მკურნალი, რომელიც სასწაულებს ახდენდა - კვირის პალიტრა

მკურნალი, რომელიც სასწაულებს ახდენდა

25 წლის წინ საქართველოდან გერ­მა­ნი­აში წავიდა ცნობილი ბიოენ­ერგოთერაპევტი მაგული გორდელაძე.­ მისი სახელი მრავალი ქვეყნის ბიბლიოგრაფიაშია შესული და მკურნალობის მისეულ მეთოდებს დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში იყენებენ. გერმანიაში ცხოვრების მთელი დროის მანძილზე ქალბატონი მაგული ფრანკფურტის ცნობილ, მრავალპროფილიან კლინიკაში ენერგოინფორმაციული, ალტერნატიული მედიცინის დარგში მრჩეველი იყო და უამრავ პაციენტს მკურნალობდა. ქართველი საზოგადოება მისი ხელების ძალას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იცნობდა და ჰყავდა უამრავი მადლიერი პაციენტი. 1990 წელს ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განკარგულებით, ბავშვთა პირველ საავადმყოფოში სამკურნალო კაბინეტი და ლაბორატორიაც გაუხსნეს, სადაც ერთი ექიმი და სამი ექთანიც დაუნიშნეს. მოკლე დროში 900 განკურნებული ბავშვის ისტორია გაჩნდა, თუმცა, ერთ დღეს, მკურნალმა მაინც ემიგრაციის გზა აირჩია... მაგული გორდელაძე არამხოლოდ პრაქტიკოსი მკურნალი იყო, პარალელურად, სამეცნიერო­ საქმიანობაში ჩართული გამოსცემდა ნაშრომებს, წიგნებს. მისი 10 წიგნი გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკის­ არქივში ინახება. მაგული გორდელაძე გახლდათ ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადე­მიის წევრი, მრავალი სხვადასხვა ჯილდოს, მათ შორის, კემბრიჯის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ჯილდოს მფლობელი სამედიცინო დარგში შეტანილი დიდი წვლილისთვის. მისი წიგნები ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე პერსონალური სტენდით სამჯერ იყო წარმოდგენილი. მკურნალი შესანიშნავ ფერწერულ ნამუშევრებსაც ქმნიდა, რომელთა პერსონალური გამოფენა 2018 წელს, ფრანკფურტის ბიბლიოთეკაში გაიმართა, მაშინ, როდესაც ცნობილ წიგნის ფესტივალს საქართველო მასპინძლობდა. გამომცემლობა Kანნ Vერლაგ-მა მკურნალის ნახატების კატალოგიც გამოსცა... სამწუხაროდ, მაგული გორდელაძე ცოტა ხნის წინ გერმანიაში გარდაიცვალა და მასთან საუბარი ვეღარ მოვასწარით. ამიტომაც მის შესახებ ქალიშვილი, გერმანიაში წარმატებული პიანისტი, ეკატერინე­ გორდელაძე გვიამბობს.

- ყველაფერი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს უცნაურად დაიწყო. ერთ დღეს მე და დედა ბაქოში, ჩემს კონცერტზე მივემგზავრებოდით. კარგად მახსოვს ის დღე... ბავშვი ვიყავი, კბილი მტკიოდა და ყველაფრის ხალისს მიკარგავდა. მატარებლის კუპეში ჩვენთან ერთად აღმოჩნდა მოსკოველი ფიზიკოსი, მეცნიერი ევგენი პალიაჩეკი, რომელმაც დედას უთხრა, - თქვენ უზარმაზარ სამკურნალო ენერგიას ფლობთ და როგორც ჩანს, არ იცითო. თან აუხსნა, რომ ადამიანის სხე­ულს აკრავს 5-სანტიმეტრიანი უხილავი ბიოველი. იქვე ხელის მოძრაობით აჩვენა, როგორ იხსნება ბიოველი და ხდება დაავადებული ორგანიზმის მკურნალობა. რახან კბილი მტკიოდა, დედას ჩემზე გამოაცდევინა სამკურნალო უნარები... ხელების მოძრაობის შემდეგ ტკივილი გამიქრა. გაოცებული და ცოტა შეშინებულიც ვიყავით. ფიზიკოსმა თითქმის უბრძანა დედას, რომ ადამიანებისთვის ემკურნალა.

