ახალი კანონი ირანში - ათწლიანი ციხე ჰიჯაბზე უარისთვის
ირანში ახალი კანონი დაამტკიცეს - ქალებს, რომლებიც ჰიჯაბის ტარებაზე უარს იტყვიან, ათწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალმა" ირანი ციხეების "მომაკვდინებელ ველად" გადაქცევისთვის გააკრიტიკა. აპრილის შემდეგ სიკვდილით დასჯილ 100-მდე პატიმარს შორის ოთხი ქალი იყო, რომელთაც ჰიჯაბის ტარების გაპროტესტება და დაუმორჩილებლობისკენ იდეოლოგიური მოწოდებები ჰბრალდებოდათ. 21 აგვისტოდან ირანელი ქალების მდგომარეობა უფრო დამძიმდა - ჰიჯაბის ტარებაზე უარისთვის კანონები გამკაცრდა. პირველი გაფრთხილება, რაც გოგონებს ეხებათ, 360 მილიონ ირანულ რიალს, 7.800 ევროს შეადგენს. როგორც ირანელი აქტივისტები ამბობენ, აიათოლა ალი ხამენეის ბრძანებით ქალებს, რომლებიც სისტემას ებრძვიან, ჯერ ციხეში ამწყვდევენ, შემდეგ კი ციხეშივე უკვალოდ აქრობენ, ისე, რომ ზოგჯერ ოჯახი მათ ცხედარსაც ვერ იღებს. შემდეგ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები არკვევენ, რომ ისინი სიკვდილით დასაჯეს, ჩამოახრჩვეს ან წამებაში შემოაკვდათ, ისე, როგორც 22 წლის ამინი. ზოგჯერ ქალებს ნარკოტიკების რეალიზაციას აბრალებენ, რადგან იციან, რომ ამის ჩამდენთა მიმართ კანონი უმკაცრესია. ხელისუფლება ებრძვის უფლებადამცველ ორგანიზაციათა წარმომადგენლობას, ამკაცრებს ჯარიმებს ცნობილი პირებისა და კომპანიებისთვისაც, რომლებიც "წაახალისებენ ქალების ამორალური ჩაცმის სტილს". ზნეობის პოლიციამ 22 წლის მაქსი ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარების ბრალდებით დააკავა. მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ მას პოლიციელებმა სასიკვდილოდ სცემეს, რასაც მოსახლეობაში პროტესტი მოჰყვა, თუმცა ხელისუფლებამ აქციები სასტიკად ჩაახშო.
საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგაც ირანში ბევრი ქალი ეწინააღმდეგება ჰიჯაბის ტარების მოთხოვნას. ზაინ ემ ალდინი ამბობს, რომ კანონის გამკაცრებამდე ირანის ქუჩებში თავსაბურავის გარეშე უამრავი ქალი დადიოდა. მამაკაცები, მათ შორის ქალებიც, აგრესიით აყოლებდნენ თვალს, ზოგიც პირიქით, აღფრთოვანებით.
- მოულოდნელად ირანის ხელისუფლებამ ქალების უფლებების უფრო შესაზღუდავად ახალი კანონი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ალი ხამენეის მორალით გვაიძულებენ ცხოვრებას. მან თავის მორჩილ იურისტებთან ერთად ჩაწერა კონსტიტუციაში, ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც ჩვენ ვეტყვით, ჩვენი აზრია მთავარი, თქვენსას არ გაგატანინებთო.
ახლა დაკავებების, სიკვდილით დასჯის ახალი ტალღა დაიწყება. მთავრობასთან დაახლოებულ პირებს, აკრძალვის მომხრეებს უკვე შედგენილი ჰქონდათ იმ ქალებისა და გოგონების სია, რომლებიც მათ "მორალს" ეწინააღმდეგებოდნენ. ჰგონიათ, მათი ოჯახის წევრებზე, ქალებსა და გოგონებზე ცუდ გავლენას ვახდენთ, ალაჰის უარყოფისკენ ვუბიძგებთ. ამბობენ, რომ ამ ყველაფრის უკან დასავლეთი დგას, რომელსაც ღირებულებები არ გააჩნია. სინამდვილეში, თავისუფლება გვინდა, განათლების მიღება, ადამიანური უფლებები, ისე გვსურს ჩაცმა, როგორც გვინდა და არა როგორც ალი ხამენეი გვიკარნახებს. 24 წლის ვარ და არავის საკუთრება არა ვარ, ჩემს თავს ვეკუთვნი. ჩემი ოჯახის წევრ მამაკაცებს ავიწროებენ, რადგან მე ქალთა უფლებებზე ხმის ამოღებას ვბედავ. ამდენი წნეხის, ფიზიკურად და მორალურად განადგურების მუქარის შემდეგ ბევრი დანებდებოდა, მაგრამ ჩვენ ჯერ გვაქვს ბრძოლის ძალა. თუმცა არიან გოგონები, რომელთაც გარემოცვამ, ოჯახმა ჩააგონა, რომ თუ "ალაჰის კანონებს არ დაიცავენ", დაისჯებიან.
