიქრობთ, რამე შეიცვალა ამ პარტიაში, შეეტყო მისი მისვლა?
- მიჭირს ამაზე რამის ზუსტად თქმა, რადგან ამ ტიპის სურათს უნდა იძლეოდეს სოციოლოგია, გამოკითხვებში უნდა ჩანდეს, გაერთიანებამ მეტი მხარდამჭერი გაუჩინა თუ არა. სოციოლოგიის გარეშე მიჭირს რამის თქმა, რადგან მე ვერ ვგრძნობ საზოგადოებრივი განწყობების დონეზე, რომ ამ პარტიის მიმართ სიმპათიები გაიზარდა. ერთ-ერთი სოციოლოგიური ინსტრუმენტი ბოლო ხანებში "ფეისბუკი" და სოციალური ქსელებია, მაგრამ არც იქ იგრძნობა, რომ ამ გაერთიანებით უფრო მეტი მხარდაჭერა გაუჩნდა, როგორც ვაშაძეს, ასევე ხაბეიშვილს ან ამ პარტიას.
- "ნაცმოძრაობა" 15 სექტემბერს დიდი აქციის გამართვას აპირებს. რას ელოდებით ამ აქციისგან, იქნება რამე ახალი?
- ალბათ, არაერთხელ გინახავთ მხატვრული ფილმები, კარგიც და ცუდიც და ცუდ მსახიობებზე გითქვამთ, ეს როგორც ითამაშებს, გასაგებიაო. ფილმში ერთ-ერთი მთავარი ხომ მსახიობების ოსტატობაა, პოლიტიკოსისთვის კი გადამწყვეტ როლს ის თამაშობს, რომ სიახლე შემოგთავაზოს და ყველგან ერთნაირად არ თამაშობდეს. მსახიობის პლუსი სხვადასხვანაირობაა, პოლიტიკაშიც ზუსტად იგივეა. თუკი არ შეიცვლება არაფერი სახეებში, რიტორიკაში, განცხადებებში, ქმედებებში და ა.შ., მაშინ ხალხის დამოკიდებულება რატომ უნდა შეიცვალოს მათ მიმართ? უფრო ზუსტად, შეცვლით შეიცვლება, დამოკიდებულება უფრო გაუარესდება. ჩვენი ოპოზიციონერები კიდევ ერთ რამეს არ ითვალისწინებენ - საქართველოს მოსახლეობას ომი არ სურს და ისევ პედალირება იმაზე, რომ თავმოყვარეობა თუ გაქვს, უკრაინის გვერდით უნდა იყოო და ა.შ., ანუ რიტორიკის ირიბად მაინც იმისკენ წაყვანა, რომ მივეხმაროთ უკრაინას ვისაც როგორ შეგვიძლიაო, მოსახლეობას უფრო ნეგატიურ განწყობას უჩენს. უკრაინაში მებრძოლი ქართველებით სიამაყე ძალიან კარგია, მაგრამ ეს სიამაყე უფრო დამაჯერებელი იქნება, თუკი ახსენებ და იამაყებ საქართველოსთვის დაღუპული გმირებითაც. ასე აქცენტირება უკრაინაში მებრძოლებზე აჩენს განცდას, რომ ეს პოლიტიკურად გაწყობს და ამიტომ ამაყობ, და არა იმიტომ, რომ მართლაც გმირები არიან. აი, ასეთი მიკერძოებულობა უკრაინის საკითხში სულ ეტყობათ "ნაცმოძრაობასა" და მათ მომხრეებს. ვერ ხვდებიან, რომ ეს წამგებიანია. საოცარი კი ის არის, როცა ხედავენ, რომ მათი პოზიცია წამგებიანია, მაინც არ ცვლიან. ასეთი სიჯიუტე ყველაფერში ჩანს. თუნდაც ხომ ხედავენ, რომ სააკაშვილი აღარავის უნდა, მაგრამ არა, ჯიუტად ცდილობენ მის გამოჩენას. ცხადია, ხელისუფლებას აწყობს მიშას წინა პლანზე ყოფნა, რადგან არის ხალხის დიდი კატეგორია, ვისაც ის აღიზიანებს და შესაბამისად, მისი პარტიის მიმართ არ ამცირებს ნეგატიურ განწყობას. მაგრამ მისი პარტიის წევრები რატომ აკეთებენ ამას? თვითონ მიშა უნდა ხვდებოდეს, რომ მისი გამოჩენა წამგებიანია. თავის დროზე სხვებზე კარგად მიხვდა და გადამალა მაია ნადირაძე, გიგა ბოკერია, რადგან მეტისმეტად აგრესიულ განცხადებებს აკეთებდნენ. აბა, დღევანდელ სიტუაციასაც შეხედოს ამავე თვალით, თუ ხალხი რაზე ღიზიანდება - ღიზიანდება მიშას გამოჩენაზე, ომის მოწოდებაზე და ა.შ. ასე რომ, ეს ყველაფერი უშედეგოა, სხვა ქმედებებია საჭირო. თუმცა არავინ ითვალისწინებს და აკეთებენ იმას, რასაც შეჩვეული არიან, მაგრამ შეჩვეულობითა და სიახლის გარეშე გამარჯვება ძნელია, მით უმეტეს, როცა 11 წლის განმავლობაში მუდმივად მარცხდები.
რუსა მაჩაიძე