mkur2-1693162062.jpg

თბილისში დაბრუნების შემდეგ დედამ­ ცდები მართლაც დაიწყო და ერთ-ერთი­ საოცარი შემთხვევა იყო მეზობლის­ ბავშვის­ დამწვარ ფეხზე ჩატარებული სამკუ­რ­ნალო პროცედურა. დამწვრობა უეც­რად გაქრა და­ ბავშვმა ფეხი უმტკივნეუ­ლოდ გადა­დგა.­ დედას ძალიან უხაროდა, რომ ადამიანებისთვის დახმარება შეეძლო, მაგრამ თითქოს რაღაც შეუცნობლის გრძნობა აწუხებდა, ვერ რწმუნდებოდა, რომ მართლაც სამკურნალო ენერგიას ფლობდა... მოგვიანებით, პალიაჩეკის მიწვევით, მოსკოვში კვლევით ინსტიტუტში გაემგზავრა, სადაც არატრადიციული მკურნალობის უნარებს მეცნიერულად იკვლევდნენ და თან მის გამოყენებას ასწავლიდნენ. დედას დაუდასტურდა, რომ მარჯვენა ხელში­ განსაკუთრებული სამკურნალო ენერგია ჰქონდა, რომლის მართვაც უნდა ესწავლა. ასევე შეისწავლა მერიდიანთა ტიბეტური მედიცინა, ჩინური აკუპუნქტურა და სხვა. საბოლოოდ კი ჩამოაყალიბა ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდი. პრაქტიკული­ საქმიანობა დაიწყო თუ არა, უამრავი მადლი­ერი პაციენტი გაუჩნდა, სთხოვდნენ მოსკ­ოვში დარჩენას, მაგრამ უარი თქვა. თბილისში დაბრუნდა და დაიწყო მკურნალობა. დედა განსაკუთრებით პოპულარული გახდა 9 აპრილს მოწამლულების დახმარების შემდეგ...

რატომ ემიგრაციაში?

1990 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დედას სამუშაოდ ისეთი­ პირობები შეუქმნეს, რომ არსად წასვლაზე­ არ უნდა ეფიქრა, თუმცა, საქართველოში არსებულმა ფონმა ემიგრაციისკენ უბიძგა.­ საზოგადოება ალტერნატიულ სამკურნალო მიმართულებას, ენერგოინფორმაციული­ მეთოდებით მკურნალობას, როგორც სიახლეს, მაინც შიშით და სკეპტიკურად უყურებდა.­ არადა, მსოფლიოში ამ თემაზე უამრავ კვლევას ატარებენ და ფიზიკოსები ამტკიცებენ ორგანიზმში ველების, ანუ ენერგიის არსებობას, მაგრამ ენერგია თვალით უხილავია და ამიტომაც მსგავსი მეთოდით მკურნალობა სკეპტიკურ განწყობას იწვევდა. სწორედ ამ ფაქტორებმა დედას გადააწყვეტინა­ გერმანიაში წასვლა და მკურნალობის სრულიად ახალი მიდგომების შეთავაზება, რაც სწრაფ და ეფექტურ განკურნებაში გამოიხატებოდა და მალევე დადებითი რეაქციაც მიიღო. ლოგიკურიც იყო, რადგან დედამ გერმანიაში წარადგინა სამედიცინო დასკვნები, რომლებიც­ არამხოლოდ საქართველოში მიღწეული შედეგების დამადასტურებელი იყო, ევროპის­ სხვადასხვა კლინიკაში წარმატებით გავლილი­ სამუშაო პრაქტიკის დოკუმენტაციასაც მოიცავდა.