- ახლა რა ხდება?
- თითქოს ძალას იკრებდნენ იმ მასშტაბური პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება თვეების განმავლობაში თავს იკავებდა ჰიჯაბის ტარების წესების მკაცრად გაკონტროლებისგან, თუმცა ერთ დღესაც აკრძალვა დააკანონა. გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება იმ ბიზნესორგანიზაციებსაც, რომლებიც უჰიჯაბო ქალებს მოემსახურებიან. მათ პირველ ჯერზე ფინანსური სანქციები დაუწესდებათ, შემდეგ კი დახურავენ... საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ მძღოლმა უჰიჯაბო ქალებს ასვლის უფლება მისცა, ზნეობის პოლიცია მასაც დასჯის. ეს პირველი ნაბიჯია, შემდგომი ისევ გაწკეპვლის შემოტანა იქნება, როგორც ერთ დროს თეირანის ქუჩებში ჯოხებიანი კაცები დადიოდნენ. უამრავ ქალს ჯანმრთელობა შეურყიეს, რადგან მხოლოდ ჰიჯაბზე კი არა, "არასწორ ქცევაზე" - ქუჩაში დიდხანს გაჩერებასა და მსგავს აბსურდულ რამეებზე უფლება ჰქონდათ ქალები ეცემათ. ახლა სურთ იგივე დააბრუნონ, ნატრობენ, მაშინ წესრიგი იყოო. მახსოვს, 18 წლის გოგონა, რომელიც განათლების მიღების უფლებაზე საუბრობდა, ისე სცემეს, ხერხემალი დაუზიანეს. ირანში უამრავი ასეთი ქალია და ხელისუფლებამ იმას მიაღწია, რომ ოჯახებს ისინი სახლიდან აღარ გამოჰყავთ.პოლიციას უფლება აქვს, ქალს ვარცხნილობა გაუკონტროლოს. აქაური წესისა და კანონის მიხედვით, ყველა ქალს თმა კეფაზე უნდა ჰქონდეს შეკრული, თორემ ალაჰის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ და დასჯიან. სათვალთვალო კამერები ამას აფიქსირებს, შემდეგ მათ დაკითხვაზე იბარებენ. ყველანაირად ცდილობენ თავი პიროვნებებად კი არა, მხოლოდ ცოცხალ არსებად ვიგრძნოთ, რომელიც იმას გააკეთებს, რასაც ალი ხამენეი უკარნახებს.
- შეზღუდვები მხოლოდ ქალებს ეხება თუ იმ ბიჭებსაც, ვინც ახალ კანონებს არ ემორჩილება?
- ახლა ირანში მწარედ ვხუმრობთ, რომ "ციფრული შარიათი" შემოიღეს. შეზღუდვები და პატიმრობა ემუქრება იმ ბიჭსაც, ვინც ადათ-წესებს არღვევს, თანამედროვედ იცვამს, გრძელ თმას ატარებს. ჩვენს კაცებშიც ძალიან ბევრია პროგრესული და არც მათ სურთ ხამენეისა და მისი მოსყიდული იურისტების კარნახით ცხოვრება. ბევრი ქვეყნიდან გაიქცა, მათ შორის გავლენიანი პირების შვილები. მეც მიფიქრია სადმე წასვლაზე, მაგრამ ყველა ვერ წავალთ. მხოლოდ მე შეიძლება წავიდე, მაგრამ მთელი ოჯახი, სანათესავო, საახლობლო და სამეგობრო ვერ დატოვებს ქვეყანას. ოდნავ უკეთესი ირანისათვის ყველას გვიბრძოლია. ბიძაჩემი, მამაჩემის ძმა, დასავლური როკმუსიკის მოსმენისა და გრძელი თმის ტარებისთვის სცემეს. ის დღემდე კანადაში ცხოვრობს და მკურნალობს. ასეთი უამრავი მაგალითი გვაქვს. გაქცევა გამოსავალი არ არის.
