კოსმეტიკის დედოფალი - ქართველების პოლონელი რძალი - კვირის პალიტრა

კოსმეტიკის დედოფალი - ქართველების პოლონელი რძალი

ზაფხულში, როდესაც ქალები მზისგან დამცავ საშუალებებს იყენებენ, ცოტამ თუ იცის, რომ მზის მავნე სხივებისგან კანის დამცავი საცხის ისტორია 1890 წელს იწყება, მისი გამომგონებელი კი ქართველების პოლონელი რძალი, ელენა რუბინშტაინია. დღეს ბრენდი "ელენა რუბინშტაინი" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა, ის აერთიანებს როგორც კოსმეტიკურ ხაზს, ასევე სახის ანტიასაკობრივ და კანის მოვლის პროდუქციას. დღეს "ელენა რუბინშტაინის" სახის საცხი, რომლის უნიკალური შემადგენლობა საუკუნეზე მეტს ითვლის, საშუალოდ 200 გირვანქა სტერლინგი ღირს.B ბრენდი დღესაც ინარჩუნებს მისი ისტორიის მთავარ ხაზს - ელენა რუბინშტაინის უნიკალური რეცეპტების შემადგენლობას, რომელიც წლების განმავლობაში უფრო გამდიდრდა. როგორ დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კოსმეტიკური ბრენდის ისტორია და რა აკავშირებს­ მის შემქმნელს საქართველოსთან, ელენა რუბინშტაინის სხვადასხვა დროს მიცემული ინტერვიუებიდან შეიტყობთ:

პირველი მზისგან დამცავი საცხი

ელენა რუბინშტაინი დაიბადა კრაკოვში, ებრაულ კვარტალში, 1870 წელს. მის შეძლებულ ოჯახს სურდა ელენას შვეიცარიის სამედიცინო უნივერსიტეტში ესწავლა, ელენა დათანხმდა, თუმცა სწავლა არ დაასრულა და ავსტრალიაში გაემგზავრა დედის ნათესავებთან. სწორედ ავსტრალია და იქაური მცხუნვარე მზე გახდა მისთვის­ მსოფლიოში პირველი მზისგან დამცავი საშუალების დამზადების შთაგონება. საცხი "ვალაზე" ელენამ 1890-იან წლებში გამოიგონა, მაშინ როდესაც ავსტრალიელი ქალები მზისგან კანის დამწვრობას უჩიოდნენ. როგორც ელენა ამბობდა, "ვალაზე" გააუმჯობესებს ყველაზე ცუდ კანსაც კი ერთ თვეში". "ვალაზეს" შემადგენლობა კარპატებში დაკრეფილი მცენარეები იყო, თუმცა საცხის ზუსტი ინგრედიენტების შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. ზუსტად "ვალაზე" გახდა ელენა რუბინშტაინისთვის საკუთარი ბრენდის დაარსების შთაგონება. პროდუქტი იმდენად პოპულარული გახდა მელბურნში, რომ მალე კოლინზ-სტრიტზე ელენა რუბინშტაინის სალონი გაიხსნა, სადაც ქალებს შეეძლოთ შეეძინათ საპონი, სხეულის ლოსიონები, სახის მოვლის სხვადასხვა საშუალება. მოგვიანებით 100.000 დოლარის ინვესტიციით ელენა ლონდონში ჩავიდა სალონის ფილიალის გასახსნელად, მელბურნში კი თავისი და დატოვა ბიზნესპარტნიორად­. იმხანად ქალებს არ შეეძლოთ ბანკში სესხის აღება, ამიტომ ელენამ თავად დააგროვა 100.000 დოლარი ახალი ინვესტიციისთვის. ასე დაიბადა მსოფლიოში პირველი კოსმეტიკური კომპანია.

kosm3-1693157865.jpg

"ღალატის კოლექციონერი"

ლონდონში წარმატებული ბიზნესის გარდა, ელენამ პირადი ცხოვრებაც აიწყო­ - გაიცნო ამერიკელი ჟურნალისტი ედუარდ ტიტუსი, რომელთანაც იქორწინა და ორი ვაჟიც შეეძინა. რამდენიმეწლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ ედუარდმა ელენას გარეშე დაიწყო საზოგადოებაში გამოჩენა, რასაც მრავალრიცხოვანი რომანებიც მოჰყვა. რუბინშტაინი ამ საკითხს ბიზნესივით მიუდგა - ედუარდის ყოველი ახალი თავბრუდამხვევი რომანის შემდეგ ელენა­ თავს საჩუქარს უძღვნიდა - ძვირფას სამკაულს. ასე გახდა ის "ღალატის კოლექციონერი". "ღალატის კოლექციაში" შედიოდა საფირონები, ტოპაზები, ჩარტიერ-ს ბრილიანტები, Harry Winston-ის სამკაული, რომლის ერთგულ კლიენტთა სიაში იყვნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, ჟაკლინ კენედი, არისტოტელე ონასისი, აისედორა დუნკანი და ა.შ. ყველაზე მთავარი იყო ელენას მარგალიტები, რომელიც მისი იმიჯის მთავარ შტრიხად იქცა. მარგალიტები ელენას ბავშვობაში შეუყვარდა, როცა პატარა გოგონას ბებიამ თავისი მარგალიტის ყელსაბამი აჩუქა თილისმად. მოგვიანებით, ელენა უკვე როგორც ცნობილი სამკაულების კოლექციონერი, იტყვის: "სამკაული მაძლევს თავდაჯერებას მამაკაცების სამყაროში". ელენას სჯეროდა, რომ სამკაული ქალისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც კოსმეტიკა და ხშირად ერთ რამეს ურჩევდა: "არასდროს გაიკეთოთ ორი ბეჭედი ერთ ხელზე". 20-წლიანი ქორწინების შემდეგ ელენა მეუღლეს გაეყარა. უცნობია, რა დარჩა ედუარდს ამ ქორწინებიდან, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია რა დარჩა ელენას, რადგან დღემდე იმართება გამოფენები, სადაც ელენა რუბინშტაინის უნიკალური სამკაულების დათვალიერება შეიძლება.

