„კარგია, რომ დასავლეთში შეთანხმდნენ, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე კონტრიერიში ფერხდება“
უკრაინის კონტრშეტევა, F-16-ის გადაცემის გადაწყვეტილება, პრიგოჟინის სავარაუდო ლიკვიდაცია არის თემები, რომელთა შესახებ უკრაინელი პოლიტმიმომხილველი ოლესია იახნო გვესაუბრა.
- დავიწყებ F-16-ის თემით, რომელიც ასე პრობლემატური გახდა. შედეგიანი კონტრშეტევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მოგვარდა, მაგრამ პირველ პარტიას მხოლოდ წლის ბოლოსთვის მივიღებთ, ამიტომაც უახლოეს ხანს მნიშვნელოვან გარდატეხას არ უნდა ველოდოთ. F-16-ების უკრაინულ საჰაერო სისტემაში სრულფასოვნად ინტეგრირებას დიდი დრო დასჭირდება. კონტრშეტევა იქნება ფრთხილი, მაგრამ პროგრესული. როდესაც დასავლეთში ამბობენ, რომ კონტრშეტევა ისეთი არ არის, როგორსაც თურმე ვიღაცები ელოდნენ, ეტყობა, არ იციან, რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ დაიწყებს. თუმცა, საბედნიეროდ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ესმის საჰაერო მოიერიშეების როლი არა მარტო შეტევითი ოპერაციებისთვის, ესმის ისიც, რომ უკრაინის სამხედრო ძლიერება უფრო გამყარდება და რუსეთი ვერ შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზებას, ვერ შეძლებს ოკუპაციას გეოპოლიტიკური დანიშნულება მისცეს. თუმცა, ამასთანავე, საუბარია ხანგრძლივ ომზე, რომელიც რისკებს დასავლეთისთვისაც შეიცავს...
ახლა ბევრი სვამს კითხვას - შეცვლიდა თუ არა ომის მსვლელობას F-16-ის უფრო დროული მოწოდება. დარწმუნებული ვარ, არც ერთი დასავლელი გენერალი არ გაუშვებდა თავის დანაყოფს საჰაერო მხარდაჭერის გარეშე მსგავს სამხედრო ოპერაციაზე, მით უფრო რუსეთისთანა მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ძლიერი არტილერია და ავიაგამანადგურებლები ჰყავს. ახლა კარგად გააცნობიერეს, რომ უკრაინული არმიისთვის საჰაერო ფარის უქონლობა დიდი პრობლემა იყო, განსაკუთრებით, კონტრშეტევის დროს. უამისოდ ჩვენი ქვეითი ძალები, რომელთაც ამდენი თვეა, რუსებისგან განსხვავებით, მოტივაცია არ დაუკარგავთ და წარმოუდგენლად მამაცურად იბრძვიან, რუსული რაკეტებისა და არტილერიისთვის პირდაპირ სამიზნედ იქცეოდნენ. კარგია, რომ დასავლეთში შეთანხმდნენ, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე კონტრიერიში ფერხდება.
F-16-ის გადმოცემას მორალური მხარეც აქვს. რუსული პროპაგანდაც ვერ ფუთავს არმიაში არსებულ პრობლემებს, რომ ჯარი დემორალიზებულია... ეს ომი კარგა ხანს გაგრძელდება, რუსეთს საამისო პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო რესურსი ჯერ კიდევ აქვს. საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის თითქმის ნახევარი გახარჯეს, ამუნიციაზე, საკვებსა და სხვა საჭიროებებზე კი დიდად არც არასდროს იწუხებდნენ თავს. ამას ხედავენ არმიაში და ამიტომაც მოტივაცია ძალიან დაბალია...
უკრაინა ელოდა რუსეთისგან თავდასხმას და ემზადებოდა - ბოლო წლებში ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი და აღჭურვილი არაერთი საბრძოლო ბრიგადა ჩამოყალიბდა, რაც ძალზე ეფექტური ძალაა. თუმცა მათი დიდი ნაწილი ჯერ ბრძოლაში არც ჩართულა, იმიტომ, რომ ზაფხულის განმავლობაში სუსტი წერტილის პოვნით იყვნენ დაკავებული და რუსების თავდაცვის ხაზის მოსინჯვას ცდილობდნენ... ასე რომ, ზამთრის დადგომამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო ფართომასშტაბიანი კომბინირებული მანევრის წამოსაწყებად, რომელშიც სახმელეთო ძალებთან ერთად საზღვაო და საჰაერო კომპონენტიც იქნება ჩართული.
