დაუჯერებელი ამბავი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - კვირის პალიტრა

დაუჯერებელი ამბავი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა

მარიამობასა და დედაღვთისაზე არაერთი სასწაულებრივი ამბავი მოგვისმენია. ღვთისმშობლის უამრავ ხატს განუკურნავს და გადაურჩენია ადამიანები, მაგრამ ამბავი,­ რომელსაც დღეს მოისმენთ, უჩვეულო და ცოტა მისტიკურიც კია.

მაია მელაძე (სანიტარი): - 33 წლის ვიყავი. ჩვენი სახლის ახლოს, წმინდა გიორგის ეკლესიაში დავდიოდი. დროდადრო ვეზიარებოდი. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სანიტრად ვმუშაობ. იმ დილას მორიგეობიდან ძალიან დაღლილი მოვედი. დავწექი და ცოტა ხანში ხმა მომესმა: "მაია, მარიამ, მაია, მარიამ!" - ხან შემოსასვლელისკენ წავედი, ხან ფანჯრიდან გავიხედე... ბოლოს მივხვდი, რომ ლოჯიის ფანჯრიდან მესმოდა ხმა. მაშინ თეთრი ფარდა მეკიდა. გადავწიე და დავინახე თეთრებში ჩაცმული­ ღვთისმშობელი, რომელიც მიღიმოდა: "დედა­ გენაცვალოს! ეკლესიის ეზოში გადმოდი, ხვალ გელოდები". ცა მოწმენდილზე ვნახე ეს. არც ღრუბელი იყო, არც არაფერი. ეგ იყო და ეგ და გაქრა.

ღვთისმშობელი ულამაზესია, პირველივე­ წუთიდან მაგრძნობინა­ დედაშვილური სიყ­ვარული. თავზე თეთრი თავსაბურავი­ ჰქონდა მოხვეული, შიგნით მეწამული სამოსი ეცვა. უამრავი ხატი არსებობს ღვთისმშობ­ლ­ის­, მაგრამ მე ათონის ღვთისმშობ­ლის­­ ხატს მივამსგავსე, რომელიც ახლა სახლში მყავს დაბრძანებული. საშუალო სიმაღლისაა.­ ხორბლისფერი კანი აქვს. ულამაზესი თვალები, მოყავისფრო, რაღაცნაირად გამჭვირვალე. უტკბილესი ხმა აქვს... მეორე დღეს მართლაც წავედი ეკლესიაში. საღამო ხანი იყო. ეკლესიის ეზოდან სხვადასხვა ფერის ნათება გამოდიოდა.­ ვიფიქრე, მღვდელს დაუყენებია განათებები-მეთქი.

- ეკლესიის ეზოში მარტო იყავით?

- საღამოს ლოცვა ახალი დამთავრებული იყო, ხალხი უკვე გამოდიოდა და იმ მომენტში მარტო დავრჩი ეზოში. მხოლოდ ყარაული დადიოდა. ჩემგან კარგა მოშორებით იდგა. უცებ რაღაც ძალამ გამაშეშა.­ ნაძვებთან, შუაში, პატარა ნივთი დავინახე, გზისკენ იყურებოდა. ახლოს რომ მივედი,­ ხატი იყო - სიფრიფანა, ჭედური, დახვრეტილი, დაჭეჭყილი, ჭუჭყიანი. რომ დავიხარე და შევეხე, თავისით დამაჯდა ხელზე. უცებ ელვასავით გამოანათა და იმ მომენტში ისევ გამომეცხადა ღვთისმშობელი,­ დედა გენაცვალოსო! გულზე მომეკრა ხატი და გულმკერდი გამითბო. მაშინვე ყარაულთან მივედი და ვკითხე, აქ რაიმე ხატი ხომ არ დაგინახავს-მეთქი? არა, საიდან მოიტანე­, ყოველ წუთს გავდი-გამოვდივარ და არაფერი დამინახავსო. წამოვედი სახლში,­ ოღონდ ფეხქვეშ მიწას ვერ ვგრძნობდი. სახლში ხატი გავწმინდე, მოვაწესრიგე. ხატს ქვემოთ ეწერა: "1912 წლის, ათონის ივერიის ღვთისმშობელი". შემდეგ ჩემს ერთ ახლობელ მრევლის წევრს ვთხოვე, გამისწორე ხატი, ძალიან ნაბრძოლია და მე უფრო არ დავაზიანო-მეთქი. მართლაც გამისწორა­ ხატი, მერე ჩარჩოშიც ჩავსვით. დღემდე სამჯერ გამოვუცვალეთ ჩარჩო-მინა. ეს მესამეა.

