ვაზიანის აეროდრომზე პარაშუტისტების დესანტი დაეშვა
ერთი-ორი პარაშუტისტის ციდან ნარნარად დაშვების ყურება ერთი სილამაზეა, მაგრამ როდესაც უზარმაზარი თვითმფრინავი რამდენიმე ათეულ პარაშუტისტს "გადმოყრის" და ისინი შენი, ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნის დედაქალაქის სიახლოვეს ეშვებიან, შეიძლება დაიძაბო კიდეც, თუკი არ იცი, ვინ არიან და რა უნდათ.
საბედნიეროდ, ამჯერად დაძაბვა და განგაშის ატეხა არ იყო საჭირო, რადგან ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის ასეულმა C-17 მრავალფუნქციური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო სწავლება გამართა საერთაშორისო სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2023"-ის ეგიდით.
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას "მტკიცე სული 2023" (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს.
Agile Spirit 2023 საწვრთნელი არეალი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. წელს მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 21 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდნენ, მათ შორის პირველად იორდანია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და იაპონია, ხოლო მონაწილე ორგანიზაციები: მრავალეროვნული დივიზია სამხრეთ-აღმოსავლეთი (MND-SE), ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის ბრიგადა (LITPOLUKR Brigade) და ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონი (MNMPBAT NATO).
წელს Agile Spirit 2023-მა უწყებათშორისი სწავლების სტატუსიც შეიძინა, რადგან სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონი დასავლეთი ნატოს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად კომბინირებულ სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებთან ერთად ფოთში, კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალში ჩაატარებს. გარდა ამისა, Agile Spirit 2023-ის ეგიდით პირველად შეფასდება მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფის (GEO-POL MNSOLTG) მოქმედება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ნატოს რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში.
Agile Spirit 2023-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება.
ასეთია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არ შეუწყვეტია საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა, როგორც ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკურ ძალა აჯერებდა საზოგადოებას. უფრო მეტიც, საქართველო მეთერთმეტედ მასპინძლობს "მტკიცე გულის" რამდენიმე ათას უცხოელ სამხედროს.
ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ სად ვუმასპინძლებთ მეთორმეტე "მტკიცე გულს" და სად დაეშვებიან პარტნიორი ქვეყნის პარაშუტისტები, თუკი... ვაზიანის აეროდრომის ადგილზე საერთაშორისო საავიაციო ჰაბი აშენდება, როგორც ამას ხელისუფლება აანონსებს?
საპარაშუტო დესანტის გადმოსხმის ადგილი კი მოიძებნება, მაგრამ ასეთი საავიაციო ჰაბის, რომელიც უეჭველად სჭირდება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ვაზიანის აეროდრომის რაიონში აშენების შემთხვევაში სამხედრო ფუნქციებს დაკარგავს არა მარტო ეს აეროდრომი (თუმცა ის თავისი მთავარი დანიშნულებით, თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენად, ფაქტობრივად, არც კი გამოიყენება ათწლეულების განმავლობაში), არამედ მისგან სამიოდე კმ-ში მდებარე ვაზიანის სამხედრო პოლიგონიც, რომელიც ძალზე მოსახერხებელია ვაზიანში დისლოცირებული ქართული ბრიგადების პირადი შემადგენლობის ყოველდღიური წვრთნა-სწავლებისთვის.