ადამიანური დანაკარგი რუსეთისთვის მხოლოდ სტატისტიკაა, ჩვენთვის კი ყოველი ადამიანის სიცოცხლე, უკრაინელი იქნება, ქართველი თუ სხვა, რომელიც საერთო ღირებულებებისთვის ჩვენთან ერთად იბრძვის, ტრაგედიაა. ამ თანადგომას ვერასდროს დავივიწყებთ, ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ უკრაინის მიწას. საბედნიეროდ, რუსეთი ვერც ხორცსაკეპი მანქანის ტაქტიკის ხარჯზე აღწევს წარმატებას - მთელ ბატალიონებს უშვებს მოწინააღმდეგის ცეცხლის პირისპირ. ჰგონიათ, რაც მეტი რუსი დაიხოცება, მოსახლეობას უკრაინაზე იერიშის მიტანის მეტი მოტივაცია ექნება - აი, ჩვენებს გვიკლავენ და როგორ არ ვეომოთო. სადღაც ამართლებს კიდეც ასეთი ტაქტიკა, არიან დედები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, წადი, იომე და რუსეთის დიდებისთვის მოკვდიო. მოსახლეობის 80% პუტინს უჭერს მხარს, მასას მართლა სჯერა, რომ პუტინი უკრაინელი, ქართველი, ჩეჩენი ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის. გარშემო ყველა ცუდი და დასავლეთის მართულია, ის კი წმინდანია. ეს ჩაკირული აზროვნება ასე ადვილად ვერ მოისპობა... ამიტომ გვჭირდება უფრო ეფექტური სამხედრო მხარდაჭერა რუსების ბრძოლის ველზე გასანადგურებლად.
ბოლო ხანს დასავლეთის დახმარება გულუხვია, მაგრამ მოწოდების ტემპი ისევ პრობლემაა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიღებთ დახმარებას: ჯერ შორი მანძილის რაკეტების მოსაპოვებლად ვიბრძოლეთ, შემდეგ საბრძოლო ტანკების. ახლა, როგორც იქნა, F-16 ავიაგამანადგურებლებს მოგვცემენ. სამმა ქვეყანამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ, დაადასტურა მზადყოფნა უკრაინას მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ მიაწოდოს F-16-ები. მაგრამ დროის გაწელვა, ბიუროკრატიული ფეხის ათრევა ძვირად გვიჯდება. რასაც ვითხოვდით, დროულად რომ მოეცათ, ძალიან მნიშვნელოვან დროს არ დავკარგავდით და ფრონტის ხაზზეც სხვა ვითარება გვექნებოდა, მეტი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირების.
- ევგენი პრიგოჟინის, უტკინისა და თანმხლებ პირთა დაღუპვის შესახებ რას ფიქრობთ?
- ეტყობა, პუტინმა თავისი "მზარეული" ისევ აფრიკაში გაგზავნა, მაგრამ ერთი ვერსიით, პრიგოჟინს გარემოცვა და მხარდამჭერები ისევ რუსეთისკენ ექაჩებოდნენ, რაც მისი ძველი მეგობრისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. სხვა ვერსიით, ის სულაც არ ყოფილა აფრიკაში, ჩვეულებრივი რუსული, უნიჭო, ყალბი დადგმა იყო, რომლითაც ის პუტინის გაცურებას ცდილობდა, მაგრამ კა-გე-ბეს კლანჭებს ვერ დაუსხლტა. ისიც ითქვა, რომ აფრიკიდან ნამდვილად გამოფრინდა მისი თვითმფრინავი, პუტინმა ჩამოიტყუა და... ვფიქრობ, ის მართლა მკვდარია. თუმცა არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მისი კუთვნილი საფრენი აპარატი С300-დან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს - როდესაც თვითმფრინავს რაკეტა ხვდება, მისი ნამსხვრევები ძალიან დიდ მანძილზე იფანტება, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. დიდი ალბათობით, ასაფეთქებელი შიგნით იყო დამონტაჟებული. ითქვა, რომ ორი თვითმფრინავი მიფრინავდა: ერთში იჯდა პრიგოჟინი. ერთი აფეთქდა, მეორე კი მოსკოვში, რომელიღაც უწყებაში დაჯდა. კა-გე-ბეს სცენარებს ვინ ამოხსნის. შემთხვევის ადგილას იპოვეს მისი პირადი ტელეფონი, სხვა დეტალებიც მიანიშნებს, რომ თვითმფრინავში ნამდვილად ის და მისი გარემოცვა იყვნენ. ეს რუსების ხელწერაა! სტალინის ტაქტიკა იყო - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა!.. პუტინი ხომ თავგამოდებით ცდილობს მას მიჰბაძოს. არც ერთი მისი მოწინააღმდეგე თავისი სიკვდილით არ კვდება. ამ შემთხვევაში კი ერთი კრიმინალი გაუსწორდა მეორეს.
