„ქართველი ემიგრანტი, რომელიც დღეს ნეაპოლის კლინიკაში უგონოდ წევს, „დამსაქმებელმა“ თანამემამულემ შეიწირა“ - კვირის პალიტრა

„ქართველი ემიგრანტი, რომელიც დღეს ნეაპოლის კლინიკაში უგონოდ წევს, „დამსაქმებელმა“ თანამემამულემ შეიწირა“

დამსაქმებლის ინსტიტუტი, ანუ ემიგრაციაში დაარსებული არაოფიციალური სამსახური თანამემამულეებისაგან აღებული­ თანხით მუშაობს და ეს კარგად ცნობილია­ იმ ათიათასობით ემიგრანტისთვის, რომლებმაც სამუშაო სწორედ დამსაქმებლების საშუალებით იშოვეს. ინსტიტუტი გარემოებამ შექმნა - ევროპას მიმწყდარ ქართველ ემიგრანტთა უზარმაზარი ნაკადის დიდი ნაწილი ამ ინსტიტუტის გარეშე ქუჩაში აღმოჩნდებოდა, განსაკუთრებით კი მოხუცების მომვლელი ე.წ. ბადანტეების არმია, რომელიც დამსაქმებლებს ერთი თვის მუშაობის თანხას უხდის. ასეა ათეული წლების განმავლობაში - ყოველი ხანდაზმული ბენეფიციარის გარდაცვალებისას, როდესაც ქართველი ბადანტე ქუჩაში რჩება, ისევ დამსაქმებელს აკითხავს მომდევნო სამუშაოს შოვნის იმედით... ბოლო წლებში ამ საქმიანობის შეთავსება იმ ქართველმა ემიგრანტებმაც დაიწყეს, რომლებიც ერთსა და იმავე სამუშაოს ახალჩასულებზე რამდენჯერმე ყიდიან. მაგალითად, ახალჩასულ და ენის უცოდინარ ემიგრანტს ერთი თვით დაასაქ­მებენ, რათა მისგან კუთვნილი თანხა აიღ­ონ, შემდეგ კი იმავე ადგილზე სამუშაოდ სხვა ემიგრანტს მიიყვანენ. პარალელურად ცდილობენ დათქმულზე მეტი თანხა შანტაჟით გამოსცინცლონ, არალეგალ თანამემამულეებს იტალიელი კარაბინერებით აშინებენ, რომლებიც მათ იტალიიდან გამოაძევებენ. სწორედ ასე დაემართა არალეგალ თინათინ ბუთხუზსაც, რომლის შესახებ იტალიური ემიგრაციის ფეისბუკგვერდზე­ ვკითხულობთ: "ყურადღება! ეს ქალბატონი­ არის ნეაპოლში, სამსახური რომ მიყიდეს და თანხის გადაუხდელობის გამო მოუვიდა კამათი პიროვნებასთან, რის ნიადაგზეც მოხვდა ნეაპოლის საავადმყოფოში! განაცხადი საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა შვილმა და ველოდებით სასწაულს, რომ რეანიმობილით გადაიყვანონ საქართველოში..."

ჩვენ შევეცადეთ ნეაპოლის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალის ამბის გასაგებად რამდენიმე ემიგრანტს დავკავშირებოდით და მათგან მოგვესმინა, რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს ქართველები უცხოეთში ისევ თანამემამულეთა სისასტიკემ.

"შვილი ძალიან განიცდის დედის მდგომარეობას, მაგრამ საქართველოში გადაყვანას ვერ შეძლებს მატერიალური მდგომარეობის გამო"

შუშანა ზაქაშვილი, ემიგრანტი იტალიაში: - შეძრწუნებული ვართ, თუმცა მსგავსი რამ, საუბედუროდ, პირველი შემთხვევა არ არის. მე არ ვამბობ იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც პატიოსნად იქცევიან. თუმცა გაცილებით ბევრია ისეთი ჯგუფი, წურბელებივით რომ ასხედან ახალჩამოსულ ღატაკ, ენის უცოდინარ ჩვენს მოქალაქეებს­. ის ქალი, რომელიც დღეს ნეაპოლში უგონოდ წევს, სწორედ ასეთმა თანამემამულემ შეიწირა. ჩემი აზრით, მისი ბედი, როგორც შანტაჟისტის, კანონმა უნდა გადაწყვიტოს და დაისაჯოს. სამწუხაროდ, მასავით ბევრია დასასჯელი იმ შეუბრალებლობის გამო, რასაც ქართველების მიმართ იჩენენ.­ ჩვენ იტალიელი ოჯახების მადლობელი ვართ, საარსებო გაგვიჩინეს, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ემიგრანტებს აშიმშილებენ, როცა ამის უფლებას­ კანონი არ აძლევთ. ჩვენმა ე.წ. დამსაქმებლებმა ასეთი ოჯახები ზედმიწევნით იციან, მაგრამ ხალხს მაინც უშვებენ სამუშაოდ. როცა თინათინი უმუშევრად დარჩა, მატარებელში შემთხვევით შეხვდა ქუთაისელ ქართველს, სახელად თამარს, რომელსაც თავის გასაჭირზე უამბო, მან კი შესთავაზა, სამუშაოს მე გიშოვი, ოღონდ თუ ხელფასის აღებისას 300 დოლარს გადამიხდიო. თინათინი სიხარულით დათანხმდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის თამარი­ თავად მოხუცის მომვლელი ყოფილა. სამუშაოსაც გააჩნია, მან საბრალო ქალი იმ იტალიურ ოჯახში­ გაუშვა, სადაც თავად მუშაობდა, იქიდან კი იმიტომ წამოვიდა, რომ ხელფასს არ უხდიდნენ, რაზეც სასამართლოში საჩივარი აქვს შეტანილი.