kosm4-1693157865.jpg

შეხვედრა ქართველ "პრინცთან"

ლონდონის შემდეგ ელენა პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ხელოვნებისა და კულტურის სიყვარული პარიზულ ელიტას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ის მალევე დაუმეგობრდა რენუარს, დეგას, პიკასოსა და სალვადორ დალის, რომელმაც პირველი საპუდრეს დიზაინი შექმნა ელენას ბრენდისთვის. ცნობილი "ქალი-პრომეთე", ელენას პორტრეტიც სწორედ სალვადორ დალის ეკუთვნის. ელენა წარმატებული ბიზნესის გარდა, ცნობილი იყო დახვეწილი გემოვნებით, მისი სახლი სენტ-ონორეს ქუჩაზე 1937 წელს "საუკეთესო არქიტექტურული პროექტის" მფლობელი გახდა. სახლის ფასადის გაფორმება ვერსალის დეკორატორ ანდრე ლენორტს ეკუთვნის. ავსტრალიაში, ლონდონში, პარიზსა და ამერიკაში ელენა რუბინშტაინის სალონები არნუვოს სტილში იყო გაფორმებული. ელენას დახვეწილი გემოვნება აღაფრთოვანებდა იმდროინდელ დამწყებ დიზაინერ ივ სენ ლორანსაც და მოგვიანებით იმავე ქუჩაზე გახსნა სახელოსნო, სადაც ელენას სალონი ჰქონდა, და სწორედ მისი სალონის შთაგონებით მოაწყო თავისი პირველი სახელოსნო.

1935 პარიზში საერთო მეგობრების წრეში ერთმანეთს შეხვდნენ ელენა რუბინშტაინი და ქართველი არჩილ გურიელ-ჭყონია. არჩილმა ბავშვობა პარიზში გაატარა, დაბადებით კი 1895 წელს საქართველოში დაიბადა, სხვადასხვა ვერსიის თანახმად, მისი ოჯახი დიდი შეძლებითა და სოციალური სტატუსით არ გამოირჩეოდა, ამიტომაც მან თავადური წარმომავლობის განსამტკიცებლად ბებიის (გურიელი) გვარი აიღო. გამორჩეული გარეგნობის არისტოკრატი მამაკაცი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაშინდელ პარიზელ საზოგ­ადოებაში, არც ქალების ყურადღება აკლდა, თუმცა არჩევანი 23 წლით უფროს ელენაზე შეაჩერა. მაშინდელი პრესა ელენას ქორწინების რამდენიმე ვერსიას განიხილავდა. ამბობდნენ, რომ კოსმეტიკის დედოფალს სამეფო ტიტულის მოპოვება სურდა და ქორწინების შემდეგ ის ელენა პრინცესა გურიელად იწოდებოდა, მეორე ვერსიის თანახმად, ეს ქორწინება მარკეტინგული ნაბიჯი იყო. იმდროინდელი ავსტრალიური პრესა კი წერდა: "მელბურნში ელენა რუბინშტაინისა და მისი არისტოკრატი ქმრის ნახვაა შესაძლებელი. ცნობილია, რომ ელენა სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე მეუღლის გარემოცვაში, რაც ახალდაქორწინებული წყვილისთვის უჩვეულოა". მიუხედავად სხვადასხვა ვერსიისა, წყვილმა ოცი წელი ბედნიერად იცხოვრა, არჩილის გარდაცვალებამდე.

kosm2-1693157864.jpg

ელენა რუბინშტაინი 1929 წელს ყველაზე მდიდარ ქალად დასახელდა ამერიკაში. მას ეკუთვნის პირველი წყალგაუმტარი წამწამების ტუშის გამოგონება, ასევე სახის მასაჟისა და პილინგის დანერგვა. ელენა 1965 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ საავადმყოფოში მწოლიარესაც არ შეუწყვეტია მუშაობა. ბრენდი კი მისი გარდაცვალების შემდეგ ელენას შვილებს ერგოთ მემკვიდრეობით, რომელიც 1973 წელს გაასხვისეს და კომპანია "ლორეალის" მფლობელობაში გადავიდა.