"უკრაინის "სიკვდილის ველები" - მძიმე სტატია კორუფციაზე, უხარისხო წამლებზე და უკრაინელი ჯარისკაცების ცუდ სამედიცინო მომსახურებაზე - კვირის პალიტრა

"უკრაინის "სიკვდილის ველები" - მძიმე სტატია კორუფციაზე, უხარისხო წამლებზე და უკრაინელი ჯარისკაცების ცუდ სამედიცინო მომსახურებაზე

ბრიტანული ჟურნალის The Spectator-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის „სიკვდილის ველები“: რატომ არის კრიზისული სიტუაცია წინა ხაზზე პირველი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხში“ (ავტორი - სვეტლანა მორენაცი, უკრაინელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფელი. ფრონტის ხაზი. ახლა შუაღამეა. მდუმარედ ვდგავარ სამხედრო სანიტარული ავტომანქანის ბრიგადასთან ერთად. სოფელში უკუნეთი სიბნელეა, ყოველგვარი განათება გამორთულია ან შენიღბული, რომ რუსული დრონები არ მიიზიდონ. ფელდშერებს მშვიდად მიაქვთ საკაცეები დაღუპულებითა და დაჭრილებით. ერთ-ერთ საკაცეზე ვამჩნევ უფეხო მამაკაცს, მისი კიდურები ცელოფანის პარკში დევს.

მონაცემებს ცოცხალი ძალის დანაკარგების თაობაზე უკრაინის სარდლობა არ აქვეყნებს, საიდუმლოდ ინახავს. არავინ ზუსტად არ იცის, რამდენი დაიღუპა და რამდენი დასახიჩრდა. კიევი აცხადებს, რომ რუსებთან შედარებით, ომში ბევრად მცირე რაოდენობის უკრაინელი იღუპება, ვიდრე რუსი - "დაახლოებით ათჯერ ნაკლები". ამერიკის დაზვერვის ცნობით, მინიმუმ 17 ათასი უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული, ხოლო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ სინამდვილეში მსხვერპლი 70 ათასამდეა.

მებრძოლები მიამბობენ, რომ დაღუპული უკრაინელების დიდი ნაწილი ფრონტის წინა ხაზიდან ჰოსპიტლებში გადაყვანისას, შუა გზაზე კვდება. იმიტომ, რომ ხშირად ჰოსპიტლამდე მიყვანას 5 საათზე მეტი დრო ჭირდება, არ ჰყოფნით სამედიცინო პრეპარატები, ანუ დაჭრილი ჯარისკაცი ადექვატურ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ჯარისკაცებს საუკეთესო მოვლა-პატრონობა უზრუნველყოფილი აქვთ, მაგრამ მკაცრი სიმართლე სულ უფრო რეალური ხდება: ასობით და ათასობით უკრაინელი კვდება ცუდი სამედიცინო მომსახურების გამო. არმიის უმაღლესი ჩინოსნები ამ პრობლემას იგნორირებენ - მათი ყურადღება მიპყრობილია რაც შეიძლება მეტი იარაღი შეიძინონ და არა იმისკენ, რომ დაჭრილებს დაეხმარნონ.

რასაკვირველია, მოსახლეობა არმიას ნებაყოფლობით ეხმარება - მიმდინარეობს ფულის შეგროვება, მოხალისე ფელდშერების სანიტარული ქვედანაყოფების შექმნა... ერთ-ერთი ასეთი ქვედანაყოფია სახელწოდებით „ჰოსპიტალერები“. სწორედ ისინი ეხმარებიან სამხედრო სანიტრებს დაჭრილების გამოსაყვანად, რომლებიც უახლოეს დიდ ქალაქში - დნიპროში გადაჰყავთ. მე ვუყურებ ჯარისკაცებს, რომლებიც 5 საათის წინ დაიჭრნენ, ოთხი საათი კი დნიპრომდე მიყვანას ჭირდება. არავინ იცის, მათგან რამდენი გადარჩება.

უკრაინის არმიაში ნახევარ მილიონზე მეტი ჯარისკაცი იბრძვის. დიახ, მათ ჰაერივით ჭირდებათ რაც შეიძლება მეტი შეიარაღება, ტანკები და ავიაცია. სწორედ ასეთ სიგნალს უგზავნის კიევი დასავლეთს - „მოგვეცით იარაღი და ჩვენს საქმეს ჩვენვე გავაკეთებთ“. მაგრამ იმავდროულად სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის საკითხი თითქმის უყურადღებოდაა მიტოვებული.

