„არც ერთი ვირუსი ისეთ მავნე გავლენას არ ახდენს ბავშვზე, როგორც ეკრანდამოკიდებულება“
სწორ კვებას წამყვანი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ხოლო, როცა საქმე ეხება ბავშვის ჯანმრთელობას, სწორი კვება საფუძველს უყრის მის სწორ განვითარებას. მშობლებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე უპასუხებს:
- ბავშვის სწორად განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ და რაციონალურ კვებას. შესაბამისად, ყველაზე უალტერნატივო საკვები ახალშობილებში, ადრეული ასაკის ბავშვებში, დედის რძეა. დედის რძეში არის ის მიკრო- და მაკრონუტრიენტები, რომლებიც სრულყოფილად ჰყოფნის ბავშვს ერთ წლამდე ასაკის განვითარებისთვის და მას არ სჭირდება არანაირი დამატება - ეს არის ექსკლუზიურად ძუძუთი კვება. თუ გვინდა მრავალი დაავადება ავიცილოთ თავიდან, როგორიცაა ვირუსული ინფექციები, ნაწლავთა ინფექციები, ნაწლავთა ვირუსული ბაქტერიული ინფექციები მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ მშობელსაც და ბავშვსაც, რომ ძუძუთი კვებაზე იყოს. გარდა ამისა, დედის რძეს აქვს ისეთი ეპიგენეტიკური თავისებურებები, რაც მოზრდილობაში აგვარიდებს, მაგალითად, გულის იშემიურ დაავადებებს, დაგვიცავს თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებებისგან, ალცჰაიმერისგან, დემენციისგან და ა.შ. ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა საკვები დედის რძეა. თუმცა ბოლო პერიოდში შობადობა შემცირდა. გარდა ამისა, გაიზარდა საკეისრო კვეთის რიცხვი და შედეგად მკვეთრად შემცირდა ძუძუთი კვების სიხშირე, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში.
- რა გავლენას ახდენს ბავშვზე გენმოდიფიცირებული საკვები?
- ეკოლოგიურად სუფთა საკვების მოძებნა ძნელია. ისეთი მტკიცებულება, რომ გენმოდიფიცირებული საკვები განსაკუთრებულ მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, ისევე როგორც მოზრდილის ყოფაზე, ჯერჯერობით საკვები პროდუქტების ევრომარეგულირებლებს არა აქვთ. რომ არ იყოს გენმოდიფიცირებული საკვები, მაშინ მსოფლიო მოსახლეობა 8 მილიარდის ნაცვლად 3 მილიარდი იქნებოდა, ამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელოვანია ჩვენ ბავშვებს არ შევთავაზოთ ისეთი საკვები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი. ეს დაავადებები შემდგომ შეიძლება იყოს რისკი შაქრიანი დიაბეტის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების და სხვა ქრონიკული პათოლოგიების განვითარების უკვე მოზრდილობაში.
- კონკრეტულად რა არ უნდა შევთავაზოთ ბავშვებს?
- ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, როგორიცაა საკონდიტრო ნაწარმი, დიდი რაოდენობით ნამცხვარი, გაზირებული სასმელი და ა.შ. შეგვიძლია ყველაფერი ზომიერად შევთავაზოთ, თუნდაც ფასტფუდი, ოღონდ შაურმები არ უნდა ვაჭამოთ - კონკრეტულად ამ პროდუქტს გავუსვამ ხაზს. ნამცხვარი ყველას უყვარს, ტორტიც, შოკოლადიც, კი ბატონო, ოღონდ ადრეული ასაკის ბავშვებს არ უნდა შევთავაზოთ, მოზრდილებს, 3-4 წლის შემდეგ, ზომიერად. მე ყოველთვის რეკომენდაციას ვიძლევი, რომ ბავშვს შესთავაზონ იმ დღეს მომზადებული საკვები, შინ მომზადებული ორცხობილა იქნება, პუდინგები თუ ა.შ. არის რძის გარეშე ორცხობილები, უშაქრო ორცხობილები, და ჯობს ასეთები მიირთვან ბავშვებმა, თუკი ნაყიდზეა საუბარი. ყველაფერი რომ ავკრძალოთ, არ შეიძლება. ბავშვმა ნაყინიც უნდა ჭამოს, ნებისმიერი პროდუქტიც, რომელიც საკვები პროდუქტების დაცვის ორგანიზაციის აღიარებულია და არეგულირებს საკვები პროდუქტების მიმოქცევას ბაზარზე. თუ ასეთი საკვები პროდუქტები დაშვებულია, შეგვიძლია რეჟიმის დაცვით შევთავაზოთ ბავშვებს. არ უნდა ვაჭამოთ ღია დახლებზე, მზისგულზე დალაგებული პროდუქტები. ავტომაგისტრალებზე მოფენილია საზამთრო, ნესვი, სხვადასხვა პროდუქტი. შესაბამისად, დაბინძურებულია და მათზე განვითარებულმა ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს კვებითი ტოქსიკოინფექცია. ხშირად მშობლებს არდადეგებზე ბავშვები სხვადასხვა კურორტზე მიჰყავთ და სწორედ კვებითი ინფექციის გამო 5-6 დღე იტანჯებიან. ამიტომ უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და შევიძინოთ სამაცივრე პირობებში შენახული პროდუქტები.
