ქალაქგეგმარებითი „სამართალი“ - კვირის პალიტრა

ქალაქგეგმარებითი „სამართალი“

ყველაფერი თვალის ჩაპაჭუნებით დაიწყო... და ამ მსუბუქი მიმიკისგან, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სტატია გამოცხვა. "კვირის პალიტრის" სტუმარია ქალაქმგეგმარებელი და არქიტექტორი ზურაბ ბაქრაძე:

- ბატონო ზურაბ, ქალაქგეგმარების პრინციპებზე მაქსიმალურად მორგებული რომელი ქალაქი გინახავთ?

- ბერლინი. ქალაქმშენებლობა, ქალაქგ­ეგმარება როგორც დარგი, ცენტრალურ ევროპაში კარგად არის განვითარებული.­ გერმანია სოციალური სახელმწიფოა­ თავ­ისი­­­ კონსტიტუციით. ჩრდილო ევროპის­ ქვეყნები, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, ამ მხრივ ყველაზე მოწესრიგებული არიან. არ არის წინააღმდეგობა სახელმწიფოს მოწყობასა და ქალაქგეგმარებას შორის, ერთი და იმავე საფუძველზე დგანან. ინგლი­სში ასეთი ჰარმონიულობა არ არის, სულ კონფლიქტია პირად თავისუფლებასა და სოციალურ გამოწვევებს შორის. აღმოსავლეთში ეს კულტურა არ არის. მაგალითად, რუსეთში ქალაქგეგმარების გამართული სისტემა იყო. პეტრე დიდმა ყველაფერი ცენტრალური ევროპიდან გადმოიღო. რუსეთში მეტი წესრიგი იყო, ვიდრე საქართველოში.

- ქალაქგეგმარება, როგორც მიმართულება,­ როდიდან იღებს საფუძველს?

- მე-19 საუკუნის 70-80-იანი წლებიდან,­ გერმანიიდან დაიწყო. იქ პირველად შეიქმნა­ სამეზობლო სამართალი, რომელიც აწესრიგებდა მეზობლებს შორის ურთიერთობას, სამშენებლო მიწის ნაკვეთების პატრონებს შორის ურთიერთობას, სახანძრო ნორმებს...

- ყველაზე დაუგეგმავი რომელი ქალაქია?

- აღმოსავლური ქალაქები. უკეთეს მაგალითს გეტყვით, როცა გერმანიაში ვცხოვრობდი, მაშინ ქალაქმშენებლებმა წამოაყენეს ინიციატივა, როგორმე დახმარებოდნენ თურქეთს ქალაქმშენებლური დაგეგმვის სამართლის შექმნაში. მაშინ მთელი თურქული სამართალი სამეზობლო სამართალს ეყრდნობოდა. წარმოდგენა არ ჰქონდათ თურქებს, რომ ქალაქი ჰარმონიულად უნდა იყოს დაგეგმილი. 90-იან წლებში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ტრადიცია ქალაქის ისე დაგეგმვის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი წარმართავდეს ქალაქის განვითარებას და არა კერძო ინტერესები.

- ჩვენ სად ვართ ყველაზე მოწესრიგებულებსა და მოუწესრიგებლებს შორის?

- ჩვენთან 90-იანების დასაწყისში ქაოსი­ დაიწყო. ერთხელ ქალაქის არქიტექ­ტურის სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ საკითხის შესასწავლად მერია ჩვენს სამსახურებს გზავნიდა თურქეთში, იქ, სადაც იმაზე დაბალი იყო ეს ცნობიერება, ვიდრე საბჭოეთში ან საქართველოში მაშინ. ე.ი. პოლიტიკური ნება იყო, რომ ქაოსი შექმნილიყო, რაც დღემდე გრძელდება. რაც უფრო მძლავრდება ელიტა, რომელსაც ბევრი­ ფული აქვს და სადღაც უნდა გაათე­თროს, ან უძრავ ქონებაში ჩადოს, რაც უფრო ღონეს იკრებს, მით უფრო მახინჯ სახეს იღებს მშენებლობა. "ჩემი ნაკვეთია, რასაც მინდა, ავაშენებ!" - ამ მენტალიტეტით ფიქრობს ყველა, პოლიტელიტაც და ეკონომიკურიც. ქალაქის მმართველობები, რომლებიც პასუხისმგებლები უნდა იყვნენ ქალაქის ჰარმონიულ განვითარებაზე, ასეთ ანგარებიან დამოკიდებულებას ხელს უწყობენ, გასცემენ მშენებლობის ისეთ ნებართვებს, რაც ხელს უწყობს კერძო პირის ან დეველოპერის ანგარებას. დეველოპერი მოელაპარაკება მესაკუთრეს - აქ უნდა აშენდეს 20-სართულიანი კორპუსიო, ისიც იხეირებს და მერიაც ხელს მოუწერს.