- კი მაგრამ, რა გარანტია ჰქონდა, რომ ხელფასს ამ საბრალო ქალს გადაუხდიდნენ?

- ამ ოჯახზე საქმე სასამართლოში თავად აღძრა და ოჯახი შეშინებული იყო... ასე რომ, როდესაც თინათინის ხელფასის აღების დრომ მოაწია, თამარმა თინათინს დაურეკა და უთხრა, 300 დოლარზე კი შევთანხმდით, მაგრამ ახლა 400 უნდა მომცეო. საბრალო ქალი გაგიჟდა, ვერ მოგცემ, ოჯახი მეც მყავს სარჩენიო. "დამსაქმებელმა" კი შანტაჟი დაუწყო, მაშინ იტალიელ კარაბინერებს ვეტყვი, რომ არალეგალურად მუშაობ და იტალიიდან გაგაგდებენო, თან მართლა მიუგზავნა ვიღაც მუქარის გადასაცემად. რის შემდეგაც საბრალო ქალს ინსულტი მოუვიდა. ეს მისმა იტალიელმა ოჯახმა შეატყობინა ქართველებს,­ თინათინი უგონოდ ვნახეთ სავარძელში, რის შემდეგაც ნეაპოლის საავადმყოფოში­ გადავიყვანეთო. იქ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. Aამიტომ ვთხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეანიმობილის ორგანიზებას, რომ ოჯახმა თინიკო საქართველოში გადაიყვანოს. მას ძალიან კარგი შვილი ჰყავს, მრავალშვილიანი ოჯახით. თუმცა შვილიც ემიგრაციაშია პოლონეთში, რადგან საქართველოში ოჯახის შენახვა ჭირს. ბიჭი ძალიან განიცდის დედის მდგომარეობას, მაგრამ საქართველოში გადაყვანას ვერ შეძლებს მატერიალური მდგომარეობის გამო.

- დამსაქმებლის შანტაჟის შესახებ როგორ შეიტყო ემიგრაციამ?

- როდესაც ნეაპოლის კლინიკამ თინიკოს ტელეფონი ქართველებს გადასცა, სწორედ იქ იყო ამ შანტაჟის ხმოვანი ჩანაწერები თუ მესიჯები. ასეთი ხალხი კანონით უნდა დაისაჯოს, რომ დანარჩენებმა ეს ვეღარ გაბედონ.

"ერი დამცირებასა და სხვის სამსახურს მივეჩვიეთ"

ნონა დორეული, ემიგრანტი: - ემიგრაციაში არის ბევრი ქართველი, რომლებიც ნებისმიერ თაღლითობაზე აწერენ ხელს. ძირითადად, ახალჩამოსულების გამოუცდელობით სარგებლობენ. იტალიაში ახალჩამოსული ქართველის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ უკან არ გააგდონ, იტალიის პოლიციაში მისვლა და დარეგისტრირებაა, რის შემდეგაც ფორმდება ქვეყანაში დარჩენა ეკონომიკური სიღატაკის გამო, რაც 50 ევრო ღირს. ამით მოხუცების მომვლელი ქართველები სარგებლობენ - ახალჩასული თანამემამულეები პოლიციაში მიჰყავთ, მაგრამ მათგან არა დაკანონებულ 50 ევროს, არამედ 500 ევროს იღებენ.

- საშინელებაა!

- ამისთანა საქციელისკენ ისევ ქართული სახელმწიფო გვიბიძგებს. ამასობაში ხალხმა იმ ასაკს მიაღწია, როდესაც უძლური ხარ და შინ გინდა, მაგრამ იმის გამო ვერ მიდიან, რომ საქართველოში ოჯახები არიან მათი ხელის შემყურეები. ამას ისიც ემატება, რომ ერი დამცირებასა და სხვის სამსახურს მივეჩვიეთ. ახალგაზრდობაც თავაწყვეტილი მიემგზავრება უცხოეთში, როდესაც თუ მოინდომებს, ჯან-ღონით სავსეს შეუძლია საქართველოშიც გამონახოს საქმე. მართალია, ნაკლები, მაგრამ ადამიანურად მიღებული შემოსავლით. იტალიაში გასულ წელს 5000 ბავშვი ჩამოვიდა. სძინავს საქართველოს ხელისუფლებას, უკვე მიეჩვია ემიგრანტების შრომით მიღებულ ფულს.

"უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რაიმე იღონოს, რათა ეს ქალები სამშობლოს დაუბრუნდნენ"

ჩვენ დავუკავშირდით იტალიაში მსოფლიო საემიგრაციოს ქართველ წარმომადგენელს ფიქრია კუჭუხიძეს, რომელმაც გვითხრა: "იტალიიდან ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ორი ქართველი ემიგრანტი გვყავს გამოსამგზავრებელი, მათ შორის ერთი სწორედ ბუთხუზია, მეორე ქალი კი ყვარლის რაიონის სოფელ საბუედან არის. მისი სამშვილიანი ვაჟი დედის საქართველოში წასაყვანად სოფელ საბუეში სახლ-კარს ყიდის და ქუჩაში რჩება, მაგრამ ის თანხაც არ ჰყოფნის. უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რაიმე იღონოს, რათა ეს ქალები სამშობლოს დაუბრუნდნენ. სახელმწიფოს მისია სწორედ ის არის, რომ თანამოქალაქეებს უპატრონოს".