უკრაინის არმიის სამედიცინო სამსახური იმ ტრანსპორტის მწვავე ნაკლებობას განიცდის, რითაც დაჭრილები ჰოსპიტლებში გადაჰყავთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში ბრალი ბიუროკრატიასაც მიუძღვის. ვთქვათ, მტრის მიერ გასროლილი ჭურვი ამა თუ იმ საავადმოყოფოს (ჰოსპიტლის) სანიტარულ ავტომანქანას მოხვდა და დააზიანა, მაგრამ სანამ გამოკვლევა არ დასრულდება, ეს სატრანსპორტო საშუალება „მწყობრიდან გამოყვანილად“ არ ჩაითვლება. გამოკვლევა დროში ჭიანურდება, ავტომანქანა კი ჰოსპიტლის ბალანსზე „საღ-სალამათად“ რჩება და მის შეცვლაზე არავინ ზრუნავს. არცთუ იშვიათად სამხედრო-სანიტარული ბრიგადები თავიანთი ტრანსპორტის 80% კარგავენ, მათ კი შევსების შესაძლებლობა არ აქვთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ოფიციალურ ანგარიშებში მტრის მიერ განადგურებული ტრანსპორტი არ ფიქსირდება („ჯერ გამოკვლევა არ დასრულებულა!“). ბუნებრივია, ამ საქმეში უკრაინელი და უცხოელი მოხალისეები დიდ როლს ასრულებენ. მათ აქვთ შეწირულებებით (100 ათას გირვანქა სტერლინგად, ანუ 126 ათას დოლარად) შეძენილი ავსტრიული მობილური ჰოსპიტალ-ავტობუსი, რომელიც უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი და 33 ჯარისკაცზეა გათვლილი.

კიდევ ერთ პრობლემას კორუფცია წარმოადგენს, რომელიც უკრაინას ღრღნის. მაგალითად, უხარისხო მედიკამენტების შეძენა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ. ერთი თვის წინათ უკრაინის სამედიცინო ძალების (სამსახურის) უფროსს ვლადიმერ პრუდნიკოვს ბრალი წაუყენეს წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისათვის არასერტიფიცირებული 11 ათასი ჩინური წარმოების საველე აფთიაქის შესყიდვის გამო. საქმე იმაშია, რომ პრუდნიკოვმა საველე აფთიაქების შეძენა (1,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად - 1,9 მილიონ დოლარად) დაუკვეთა იმ კომპანიას, რომლის თანადამფუძნებელს მისი რძალი წარმოადგენს და რომელიც ცდილობდა ჩინური აფთიაქები ნატოს სტანდარტების მქონედ გაესაღებინა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ მაქინაციებისა, რომლებითაც უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება.

დაჭრილებს ძალიან ხშირად კიდურებიდან სისხლდენის შესაჩერებლად სამედიცინო ლახტები („ჟგუტები“) ჭირდებათ, მაგრამ თუ ისინი უხარისხოა, შეიძლება მომაკვდინებელი გახდეს. ფრონტის წინა ხაზზე ძალიან უჩივიან ჩინური წარმოების ლახტებს, რომლებიც ან ზედმეტად იჭიმება, ან სწრაფად წყდება. მათი შესყიდვის მიზეზი, როგორც ჩანს, ღირებულებაში იმალება: ჩინური „ჟგუტი“ 2 გირვანქა სტერლინგი ღირს, უკრაინული - 15 და ამერიკული 35 - გირვანქა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაჭრილი ჯარისკაცების ორი მესამედი სისხლის დაკარგვისაგან კვდება, ამიტომ ლახტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ფრონტის ხაზე ყოფნისას გავიცანი 24 წლის ფელდშერი ქალიშვილი, მეტსახელად „ბელკა“, რომელიც მომიყვა, თუ რა ხდება დაჭრილის გამოყვანის დროს ცეცხლის ხაზიდან: „ხშირად გვიწევს ჯარისკაცების გამოყვანა და ხოხვა ორი-სამი კილომეტრის მანძილზე. სროლა ისეთია, რომ თავს ზემოთ ვერ ასწევ, იქ სანიტარული მანქანის გავლა შეუძლებელია“.

ზოგიერთი მედიცინის მუშაკი წამლებს საკუთარი ხელფასიდან ყიდულობს, თუმცა ჩვეულებრივი ექიმის ჯამაგირი დაახლოებით 300 გირვანქა სტერლინგია (379 აშშ დოლარი), მედდისა კი ორჯერ ნაკლები. ბოლო დროს სიტუაცია იმდენად გაუარესდა, რომ დნიპროს საავადმყოფოებში ექიმებმა ანტიბიოტიკების, ანალგეტიკების, მარლის, ბინტისა და რეზინის ხელთათმანების შესაძენადაც კი ფულის შეგროვება დაიწყეს. და როცა მედიცინის სფეროში ასეთი სატირელი მდგომარეობაა, ბიუჯეტიდან ყოველთვიურად იარაღის შესასყიდად სამი მილიარდი გირვანქა სტერლინგი იხარჯება.