თავსაბურავისა და ჩაცმულობის გასაკონტროლებლად "ჭკვიანი კამერები" ყველგან დააყენეს, მაგრამ ხალხი რომ სიღარიბეში იხრჩობა, ვერ ხედავენ.
ახლა ყველა მეორეს ციხეში უშვებენ. ვინც მათ ეწინააღმდეგება, დაკავების შემდეგ ნარკოტიკებით ვაჭრობაში სდებენ ბრალს და ამ მუხლით ასამართლებენ. ნარკორეალიზატორებს კი ირანის სასამართლო სიკვდილით სჯის. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩვენი პროტესტი დასავლეთის ნაკარნახევია, მართლაც სჯერა, რომ ის ქალები ნარკოტიკს ყიდდნენ.სახელმწიფო დაწესებულებებს, კერძო ორგანიზაციებს, სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას სთხოვენ, რათა ჰიჯაბის ტარება გააკონტროლონ. კიდევ ერთი საშინელების მოლოდინში ვართ. თუ პროტესტი იმაზე მასშტაბური არ იქნება, ვიდრე სექტემბერში იყო, საბოლოოდ გაგვაჩუმებენ. ხელისუფლება ებრძვის კულტურის სფეროსაც. პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა რამდენიმე რეჟისორი, სტუდიის დახურვითა და დაპატიმრებით დაემუქრა იმ კომპანიებს, სადაც ქალები თავსაბურავის გარეშე მუშაობენ. იმ ცნობილ ქალებს, ვინც ეს კანონი გააპროტესტა და მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდა, მოსამართლეებმა სასჯელად მორგში მუშაობა დააკისრეს. ეს ვითომ ჰუმანური გადაწყვეტილებაა, პატიმრობის ალტერნატივა. ამ რეჟიმს სურს ყველანი ჰიჯაბის ტარების დაწესებითა და ქალების უფლებების შეზღუდვით დაიმორჩილოს, რათა სხვა პრობლემებზე, უმუშევრობაზე, სოციალურ პრობლემებზე, განათლებასა და მედიცინაში არსებულ დარღვევებზე ფიქრისთვის არ გვეცალოს. ეს ირანის მომავლისთვის ბრძოლაა. გასული წლის ნოემბრის პროტესტს 1500-ზე მეტი კაცის სიცოცხლე შეეწირა. ავტობუსიდან ჩამოიყვანეს სკოლის მოსწავლე გოგონები, რომლებიც ჰიჯაბის ტარებას აპროტესტებდნენ, 16 გოგონადან 12 უგზო-უკვლოდ გაქრა, ორი ფსიქიატრიულში იპოვეს მშობლებმა, ორი გადარჩა, მაგრამ მათ ოჯახებს აწიოკებდნენ, თავს ესხმოდნენ, მამებსა და ძმებს ციხის იზოლატორებში აწამებდნენ, ამიტომაც გოგონებმა სკოლაში სწავლა შეწყვიტეს, რადგან იქ თურმე მათზე ცუდ გავლენას ახდენდნენ. ვიღაცამ თქვა, დასავლეთში ქალები რევოლუციის მთავარი ძალააო, და ამის შემდეგ ჩვენზე პირდაპირ ნადირობა გამოცხადდა. ზნეობის პოლიცია გვეუბნებოდა, თუ შეგვეწინააღმდეგებით და ქუჩაში მაინც გამოხვალთ, მუხლებს დაგიხვრეტთო. ჩვენ ვუთხარით, რომ ეტლებით გამოვალთ ქუჩებში, მაშინ გვიპასუხეს, ხელებსაც დაგაჭრით, რომ ეტლის ტარება და ხელში საზიზღარი შინაარსის შემცველი პლაკატების დაჭერა ვეღარ შეძლოთო. სხვა ქვეყანაში შეიძლება წლები სჭირდება რაღაცის შეცვლას, ირანში კი რამდენიმე ათეული დაგვჭირდება, სისხლის ღვრით, ზეწოლით, ტერორით, მაგრამ მაინც შევძლებთ. ამისთვის საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება. მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ხალხის დახოცვისთვის პასუხი არავინ მოსთხოვა. ამიტომ ვითხოვთ თანადგომას, სხვა მუსლიმანური ქვეყნის ქალებმაც უნდა აიმაღლონ ხმა თავიანთი უფლებებისთვის.
უპირველესად სრულფასოვანი განათლების მისაღებად და არა ისე, როგორც ირანშია მიღებული, თუ წერა-კითხვა იცის, მეტი არც სჭირდება, რადგან იციან, განათლებული ქალი მათთვის პრობლემაა.