რა გავლენა ექნება „ბრიკსის“ გაფართოებას საერთაშორისო დღის წესრიგზე? - კვირის პალიტრა

რა გავლენა ექნება „ბრიკსის“ გაფართოებას საერთაშორისო დღის წესრიგზე?

"ბრიკსი", რომელიც აერთიანებს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მე-15 სამიტზე გაფართოვდა და 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 11-წევრიანი გაერთიანება იქნება - გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან. როგორც ცნობილია, სახელი "ბრიკსი" შემავალი ქვეყნების დასახელების პირველი ასოების კომბინაციაა. ახალ ჯგუფს რას დაარქმევენ, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე მსოფლიო ისევ "ბრიკსის" სახელით მოიხსენიებს. "ბრიკსი"­ აქამდე მსოფლიოს ხუთი, სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება იყო და ამბიციური წარმოდგენაც ჰქონდა თავზე - გაერთიანება თავს "დიდი შვიდეულის" ალტერნატივად განიხილავდა და ცდილობდა შეეცვალა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებუ­ლი­ საერთაშორისო წესრიგი, მიუხედავად­ იმისა, რომ ამ გაერთიანებაში აქამდეც იყო ინდოეთი, რომელიც აშშ-ის მოკავშირეა. გაფართოების შემდეგ აშშ-ის სხვა პარტნიორებიც ამ ბანაკში ექცევიან. 2023 წლის მონაცემებით, 11-წევრიანი "ბრიკსის" ქვეყნებზე მოდის მსოფლიოს მოსახლეობის 46%, მსოფლიოს მშპ-ის 29%, ნავთობის წარმოების 43% და საქონლის ექსპორტის 25%. ცხადია, ამ ორგანიზაციის ეკონომიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება. რას ნიშნავს ეს გლობალური ეკონომიკისთვის და რა გავლენას მოახდენს საერთაშორისო დღის წესრიგზე, მით უმეტეს, რომ "ბრიკსის" წევრია რუსეთიც, და გახდება­ თუ არა ეს პუტინის ხელში ახალი იარაღი, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

