დიმიტრი უტკინი - "იდუმალი ჯარისკაცი", "სიკვდილის მანქანა" - კვირის პალიტრა

დიმიტრი უტკინი - "იდუმალი ჯარისკაცი", "სიკვდილის მანქანა"

ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს "ვაგნერის" მეთაურს ევგენი პრიგოჟინს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ვინ იყო დიმიტრი უტკინი და ვინ შექმნა სინამდვილეში სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი".

როდესაც პუტინთან უკვე დაახლო­ებულმა პრიგოჟინმა პატრონის დავალებებს კარგად გაართვა თავი და დიდძალი ქონებაც დააგროვა, დღის წესრიგში კერძო სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბება დადგა. ამ პერიოდისთვის "ვაგნერი" უკვე ფუნქციონირებდა, ეს ორგანიზაცია მესამე რაიხის იდეოლოგიითა და კომპოზიტორ რიჰარდ ვაგნერის სიყვარულით გამორჩეული მეთაურის, დიმიტრი უტკინის შექმნილია. მას იმთავითვე ჩრდილში, შეუმჩნევლად მოქმედება ერჩივნა. მისი ფარული ცხოვრების შესახებ ინტერნეტსივრცეში ძალზე მწირი ინფორმაციაა. არც ფოტოების გადაღება უყვარდა, ინტერნეტში გავრცელდა ერთადერთი ფოტო, სადაც პუტინი "ვაგნერელებს" აჯილდოებს. მათ შორისაა უტკინიც (მარჯვნიდან პირველი). პუტინს, პრიგოჟინსა და უტკინს შორის შეთანხმება შედგა - უტკინი­ ცენტრის ხელმძღვანელად დარჩა, მფლობელი კი პრიგოჟინი გახდა - ანუ სამხედრო შემადგენელზე თავად აგებდა პასუხს, ფინანსურ მენეჯმენტზე კი პრიგოჟინი. "ვაგნერმა" იმ რეგიონებში დაიწყო მოქმედება, სადაც პუტინს თავისი ინტერესები ჰქონდა. პირველად სირიაში, შემდეგ აფრიკაში, სუდანში და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ ამ დაჯგუფების მისიის გასარკვევად ცენტრალურ აფრიკაში ჩასული რუსი ჟურნალისტები თავად "ვაგნერელებმა" დახვრიტეს.

"იდუმალი ჯარისკაცი", "სიკვდილის მანქანა" - ასე უწოდებდნენ უტკინს რუსი ჟურნალისტები. ის პროფესიონალი სამხედრო, ვიცე-პოლკოვნიკი იყო. ფსკოვის ოლქში, პეჩორში, რუსეთის გენშტაბის მეორე ბრიგადის მე-700 სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი იყო. თანამდებობის დატოვების შემდეგ კერძო კომპანია Moran Security Group-ში მუშაობდა, რომელიც გემების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. 2013 წელს კი, როცა Moran Security Group-მა ჯგუფი შექმნა და სამხედროები სირიაში ბაშარ ალ ასადის დასაცავად გაგზავნა, დიმიტრი უტკინი იმ მებრძოლთა შორის იყო. კერძო სამხედრო დანაყოფ "ვაგნერს" ის 2014 წლიდან მეთაურობდა. მისი სახელი ევგენი პრიგოჟინის ამბოხამდეც გახმაურდა, მაშინ როდესაც უტკინმა "კადიროველ" მოჰამედ დუდაევს მიმართა: "კაცურად სალაპარაკოდ ყოველთვის მზად ვართ, მით უფრო მაშინ, როცა ერთმანეთს ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომიდან ვიცნობთ". როგორც ჩანს, ის ჩეჩნეთის ომშიც მონაწილეობდა. პრიგოჟინის ამბოხის შეჩერების შემდეგ დიმიტრი უტკინი ევგენი პრიგოჟინთან ერთად მაშინ გამოჩნდა, როცა "ვაგნერის" ძირითადი ჯგუფი ბელარუსში გადავიდა: "ეს არ არის დასასრული - ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი საქმის დასაწყისია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში", - ამ სიტყვებით მიმართა მაშინ უტკინმა მებრძოლებს.

ხათუნა ბახტურიძე