"რუსების შემოსვლა ქმნის რისკს, რომ საქართველოში შიდსის გავრცელებამ მოიმატოს" - კვირის პალიტრა

"რუსების შემოსვლა ქმნის რისკს, რომ საქართველოში შიდსის გავრცელებამ მოიმატოს"

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის­ ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ­ ცერცვაძის განცხადებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში აივ/შიდსის ახალგამოვლენილი შემთხვევები გაზრდილია სულ 6%-ით. რაზე მეტყველებს ეს სტატისტიკა, რამდენად საგანგაშოა და რა უნდა გაკეთდეს, რომ შიდსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად არ გაიზარდოს, "კვირის­ პალიტრას" ინფექციონისტი, მედიც­ინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი ესაუბრა:

- შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა­ ილაპარაკა 6%-იან ზრდაზე შარშანდელ ამ პერიოდის ნიშნულთან შედარებით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მცირეა, მაგრამ წლის ბოლოს კიდევ ერთხელ იქნება შესაჯამებელი ტენდენცია. ამ 6%-ზე მეტად ჩვენ გვაშფოთებს სიტუაცია, რომელიც აშკარად მაღალი რისკის შემცველია. აივ-ინფექცია არ არის ის დაავადება, როდესაც შედეგს მყისიერად ვიღებთ. აქ ლაპარაკია შორეულ პერსპექტივაში რისკებზე, შედეგს ანუ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას, გვიან ვხედავთ. ამიტომ უფრო მეტად ამ 6%-იან ზრდაზე კი არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია იმ საერთო სიტუაციაზე, რომელიც გვაშინებს, რომ მომავალში ამ დაავადების გავრცელება მკვეთრად გაიზრდება. ამის მიზეზი უპირველესად რუსეთიდან ხალხის მიგრაციაა. რა თქმა უნდა, ყველა ტიპის მიგრაცია ინფექციური დაავადებებისა და მათ შორის შიდსის გავრცელების რისკს ზრდის, მაგრამ იმ ქვეყნიდან, რომელსაც გავრცელებით პირველი ადგილი უჭირავს ევროპაში, შეშფოთების საფუძველს იძლევა. რუსეთში შიდსის შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე მთელ ევროპის კონტინენტზე. ამასთან, მათი სტატისტიკა მაინცდამაინც ზუსტ მაჩვენებლებს არ უნდა იძლეოდეს. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია. სტატისტიკის სანდოობას ამცირებს ისიც, რომ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობდნენ და პრევენციული პროგრამები ჰქონდათ, ქვეყანაში აღარ არიან ცნობილი "აგენტების შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ასე რომ, ორი პრობლემაა: ერთი, მათი სტატისტიკური მონაცემების სანდოობა და მეორე ის, რომ სავარაუდოდ, პრევენციული პროგრამებიც არ მიმდინარეობს სათანადოდ. რუსეთს ნამდვილად არა აქვს ისეთი რესურსები, რომ ამ დაავადების პრევენციაზე მისი მუშაობის გვჯეროდეს. შესაბამისად, ვიცით, მიგრანტების რამხელა ნაკადი შემოვიდა საქართველოში და კვლავაც შემოდიან. ეს კი ქმნის რისკს იმისა, რომ საქართველოში შიდსის გავრცელებამ მოიმატოს.

- თქვენ პოსტში წერდით, რომ რუს პაციენტებს ჰყავთ ქართველი პარტნიორები, თანაც არაერთი.

- დიახ, ასეა. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს. ახსოვდეთ, რომ შიდსით დაავადების ალბათობა არსებობს. სახელმწიფომაც უნდა შეიმუშაოს საპრევენციო ღონისძიებები. მაგალითად, სასურველია მიგრანტებისთვის აივ-ინფექციაზე ტესტირების შეთავაზება.

- დათანხმდებიან კი?

- რა თქმა უნდა, ტესტირება ნებაყოფლობითი უნდა იყოს, რათა არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, მაგრამ სხვადასხვა მექანიზმითაც შეიძლება სკრინინგი და ტესტირება ამ სეგმენტში.

- როგორ?

- ევროპის ქვეყნების გამოცდილება­ გავიზიაროთ. მაგალითად, სლოვაკეთი ევროკავშირის ქვეყანაა, მაგრამ ბინადრობის მოწმობას არ გასცემს შიდსის ტესტის პასუხის გარეშე. ბევრი ბერკეტი შეიძლება შემუშავდეს, თუ ნება იქნება.

- შიდსი მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით არ გადაეცემა, როგორც ვიცით.

