თუ სესხი ხანდაზმულია... - კვირის პალიტრა

თუ სესხი ხანდაზმულია...

გაზეთ "კვირის პალიტრაში" ისევ გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი ერთგული მკითხველების შეკითხვებს პასუხს გასცემს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:

- მოგესალმებით, სისტემატურად მიკავშირდებიან ერთ-ერთი პრობლემური აქტივების ბიუროდან და მეკითხებიან ჩემი მეზობლის სიძის შესახებ ინფორმაციას, ვიცნობ თუ არა მას­, ვინაიდან მას სესხი აქვს გადასახდელი. უნდათ მე მივაწოდო მისი ტელეფონის ნომერი და მისამართი. როგორ მოვიქცე ასეთ დროს? მაქვს თუ არა უფლება, რომ ამ პირის შესახებ ინფორმაცია არ გავანდო პრობლემურ ბიუროს?

- გააჩნია, თუ ვინ გიკავშირდებათ. თუ ეს არის საბანკო-საფინანსო დაწესებულება, რომელიც ექვემდებარება ეროვნული ბანკის რეგულაციებს, ამ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, თქვენ თავის დროზე მსესხებელს საკონტაქტო პირად ხომ არ ჰყავხართ მითითებული. თუ მსგავს პირად არა ხართ დასახელებული, მათ უნდა განუმარტოთ, რომ ამ საკითხზე თქვენ აღარ დაგიკავშირდნენ. მსგავსი განმარტების შემდეგ მათ უფლება აღარ აქვთ ისევ დაგიკავშირდნენ. თუ გიკავშირდებათ ორგანიზაცია, რომელიც არის პრობლემური აქტივების კომპანია, რომელზეც არ ვრცელდება ეროვნული ბანკის რეგულაციები, მათ შეგიძლიათ განუმარტოთ, რომ ასეთი ქმედებით არღვევენ პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც შეიძლება ეს ორგანიზაცია დაჯარიმდეს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, შეიძლება თუ არა სხვისი ინფორმაციის განდობა, გიპასუხებთ ცალსახად - დაუშვებელია უშუალოდ იმ პირის თანხმობის გარეშე, ვის შესახებაც გთხოვენ ინფორმაციას. მსგავსი ინფორმაციის გაცემა თქვენი მხრიდანაც პერსონალური მონაცემების დარღვევად ჩაითვლება.

- 2016 წელს ავიღე სესხი ბანკიდან 15.000 ლარის ოდენობით, ერთი წელი ვიხდიდი გრაფიკის მიხედვით, მაგრამ შემდეგ დავკარგე სამსახური და ვეღარ მოვახერხე გადახდა. დღეს მომივიდა სასამართლოსგან სარჩელი, სადაც მოსარჩელედ ბანკის მაგივრად წერია პრობლემური აქტივების ბიურო. ვერ გავიგე, ბანკის მაგივრად ეს ბიურო რატომ მთხოვს თანხას და რა უნდა გავაკეთო?

- როდესაც ბანკის ნაცვლად პრობლემური აქტივების ბიურო გიკავშირდებათ, ეს ნიშნავს, რომ ბანკმა თქვენ მიმართ გაასხვისა მოთხოვნა. მოთხოვნა, კანონით დადგენილი წესის მიხედვით არის ქონება, რომელიც შეიძლება გასხვისდეს სხვა პირზე და ამისათვის თქვენი ნებართვა საჭირო არ არის, თუ კანონის საფუძველზე საამისოდ საპატიო საფუძველი არ არსებობს, ანუ რა შემთხვევაშიც შეიძლება თქვენი ნებართვის გარეშე არ გასხვისდეს. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ სესხი ხანდაზმულია, რაც გულისხმობს, რომ სესხს სამართლებრივი იძულების გზით ვერ დაიბრუნებს გამსესხებელი, ხანდაზმული სესხი შეიძლება­ მხოლოდ მსესხებლის კეთილი ნების საფუძველზე დაბრუნდეს, ხოლო თუ სარჩელი შეტანილია სასამართლოში, აუცილებელია საპროცესო ვადებში მოამზადოთ და შეიტანოთ სასამართლოში პასუხი (შესაგებელი),­ წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო და დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას, ამიტომ ხანდაზმულ სესხზე აუცილებელია შესაგებლის (პასუხის) მომზადება. რეალურად შესაგებელი არის ის, რაც მოცემულ შემთხვევაში დაიცავს მსესხებლის ინტერესებს.

- 2017 წლის ივლისში ავიღე ბანკში სესხი,­ რომელსაც ვიხდიდი რამდენიმე თვე და მერე ვეღარ გადავიხადე. ბოლო გადახდა მქონდა 2017 წლის დეკემბერში.­ ამდენი წლის მერე პრობლემური აქტივების ბიურო მირეკავს­ თითქმის ყოველდღე და მეუბნება, რომ ეს სესხი ბანკიდან იყიდეს და მთხოვენ თანხის გადახდას, როგორ უნდა მოვიქცე?

