პრიგოჟინი განწირული იყო მას შემდეგ, რაც პუტინის რეჟიმს საქვეყნოდ აუმხედრდა...
ის რასაც ორი თვის განმავლობაში ბევრი ელოდა, მართლაც მოხდა - მას შემდეგ, რაც 23 ივნისის ღამეს "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინის ფრონტიდან მოხსნილი საბრძოლო რაზმები თავისი საბრძოლო ტექნიკით მოაბრუნა რუსეთისკენ, ჯერ როსტოვში სამხედრო ოლქის შტაბი დაიკავა და პარალელურად, თვით მოსკოვისკენ ჯავშანტექნიკის "გარბენი" გამართა.
ეს იყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შიდა და საერთაშორისო იმიჯზე უდიდესი დარტყმა: მეფეს გაუბედეს და აუჯანყდნენ! ამას პუტინი არავის აპატიებდა და როგორც ხედავთ, ასეც მოხდა, თანაც დემონსტრაციულად და სიმბოლოების დაცვით... ამბოხიდან გასული ორი თვის განმავლობაში პრიგოჟინის ლიკვიდაცია პუტინის რეჟიმს ყველგან შეეძლო - ბელარუსშიც, სადაც ამბოხის შემდეგ "ვაგნერმა" დროებით თავი შეაფარა; აფრიკაში, სადაც კრემლი სიტუაციის არევას ცდილობს, და თავად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც, რომლებსაც პრიგოჟინი არაერთხელ სტუმრობდა.
პრიგოჟინის სალიკვიდაციოდ პუტინის სპეცსამსახურების კილერებს შეეძლოთ გამოეყენებინათ საწამლავი, სნაიპერის ტყვია, მანქანის დანაღმვა, მაგრამ არჩეულ იქნა ყველაზე "შთამბეჭდავი" ხერხი - ცაში აფეთქება, რაც შემთხვევითი არ ყოფილა.
საქმე ის არის, რომ ორი თვის წინ პრიგოჟინის "ვაგნერის" სამხედრო ამბოხისას, მათ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 6 შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რაც შემდგომ პრიგოჟინმა თავის მეზენიტეებს დააბრალა, ეს იდიოტები ყველაფერს ესროდნენ, რაც კი აეროდრომიდან აფრინდებოდაო.
შვიდი საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად 20-მდე რუსი სამხედრო მფრინავი, შტურმანი და ბორტინჟინერი დაიღუპა, რამაც პრიგოჟინის მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობა გამოიწვია რუს სამხედრო ავიატორებში და მათ ნაწილს გაუჩნდა შურისძიების სურვილი, რასაც არც მალავდნენ სოციალურ ქსელებში.
24 ივნისს პრიგოჟინის "ვაგნერის" მეზენიტეების მიერ რაკეტამორტყმული და ცეცხლწაკიდებული ოთხძრავიანი Ил-22М ВЗПУ-ს ციდან ვარდნის ვიდეოფირი 23 აგვისტოს თავად პრიგოჟინის ფრთამოტეხილი Eმბრაერ EღG 135-ის ვარდნის ვიდეოჩანაწერს რომ შეადაროთ, ბევრ საერთოს აღმოაჩენთ.
პრიგოჟინი აფრიკიდან ახალი დაბრუნებული იყო მოსკოვში, სადაც კომერციული მოლაპარაკებები გამართა ადგილობრივ ჩინოვნიკებთან, რის შემდეგაც სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა.
მისი ბიზნესჯეტი ოციოდე წუთის აფრენილი იყო, როდესაც ტვერის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც მის ბორტზე მყოფი ათივე კაცი შეეწირა. დაღუპულებს შორის ამოიცნეს თავად პრიგოჟინისა და ასევე უტკინის, "ვაგნერის" სამხედრო მეთაურის ცხედრები.
რამ გამოიწვია ეს ავიაკატასტროფა?
თვითმხილველების თქმით, ორი აფეთქების ხმაზე, რასაც ამყარებს გავრცელებული ვიდეოფირიც, ცაში მცირე დაკვამლიანების "ღრუბელი" ჩანს, რაც ყოველთვის რჩება საზენიტო რაკეტის აფეთქების შემდეგ.
რა ტიპის საზენიტო რაკეტა შეიძლება ყოფილიყო?
იმის გამო, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავს უკვე აკრეფილი ჰქონდა 8,5 კმ სიმაღლე, ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა 3-4 კმ სიმაღლემდე მფრენი გადასატანი საზენიტო "იგლა" ან "ვერბა". შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნა "ბუკის" ან თვით С-300-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც კი (მით უმეტეს, ამ კატასტროფის ადგილიდან რამდენიმე ათეულ კმ-ში დისლოცირებულია სწორედ С-300-ების საზენიტო დივიზიონი), მაგრამ, მეორე მხრივ, მიწაზე ჩამოვარდნილ პრიგოჟინის ბიზნესჯეტის ფრაგმენტებს არ ეტყობა საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინში განთავსებული გამზადებული დამაზიანებელი ელემენტების მოხვედრის აშკარა კვალი (თუმცა ეს ფრაგმენტები დეტალურადაა დასათვალიერებელი). არადა, 2014 წლის 17 ივლისს, როდესაც რუსულმა "ბუკმა" მალაიზიური სამგზავრო ბუკი ჩამოაგდო უკრაინის ცაში, ერთი ასეთი რაკეტის აფეთქებამ საცერივით გახადა პრიგოჟინის Eმბრაერ EღG 135-ზე ბევრად დიდი "ბოინგ-777"-ის ფიუზელაჟი.