xati2-1693154870.jpg

- შემდეგ რა მოხდა?

- როდესაც სახლში დავაბრძანე სხვა ხატებთან ერთად, მაშინ დაიწყო პირველი სასწაულიც. ლოცვის დროს ხატი თავისით ჩამოდიოდა, ჩარჩოს გაიხსნიდა ხოლმე.­ ლოცვას რომ დავამთავრებდი, ისევ თავის ადგილას ჯდებოდა. ერთხელაც "ღირს არს" გალობა დამაწყებინა. ძალიან ბევრჯერ მინიშნებით ეკლესიაშიც წავუყვანივარ. ერთხელ ამოვდივარ ეკლესიიდან და ხატი, როგორც წესი, ჩემს ხელის მტევანზე დგას. ნაწიბურიც კი მაქვს ხელზე დღემდე. სახლში რომ მოვედით, უცებ ატყდა საშინელი ხმაური, ინგრეოდა ყველაფერი. მეგონა­ რაღაც ხდებოდა. ჩავედი ხატიანად ქვევით. არავინ იყო და უკან ამოვედი. მერე როცა დავაბრძანე თავის ადგილას, ისევ დაიწყო ხმაური და მივხვდი, ამ ხატიდან მოდიოდა. დღემდე ასეა. ეს მინიშნებაა, რა უნდა გავაკეთო... ბევრის თქმის უფლება არა მაქვს და არცაა საჭირო...

- რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ?

- 16 წელიწადი და ნელ-ნელა დაიწყო­ სასწაულების აღსრულება. როგორც გითხარით, სანიტრად ვმუშაობ საავადმყოფოში, სადაც უამრავი ბავშვი განკურნა ხატმა.­ ამის მოწმეა მთელი საავადმყოფო. იყო შემთხვევა, როდესაც ვლოცულობდი და ამ დროს მუსლიმანები შემოიყვანეს საავადმყოფოში და იქ გაიარეს, სადაც მე ვიყავი.­ უცებ ლოცვისას მესმის, როგორ ყვირიან მუსლიმანები და ხმამაღლა დაჩოქილი ადიდებენ იესოს. თურმე ლოცვის დროს ბევრჯერ ჰაერში ავწეულვარ და სწორედ ეს დაუნახავთ მუსლიმანებს. მახსოვს, რაც ფული ჰქონდათ, ხატს შემოსწირეს და დიდხანს ლოცულობდნენ. "კოვიდის" პერიოდშიც უამრავი მძიმე ავადმყოფი განკურნა. ერთხელ ისევ გამომეცხადა, სადაც მე ვიქნები, შენც სულ ჩემ გვერდით უნდა იყოო. სადაც შენ შეხვალ, იქ მეც ვიქნები, იცოდეო.

- ღვთისმშობლის ტახტის გაკეთების ამბავიც გვითხარით...

- ერთხელ ლოცვისას მამაზეციერს ვუთხარი, დიდი მადლობა, უფალო, ღვთისმშობლისათვის. მაცხოვარი 9 თვე მუცლით ატარა, ჩვენთვის გაზარდა და ასეთი­ საოცრება შვა. მეც მინდა მადლიერების ნიშნად რაღაც განსაკუთრებული გავუკეთო ღვთისმშობელს-მეთქი. ჩემი თავი არ მეყო, მეცოტავა...

- რას გულისხმობთ?

- დღემდე როგორც ფარული მონაზონი ვცხოვრობ.

- შემდეგ რა მოხდა?