- ამას წინათ აივანზე ვიდექი და წინა კორპუსის აივნიდან მეზობელმა, რომელსაც არ ვიცნობ, თვალი ჩამიკრა. იმდენად ახლოს ვართ, რომ თვალს ვუპაჭუნებთ ერთმანეთს. ეს გაგარინის მოედანზე ხდება.

- არ მიკვირს, მთელ ქალაქში ასეა.

- კანონმდებლობით, რამხელა უნდა იყოს მანძილი კორპუსებს შორის?

- თბილისს, საერთოდ, საქართველოს, კორპუსებს შორის დაშორების ყველაზე მახინჯი ნორმები აქვს. ეს შეგნებულადაა გაკეთებული. პოლიტიკური­ ნებაა, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს ინვესტორმა ან კერძო პირმა, რომ ჰექტარზე მეტი შენობა დაეტიოს... მაგალითად, გერმანია მიწებადაა დაყოფილი და იქ სახლებს შორის დაშორება სხვადასხვა მიწაზე სხვადასხვა ნორმით განისაზღვრება. ყველაზე მჭიდრო ნორმა არის კორპუსის სიმაღლის 40%-ი.

- დავაზუსტოთ. დავუშვათ, ერთმანეთის პირისპირ 2 რვასართულიანი კორპუსი დგას, რამდენი უნდა იყოს მათ შორის დაშორება?

- რვასართულიანი შენობების სიმაღლე 25 მეტრია. 25-ის 40% არის 10 მეტრი. ე.ი. ორივე კორპუსის 10-10 მეტრი რომ შეკრიბო, გამოდის, ორ პირისპირ მდგომ რვასართულიან კორპუსს შორის, სულ ცოტა, 20 მეტრი დაშორება უნდა იყოს. ჩვენთან კი ზუსტად საზღვარზე ააშენებენ სახლს, პირდაპირ მიწის ნაკვეთის საზღვარზე, ანუ 0 მეტრზე შეუძლიათ ააშე­ნონ, რამხელა შენობაც უნდათ, თუ ფანჯრებს­ არ გაუკეთებენ. თუ 3 მეტრს დააშორებ საზღვრიდან, მაშინ გარკვეული სიმაღლის შემდეგ შეუძლიათ ფანჯრების დატანება. გერმანიის კანონმდებლობით, შენობები დაშორებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის საზღვრიდან ამ კორპუსის სიმაღლის 40%-ით, თორემ არის ქვეყნები, სადაც სიმაღლის 80 და 100%-იცაა ეს ნორმა. ამიტომაა, რომ იქ განიავების პრობლემა არ არის, არც მეზობლები უპაჭუნებენ ერთმანეთს თვალს.

ასეთი შემთხვევა მქონდა - საბურთალოს ბაზრის ადგილას შენდება 38-სართულიანი სახლი. იქიდან 4 მეტრში, მეზობელ ნაკვეთზე, ორი ოთხსართულიანი შენობა დგას. რაღაც რომ მოხდეს, 38-სართულიანი იმ ოთხსართულიანებს გაჭყლეტს. ეს მარტო თვალის ჩაპაჭუნების პრობლემა კი არ არის, გადანგრევის, ცეცხლის, ხმის გავრცელების და ა.შ. წინა პირობაა. ნორმა დარღვეულია, რათა რაც შეიძლება დიდი მოგება ნახოს კერძო პირმა.

90-იანებში ყველაფერი ქრთამით კეთდებოდა და როგორც უნდოდათ, ისე აშენებდნენ. 2001 წელს დაიწერა პირველი რეგულაციები, 2005 წელს კი მიიღეს პირველი კანონი, რომელიც ემბრიონული იყო კანონის პირობაზე. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა იმ მექრთამეობით შექმნილი სიმახინჯეების, რაც ახასიათებდა 90-იან წლებს, ლეგალიზაცია მოახდინა.

- ყველაზე მოუწესრიგებელი ადგილი დამისახელეთ თბილისში...

- მე ჭავჭავაძის პროსპექტზე ვცხოვრობ, ვერეს ხეობისკენ. ჩემ წინ უამრავი მაღალი შენობაა. მშენებლობის მხრივ ძალიან მოუწესრიგებელია სპორტის სასახლის უკან ტერიტ­ორიაც. მთელ შარტავას ქუჩა­ზეც უზარმაზარი შენობებია. ნორმები, ევროპული გაგებით, ყველგან დარღვეულია, მაღალი სიმჭიდროვეა­, რაც ავტოტრანსპორტის დიდ ნაკადებს იწვევს.