დედას გერმანიაში ინტენსიური სამკუ­რნალო მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავდა.­ სწორედ მათი თხოვნით დაიწყო საკუთა­რი­ გამ­ოცდილების ფართო საზოგადო­ებისთვის გაზიარება, ჩაება სამეცნიერო მუშაობაში­, მიწვეული ლექტორის სტატუსით რეგულარულად ატარებდა ლექციებს ენერგოი­ნფორმაციული მედიცინის თემებზე. მისი ლექციები დიდ ინტერესს იწვევდა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგის მერიაში, მასშტაბურ მსოფლიო სამეცნიერო კონგრესზე ქალაქ ბაზელის კონგრესცენტრში, მსოფლიო სამეცნიერო ფორუმზე კემბრიჯში. ეს უკანასკნელი "ბი-ბი-სის" რადიოარხზეც გაშუქდა.

mkur3-1693162062.jpg

დედასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ცოდნის და გამოცდილების სხვებისთვის გადაცემა, ამიტომაც მისი ხელმძღვანელობით იმართებოდა კურს-სემინარები, რომელშიც მონაწილეობდნენ მისი მეთოდის შესწავლის მსურველები - ექიმები და მედიცინის სხვა მუშაკები. კურსის დასრულების შემდეგ ეძლეოდათ სერტიფიკატი და შეეძლოთ მაგული გორდელაძის მეთოდით ემუშავათ სხვადასხვა კლინიკაში.

დედამ ასევე შექმნა სრულიად ახალი სამკურნალო პრეპარატი "გორმაგი", რომელიც დაპატენტებული და დაცულია გერმანიისა და ევროპის საპატენტო კომიტეტების მიერ. 15 წელზე მეტია, ეს პრეპარატი ფრანკფურტში, აფთიაქში იყიდება.

mkur4-1693162063.jpg

მისი გული საქართველოზე ფიქრში ძგერდა

საქართველოში, წლების განმავლობაში, "ქალთა საბჭოს" წევრი იყო. გერმანიაში თავის პაციენტებს თანხებს აგროვებინებდა და სამშობლოში სამკურნალო დაწესებულ­ებებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარებოდა. 2008 წლის ომმა და 13 ივნისის წყალდიდობის შედეგებმა ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა მასზე და დაზარალებულებს დაეხმარა... ბედნიერი იყო, რომ სამშობლოში არ დაივიწყეს, მის თანადგომას გრძნობდნენ და 2000 წელს ღირსების ორდენი გადასცეს საქართველოში არატრადიციული მეთოდებით ბავშვთა მკურნალობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ქალთა საერთაშორისო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისთვის, საქველმოქმედო და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. დედა საოცრად ენერგ­იული ადამიანი იყო, კოვიდპანდემიის დროსაც კი არ შეუწყვეტია მუშაობა. თითოეული პაციენტის ხსნა მისთვის უმნიშვნ­ელოვანესი იყო და ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მჯერა, რომ მისი ღვაწლი სამყაროში არსე­ბობას გააგრძელებს...

„ნამდვილი სასწაული მოხდა - თითებმა ზრდა დაიწყო...“

დავით შონია მაგული გორდელაძის მადლიერი პაციენტებიდან ერთ-ერთია. 90-იან­ წლებში უმძიმესი ტრავმა მიიღო, რომელსაც დიდხანს უშედეგოდ მკურნალობდა. - კლასიკური მედიცინის დიაგნოზის თანახმად, ხელის მთელი მტევანი მოსაჭრელი მქონდა. ოპერაციაც დამინიშნეს. წინა დღით კლინიკიდან წამოვედი და დავიბარე, რომ დილით ადრე მივიდოდი. ცხადია, ვიცრუე. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც სხვა უნდა მეცადა. მსმენოდა არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის შესახებ. მაგული გორდელაძეს უკვე ბევრი იცნობდა, ამიტომაც ვთხოვე, დამხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ბავშვებს მკურნალობდა, დაუყოვნებლივ მიმიღო. განსაკუთრებული ყურადღებით მექცეოდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დევნილი ვარ. ხელი უკვე დასიებული, თითები კი ნახევრად წაჭრილი მქონდა. მან ჩემი ხელი და თითები მშვიდად გასინჯა და მითხრა, რომ მკურნალობა შედეგს აუცილებლად გამოიღებდა. მკურნალი შინ მისივე ხელით დამუხტულ წყალს მატანდა, ვიკეთებდი საფენებს და მასთან დავდიოდი თერაპიაზე. ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ ვყავდი. დაახლოებით ერთ თვეში შედეგი ვიგრძენი, თვე-ნახევარში კი ნამდვილი სასწაული მოხდა და თითებმა ზრდა დაიწყო.

ეკა ლომიძე