ამასთან, თუკი მართლაც გამოყენებულ იქნა შედარებით ძლიერი საზენიტო რაკეტა, მაგალითად, "ბუკის" ან მით უმეტეს С-300-ის, მათ სტარტს სარაკეტო ძრავიდან გამოტყორცნილი მაღალტემპერატურიანი ალის საშუალებით დიდი ალბათობით დააფიქსირებდნენ აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ის სადაზვერვო თანამგზავრები, რომელთა ზემგრძნობიარე აპარატურა სწორედ რუსეთის ტერიტორიიდან რაკეტების სტარტების დროულად აღმოჩენისთვისაა შექმნილი.
თეთრი სახლისა და პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ მოეპოვებათ ინფორმაცია პრიგოჟინის თვითმფრინავის მიმართულებით საზენიტო რაკეტის სტარტის შესახებ.
ანუ პრიგოჟინის ბიზნესჯეტი საზენიტო რაკეტით ააფეთქეს თუ მის ბორტზე მოხდა აფეთქება წინასწარ შეტანილი ბომბის ინიცირების შედეგად?
ამის გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საზენიტო რაკეტის ვერსიის გამართლება ბევრ რამეს ნათელს ხდის, მათ შორის იმას, რომ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვის (რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებული პრიგოჟინთან) ხელით, უფრო ზუსტად კი რაკეტით, დემონსტრაციულად სიკვდილით დასაჯა მეფის წინააღმდეგ ამხედრებული ქვეშევრდომი, რითაც ყველას დაანახვა, როგორც რუსეთში, ისე მსოფლიოში, რომ პუტინი ყველანაირ ნაბიჯზეა წამსვლელი.
P.S. პრიგოჟინთან ერთად უტკინის, ვის პატივსაცემადაც ეწოდა ამ კერძო სამხედრო დაჯგუფებას "ვაგნერი", დაღუპვა "ვაგნერს" ფაქტობრივად ხელმძღვანელობის გარეშე ტოვებს, რაც შეიძლება მისი დაშლის საფუძველი გახდეს, როდესაც "ვაგნერელებს" სხვა რუსული კერძო სამხედრო კომპანიები "გადაინაწილებენ". ლაპარაკი იმაზე, რომ "ვაგნერელები" შურს იძიებენ პრიგოჟინისა და უტკინის ლიკვიდაციის გამო, ეტყობა, ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა "ვაგნერის" სამეთაურო შემადგენლობა მაინც რჩება რუსეთის სპეცსამსახურების მუდმივი თვალთვალის ობიექტად.
P.P.S. და კიდევ ერთი სიმბოლო - მაშინ, როდესაც პრიგოჟინის თვითმფრინავი ტვერთან ჰაერში ფეთქდებოდა, თავად პუტინი (თუ მისი ორეული, უკვე ვეღარც გაარჩევ) კურსკის ოლქში საზეიმოდ აღნიშნავდა 80 წლის წინ კურსკთან მომხდარ ბრძოლაში გამარჯვებას და სცენაზე დემონსტრაციულად გაჩერდა ორკესტრანტებისა და ტელეკამერების წინ და იქიდან წარმოთქვა სიტყვა... "ვაგნერელებს" სხვანაირად "ორკესტრანტებსაც" ეძახდნენ.
ავიაკატასტროფის ნამდვილი მიზეზის მალე დადგენა შესაძლებელია, თუკი ეს კრემლს სურს...
8 კმ-ის სიმაღლიდან ჩამოვარდნის მიუხედავად, პრიგოჟინის ბიზნესჯეტის ფიუზელაჟისა და ფრთის ფრაგმენტების დეტალურად შესწავლის შემთხვევაში, არცთუ ისე რთული იქნება იმის დადგენა, თუ რა იყო ავიაკატასტროფის მიზეზი - თუკი ეს საზენიტო რაკეტის მის ახლოს აფეთქება იყო, მაშინ თვითმფრინავის ფრაგმენტებს უნდა აჩნდეს საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინის დამაზიანებელი ელემენტების მიერ მიყენებული მრავლობითი დაზიანებები...თუკი თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებამ მოსწყვიტა ბიზნესჯეტის ფრთის მარჯვენა კონსოლი, მაშინ შიდა აფეთქების კვალის პოვნაც არ უნდა იყოს დიდი პრობლემა.ბევრ კითხვას გასცემს პასუხს ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნი "შავი ყუთის", თვითმფრინავის ფრენის პარამეტრების რეგისტრატორის გაშიფვრაც.თუმცა არის ერთი მაგრამ - რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს თუკი კრემლიდან მითითებას მისცემენ, მაშინ ამ ავიაკატასტროფის ნამდვილი მიზეზი ფართო საზოგადოებისთვის ათწლეულების განმავლობაში უცნობი დარჩება.