- როგორც კი დავბრუნდი შინ, პირველი მინიშნება ხატისათვის ანალოღიის გაკეთება იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე ტახტრევნის გაკეთებაც.

ვლას ჩიხრაძე, არქიტექტორი: - ეკლესიებში არაერთი რამ მაქვს გაკეთებული, მაგრამ ასეთი რამ პირველად იყო. სხვათა შორის, არამარტო საქართველოში, მსგავსი არსად არის. აია-სოფიას გუმბათმა დამაინტერესა, სადაც ღვთისმშობელი ტახტზე ზის, მაგრამ ასეთი რამ იქაც არაა. ჯერ ერთი, მაიამ როგორ მოგვაგნო, ეგეც არ ვიცი... შობის მარხვა მთავრდებოდა. ჩემთან უცნობი ნომრიდან შემოვიდა ზარი. უცნობი ქალი ძალიან მკაცრად მელაპარაკებოდა, მაგრამ მაინც ბოლომდე მოვუსმინე. ამიხსნა რაც უნდოდა და დათქმულ დროს ხატთან ერთად მობრძანდა. ასე გადაწყდა ანალოღიის გაკეთება. გავაკეთეთ და გადავაბრძანეთ ეკლესიაში. არ გასულა ცოტა ხანი და, ისევ მირეკავს მაია და გასაოცარ რამეს მეუბნება, ღვთისმშობლის ტახტრევანს თუ გააკეთებო? ჯერ ანალოღიის საფასურიც არ ჰქონდა გადახდილი ბოლომდე, მაგრამ იდეა ისე მოგვეწონა, არც დავფიქრებულვართ. არის ასეთი პიროვნება, ალექსანდრე ასოიანი, რომელიც საოცრებებს ხატავს. როდესაც მან ხატვა დაიწყო, იმდენად უცნაური მონახაზები ჰქონდა, ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი? დავამთავრებ და მერე ნახეო. მართლაც, როცა მაკეტი მზად იყო და მაიამ ნახა, მაშინვე თქვა, ზუსტად ისაა, რაც მქონდა ჩაფიქრებულიო. არადა, მაშინ მეორეჯერ ნახეს ერთმანეთი მაიამ და საშამ. ჩვენთან ერთად იყო ვაჟა ელიაძეც, რომელმაც ტახტრევანი მოაჩუქურთმა. რა პირობებში გავაკეთეთ, ნუ მკითხავთ, არ დამიჯერებთ. ის ადგილი, სადაც გაკეთდა,­ ყველაფერია, სახელოსნოს გარდა. პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ ვიყავით, გვათოვდა და გვაწვიმდა. როგორც კი დაზგასთან ვდგებოდი სამუშაოდ გაყინული ხელებით,­ 5 წუთში ისე ვთბებოდი, ვერ დაიჯერებთ. ხანდახან ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მე კი არ ვაკეთებდი, სხვა მუშაობდა ჩემი ხელებით. სახელოსნოში მოულოდნელად საკმევლის სუნი დგებოდა და ვფიქრობდი, ალბათ, რელსებიდან გადავდივარ, ცოტას ვაფრენ-მეთქი. საშას რომ დავურეკავდი, ეს რა დამიხატე, ამ დეტალს ვერ გავაკეთებ-მეთქი, ზუსტად ის გამომდიოდა ყველაზე კარგად. 17 წლიდან ხეზე ვმუშაობ, მაგრამ არის ისეთი სირთულეები,­ რასაც ვერ დასძლევ, არადა, საშას ფიგურებს ყველაზე კარგად ვაკეთებდი. სულ მცირე, 6-7 თვე სჭირდებოდა ტახტრევნის გაკეთებას და ჩვენ ორ თვეში დავამთავრეთ, აღდგომას მზად იყო. პეტრეპავლობას მივაბრძანეთ მაიას სახლში.

- რა მასალით გააკეთეთ?

