საშიში ჭურჭელი
ჭურჭელი - ყოფის აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჭირდება, რის გამოც მასში უამრავ ფულს ხარჯავს. თანამედროვე ტექნოლოგიები კი, სამწუხაროდ, ყველა სახის ჭურჭლის ეკოლოგიურობას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც ჭურჭლის `ჯანმრთელობაზე~ საუბარი მუდამ აქტუალურია. პარალელურად, პოპულარული გახდა ჭურჭლის ონლაინგაყიდვებიც, სადაც უამრავი მაცდური შემოთავაზებაა, ფასდაკლებისა და კურიერის მომსახურების ჩათვლით, არადა, ადამიანი ჭურჭელს შეძენის წინ ვიზუალურადაც ვერც ათვალიერებს. არადა, ხშირად სწორედ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ჩვენს ბაზარზე გამოფენილმა ნაირ-ნაირმა ჭურჭელმა ჯანმრთელობა არ დაგვიზიანოს, ამის შესახებ ქიმიკოსი, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ქიმიკოსი ნატა ქორიძე გვესაუბრება:
- ნატა, როდესაც ჭურჭლის სარგებლიანობაზე ვსაუბრობთ, მუდამ ჩნდება კითხვა, რა ვქნათ, თუ ჭურჭელიც მომწამვლელია და ჯანმრთელობას გვიზიანებს, მაშინ რატომ შემოდის ის ჩვენს ქვეყანაში? რას აკეთებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ ეს არ მოხდეს?
- ობიექტური კითხვაა. იგივე მეც ხშირად მომისმენია ან წამიკითხავს სოციალურ ქსელში. ბევრს ეჭვიც უჩნდება, რომ ამა თუ იმ პროდუქციის ლანძღვით ბიზნესკონკურენტები ძირავენ ერთმანეთს, რათა თავ-თავიანთი გაყიდვები მოაგვარონ.O სინამდვილე კი ასეთია: კონკურენტები ერთმანეთის წინააღმდეგ მუდამ მუშაობენ, მაგრამ ეს ხარისხთან ნაკლებად არის დაკავშირებული. ობიექტურად რომ ვთქვათ, ვერც სწრაფმომაკვდინებელი პროდუქცია შემოვა ქვეყანაში, სახელმწიფოს ამაში ნამდვილად ვერ დავდებ ბრალს. თუმცა საქმე ის არის, რომ შემოტანილი პროდუქცია ხშირად უხარისხოა, მალე კარგავს პირვანდელ ფუნქციებს და ტოქსინად იქცევა. ამიტომაც არის აუცილებელი ყურადღების გამახვილება ხარისხსა და იმ გარემოებებზე, როდის შეიძლება იქცეს პროდუქცია ჯანმრთელობისათვის საფრთხედ. ამიტომ, როდესაც ჩვენი ბაზრის მრავალფეროვან ჭურჭელზე ვსაუბრობთ, აუცილებელია მათი თვისებები ვიცოდეთ. პერიოდულად ყველას გვჭირდება ჭურჭლის შეძენა. ამ მრავალფეროვნებაში შედის ტეფალი, გრანიტი, ალუმინის ჭურჭელი, უჟანგავი ფოლადი, გრანიტი, კერამიკა, მინა, პლასტმასა... ასე რომ, დიდი სიაა.…აქედან ყველაზე სწრაფად კერძი ტეფლონისა და უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში მზადდება, ყველაზე ნელა კი მინასა და თიხის ჭურჭელში. არჩევნისას კი, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ნაკლებ ფასს ვითვალისწინებთ, მერე კი დანარჩენს. ამათგან ხარისხს ყველაზე სწრაფად ტეფალი კარგავს, რომელიც პირველ ხანებში ეფექტურად მოიხმარება: საკვები სწრაფად მზადდება, ცხიმი ეფექტურად ნაწილდება, ადვილად ირეცხება და ა.შ., მაგრამ ის სწრაფად ზიანდება. თანამედროვე ჭურჭელს ლითონის კოვზის მოხმარება აზიანებს (ან სილიკონით, ან ხით უნდა ვიმუშაოთ), მაგრამ იმის მიუხედავად, როგორ კოვზს ვხმარობთ, ტეფალის მოხმარების ვადა 5 წელიწადში ამოიწურება. ტეფალის (და არა მარტო) მეტ-ნაკლები ვარგისიანობისთვის აუცილებლად უნდა დავხედოთ მის ეტიკეტს, სადაც მითითებულია, რამდენი შრისაგან შედგება. რაც უფრო მეტი შრე აქვს ტეფალს (7-8), მით უფრო მეტხანს გაძლებს, თუმცა არა 5 წელიწადზე მეტს. საკვები ასევე სწრაფად მზადდება უჟანგავი ლითონის ჭურჭელშიც, რომელიც საკმაოდ ძვირია და იმავდროულად, საიმედოც.
- მაგრამ ბაზარზე არსებობს ჩვეულებრივი ლითონის მრავალფეროვანი ჭურჭელიც, როგორ უნდა გამოვიცნოთ მათგან რომელია უჟანგავი და საიმედო?
