ჯარისკაცების მამა - რას ჰყვება აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომლის 6 შვილი უკრაინაში იბრძვის - კვირის პალიტრა

ჯარისკაცების მამა - რას ჰყვება აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომლის 6 შვილი უკრაინაში იბრძვის

მამუკა ბარქაია იმ ექვსი ძმის მამაა, რომლებიც უკრაინაში საქართველოს­ დროშით იბრძვიან. ირაკლი, დიმიტრი, თენგო, გიორგი, რუსლანი და დავითი რუს ოკუპანტებს ომის დაწყების პირველივე­ დღიდან ებრძვიან. ერთი ძმა "აზოვშია", მეორე - სპეცდანიშნულების რაზმში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველი მათგანი წინა ხაზზეა და საპასუხისმგებლო ოპერაციებში მონაწილეობენ. 3 მათგანს მძიმე ჭრილობებიც აქვს მიღებული, თუმცა ოპერაციებისა და რეაბილიტაციის შემდეგ ისევ წინა ხაზზე იბრძვიან. თავად ბატონი მამუკა აფხაზეთის ომის ვეტერანია, ბრძოლის დროს ნაღმზე აფეთქდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ამის გამო ძალიან წუხს, ამბობს, ფეხი რომ მქონდეს, მეც წინა ხაზზე ვიბრძოლებდი, შვილების გვერდითო. როგორც ქართველი მეომრები ამბობენ, ის დღეს იმაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ვიდრე იარაღით ხელში წინა ხაზზე ბრძოლაა, თუმცა ამ ყველაფრის თქმა ახლა არ შეიძლება. რისი თქმაც შეიძლება, ის არის, რომ ქართველების დიდი ქომაგია უკრაინაში. მეომრები, რომლებიც უკრაინაში მიდიან, ჯერ ბატონ მამუკას სტუმრობენ, მის რჩევა-დარიგებებს იღებენ და შემდეგ ფრონტზე მიემგზავრებიან. დაჭრილებზეც ის ზრუნავს, რეაბილიტაციის გავლაშიც ეხმარება და სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებაშიც. ბიჭები ამაგს უფასებენ და მეტსახელად "მამას" ეძახიან. როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდით, სტუმრად ქართველი მებრძოლები ჰყავდა, მათთან კიდევ ერთი ქართული ბატალიონის ჩამოყალიბებაზე მსჯელობდა. მედიაში გამოჩენა დიდად არ უყვარს, ამბობს, რომ ჟურნალისტებს იშვიათად ესაუბრება. ჩვენი ინტერვიუ ძველი დროის გახსენებით და აფხაზეთის ომზე საუბრით დაიწყო.