- დიდ დიღომზე რას მეტყვით?

- დიდი დიღომი საბჭოეთის დროს დაიგეგმა, საბჭოური ნორმებით, ადამიანურად...

- ერთი ეკოლოგი წერდა, დიდი დიღმიდან ქარი აღარ გამოდისო...

- არ გამოდის, იმიტომ, რომ რაც კი ახალი აშენდა, აშენდა დღევანდელი წესებით. საბჭოეთის დროს აშენებული მიკრორაიონები ნორმის დაცვითაა აშენებული­, სიმჭიდროვეც დაცულია, მწვანე საფარიც...როგორი ქვეყანაცაა, ისეთივე ქალაქგეგმარებითი სამართალია. ქალაქგეგმარების საფუძველი სოციალურად გამართული მოწყობაა. სოციალურად გამართული საბ­ჭოთა კავშირს კი არ ნიშნავს, ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი გადამწყვეტია.

- მწვანე საფარსა და მის ნორმებზეც ვისაუბროთ. არა მგონია, ვინმემ თავისი მიწის ნაკვეთი პარკად გამოიყენოს...

- რა თქმა უნდა. ამიტომ ის დათქმა, რაც მიწათსარგებლობის გეგმაშია, რომელიც თბილისს აქვს, ამბობს, აი, აქ უნდა იყოს პარკი, სარეკრეაციო ზონა, ადგილი, სადაც მშენებლობა არ შეიძლებაო. არადა, იქ ვიღაცის კერძო ნაკვეთია. 90-იანებიდან სრულიად უგუნური პრივატიზება დაიწყო. მოხდა საზოგადოებრივი სივრცეების პრივატიზება, გაიყიდა ყველაფერი. დღეს თბილისის ზღვის გარშემო მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია, არადა, იქ მშენებლობა არ შეიძლება უამრავი მოსაზრებით. ერთ-ერთი მთავარი მოსაზრება ის არის, რომ თბილისის ზღვა სასმელი წყალია. წადით თბილისის ზღვასთან და ნახეთ, რა მშენებლობებია. 90-იან წლებში კერძო პირებმა იქ მიწის ნაკვეთები ორ შაურად იყიდეს. მერე შეიტანეს განცხადება საკრებულოში, მოგვიხსენით მიწის ნაკვეთებზე სარეკრეაციო ზონის სტატუსიო და, მოუხსნეს.

- მწვანე საფარის ნორმა არსებობს?

- დიდი ქალაქებისთვის საბჭოეთში 15 კვმ იყო მოსახლეზე. საბჭოური ქალაქგეგმარება განსხვავდებოდა ევროპულისგან­ იმით, რომ ნორმების შემომღებიც და აღმასრულებელიც სახელმწიფო იყო. კერძოსა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება არ არსებობდა. ამიტომ საბჭოეთმა­ მწვანე საფარის დაახლოებით ისეთივე ნორმა შემოიღო, როგორიც ევროპაში იყო და დაადგინა 15 კვ მეტრი. როცა მე ქალაქმგეგმარებლად ვმუშაობდი, თბილისში მოსახლეზე მწვანე საფარი 8 კვმ იყო. ახლა 3-4 კვადრატული მეტრია. ევროპის­ სხვადასხვა ქვეყანაში რასაც ადევს ზონის სტატუსი, კანონს ვერავინ გადაუხვევს. იქ არავის მოუვა თავში, მშენებლობა პარკებში­ წამოიწყოს. ამის გამოა, რომ ზოგიერთ ქალაქში მოსახლეზე მწვანე საფარი 40კვ მეტრია, ზოგან 80-ც.

- ბრძანეთ, რომ ქაოსი 90-იანებიდან დაიწყო. თუ გაჩნდა ნება, რით უნდა დავიწყოთ?

- უნდა გასწორდეს კოდექსი, ძირი­თადი­­ კანონი, რომელიც აღებული აქვს დაგეგმვის სამართალს. ამის საფუძველზე­ უნდა შეიქმნას ისეთი ქალაქმშენებლური წესრიგი, რომელიც გამორიცხავს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა წესის არსებობას. დღეს თბილისს აქვს ისეთი წესები,­ როგორიც არა აქვს, ვთქვათ, თელავს, გორს... რაც მთავარია, უნდა შესწორდეს კანონის რეალურად გატარების სისტემა. კოდექსი შეიძლება 1000 გქონდეს და არ იყენებდე. ინსტიტუციურად ისე უნდა მოეწყოს საქმე, რომ კანონის დაცვა შესაძლებელი იყოს.