- წაბლისა და ცაცხვისაგან. ერთი წაბლი არანაკლებ 50 წლისაა. ესეც გასაოცარია. ახლა ძალიან ძნელია ასეთი მასალის შოვნა. ყველაფერი სასწაული იყო, რაც გამოვიარეთ დაწყების დღიდან დღემდე.

ვაჟა ელიაძე, მხატვარი: - როგორც კი მივაბრძანეთ სახლში, იმ დღიდან ხატმა ფერისცვალება დაიწყო. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფერს იცვლიდა. თავიდან მაიამ რომ მითხრა, არ დავიჯერე, მაგრამ მერე ჩემი თვალით რომ დავინახე, დავდუმდი.

მე გულით ავადმყოფი ვარ და დიდხანს მუშაობა არ შემიძლია. განსაკუთრებით იმ პერიოდში ვიყავი ძალიან ცუდად, მაგრამ თითქოს ვიღაც მაძალებდა, რომ მემუშავა. როცა ვუახლოვდებოდი ტახტრევანს, მაშინვე უკეთ ვგრძნობდი თავს, საათობით ვმუშაობდი. განსაკუთრებულ მადლსა და სიყვარულს ვგრძნობდი ღვთისმშობლისგან. დღეს კარგად ვარ. აღარაფერი მაწუხებს.

მაია: - როდესაც მჭირდება გაწმენდა, ხომ უნდა გადმოვალაგო ყველაფერი, რაც ზედ დევს, ვერ ვერევი, იმდენად მძიმეა. ვეუბნები, უფალო, დამეხმარე, რომ გამოვწიო და გავწმინდო-მეთქი. უფალს როგორც კი ვახსენებ, მაშინვე მსუბუქდება ტახტი, გამოვწევ, გავწმენდ და როგორც კი მივწევ კედლისაკენ, ისევ ისეთი მძიმე ხდება.

- როგორც ვიცი, სხვადასხვა ოჯახშიც დაბრძანდება ხატი...

- მახათას მთაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ტაძრის მშენებლობა. გადავწყვიტე იქ მცხოვრები ერთი ბერის ნახვა, რომ მომეყოლა ამ ამბის შესახებ. წავედით მე და ჩვენი ტაძრის დარაჯი. გზაზე უამრავი­ ძროხა, ცხვარი და ძაღლი იყო. გიორგიმ ჯოხი აიღო ხელში, არ გინდა, ისედაც გავივლით-მეთქი. ამის თქმა იყო და, ძროხებმა, ცხვრებმა და ძაღლებმა თავები დახარეს, კორიდორი გააკეთეს და ისე გავიარეთ. გიორგის შეშინებული თვალები არასოდეს დამავიწყდება. მოვილოცეთ იქაურობა. წამოსვლისას უზარმაზარი კავკასიური­ ნაგაზები, რომლებიც იქ დაგვხვდნენ, ორ ფეხზე დადგნენ, კუდის ქიცინი დაგვიწყეს და ბოლომდე გამოგვაცილეს.

თამუნა ირემაშვილი, პედაგოგი: - ჩემი დეიდაშვილი და მაია ერთად მუშაობენ. ერთ დღეს მირეკავს, ჩემმა თანამშრომელმა წუხელ მორიგეობაზე ისეთი რაღაც მიამბო, მთელი ღამე არ მძინებიაო. მაშინვე­ წავედი მაიასთან მოსალოცად. მეორე დღესვე ხატი ჩემს სახლში იყო. იმხანად ჩემი დეიდაშვილი ფეხმძიმედ იყო, ურთულესი პრობლემები ჰქონდა. ხატის მობრძანებიდან ერთ კვირაში პრობლემები გაქრა, ანალიზები გამოსწორდა და დღეს ჯანმრთელი შვილი ჰყავს.