- იმისთვის, რომ გავიაზროთ, რა ხდება­ "ბრიკსში", გლობალურად უნდა შევ­ხედოთ სიტუაციას მსოფლიოში. კოვიდპანდემიამდე გლობალიზაციის პროცესის­ შეუქცევადობა ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ პანდემიას მოჰყვა მიწოდ­ების გლობალური­ ჯაჭვების რღვევა,­ უამრავი­ საწარმო გაჩ­ერდა, რადგან მიწოდება შეიზღუდა. ამან შეაფერხა გლობალიზაცია და გაჩნდა განცდა, რომ დაიწყო დეგლობალიზაციის პროცესი, როცა მსოფლიომ იზოლაციისკენ­ დაიწყო სვლა, როდესაც ყველა ქვეყანა­ თავისით მიიღებდა გადაწყვეტილებებს როგორც ეკონომიკურს, ისე სოციალურს, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც აისახებოდა... შემდეგ აღმოჩნდა, რომ გლობალიზაცია კი არ დასრულდა, დასრულდა ე.წ. ჰიპერგლობალიზაცია და პანდემიის გამო ჩამოყალიბდა ტურბულენტური გლობალიზაცია - ანუ გლობალიზაცია მაინც იყო, მაგრამ იყო რყევები. ასევე იყო მოლოდინი, რომ პანდემიის დასრულებასთან ერთად დასრულდებოდა ტურბულენტური გლობალიზაცია და მსოფლიო დაუბრუნდებოდა ჰიპერგლობალიზაციის რეჟიმს. თუმცა ძალიან მალე, როცა პანდემია დასრულებისკენ მიდიოდა, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო­. ამის საპასუხო ზომად კი დასავლეთმა მას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამან აჩვენა, რომ ჰიპერგლობალიზაცია ვერ აღდგებოდა, შეუძლებელი იყო კონფრონტაციული გლობალიზაციის პროცესში. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო დაიყო სამ ნაწილად: ის ქვეყნები, რომლებმაც დაუწესეს სანქცი­ები რუსეთს, ის ქვეყნები, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს, და ის ქვეყნები, ვინც რუსეთის მხარეს არიან. გამოიკვეთა, რომ გლობალიზაციას კონფრონტაციული­ ხასიათი მიეცა. გლობალიზაცია არსად რომ არ გამქრალა, ამის არგუმენტი მარტივია თუნდაც იმიტომ, რომ სანქციების შემომღები ქვეყნები თვითონვე არღვევენ სანქციებს და თანამშრომლობენ ეკონომიკურად რუსეთთან - ყიდულობენ იმას, რაც სჭირდებათ, თუნდაც სანქციების გვერდის ავლით, ან რაც აწყობთ, იმაზე სანქციებს არ აწესებენ. მაგალითად, შტატებმა რუსეთს სასუქებზე ჯერ დაუწესა სანქციები და მერე გაუუქმა;­ ბევრმა ცნობილმა ბრენდმა ჯერ დატოვა­ რუსეთი და მერე დაბრუნდა ნაკლებად ცნობილი ბრენდის ქოლგით; შტატები ინდოეთისგან ყიდულობს ნავთობპროდუქტებს, ინდოეთი კი რუსეთისგან­ ნედლ ნავთობს ყიდულობს,­ რომლითაც ნავთობპროდუქტებს აწარმოებს. ასეთი მაგალითი ბევრია და აჩვენებს, რომ გლობალიზაცია არსებობს, თუმცა მან კონფრონტაციული ხასიათი­ შეიძინა. სწორედ ამ პირო­ბებში "ბრიკსის" ქვეყნებს გაუჩნდათ ამბიცია, დააბალანსონ მსოფლიოში შექმნილი ვითარება და გარკვეულწილად მიიღონ კონტრზომებიც. მაგალითად, რუსეთმა და ჩინეთმა დაიწყეს ვაჭრობა ჩინურ იუანში, ანუ უარი თქვეს აშშ დოლარის გამოყენებაზე. მსგავსი თემა წამოსწია ინდოეთმაც, რომ რუსეთთან ინდური რუპიით ივაჭროს. გარდა ამისა, გაჩნდა აზრი, რომ "ბრიკსმა" თავისი ვალუტა შემოიღოს საგარეო ვაჭრობაში. ასეთი ტენდენციები ძალიან გააქტიურდა და დასავლეთს უპირისპირდება. ამის მიზეზი ის არის, რომ დასავლეთის მიერ რუსული­ აქტივების დაბლოკვამ ძალიან ბევრი ქვეყნის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგანაც ითვლება, რომ შეილახა მათი საკუთრების უფლება. ამიტომაც ალტერნატივების ძებნა დაიწყეს. ამ დროს ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, შეერთებოდნენ "ბრიკსს"­ და მათ შორის არიან ისეთი­ ქვეყნები, რომლებიც დაპირისპირებული არიან დასავლეთთან, განსაკუთრებით შტატებთან, მაგალითად, ირანი. არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც­ შტატების პარტნიორებად ითვლებიან, მაგალითად, საუდის არაბეთი. შედეგად, დადგა "ბრიკსის" გაფართოების საკითხი და ეს პროცესი დაიწყო კიდეც.

ekon-1693166026.jpg

- რა შედეგი ექნება ამ გაფართოებას როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური? შეცვლის თუ არა საერთაშორისო ურთიერთობებს?

- რა თქმა უნდა, შეცვლის, რადგან ამერიკის ეკონომიკა მსოფლიოში პირველია, მეორე არის ჩინეთი, ძალიან მზარდი­ ტემპით ვითარდება ინდოეთის ეკონომიკაც. პრაქტიკულად მსოფლიოს ეს სეგმენტი, რომელიც გაფართოებულ "ბრიკსში" შედის, უკვე ახალი ფენომენია და მას ანგარიში უნდა გაეწიოს. მოვიყვან სტატისტიკას: გაფართოებულ "ბრიკსზე" მოვა მსოფლიო მოსახლეობის 46%, მსოფლიო ეკონომიკის 29%-ზე მეტი, მსოფლიო ექსპორტის 25%-ზე მეტი და ნავთობის წარმოების 43%-ზე მეტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ბრიკსი" ერთიანი ვალუტის გამოშვებას აპირებს და ამერიკელი ეკონომისტები უკვე მსჯელობენ, თუ რამდენად დაასუსტებს ეს საგარეო ვაჭრობაში ამერიკულ დოლარს. ცხადია, დაასუსტებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამერიკულ დოლარს ვერც ერთი ვალუტა ვერ ჩაანაცვლებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან დღეს, როდესაც საქმე გვაქვს ნდობაზე დაფუძნებულ ფულთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ ფულის უკან დგას ისეთი დემოკრატიული სახელმწიფო, როგორიც არის აშშ. "ბრიკსის" ქვეყნებში კი იმდენი არადემოკრატიული ქვეყანა შედის, რომ მათ ვალუტას ნდობა ვერ ექნება. თუმცა არის ერთი გარემოებაც - შესაძლებელია "ბრიკსმა"­ თავისი ახალი ვალუტა ოქროს მიაბას. ეს კი თვისებრივად ახალ გარემოებას შექმნის მსოფლიო ეკონომიკაში.