- შიდსის გადაცემის 3 გზა არსებობს: სქესობრივი კონტაქტით, სისხლის გზით და დედიდან ბავშვზე. დედიდან ბავშვზე გადაცემაზე არ ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში არარელევანტურია. სისხლის გზით გადაცემა, ცხადია, სულ დგას დღის წესრიგში და ამაშიც კვლავ მიგრაციაა პრობლემად, რადგან სამედიცინო სერვისებით სარგებლობენ მიგრანტებიც. ამიტომ ჯანდაცვის დაწესებულებებმა აუცილებლად, ზედმიწევნით უნდა დაიცვან ინფექციასაწინააღმდეგო და სტერილიზაციის წესები, რაც C-ჰეპატიტის პროგრამის დაწყებასთან ერთად მკვეთრად გაუმჯობესდა, მაგრამ ლაფსუსიც ჯერ კიდევ ბევრია. B და C-ჰეპატიტით სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირების შემთხვევები ისევ გვაქვს. რადგან აივ-ინფექციაც ამ ორი ვირუსის გადაცემის იმავე გზებს იზიარებს, რა თქმა უნდა, რისკიც დიდია იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებებშიც ხდებოდეს ინფიცირება. გადადების მესამე გზაა ინიექციური ნარკომანია. დაუშვებელია ნემსის გაზიარება და ა.შ.

- ალბათ, რისკის შემცველია სილამაზის სალონებიც.

- დიახ, ასევე ტატუსალონები.

- ალბათ, კონტროლი გამკაცრდება და თვითონაც ყურადღებით იქნებიან.

- კი, თუმცა ეს ცალკეულ ინდივიდებზე არ არის დამოკიდებული. მთავარია სახელმწიფოს კონტროლი და დაწესებულებების კეთილსინდისიერება, განათლება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა. მართალია, შიდსი სრულად არ იკურნება, მაგრამ დღეს უკვე მართვადი დაავადებაა - ანუ მედიკამენტების ყოველდღიურად მიღებით ვირუსის კონცენტრაცია პრაქტიკულად ნულამდე დადის და ადამიანი განაგრძობს სრულყოფილ ცხოვრებას.

აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა, სანამ დაავადება მძიმე სტადიას მიაღწევს. დროული მკურნალობა დაავადებული პირისა და მის გარშემო მყოფებისთვისაც მნიშვნელოვანია. ადამიანი რისკის შემცველი აღარ არის, როდესაც მკურნალობს, როდესაც ვირუსი ნულზეა.

- ჩამოგვითვალეთ ამ დაავადების სიმპტომები.

- ზოგადი სიმპტომებია: წონაში კლება, საერთო სისუსტე, ენაზე თეთრი ნადები. რაც მთავარია, ეს დაავადება იწვევს იმუნური სისტემის მძიმე დაზიანებას. სხვადასხვა ინფექციური დაავადება შეიძლება უფრო აგრესიულად მიმდინარეობდეს შიდსით დაავადებულებში, რადგან მათი იმუნური სისტემა ვერ იბრძვის ადეკვატურად. თუმცა მკურნალობის წყალობით ასეთი რთული შემთხვევები პრაქტიკულად აღარ არის.

- ვთქვათ, ადამიანს საეჭვო კავშირი ჰქონდა, ამის შემდეგ როდის გამოჩნდება­ ანალიზებით, არის თუ არა ინფიცირებული, და როდიდან არის ის გადამდები?

- ინფიცირებიდან უკვე გადამდებია.რაც შეხება გამოვლენას, არსებობს ახალი თაობის ტესტი, რომელშიც არის ანტიგენი ანუ თვითონ ვირუსის ნაწილაკიც და ანტისხეულიც. ასეთი ტესტით ინფიცირება დაახლოებით ორ თვეში გამოვლინდება.­ თუ მხოლოდ ანტისხეულებია, ანუ ის, რასაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ვირუსის მიმართ, მინიმუმ 3 თვე უნდა გავიდეს ტესტამდე, რომ ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაფიქსირდეს.

- ეს ტესტი ჩვენთან ხელმისაწვდომია?

- დიახ, უბრალოდ, ყველა დაწესებულებას არა აქვს. ზოგიერთი სწრაფი ტესტი მხოლოდ ანტისხეულების ტესტს ეფუძნება. ამიტომ არის საჭირო ტესტირებამდე კონსულტირება, რათა გაირკვეს პირს რაზე აქვს ეჭვი, როდის ჰქონდა საეჭვო კავშირი, რათა განისაზღვროს, რა უნდა ჩაუტარდეს, დაცდაა საჭირო თუ არა, თორემ არიან პაციენტები, რომლებიც მეორე დილით მოდიან, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტი მქონდაო და გაღვიძებისთანავე შიდსზე გამოკვლევა სურთ. ეს აბსურდია. ამიტომ სანამ ტესტი გაკეთდება, უნდა განისაზღვროს რა ტიპის ტესტირება სჭირდება პაციენტს და როდის, რათა შEეფასდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ისეთი ტესტი არ არსებობს, რომელიც მეორე დღესვე გამოაჩენს ვირუსის არსებობას. არსებობს პისიარ-ტესტიც, რომელიც ბევრად მალე გამოაჩენს ვირუსს, ვიდრე ანტიგენზე დამზადებული ტესტი, მაგრამ ის ყოველდღიურად არ ტარდება, არამედ იშვიათი გამონაკლისების დროს, როცა აუცილებლობაა. პისიარ-ტესტით ინფიცი­რება შესაძლოა 8-10 დღიდან გამოჩნდეს. შიდსის ცენტრი ამ ტესტებსაც აკეთებს, უბრალოდ, როგორც გითხარით, სკრინინგის მიზნით მასობრივად არ გამოიყენება.