რა უნდა ღირდეს რეალურად საწვავი საქართველოში
კონკურენციის სააგენტომ პრემიერ-მინისტრის დავალებით საავტომობილო საწვავის ბაზრის შესწავლა ერთ წელიწადში დაასრულა და ხუთი კომპანია დააჯარიმა. სააგენტომ კვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, პრემიერის რეკომენდაციისა და სააგენტოს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო და დასკვნა 2023 წლის 18 აგვისტოს გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ დასკვნის გამოქვეყნების ვადად ჯერ თებერვალი, შემდეგ კი მარტის ბოლო სახელდებოდა. კვლევის საგანი იყო 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნება.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოკვლევის შედეგად დადასტურდა შპს "ლუკოილ-ჯორჯიას", სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას", შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმისა" და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს" მიერ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს ფინანსური სანქციები, ჯამში 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა (შპს "ლუკოილ-ჯორჯია" - 450.590 ლარი; სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 693.576 ლარი; შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" - 1.073.859 ლარი; შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" - 718.986 ლარი; შპს "რომპეტროლ საქართველო" - 987.886 ლარი).
"დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს განაგრძობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაჯარიმებული კომპანიები გასაჩივრებას გეგმავენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სასამართლო მათ ამ ჯარიმასაც ჩამოაწერს, როგორც ეს წინა შემთხვევაში - 2015 წელს მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ დაკისრებულ ჯარიმას მინიმალურად მიიჩნევენ.
რეალურად რას ნიშნავს კონკურენციის სააგენტოს ეს დასკვნა, რას ცვლის საწვავის ბაზარზე და როგორ აისახება ფასებზე, გააუმჯობესებს თუ არა რიგითი მომხმარებლის მდგომარეობას, ამ საკითხებზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს ვესაუბრეთ:
- რასაც ეკონომისტები ვამბობდით საწვავის ბაზარსა თუ ნავთობკომპანიების საქმიანობის შესახებ, რეალურად იგივე თქვა კონკურენციის სააგენტომაც, ოღონდ ამისთვის გაცილებით მეტი დრო დასჭირდა. ამდენად, ამ დასკვნაში ჩემთვის გასაკვირი არაფერი იყო. არა მგონია, მოსახლეობაზე ამას პირდაპირი გავლენა ჰქონდეს ბევრი მიზეზის გამო და პირველ რიგში იმიტომ, რომ ნავთობკომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ საქმეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. სხვათა შორის, ეს აპრობირებული მეთოდია მთელ მსოფლიოში, მსგავსი გადაწყვეტილებების დროს კომპანიები თავიანთ პოზიციებს ადვილად იცავენ სასამართლოს გზით. თუ გავიხსენებთ კონკურენციის სააგენტოს წინა დასკვნას იმავე თემატიკაზე, კომპანიებმა მაშინაც სასამართლოში მიმართვის გზით დაიცვეს თავისი პოზიციები. სხვა საკითხია სასამართლოს თემა, განსაკუთრებით საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, და ასევე ის, თუ ამ სარჩელებს რამდენად აქვს საერთოდ საფუძველი...
- რა დარღვევაზეა ლაპარაკი? თუ არის შესაძლებელი თქმა, კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ კომპანიები და რაც მთავარია, მარეგულირებლის გადაწყვეტილება, გარდა ჯარიმისა, კომპანიებს რას ავალდებულებს?
- ეს ვერ ჩაიწერება კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში, რადგან როდესაც მან კონკრეტული პერიოდის მოკვლევა დაიწყო, შესაძლოა მაშინ მართლაც დარღვეული იყო "კონკურენციის შესახებ" კანონი, მაგრამ ეს ეხება იმ კონკრეტულ პერიოდს და არა სხვა რომელიმეს და მათ შორის, ახლანდელს. კონკურენციის სააგენტო ედავება ამ კომპანიებს იმ პერიოდში კანონმდებლობის დარღვევას და არა ფასს. ფასი შეიძლება იყოს X ან Y. პრობლემა ის არის, რომ ეს ფასი მიღებულია "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევით. აქედან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტო ფასის შემცირებისკენ ვერავის მოუწოდებს. გარდა ამისა, მაშინ ნავთობის ბაზარზე სხვა ვითარება იყო ობიექტური პარამეტრების მხრივ, დღეს კი სხვა პარამეტრებია. ამდენად, სააგენტოს ფასის რეგულირების რესურსი არ გააჩნია. მას აქვს რესურსი დაადგინოს, კონკრეტულ პერიოდში ბაზარზე არსებული ფასი ხომ არ იყო კანონდარღვევით მიღებული. ეს არის სააგენტოს ვალდებულება და მართალია, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ მან დასკვნა დაწერა.
- საზოგადოებისთვის რაღა მნიშვნელობა აქვს ამ დასკვნას, მით უმეტეს, ერთი წლის შემდეგ?