- ზოგი მშობელი იოგურტის გამოყენებისგან თავს იკავებს.
- ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროდუქტი, მაწონი. შეგვიძლია დავუტკბოთ თაფლით ან შინ მომზადებული მურაბით. იოგურტი დაშვებულია, თუ სურსათის მავნებლობა არეგულირებს, იყიდება სუპერმარკეტში და აწერია, რომელი ასაკის ბავშვმა შეიძლება გამოიყენოს, ოღონდ ყველაფერი ზომიერად უნდა ვაჭამოთ - დღეში 150-200 მილილიტრი. თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება იქნება ერთდროულად, მაშინ ბავშვებს არ განუვითარდებათ არც სიმსუქნე, არც მეტაბოლური სინდრომი და არც 21-ე საუკუნის ცივილიზაციის დაავადებები.
- ცივილიზაცია ვახსენეთ და, ხშირად ოღონდ ჭამოს ბავშვმა და კვებისას მობილურში ჩართული მულტფილმით ართობენ.
- ეს კიდევ ერთი პრობლემაა. გაჯეტდამოკიდებულება იწვევს მეორად სიმსუქნეს. ბავშვები უმოძრაოდ არიან და ამის გამო კატასტროფულ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდნენ. არც ერთი სხვა დაავადება, მათ შორის ვირუსული, ბაქტერიული, "კოვიდი", ისეთ მავნე გავლენას არ ახდენს ბავშვზე, როგორც ეკრანდამოკიდებულება. გინახავთ, ალბათ, 24 საათის განმავლობაში ზის ზოგიერთი ეკრანთან. რა თქმა უნდა, განათლებას ელექტრონული მოწყობილობის გარეშე ვერ მიიღებ, მაგრამ დროში უნდა იყოს შეზღუდული გაჯეტის მოხმარება. საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების 90% ამას უნდა ითვალისწინებდეს, 10% - გასართობს. სამწუხაროდ, პირიქით არის ხოლმე. ამიტომ ამას უნდა არეგულირებდნენ მშობლები, მასწავლებლები და სახელმწიფო, რათა ეკრანდამოკიდებულებიდან დამოკიდებული სიმსუქნე, ჭარბი წონა, მეტაბოლური სინდრომი არ განვითარდეს. სიმსუქნე და ჭარბი წონა განსხვავებული ცნებებია. სიმსუქნესაც აქვს თავისი სტადიები - პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და საჭიროებს მოზრდილობაში ქირურგიულ ჩარევას, ზოგ შემთხვევაში უამრავი მედიკამენტის მიღებას, რომელთაც გვერდითი ეფექტები აქვს.
- კიდევ ერთი ფრაზა, რაც ხშირად გამიგონია ახალგაზრდა დედებისგან: ,,საერთოდ არ ვასინჯებ შოკოლადს, შაქარს, პურს".
- არ ასინჯებენ და, მერე შეიძლება ერთბაშად გასინჯოს ბავშვმა. ამიტომ ყველაფერს ზომიერება სჭირდება. შოკოლადიც და პურიც მისაღებია, ოღონდ ზომიერად. ერთ ჯერზე უნდა ჭამო 50-100 გრამი შოკოლადი, ოღონდ კვირაში ერთხელ. მთავარია, გათვალოთ რას ვაძლევთ ბავშვს, რა რაოდენობით და ამ კალორაჟს რა ფიზიკური აქტივობა სჭირდება.