- ჩვეულებრივი, თხელი ლითონის ჭურჭელი არ გამოგვადგება რძის პროდუქტის ან მჟავე საკვების მოსამზადებლად. ძალიან მარტივად შედის მათთან ქიმიურ რეაქციაში. უჟანგავი ლითონის ჭურჭელი გაცილებით მძიმეა ჩვეულებრივ ლითონთან შედარებით. იმავდროულად, უჟანგავი მეტალის ჭურჭელს ფსკერზე დატანებული აქვს წარწერა, ციფრი: 8/10, რაც ნიშნავს, რომ მის შემადგენლობაში 8% ქრომია, ხოლო 10% ნიკელი. თუმცა შესაძლოა ეს ციფრი ფალსიფიკატორმა მეწარმემაც დაატანოს. უჟანგავი ლითონის გამოსაცნობად შეიძლება მაგნიტიც გამოვიყენოთ, თუ ქვაბი ნამდვილად უჟანგავია, მაგნიტი მას არ მიეწებება და ჩამოვარდება. თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე ჭურჭელი შეიძინოს, ვურჩევ, მაგნიტითაც შეამოწმოს.
ეკოლოგიურად, როგორც წესი, საიმედოა თიხის ჭურჭელი - კერამიკა, რომელიც არ გიღალატებთ, ოღონდ თიხის ან თუჯის ჭურჭელს ორჯერ მეტი დრო სჭირდება საკვების მოსამზადებლად.
- თუჯის ქვაბებიც არის ბაზარზე?
- დიახ, და საიმედოც არის. ნამდვილი თუჯის წონასაც გეტყვით. მაგალითად, 3-ლიტრიანი თუჯის ქვაბის წონა 3.5 კილოგრამი უნდა იყოს; იმავდროულად, თუჯი არ უნდა იყოს დაფარული პრიალა ნივთიერებით, არამედ ფოროვანი უნდა იყოს.
- რა საინტერესოა, კიდევ რომელია საიმედო და გამძლე ჭურჭელი?
- საიმედოა გრანიტის ტაფები და ქვაბები, ვიდრე გავაფუჭებდეთ და დავკაწრავდეთ. თუმცა შეძენისას უნდა დავაკვირდეთ, რომ ხარისხიანი გრანიტის ჭურჭლის ძირის სიგრძე, ვიდრე ჭურჭლის გვერდის დასაწყისამდე, 6 სმ სიმაღლის მაინც უნდა იყოს. საიმედოა მინის ჭურჭელიც, რომელშიც საკვები მაღალ ტემპერატურაზე მზადდება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებლად გამჭვირვალე მინის ჭურჭელი უნდა შევიძინოთ და არა დაბურული.
- სილიკონის ნიჩბებზე რას იტყვით? რატომღაც სულ მგონია, რომ გახურებულ ტაფაზე მოხმარებისას დაიწვება.
- არადა, 280 გრადუსს უძლებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის. ცხადია, ნივთი, რომელიც 280 გრადუსს უძლებს, მაღალ ტემპერატურაზე საზიანო ნივთიერებებს არ გამოყოფს.
- ემალის ჭურჭელი თუ არის უსაფრთხო?
- ისიც დაკაწვრა-დაზიანებამდე. ერთი რამეც დავიმახსოვროთ - ემალი შიგნიდან არ უნდა იყოს დაფარული წითელი, ყვითელი და ყავისფერი ფერით. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელმა ეკონომია გააკეთა და ჭურჭელი შიგნიდან იმ ფერით შეღება, რითაც ჭურჭლის გარე კედლები, რომლის საღებავი საკვების მომზადებისას სახიფათოა ჯანმრთელობისათვის.
- პოლიეთილენის ან პოლიეთილენით დამზადებულ ჭურჭელზე ხშირად საშიში ინფორმაცია ვრცელდება. თუმცა სულ უფრო მეტი და მრავალფეროვანი გამოდის, თანაც, შედარებით იაფად, რაც მაცდურია.
- თუ ჭურჭელი არ არის ერთჯერადი პოლიეთილენი და ხანგრძლივი ხმარებისათვის არის განკუთვნილი, აუცილებლად ცივი საკვების შესანახად უნდა გამოვიყენოთ. მასში არ უნდა ჩავასხათ ალკოჰოლი ან მჟავის შემცველი საკვები.G განსხვავებულია ე.წ. პოლიპროპილენის ერთჯერადი ჭურჭელი, რომელიც 120 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს და ასევე გამოიყენება სამზარეულოში.M მისგან მზადდება ჩვენთვის ასე ნაცნობი პოლიეთილენის კონტეინერები. თუმცა მსგავსი კონტეინერებიც კი გამოუსადეგარია თბილი საკვების დიდხანს შესანახად. პოლიპროპილენის ჭურჭელი ალკოჰოლთან, ცხიმიან და მჟავე საკვებთან შეხებას ვერ იტანს, მავნე ნივთიერებებს გამოყოფს, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანოა.
- ალბათ, ამიტომაც ჯობს სამზარეულოებში ემალის კონტეინერების მოხმარება.
- ჯობს, თუმცა ბევრ შემთხვევაში ცივი საკვების შესანახავად პოლიპროპილენის კონტეინერებიც გამოდგება, გარდა მჟავე და ცხიმოვანი საკვებისა. მსგავს ჭურჭელში კარგად ინახება მარცვლეული, ტკბილეული, უცხიმო კერძები და ა.შ.