- მესმის, დასკვნა დაგვიანებულია და მართლაც გაუგებარია, ამხელა დრო რისთვის დასჭირდა კონკურენციის სააგენტოს, როცა რესურსები პერმანენტულად სულ ეზრდება და ნამდვილად ჰქონდა საშუალება, დასკვნა გაცილებით ადრე გამოექვეყნებინათ. საზოგადოებისთვის კი ეს დასკვნა ნიშნავს, რომ შეიქმნა კიდევ ერთი პრეცედენტი - ნებისმიერი კომპანია, რომელიც ბაზარზე კონკურენციის კანონის დარღვევით იმოქმედებს, კონკრეტული სანქციის ქვეშ მოექცევა. ეს თვალსაჩინოს ხდის, რომ ბაზარზე მარეგულირებელს აქვს უფლება, კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში მკაცრი რეაგირება მოახდინოს. კი ბატონო, დავის საგანია, რამდენად მკაცრი ან დროული იყო რეაგირება, მაგრამ მიდგომა, ამით მომხმარებელმა რა მოიგოო, ნამდვილად არ არის სწორი, რადგან ეს პრეცედენტია.
- დღეს საწვავის ბაზარზე რა პრობლემებია და როგორ შეიძლება მოგვარდეს?
- დღეს გვაქვს, ასე ვთქვათ, "ტრადიციული" პრობლემები - იმის მიუხედავად, რომ ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, კომპანიები, რომლებზეც სააგენტოს დასკვნაშია საუბარი, მაინც ახერხებენ ბაზარზე ამინდის შექმნას. მათ შეუძლიათ კანონმდებლობის გვერდის ავლით ისეთი მდგომარეობის შექმნა, რაც მომხმარებელს აზარალებს. ჩვენ ვაკვირდებით მათ საეჭვო ქცევებს, საეჭვო ფასწარმოქმნებს და ამას განაპირობებს სწორედ მათი დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. გავიმეორებ, რომ ბაზარზე გაზრდილია კონკურენცია, რამაც ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს და ეს კარგია, მაგრამ იმ დონის კონკურენცია არ არის, რომ დომინირებული მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე კომპანიას უჭირავს, დაიძლიოს და ამგვარი პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ, რის შესახებ ეკონომისტებიც ვსაუბრობთ და კონკურენციის სააგენტომაც მოამზადა დასკვნა.
- ამბობთ, რომ მთავარი კონკურენციის პრობლემაა და ეს როგორ უნდა მოგვარდეს, რა არის ხელის შემშლელი ფაქტორი?
- ბაზარზე რამდენიმე ათეული ახალი კომპანია გვყავს, მაგრამ ამინდს ვერ ცვლიან. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ წინა პერიოდში, როდესაც ეს დიდი კომპანიები ბაზარზე სრულად დომინირებდნენ, ისე მოახდინეს ურბანული გადანაწილება, რომ სხვა ვეღარაფერს ახერხებს. მათ ისე აქვთ საკვანძო ლოკაციები გადანაწილებული, სადაც მათი სადგურებია განთავსებული, რომ ბაზარს მნიშვნელოვანწილად აკონტროლებენ. შესაძლებელია შემოვიდეს რამდენიმე ახალი კომპანია, მაგრამ თუ ვერ მოახერხეს ლოკაციურად, რეალურ კონკურენციაში შესვლა ამ ხუთ კომპანიასთან, ცხადია, მათი კონკურენტუნარიანობა მაღალი ვერ იქნება.
- ეს დიდი კომპანიები აწვდიან სახელმწიფოს ნავთობპროდუქტებს, რადგან მუდმივად იგებენ ტენდერებს. ეს გასაკვირიც არ არის, ამის საშუალებას აძლევთ მათ ხელთ არსებული ინფრასტრუქტურა, რაც სხვას არა აქვს. ტენდერებიდან მიღებული შემოსავალი კი მათი შემოსავლების დიდი, გარანტირებული ნაწილია. თუკი ისინი საცალო ფასს დასწევენ, სატენდერო ფასების შემცირებაც მოუწევთ, რაც, ცხადია, ხელს არ აძლევთ. ლოგიკურად ხომ არ გამოდის, რომ ამის გამო ვერ ამცირებენ საცალო ფასსაც, რათა დიდი შემოსავალი არ შეუმცირდეთ? თქვენი შეფასებით, ეს საკითხი შეიძლება არსებით გავლენას ახდენდეს საცალო ფასწარმოქმნაზე?
- არა მგონია, ტენდერებში მონაწილეობა პირდაპირ განაპირობებდეს საცალო ქსელებში ფასების ცვალებადობას. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრ ფაქტორზე ვისაუბროთ, თუ რა განაპირობებს საწვავის ფასის ცვალებადობას. ეს არის როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი ტენდენციები, მაგრამ ტენდერებთან პირდაპირ კორელაციას მე პირადად ვერ ვხედავ.
- მაშინ რა განაპირობებს საწვავის ფასზე ცვალებადობას და რა უნდა ღირდეს საქართველოში საწვავი?