ეკა გორგოშიძე, ექიმი: - მეც მაიას თანამშრომელი ვარ. როგორც კი "კოვიდი"­ დაიწყო, მაიამ მაშინვე მოაბრძანა ხატი. რა თქმა უნდა, მოვილოცეთ, მღვდელმა პარაკლისიც გადაუხადა. ხატმა რეანიმაციაში­ სიკვდილისათვის გადადებული ბავშვები გადაარჩინა. ეს ჩემი თვალით ვნახე. სასწაულებს სასწაულებზე ახდენდა. ჩემს დაბადების დღეზე მაია მოვიდა სტუმრად ხატთან ერთად და დატოვა. ორი კვირის განმავლობაში მრევლი მოდიოდა მოსალოცად. ის ორი კვირა მირონის სურნელი ტრიალებდა სახლში. ახლა თქვენც ხომ ამჩნევთ­ წითელ შეფერილობას? აი, როდესაც ჩემთან მობრძანდა, სულ ყავისფერი იყო. მე-11 დღეს სალოცავად მივედი, სანთელი უნდა ამენთო და დავინახე, როგორ შეეცვალა ფერი ხატს. 3 დღის განმავლობაში ხან გაღიავდებოდა, ხან უფრო წითელში გადადიოდა. ერთ საღამოს მაიას დავურეკე და მითხრა, კამერა მოატრიალე, მომენატრა დედაო. დაიწყებდა მაიკო ლაპარაკს და ხატი სხივების გამოყრას იწყებდა. გაჩერდებოდა მაია, ხატიც გაჩერდებოდა. მეორე დღეს მოვიდა მაია და სახლში წააბრძანა ხატი.

თამარ დიდებაშვილი, პედაგოგი: - როდესაც ჩემთან იყო ხატი დაბრძანებული, ყველა მეკითხებოდა, რა საკმეველი გაქვს დანთებულიო. არაფერი, ხატისგან მოდის- მეთქი ვპასუხობდი. ერთ საღამოს კაკუნი მომესმა. კართან რომ მივედი, არავინ იყო, მერე მივხვდი, საიდანაც მოდიოდა. რას მანიშნებდა, იმწამს ვერ მივხვდი. მეორე დილით ბიძაშვილმა დამირეკა, ჩემს თანამშრომლებს უნდათ მოსვლაო. მართლაც მოვიდა ორ გოგონასთან ერთად. ერთს სიმსივნე ჰქონია, მეორეს გულის ისეთი დაავადება, რომ თურმე ღამე ვერ იძინებდა ტკივილისაგან. ცოტა ხანს გაჩერდნენ, მოილოცეს და წავიდნენ. ორი კვირის თავზე მირეკავს ჩემი ბიძაშვილი, იმ პირველ გოგოს დაურეკავს, იმ ღამის მერე ღამით ჩვეულებრივად მძინავსო. რაც შეეხება მეორეს, ავთვისებიანი სიმსივნე რომ ჰქონდა, თან ისეთი, რომ ვერ იგებდნენ, სად იყო კერა და მეტასტაზები მრავლდებოდა, ზუსტად ორი კვირის თავზე ორგანიზმი გაეწმინდა.

ჩემო მკითხველო, ერთი საოცრება მეც ვნახე. როდესაც ამ ინტერვიუს ვიწერდი, ტახტრევანს მარჯვენა ფეხი გაუმუქდა. ეს 14 აგვისტოს მოხდა. მე ჩავთვალე, რომ მომეჩვენა, მაგრამ მაიასთან მეორედ მისვლისას უფრო გამუქებული დამხვდა. დღეს, მარიამობას, მაიამ დამირეკა, რუსუდან, ტახტრევნის ცალი ფეხი მუქი ყავისფერია, მეორე­ - ღია ყავისფერიო. ვერაფერი ვთქვი. მერე ისევ მაიას ხმა მომესმა: "ერთხელ ღვთისმშობელს ვკითხე, რატომ მაინცდამაინც მე-მეთქი? მითხრა, შენ ჩემი შვილი ხარო! აბა, რა გითხრათ, ბევრ რამეს ვერ ვამბობ..."

- თქვენ როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს ასე უცებ ტახტრევნის გაკეთება?

- რას და, ეს ბოლო ჟამის ტახტრევანია! მოდი, აქ გავჩერდეთ! დღეს მარიამობაა! გილოცავთ! შეგეწიოთ წმინდა მარიამი!

რუსუდან შაიშმელაშვილი