- სენაკში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. ჩემი კლასის დამრიგებელი ჟიული შარტავას დედა, ქალბატონი ნინო იყო, რომელსაც ყველა ფენიას ეძახდა. ჩემი ოჯახი მასთან მეგობრობდა, მე ჟიულისთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. მას ბავშვობიდან უსაზღვროდ უყვარდა სამშობლო, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობისას ბევრი ქართული საქმე გააკეთა. სამწუხაროდ, ბევრი ხელისშემშლელი ჰყავდა, თორემ უფრო მეტს გააკეთებდა. მახსოვს, ფილარმონიაში დაჯილდოების ცერემონია იყო და სხვებთან ერთად ერთი ჩინოვნიკი, გვარად კოლბინიც დააჯილდოვა. იმ კაცს გაუკვირდა, არაფერში დაგხმარებივარ, რატომ დამაჯილდოვეო. ჟიულიმ სხარტად უპასუხა, იმიტომ დაგაჯილდოვე, ხელს რომ არაფერში მიშლიდიო. ჟიული გმირულად რომ დაეცა, სენაკში მისი ძეგლი დადგეს. ამ ძეგლთან ყოველდღე უნდა ჩაევლო ქალბატონ ფენიას, სამსახურში წასვლა-მოსვლისას. ბოლო პერიოდში მე დამყავდა სამს­ახურში და იცით, რას აკეთებდა? ძეგლს ყველა ავლა-ჩავლაზე ფეხზე შეახებდა ხელს. უკრაინაში რომ მივდიოდი,­ მასთან მივედი გამოსამშვიდობებლად. ბატონმა კალიმ (კალისტრატე, ჟიულის მამა) მითხრა, იცოდე, ომი როგორც კი დაიწყება, იქ აღარ გაჩერდე, აქეთ წამოდიო... ბატონ კალიზე ერთი ამბავი მინდა გიამბოთ. ერთ ზაფხულს მსახიობები იყვნენ ჩვენთან სტუმრად, დათა თუთაშხიას იღებდნენ და ხშირად იშლებოდა­ დიდი სუფრები. იმ ზაფხულს ფეხბურთის­ ჩემპიონატი დაემთხვა. მსახიობები და მათი მასპინძლები სუფრასთან ხშირად განიხილავდნენ ფეხბურთის მატჩებს. ერთი ასეთი მომენტის დროს ოთარ მეღვინეთუხუცესი და თენგიზ არჩვაძე ფეხბურთელი ფენიას თამაშს განიხილავდნენ, ბოლოს დანანებით თქვეს, აფსუს, ფენია რა კარგად თამაშობდა­ და როგორ მოიტეხა ფეხიო. წინადღეს, ჟიულის დედას, ქალბატონ ფენიას ტალავერზე ყურძნის კრეფის დროს კიბე წაქცევია, ჩამოვარდნილა და ფეხი მოუტეხია. ბატონ კალის ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა, როდესაც მსახიობები­ ფენიას მოტეხილ ფეხზე წუხდნენ, ეგონა­, მის ცოლზე იყო საუბარი და იკითხა, თქვენ საიდან გაიგეთო? ბატონი ოთარი და თენგიზი ცოტა დაიბნენ, მაგრამ უპასუხეს, ტელევიზორში­ ვნახეთო. გადაირია კაცი, ჩემმა ცოლმა ფეხი რომ მოიტეხა, ეგ როგორ აჩვენეს ტელევი­ზორშიო. ეჰ, კარგი დრო იყო... სხვათა შორის, ოთარ მეღვინეთუხუცესი ჩემი ნათლია იყო, ირაკლი უჩანეიშვილი - ჩემი ძმის. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. მე სწავლის გასაგრძელებლად უკრაინაში წავედი, ინსტიტუტი როსტოვში დავამთავრე, მერე საქართველოში დავბრუნდი და ფოთში დავიწყე მუშაობა. ომი რომ დაიწყო, მეც იარაღი ავიღე ხელში. რეზერვისტთა იმ ბატალიონში ვიყავი, რომელიც ყველაზე ადრე შეიქმნა და ომშიც პირველი შევიდა. თემურ წურწუმია და რომან მელია იყვნენ ამ ბატალიონის შემქმნელები. მალთაყვაში გავდიოდით წვრთნას. ეს ბატალიონი სამეგრელოს რეგიონში დიდ როლს თამაშობდა. ვიბრძოდით ბანდიტების წინააღმდეგ, დაუცველ ადგილებში ვიცავდით ხალხს და ბოლოს ომში წავედით ყველა. ფოთს მთლიანად ჩვენი ბატალიონი იცავდა. ომი რომ დამთავრდა, ფოთში სამხედრო­ პოლიციის უფროსი ვიყავი, იქიდან უკრაინაში წამოვედი. ორჯერ ვარ დაჭრილი. ჩემი გულისტკივილია აფხაზეთი, პირზე რძეშეუშრობი გოგო-ბიჭები, რომლებიც რუსების წაქეზებულმა სეპარატისტებმა აწამეს. გიორგი ანწუხელიძის ჯავრი მაქვს ისეთი, როგორიც მამას ექნება თავისი შვილის გამო. ჩემი ერთადერთი მიზანი და ოცნება საქართველოს გამთლიანებაა. ღმერთს ვთხოვ, ეს ჩემი ერთი ფეხი აფხაზეთის მიწაზე დამადგმევინოს და თუ უნდა იმ დღესვე მომკლას. აქ, ჩემ გვერდით არის ოთარ ჯანიკაშვილი, რომელიც სოხუმის დაცვის ბატალიონში იყო, მასაც ანგარიში აქვს გასასწორებელი რუსებთან. სულ ახალგაზრდა მგლებიც ჩვენ გვერდით არიან, ბიჭები "შერეკილებიდან". უკრაინაში ახლა მაგარი ამბები იწყება, თქვენც მალე გაიგებთ.­ ძალიან მალე გათავისუფლდება ჩემი საქართველო... ჩემი შვილები უკრაინაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ საქართველოა მათი საფიცარი. უკრაინულ არმიაში ქართული დროშებით იბრძვიან. სამი შვილი დამეჭრა წინა ხაზზე, წარბი არ შეუხრიათ, გამოჯანმრთელდნენ თუ არა, მაშინვე ბრძოლის ველს დაუბრუნდნენ. შარშან, 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში რომ შემოიჭრა, დილა იყო. საღამოს ჩემი ექვსივე ბიჭი უკვე ომში იყო. ექვსივე ერთად დამადგა თავზე, ომში მივდივართო! ვერ გავაჩერე, ან კი როგორ გავაჩერებდი?! ვუყურებდი ჩემს ვაჟკაცებს და ვფიქრობდი, ტყუილად არ მიცხოვრია-მეთქი. ვიცი, რომ ჩემი შვილების სიცოცხლე უდიდესი რისკის ქვეშაა, მაგრამ რა ვქნა, ყველაფერი უფლის ხელშია. ღამე არ მძინავს, ერთი სული მაქვს, როდის გათენდება, რომ ჩემი ბიჭების ხმა სათითაოდ გავიგონო და დავრწმუნდე, რომ ყველა ცოცხალია... ჩემ გვერდით ახლა ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული დავით ქუჩუკიანის­ მამაა. მის შვილს საქართველოს დროშა რომ გაუვარდა ხელიდან, მან აიღო და ისე არ წავა ამ ქვეყნიდან, მტრის ჯავრი არ ჭამოს.

- აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ ისევ უკრაინაში რატომ დაბრუნდით?

- მეუღლე უკრაინელი მყავს და იქით ვარჩიეთ. ვფიქრობდით, რომ დროებითი იყო, მაგრამ ამასობაში წლები გავიდა და შემოვრჩით. სვეტლანა სტუდენტობაში გავიცანი, ის კი მეშვიდეკლასელი იყო. მის ძმასთან ვმეგობრობდი და მისი ნახვა ხშირად მიწევდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. წლები გავიდა, სვეტლანა გაიზარდა და ერთ მშვენიერ დღეს შევნიშნე, რომ ძალიან ლამაზი იყო, ქართველს ჰგავდა. მოვკიდე ხელი და მას შემდეგ 36 წელია ერთად ვართ, 7 შვილი - 6 ბიჭი და ერთი გოგო გვყავს. უკვე შვილიშვილებიც დაგვეხვივნენ. ათი წელი ვიცხოვრეთ საქართველოში, მე რომ აფხაზეთში ვიბრძოდი, ის მგულშემატკივრობდა, მარცხიც მან გადამატანინა.

- შვილები ქართული ტრადიციებით გაზარდეთ?

- რა თქმა უნდა. არ ეტყობათ? ექვსი მეომარი გავზარდე. სხვათა შორის, ჩემმა მეუღლემ წყალივით იცის ქართული ენა. ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები. არ ბეზრდება ქართველების მასპინძლობა. ხინკალსაც შესანიშნავად ახვევს და საცივსაც მეგრელივით აკეთებს. აუცილებლად უნდა გვესტუმროთ უკრაინაში, კიევში ზელენსკის მეზობლად ვცხოვრობთ. სვეტლანას მასპინძლობა, მისი მომზადებული ქართული კერძები გაგაოცებთ.

- როგორც ვიცი, გოგონასაც სურს ომში წასვლა.

- დიახ, ასეა, ჩემი ვიკა 18 წლისაა. ისეთი გოგოა, ბიჭების ხელში გაზრდილ ერთადერთ დას რომ შეეფერება. ჩემი სიბერის იმედია, მაგრამ ბოლო დროს რასაც ამბობს, არ მომწონს, დაუჩემებია, მეც მინდა ომში წასვლაო. მე ვეჩხუბები, შენ ქართველს გაჰყევი ცოლად და შვილები გააჩინე-მეთქი. ეს ხუმრობით, მისი გადასაწყვეტია, ვის დაუკავშირებს ბედს. ერთი კია, შვილებს საქართველოს სიყვარული უნდა ასწავლოს.

- ომის დაწყებამდე თქვენ და თქვენი შვილები რას საქმიანობდით?