- აშშ დოლარი თუ დაკარგავს გლობალური ვალუტის ფუნქციას, რა მოხდება?

- ამაზეც სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში პოლ კრუგმანი თვლის, რომ არანაირი საშიშროება არ არის, თუ დოლარი დაკარგავს გლობალური ვალუტის ფუნქციას. თუმცა სხვა ამერიკელი ეკონომისტები ამ საკითხს ასე მარტივად არ უყურებენ, რადგან შტატების სახელმწიფო ვალი ძალიან დიდია და, თუ დოლარი დაკარგავს გლობალური ვალუტის ფუნქციას, ფულის ძალიან დიდი მასა დაუპირისპირდება საქონლის შედარებით შეზღუდულ რაოდენობას. ამ ეტაპზე კი დოლარის გლობალურად ჩანაცვლება სხვა ვალუტით პრინციპულად შეუძლებელია. გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს დოლარი შეადგენდა გლობალური სავალუტო რეზერვების 58%-ს, ხოლო მეორე ადგილზე, მხოლოდ 20%-ით, ევრო იყო, ჩინეთის იუანი კი გლობალური სავალუტო რეზერვების მხოლოდ 2,7%-ს შეადგენს. გლობალური ვაჭრობის ნახევარი დაფიქსირებულია დოლარში, თუმცა შტატებს მსოფლიო ვაჭრობის მხოლოდ 10-დან 15%-მდე უკავია.

იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ კონფრონტაციული გლობალიზაცია ძალიან დიდხანს გაგრძელდება, სავარაუდოდ, მას შემდეგაც, რაც რუსეთის ომი უკრაინაში დამთავრდება. ამ პროცესში ძლიერდება ჩინეთი და ეს ომი ძალიანაც აწყობს, რადგან ძლიერდება­ და რუსეთთან დაკავშირებული ამბიციები უფრო შთამბეჭდავი ხდება. ჩინეთმა პრაქტიკულად რუსეთის არაფორმალური ოკუპაცია დაიწყო, როდესაც უამრავი ჩინეთის მოქალაქე გადადიოდა და დღესაც გადადიან რუსეთში და სახლდებიან ციმბირსა თუ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში - ანუ სახეზეა რუსეთის "ჩინეთიზაცია". ამ ომში რუსეთი ეკონომიკურად ძალიან სუსტდება და ეს კი პირდაპირ უპასუხებს ჩინეთის ინტერესებს, რომელიც რუსეთს მართალია იარაღით არ ებრძვის, მაგრამ ეკონომიკურად წარმატებით "იპყრობს"­ რუსეთის ტერიტორიებს.

- ამ ეტაპზე მსოფლიოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთია. "ბრიკსის" გაფართოებაში­ რუსეთის როლი როგორია, შეძლებს თუ არა ეკონომიკურად ისე გაძლიერებას, რომ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო დღის წესრიგზე?

- რუსეთი "ბრიკსის" გაფართოების გარეშეც იყენებდა ამერიკასთან დაპირისპირებულ ქვეყნებს. გლობალიზაცია ისეთი­ რამეა, როგორი ბარიერებიც არ უნდა დააწესო, არაფორმალური ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობები თავისას მაინც გააკეთებენ. ამიტომაც "ბრიკსის" გაძლიერებით რუსეთი კი ისარგებლებს, მაგრამ ყველაზე მეტად გაძლიერდებიან ჩინეთი და ინდოეთი. თუმცა აქაც არის საინტერესო თემა - ამერიკას ხელს არ აძლევს ჩინეთის­ გაძლიერება, სამაგიეროდ, მხარს უჭერს ინდოეთის გაძლიერებას. სწორედ ამიტომ ყიდულობენ ინდურ ნავთობპროდუქტებს,­ მიუხედავად იმისა, რომ დამზადებულია რუსული ნედლი ნავთობისგან. ინდოეთი კი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორიც არის. ინდოეთსა და ჩინეთს შორის არის გარკვეული დაპირისპირება, მაგრამ "ბრიკსში" ინდოეთი გადამწყვეტი მოთამაშეა ჩინეთთან ერთად და ფაქტობრივად ერთიანდებიან მსოფლიოს ნომერი პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყნის და საერთოდ, დასავლეთის წინააღმდეგ.

- გაფართოებულ "ბრიკსს" ექნება გავლენა საერთაშორისო დღის წესრიგზე პოლიტიკური თვალსაზრისით?