საკითხავია, სად, რომელ ქვეყანაში იბრძოლებენ "ვაგნერელები" "თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის". პუტინმა "ნაცისტებთან ბრძოლაში" გაწეული ღვაწლისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს რამდენიმეს თურმე სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა. ძალიან სასტიკი და ირონიულია მისგან ამის მოსმენა. "ვაგნერელებსა" და მის მეთაურობაზე საუბრობს, კერძოდ, უტკინზე, რომელიც ცნობილი ნაცისტია, სხეულზე ნაცისტური სიმბოლიკების ტატუებით, რომელიც ГРУ-ს სპეცრაზმელი იყო. ჯერ კიდევ იმ დროიდან მის "ანგარიშზე" არაერთი ადამიანის სიცოცხლეა. შემდეგ თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და ყველაზე საშინელი საქმეების შესასრულებლად ორგანიზაცია დააფუძნა. ის და პრიგოჟინი ძალიან დიდ ფულს იღებდნენ... უტკინი სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ასბესტში დაიბადა, ბავშვობა კი კიროვოგრადში გაატარა. მასზე მუდმივად ძალადობდნენ. ბავშვობაში მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმას უკვალოდ არ ჩაუვლია, მთელი ცხოვრება ძალადობრივ ორგანიზაციებში გაატარა, ბოლოს კი თავად შექმნა დაქირავებულ მკვლელთა გასამხედროებული დაჯგუფება. "მწვანე კაცუნების" აქტიურობა ყირიმის ანექსიისა და ზოგადად, აღმოსავლეთ უკრაინაში მათი ყოფნის დროსაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. შემდეგ კი ცენტრალურ აფრიკაში წავიდნენ "სამართლიანობის დასამყარებლად" და ალმასის საბადოების "დასაცავად". ლიბიაში მათ სისასტიკეებზე დღემდე საშინელებებს ჰყვებიან. მთავარი კონტინგენტი კი "გამოხშირეს" უკრაინელმა სამხედროებმა და თავადაც დაერივნენ ერთმანეთს, მაგრამ რამდენიმე ათასი გამოცდილი, შეიარაღებული სამხედრო მაინც დარჩა. ამ ყველაფრის შემდეგ რუსეთის თავსატეხად უნდა ქცეულიყვნენ, მაგრამ ვირთხებივით ჩაძირული გემიდან გაქცევას ცდილობენ. "ვაგნერის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, იან პეტროვსკი, ფინეთში დააკავეს. როგორც ჩანს, რუსეთიდან გაქცევა მოახერხა, მაგრამ მაინც არ გაუმართლა...
ასე რომ, რუსეთში დარჩენილი "ვაგნერელების" ბედი უკვე ცნობილია, მათ თანდათან და უხმაუროდ გაანეიტრალებენ. ამის დასტურია ის, რომ ნიკოლაევსკში, სადაც აპრილში დიდი პატივით კრძალავდნენ "ვაგნერელებს", პრიგოჟინი იქიდან ჩართვას აკეთებდა და მათ "გმირობაზე" საუბრობდა, ახლა ჯვრები მოუხსნიათ და სასაფლაო გაქრა. რუსი საზოგადოების მაღალ შეგნებასა და სამოქალაქო განათლებაზე დიდი წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ თუ ესეც შერჩა პუტინს, უახლოეს ორმოცდაათ წელიწადში კი არა, არასდროს ეშველებათ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათი უმეტესობა ყველანაირ საშინელ საქმეზე ფულის გამო მიდიოდა. პრიგოჟინისა და უტკინის განეიტრალება მათი დაფინანსების გარეშე დარჩენას ნიშნავს, უფულოდ კი ისინი არსად იბრძოლებენ. აქედან გამომდინარე, "ვაგნერელების" არავითარი შურისძიება და ამბოხი არ იქნება.
