საკანონმდებლო ჭრა-კერვა "ნაციონალურად" - კვირის პალიტრა

საკანონმდებლო ჭრა-კერვა "ნაციონალურად"

მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა ორიოდე დღის წინ ცვლილებები შეიტანა "პარტიათა შესახებ კანონში", რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიებისთვის ახალი რეგულაციები დააწესა. მათ შორის გაითვალისწინა დეპუტატ კობა ხაბაზის ინიციატივა, მიენიჭებინა იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძლავის ჩანაწერისთვის უკუქმედების ძალა. მართალია, უკუქმედების ძალის მინიჭება იმდენად უკანონო იყო, რომ ეს პირდაპირ არ ჩაიწერა, მაგრამ გაჩნდა იმგვარი ჩანაწერი, რაც, ფაქტობრივად, უკუქმედებას ნიშნავდა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები" და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში". - კანონის ეს ნაწილი პარლამენტმა მესამე მოსმენით სწორედ ამგვარი ფორმულირებით მიიღო, თუმცა მეორე დღეს ჩანაწერი შეიცვალა. რა მოხდა? - ამ კითხვას პასუხობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინა ხიდაშელი:

- მოხდა კიდევ ერთი უკანონობა და სისხლის სამართლის დანაშაული. თავდაპირველად "პარტიების შესახებ კანონის" ცვლილებათა კანონპროექტის სულ სხვა ვარიანტზე ვმუშაობდით, თუმცა მესამე მოსმენის წინ გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც კანონს, ფაქტობრივად, უკუქმედების ძალას ანიჭებდა. მესამე მოსმენისას კანონი სწორედ ამგვარი ჩანაწერით მიიღეს, თუმცა იმ დღეს მიღებული ვარიანტი არ გაუვრცელებიათ. მეორე დღეს, ანუ 29 დეკემბერს, "საკანონმდებლო მაცნეს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა კანონი, სწორედ ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კრიტიკული განცხადება გაავრცელა, ტექსტიდან გაქრა ერთი სიტყვა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა რეგულაციის არსი. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეგულაციაში ეწერა, რომ ცვლილება ეხებოდა იმ პარტიებს, რომლებსაც დაფინანსება მიღებული ჰქონდათ "ამ კანონის" დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, რაც ნიშნავდა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონზე იყო საუბარი. ახლა სიტყვა "ამ" ამოღებულია და დარჩენილია მხოლოდ სიტყვა "კანონით". ეს მნიშვნელოვნად ცვლის არსს, ანუ კანონის ეს ჩანაწერი უკვე იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, შესაბამისად, ცალსახად გამოკვეთილი უკუქცევის ძალა აღარა აქვს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ უკვე მიღებული კანონი ჩაასწორეს, რითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს პროკურატურა.

- ხელისუფლების წარმომადგენლები არ აღიარებენ ამას და აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ვერ გაიგო რეგულაციის არსი და ეს ხმაური მხოლოდ მათი არასწორი ინტერპრეტაციის ბრალია.

- ე.ი. ამდენმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ გაიგო თურმე რა ჩაწერეს კანონში, ვერც საელჩოებმა გაიგეს, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მხოლოდ აკაკი მინაშვილს ესმის რა და როგორაა? ეს ხომ სამარცხვინოა? ისე, ამ კანონში სხვაც იმდენი ორაზროვანი ჩანაწერია, იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ მალე პარტიებთან კავშირში შესაძლოა არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ თავისუფალი მედიის წარმომადგენლები და ჟურნალისტებიც დაადანაშაულონ და დასაჯონ.

- როგორ ფიქრობთ, შეცვლილი კანონით მაინც მოგიწევთ იმ თანხების დაბრუნება, რაც აქამდე იურიდიული პირებისგან მიიღეთ?

- კანონის თანახმად არ მოგვიწევს და არც ვაპირებთ რამის უკან დაბრუნებას.

- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების მიღმა იკითხება, რომ საქართველოს ხელისუფლებას კულუარებშიც მკაცრად დაელაპარაკნენ?

- დაზუსტებით არაფერი ვიცი, მაგრამ გეტყვით, რომ ამ დღეებში არაერთ ადამიანს და ორგანიზაციას შევეხმიანე, როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში. მოგეხსენებათ, საშობაო არდადეგებია და ძალიან რთული იყო ევროპაშა თუ ამერიკაში ხმის მიწვდენა, თუმცა მეტ-ნაკლებად მოვახერხე. ვიცი ისიც, რომ ისინი, ვისაც ხმა მივაწვდინე, დაელაპარკნენ საქართველოს ხელისუფლებას. გარდა ამისა, როდესაც საელჩო ასეთ განცხადებას აკეთებს, ამის შესახებ ხელისუფლება წინასწარ არის ინფორმირებული. შესაბამისად, ამ საკითხზე აუცილებლად დელაპარაკებოდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)