- საწვავის ფასს ჩვენნაირი, ანუ მომხმარებელი ქვეყნებისთვის განაპირობებს რამდენიმე მთავარი ფაქტორი. პირველია გლობალურ ბაზრებზე ნავთობის საერთაშორისო ფასები. ჩვენ ახლა ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, რადგან შემოგვაქვს რუსული საწვავი, რომელიც გლობალურ ბაზრებთან შედარებით იაფი ღირს და ეს არის დაახლოებით $10-იანი ლუფტი. თუმცა ბოლო პერიოდში ორივე მიმართულებით, რუსულზეც და სხვა ბაზრებზეც, ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული და ბოლო სამთვიან მაქსიმუმზეა... მეორეა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ეროვნული ვალუტის ნომინალური კურსი. ამას ემატება ხშირ შემთხვევაში ლოგისტიკის გართულებული პროცესები. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში რუსეთის ომმა უკრაინაში დიდი პრობლემები შექმნა. მეოთხე და მთავარი ის არის, რომ ფასწარმოქმნაზე შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს არაჯანსაღმა კონკურენციამ.
ეს ფაქტორები ახდენს გავლენას ფასწარმოქმნაზე, ხოლო თუ არსებულ მდგომარეობაზე მეკითხებით, ბოლო თვეებში ფასის ზრდის მთავარი განმაპირობებელი იყო გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების სწრაფი მატება. ბოლო სამ თვეში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. არ უნდა გამოგვრჩეს ეროვნული ვალუტის საკითხიც, რომელიც საკმაოდ ტურბულენტურ მდგომარეობაშია. ეს ჩემთვის არც არის გასაკვირი, რადგან ეროვნული ბანკი ეროვნულ ვალუტას ცოტა "შორიდან უყურებს", რბილად რომ ვთქვათ, და ამ მიმართულებით ცოტა მეტი სიმკაცრე ცუდი არ იქნებოდა.
- სიმკაცრეში კონკრეტულად რას გულისხმობთ, რას უნდა აკეთებდეს?
- მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. გასაგებია, რომ ეროვნული ბანკი რბილი მონეტარული პოლიტიკის ფაზაშია შესული. თუმცა მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთი არ განაპირობებს კურსის სტაბილურობას და ჩემი მოკრძალებული აზრით, ცუდი არ იქნებოდა, თუ ცენტრალური ბანკი ცოტა მეტ ყურადღებას დაუთმობდა ეროვნულ ვალუტას.
მოკლედ, ბოლო თვეში საწვავის ბაზარზე ფასების ცვალებადობის ორი მთავარი ფაქტორი გამოიკვეთა - გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა და ეროვნული ვალუტის ტურბულენტურ ზონაში ყოფნა, რაც გამოიხატება დაახლოებით 5-პუნქტიან გაუფასურებაში დოლართან მიმართებაში.
- ანუ ფიქრობთ, რომ ნავთობპროდუქტების ფასი დღეს საქართველოში რეალისტურია და არ არსებობს გაიაფების შესაძლებლობა? რა უნდა ღირდეს საწვავი?
- ცოტა რთული კითხვაა, რადგან საწვავის გაიაფების ბევრი მექანიზმი არსებობს, დაწყებული აქციზის გადასახადით და გაგრძელებული ეროვნული ვალუტის მდგომარეობით და სხვ. რა შეიძლება ღირდეს საწვავი, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით საწვავზე ფასების მატება დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ბერკეტები საწვავის ფასზე ზეგავლენის მოსახდენად, თუმცა, როგორც წესი, ნავთობის მომხმარებელი ქვეყნები ამ ბერკეტებში შეზღუდული ვართ. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული ფასი შესაძლოა უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, ოღონდ ფასზე საუბრისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ არა ოდენობა, არამედ საფუძველი, რატომ არის ეს ფასი და დადგენილი ხომ არ არის კანონმდებლობის დარღვევით, მით უმეტეს, ფასწარმოქმნა მუდმივად ცვალებადია და შესაძლოა საათობრივადაც კი არსებითად შეიცვალოს. ამიტომ ძალიან გამიჭირდება პასუხის გაცემა, რა უნდა ღირდეს დღFეს საწვავი საქართველოში.
- შარშან ამბობდით, რომ კონკურენციის კანონის დარღვევის საფრთხე არსებობდა. ახლა ასეთი პირობები არსებობს?
- პროცესებს დინამიკაში თუ დავაკვირდებით, წლის პირველ ნახევარში უფრო იყო ბაზარზე საეჭვო მოქმედებები ფასწარმოქმნაში. დღეს კი ფასების ცვალებადობის მთავარი მიზეზი, როგორც გითხარით, არის ეროვნული ვალუტის კურსი და ნავთობის გლობალური ფასების ზრდა. შესაძლებელია იყოს გარკვეული ფასნამატებიც კომპანიების მხრიდან და ეს მათი ნებაა. თუმცა თუ მეკითხებით, ეს რამდენად სამართლიანია და რამდენად კანონის დაცვით ხდება, გეტყვით, რომ ამ ეტაპზე კანონდარღვევის რისკებს ვერ ვხედავ, რადგან ფასწარმოქმნა ისეთ კითხვებს არ წარმოშობს, როგორიც იყო თუნდაც წლის დასაწყისში ან იმ პერიოდში, რომელზეც კონკურენციის სააგენტომ მოამზადა დასკვნა.
რუსა მაჩაიძე