რაც შეეხება ბელარუსში გადასულებს, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს ქვეყანა პუტინთან დაპირისპირებული "ვაგნერელების" თავშესაფრად იქცა. რუსეთში დარჩენილებისგან განსხვავებით, მათ ზურგში ტყვიის დახლით არ მოკლავენ, მაგრამ პუტინი-ლუკაშენკოს ურთიერთობიდან გამომდინარე, არც იქ შეუძლიათ მშვიდად ყოფნა. არავინ იცის, რა დროს დაუგებენ მახეს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ებრძვის პუტინი "ვაგნერელებს", ლუკაშენკოს ფრთებქვეშ შეყუჟულებმა ძალიან უნდა მოინდომონ და ახალ შეფს ერთგულება ყოველდღე უნდა დაუმტკიცონ. რაც შეეხება მომავალ რისკებს ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგისთვის, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის მიზნებზე. არ არის გამორიცხული, "ვაგნერს" კომპენსაციისთვის ბელარუსის მხრიდან დესტრუქციული პროცესების მოწყობა შესთავაზონ. არავინ იცის, ლუკაშენკო-პუტინის ავადმყოფურ გონებაში რა მოიხარშება. უკვე არსებობს 2021 წლის ზაფხულის პრეცედენტი, როდესაც რუსეთმა ბელარუსის დახმარებით ე.წ. ლტოლვილი ტურისტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნით ხელოვნური მიგრაციული კრიზისი შექმნა. ახლა ჰიბრიდული ქმედებები და პროვოკაციები "ვაგნერის" გამოყენებით უფრო შესაძლებელია. დასავლეთმა ეს უნდა გაიგოს.
- რუსი ექსპერტების ნაწილის აზრით, პრიგოჟინი-უტკინის განეიტრალებით პუტინის ძალაუფლება, რომელიც იმ ცნობილი ამბოხის შემდეგ შესუსტებული იყო, გამყარდა.
- რუსებს უყვართ სასტიკი, ყველაფერზე წამსვლელი მმართველები, რომლებიც დროდადრო ახლო გარემოცვასაც უსწორდებიან. მიაჩნიათ, რომ ასეთი მმართველის ხელში "ველიკაია დერჟავას" საფრთხე არ ემუქრება. ეს იცის პუტინმა და ამიტომაც მოქმედებს ასე. თუმცა რეჟიმის ასეთი გამყარება დროებითია... პრიგოჟინი-უტკინის განეიტრალების პარალელურად, პუტინის გარემოცვაში ჩუმი განხეთქილება უფრო გაიზრდება, რადგან ნახეს, თუ რაზეა წამსვლელი დამარცხების პირას მყოფი "მეფე", რომლისთვისაც არ არსებობს კანონი, მორალი, მეგობრობა, ადამიანური ურთიერთობა. ამიტომაც ამბობენ მასზე, ადამიანების სისხლით თამაშობსო...
- წლის ბოლომდე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი უნდა გაირკვეს. როგორია თქვენი მოლოდინი?
- ვფიქრობ, სამივე ქვეყნისთვის ევროპული ოჯახის კარი გაიღება. ეს ომი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება და] რუსეთის დამარცხებაზე ბევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ბედია დამოკიდებული. უკრაინის გამარჯვება მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის მნიშვნელობას დაანახვებს. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა კონფლიქტებს, რომლებიც რუსეთის პროვოცირებულია, წერტილი დაესმება. თუმცა მანამდე ბევრი შიდა სამუშაოა. მაგალითად, უკრაინამ სისტემური რეფორმები უნდა გაატაროს. საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის ჰიბრიდული მოქმედების კვალი ჩანს - აგრესორი იქ თავისი კაპიტალის დაბანდებას ცდილობს. მსგავსი საფრთხისგან თავის დაცვას მხოლოდ ძლიერი, საიმედო პარტნიორებით გარშემორტყმული სახელმწიფოები შეძლებენ.