- ძალიან საინტერესო კითხვაა. ღეუტერს-ის ცნობით, "ბრიკსში" გაწევრებით დაინტერესებულია 40-ზე მეტი ქვეყანა, თუმცა 16-მა მიმართა წევრობისთვის და ამ სიაში­ შედიან ალჟირი,­ კუბა, ინდონეზია, პალესტინა და ვიეტნამი. ე.ი. "ბრიკსს" აქვს გაზრდა-გაფართოების რეალური პერსპექტივა, რაც ამ ორგანიზაციისა და მისი წევრების გლობალური ამბიციების ზრდაზე აისახება.

- ანუ როგორ მსოფლიოს მივიღებთ დემოკრატიულობის პერსპექტივით?

- ვფიქრობ, დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასეულობაა, რაც ადამიანებს აქვთ, მაგრამ არის სხვა ფასეულობებიც. მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც არის ღირსება, თავმოყვარეობა­ და ეს არანაკლებია, ვიდრე დემოკრატია. მაგალითად მოვიყვან ჩემთვის ძალიან ფაქიზ თემას - როდესაც ამერიკამ ჩვენი 4 მოსამართლე დაასანქცირა, რომელთაგან ერთი უკვე 7 წელია, მოსამართლე აღარ არის, ნამდვილად გაუგებარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა სწორედ მასზე გადის, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო, და მეორე - ეს მოსამართლეები დაადანაშაულეს კორუფციაში, მაგრამ კონკრეტულად რა კორუფციაში, განმარტება არ გაკეთებულა. მე ამ მოსამართლეების მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ (ვთვლი, რომ რაც უფრო მალე ჩამოშორდებიან ისინი სასამართლო ხელისუფლებას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მათთვისაც), მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმფცია აღარ არსებობს? კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იყო მათი ოჯახის წევრების დასანქცირება. რა გამოვიდა, კაცმა ადამიანი რომ მოკლას, მისი შვილიც უნდა ჩასვან ციხეში? ამან ავბედითი 1937 წლის რეპრესიები გამახსენა, როდესაც ვინმეს ხალხის მტრად მონათლავდნენ და მათი ოჯახის წევრებსაც სჯიდნენ. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება­ თავმოყვარე ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია­. ამიტომ ჩნდება ხინჯი, რადგან სწორედ ამერიკა აღიქმება დემოკრატიის მოწინავე ქვეყნად. ასეთი და ბევრად მწარე გამოცდილება მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს.

- "ბრიკსის" გაფართოება შეიძლება რუსეთმა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს?

- ვიმეორებ, ამ ეტაპზე ძლიერდება ჩინეთი და ძალას იკრებს ინდოეთი, მაგრამ­ ეს არ ნიშნავს, რომ სუსტდება აშშ. დღეს შედარებით დასუსტებული ევროკავშირია, ის კიდევ მეტად გახდა ამერიკაზე დამოკი­დებული. შტატები არ სუსტდება იმის გამო, რომ დასავლეთმა დაცალა იარაღის­ საწყობები, ძველი თუ ახალი იარაღი უკრაინას მიაწოდა და ახლა იარაღის საწყობებს­ ახალი წარმოების იარაღით ავსებენ. ანუ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მუშაობს და ამას, ფაქტობრივად, ამერიკა აკეთებს. შედეგად, მისი ეკონომიკა ძლიერდება. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება და რა შედეგით დასრულდება 2024 წლის ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები. პირობითად, გაიმარჯვებს ომის პარტია თუ მშვიდობის პარტია - ანუ ახალი პრეზიდენტის პოლიტიკა იქნება ის, რომ შეწყდეს ომი და ამისთვის ყველა ზომას მიმართავს, თუ პირიქით, ბოლომდე გააგრძელებს დაპირისპირებას. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტს იმასაც, როგორი იქნება "ბრიკსის" და "ბრიკსში" შემავალი ქვეყნების მიზნები. ნებისმიერ შემთხვევაში განწირულ ქვეყნად რჩება რუსეთი, რადგან,­ ერთი მხრივ, ძლიერდება ამერიკა, მეორე მხრივ კი ჩინეთი­ და ინდოეთი, თანაც ისევ და ისევ რუსეთის ხარჯზე. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც რუსეთი განწირულია. თუმცა განწირულობა არ ნიშნავს, რომ ხვალ დამარცხდება და ზეგ ჩამოიშლება - ეს როდის და მართლაც მოხდება თუ არა, ამის თქმა შეუძლებელია. რუსეთს სხვა არჩევანი აღარ დარჩა - უნდა დაუთმოს ჩინეთს, ინდოეთს, "ბრიკსის" სხვა სახელმწიფოებს, რადგან ისეთი ძლიერი აღარ არის, რომ მარტო დაუპირისპირდეს დასავლეთს.

რუსა მაჩაიძე