- როდესაც ბანკის ნაცვლად პრობლემური აქტივების ბიურო გიკავშირდებათ, ეს ნიშნავს, რომ ბანკმა თქვენ მიმართ გაასხვისა მოთხოვნა. მოთხოვნა, კანონით დადგენილი წესის მიხედვით არის ქონება, რომელიც შეიძლება გასხვისდეს სხვა პირზე და ამისათვის თქვენი ნებართვა საჭირო არ არის, თუ კანონის საფუძველზე საამისოდ საპატიო საფუძველი არ არსებობს, ანუ, რა შემთხვევაშიც შეიძლება თქვენი ნებართვის გარეშე არ გასხვისდეს. რაც შეეხება საკითხს, რა შეიძლება გააკეთოთ მოცემულ შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლება - უნდა მომზადდეს სარჩელი მოთხოვნით, რომ სესხი აღიარებულ იქნეს ხანდაზმულად სასამართლო გადაწყვეტილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კომპანიამ შეიტანოს სარჩელი თქვენს წინააღმდეგ და თუ თქვენი ინფორმირება არ ან ვერ მოხერხდა აღნიშნულის შესახებ, სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და ხანდაზმული სესხის გადახდა დაგეკისრებათ. სესხის ხანდაზმულად აღიარება ასევე საფუძველია კრედიტინფოში საკრედიტო ისტორიის შეცვლის.

- ბანკში ჩემს სახელზე არსებული სახელფასო ანგარიში დამებლოკა. როგორც შემდგომ გავარკვიე აღსრულების ბიუროს დაუდია ყადაღა, რადგან 2014 წელს მქონდა აღებული სესხი, რომლისგანაც გადასახდელი მქონდა დარჩენილი 1000 ლარი. ეს სესხი 2017 წლის მერე არ გადამიხდია. ვიცი, რომ სესხი იყო ხანდაზმული, თუმცა პრობლემური აქტივების ბიუროს მაინც შეუტანია სასამართლოში სარჩელი, რის შესახებაც მე არ ვიცოდი, რადგან სასამართლოდან ყველა საბუთი იგზავნებოდა იმ მისამართზე, სადაც 15 წლის წინ ვცხოვრობდი და იქ უბრალოდ ჩაწერილი ვიყავი. მას შემდეგ ეს სახლი გავყიდეთ. სასამართლოს გამოუტანია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების გაუქმება?

- სესხის ხანდაზმულობის შემთხვევაში თქვენ შეგეძლოთ შეგეტანათ სარჩელი მოთხოვნით, რომ სესხი აღიარებული ყოფილიყო ხანდაზმულად სასამართლო გადაწყვეტილებით, ამ შემთხვევაში კი კომპანიამ შეიტანა სარჩელი თქვენს წინააღმდეგ. რაც შეეხება ძველ მისამართს, რომელიც ხელშეკრულებაში გქონდათ დაფიქსირებული, კანონით განსაზღვრულია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარე, რომელიც მისამართს იცვლის, ვალდებულია თავად მიაწოდოს მისამართის ცვლილების შესახებ ინფორმაცია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სესხი 2014 წელს აიღეთ, რის შემდგომაც 9 წელია გასული, ხოლო ძველ მისამართზე არ გიცხოვრიათ ბოლო 15 წელია. დიდი ალბათობით, ხელშეკრულებაში თქვენი ინიციატივით არ იქნება მითითებული ძველი მისამართი, ხოლო თუ ისევ ძველ საცხოვრებელ მისამართზე ხართ რეგისტრირებული, მოსარჩელემ თქვენი რეგისტრაციის ადგილი მიუთითა სარჩელში. ვინაიდან თქვენ უშუალოდ არ ჩაგიბარებიათ გადაწყვეტილება, არსებობს იმის ალბათობა, რომ სასამართლო აქტები გამოცხადდა საჯაროდ, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ხანდაზმული სესხის გადახდა დაგეკისრათ. როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, გადაწყვეტილება აღსრულდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით და აღარაფერი შეიცვლება. კანონი გაძლევთ შესაძლებლობას გაასაჩივროთ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო ვადა არ არის გაშვებული.

- 2015-2018 წლებში მქონდა რამდენიმე ბანკიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხი. შემდეგ დავტოვე საქართველო და ვცხოვრობდი საზღვარგარეთ. ახლა დავბრუნდი და მაქვს შემოთავაზება სამსახურზე, საიდანაც ხელფასი უნდა ჩამერიცხოს ბარათზე, როგორ შეიძლება გავარკვიო, მაქვს თუ არა რაიმე ვალდებულება და ჩამომეჭრება თუ არა თანხა ბარათიდან სესხის დასაფარავად?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თქვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს თუ არა წარმოება, ვინაიდან შეიძლება უკვე არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც დაწყებულია აღსრულება. თუ აღსრულებაში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება, უნდა გაარკვიოთ საერთო სასამართლოების საინფორმაციოში, მიმდინარეობს თუ არა თქვენ მიმართ სასამართლოში წარმოება, ანუ არის თუ არა თქვენს წინააღმდეგ დაწყებული დავა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს წინააღმდეგ არ არის დაწყებული სესხზე რაიმე სახის წარმოება, უნდა აღძრათ სარჩელი სესხის სასამართლოს გზით ხანდაზმულად აღიარებაზე. თუ ზუსტად არ გახსოვთ თქვენი სესხების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ "კრედიტინფოში" თქვენი მონაცემები, მასში თავმოყრილია ყველა ტიპის მიმდინარე თუ დახურული სესხი, რომლის მსესხებელი, თანამსესხებელი ან თავდებიც იყავით ან ხართ. სასამართლოსთვის მიმართვა სრულად უზრუნველყოფს დაგიცვათ ხანდაზმული ვალდებულებისგან და ასევე დაგეხმარებათ "კრედიტინფოში" თქვენი ისტორიის შეცვლაში.