- პატარ-პატარა ბიზნესები გვქონდა. მე და ჩემი ბიჭები კანონის დამცველი მოქალაქეები ვართ. უფროსი 34 წლისაა, უმცროსი - 20 წლის, ყველა დაოჯახებულია. უფროსი, ირაკლი, დიდ საქმეს აკეთებს და დიდი დაფასებაც აქვს. ჩვენ, ქართველები, ვინც აქ ვცხოვრობთ, ასე ვუდგავართ გვერდით უკრაინელ ხალხს, რადგან­ აფხაზეთში რომ ვიბრძოდით, ისინი იდგნენ ჩვენ გვერდით, ბევრი დაიღუპა კიდეც. ჩემი 3 ბიჭი ომში დაიჭრა, თენგო იანვარში, ზურგსა და თავში, რუსლანი და გიორგი კი თებერვალში დაიჭრნენ. გიორგი ხერხემალში იყო გადატეხილი, ორი ფირფიტა ჩამოვიტანეთ გერმანიიდან ხერხემალში ჩასადგმელად. ჩამოწერეს, ომი აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ კატეგორიულ უარზე დადგა. ცნობილი ვიდეო გექნებათ ნანახი: ალექსანდრ მატიევსკი, რომელიც "სლავა უკრაინის" ყვირის და ხვრეტენ რუსები, ჩემი ბიჭის, გიორგის ძმაკაცი იყო. ერთად მსახურობდნენ და როცა მას ასაფლავებდნენ, ჩემს ბიჭს ოპერაციას უკეთებდნენ ხერხემალზე და ინტერნეტით უყურებდა პროცესიას. ამის შემდეგ რა დააკავებდა სახლში, რეაბილიტაციის მერე მალევე გაიქცა ფრონტის წინა ხაზზე... "ჩაქუჩა" რომ დაიღუპა, ახალი ნაოპერაციები იყო, ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად, არ დაიშალა, ფეხზე ადგა და ეკლესიაში მოვიდა. ძლივს იდგა, კედელს ეყუდებოდა, მაგრამ პროცესიას ბოლომდე დაესწრო. მე არ მიყვარს ომი და სიკვდილი, არც ჩემს შვილებს, მაგრამ როდესაც მტერს შენი სამშობლოს განადგურება უნდა, სხვა გამოსავალი აღარ რჩება.

- საქართველოდან ჩამოსულ მებრძოლებზე რას იტყვით?

- ჩემი შვილები არიან, მამას მეძახიან, განსაკუთრებული ხალხია, არავის დაუვალდებულებია, კომისარიატში არ გამოუძახებიათ, ნებით მოჰკიდეს ხელი იარაღს და საქართველოს სადიდებლად, ჩვენი და უკრაინელების საერთო მტრის წინააღმდეგ ომში ჩაერთვნენ. მე მათ თაყვანს ვცემ, ქედს ვიხრი მათი მშობლების წინაშე. ახლა ჩემ გვერდით კიდევ ერთი ქართველი მებრძოლია, მეტსახელად "შრამა". მძიმედაა დაჭრილი, ხელს ძლივს სწევს მაღლა და ერთი სული აქვს, ფრონტის ხაზზე როდის წავა. ეს ბიჭები ომში ისე მიდიან, გეგონება, ნადიმიაო. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვიღაცები მათ შავ პიარს უგორებენ, ფულის გულისთვის იბრძვიანო. ტყუილია! "შრამას" რამდენიმე თვეა ფული არ აუღია, მაგრამ დასაბმელია, ომში უნდა. იცის, აქ თუ ვერ დაამარცხებს რუსეთს, საქართველოს აუწიოკებს. ამ ბიჭს ცოლ-შვილი ჰყავს­ და იმის ფულიც არა აქვს, ყოფითი პრობლემები მოუგვაროს. ასეთი ხალხი ცილისწამებას კი არა, გულში ჩახუტებას იმსახურებს.

- გაჭიანურებულ კონტრშეტევაზე რას ფიქრობენ ქართველი მეომრები?

- ბრძოლის ჟინი, ენთუზიაზმი არის, მაგრამ მეტი შეიარაღება გვჭირდება. გული გვწყდება ევროპელებზე, არ გვექცევიან სამართლიანად. რას უყურებენ ეგ დალოცვილები, მთლიანად უნდა დაინგრეს უკრაინა? 600 ბავშვი მოკლეს უკვე რუსებმა! დროულად მოგვცენ იარაღი, დანარჩენი ჩვენზეა.

ხათუნა ბახტურიძე