ვესაუბრები ერთ-ერთი სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელს იური კუბრუშკოს. მისი თქმით, ომის დაწყებამ თავიდანვე სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის უკმარისობა გამოიწვია, მაგრამ სიტუაცია დღემდე არ გაუმჯობესებულა. პრობლემები მიჩუმათებულია. "იტყვი რაიმე კრიტიკულს და იმავ წუთს უკრაინის არმიის ავტორიტეტისა და სახელის გატეხვის მცდელობას დაგაბრალებენ. საწყობებში ბევრია უხარისხო მედიკამენტი, რომლებიც არავინ არ იცის, ვინ რა ფულით და რა დანახარჯებით შემოიტანა".

როცა ამას წინათ ცნობილი გახდა, რომ კიევის საწყობებში შენახულ დასავლეთის მიერ გასულ წელს უკრაინისათვის გადაცემულ მედიკამენტების 15%-ს ვადა გაუვიდა, ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უკრაინის არმიის სამედიცინო ძალების (სამსახურის) წარმომადგენლის განცხადებით, ყველაფერს შევამოწმებთ და დამნაშავეები დაისჯებიანო, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. ისინი, ვინც შექმნილი სიტუაცია უნდა გააკონტროლოს და შეამოწმოს, აბსოლუტურად არასპეციალისტები არიან. შესაბამისად, ისინი უფროსების მითითებებს ასრულებენ, მათი ანგარიშები გაყალბებულია და ისე გამოდის, რომ ყველაფერი კარგად არის, მედიკამენტები და მედტექნიკა საკმარისია. მაგრამ თუ ფორმალურად არავითარი დეფიციტი არ არის, მაშინ რატომ ითხოვს უკრაინა სულ უფრო მეტ სამედიცინო მოწყობილობებს?

ტატიანა ოსტაშენკომ, უკრაინის სამედიცინო ძალების ახალმა უფროსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ [კრიტიკის დროს] გასათვალისწინებელია ის უპრეცედენტო სიტუაცია, რომელშიც უკრაინა იმყოფება და რომ არცერთ დასავლურ სახელმწიფო არ მდგარა ისეთი პრობლემების წინაშე, როგორის წინაშეც კიევი დგას. მას დაავალეს, რომ წინა ხაზზე შექმნილი სიტუაციის ანგარიში ორ კვირაში წარედგინა, მაგრამ ორიც გავიდა და სამიც, ჯერ-ჯერობით არაფერი ჩანს. "თუ ჩვენდამი კრიტიკას ობიექტურად და კონსტრუქციულად ჩავთვლით, დაუყონებლივ რეაგირებას მოვახდენთ", - ამბობს ოსტაშენკო, რომელიც, როგორც ჩანს, თვითონ განსჯის, არის თუ არა კრიტიკა ობიექტური.

უკრაინელ მედიკოსებს ხშირად ხელში იარაღის აღება უწევთ. „რა თქმა უნდა, ვერ იტყვი იმას, რომ მედმუშაკი ვარ და იარაღს არ გავისვრი. ყველა ისვრის. როცა ბრძოლა მთავრდება, იწყებ დაჭრილების გამოყვანას და პირველ დახმარებას უწევ“, - ამბობს 27 წლის უფროსი სამხედრო ფელდშერი, რომელმაც სამედინო მომზადება დიდ ბრიტანეთში გაიარა და ახლა იმ დავას იხსენებს, რომელიც ბრიტანელ ინსტრუქტორთან მოუვიდა: „კურსი ეხებოდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილებისათვის დახმარების გაწევას, მაგრამ უკრაინაში ნაღმები და ჭურვები ჯარისკაცებს ფეხებს და ხელებს აგლეჯენ, ჩვენ ნაწილების პოვნა გვიხდება, თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს არ უთავსდება“. მისი თქმით, რუსული არტილერია უკრაინის არმიის მედსანნაწილებს ხშირად ბომბავს: "ვლადიმერ ზელენსკის ავტომანქანა რომ წინ მიდიოდეს და უკან მას ჩვენი მანქანა მისდევდეს, რუსები, ალბათ, უპირველესად ჩვენ დაგვბომბავენ - იმიტომ, რომ მედიკოსები ჯარისკაცების სიცოცხლეზე ვზრუნავთ".

რა თქმა უნდა, ომში უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ჯარის მოქმედებით იღუპებიან, მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ უკრაინის ხელისუფლების უყურადღებობა სამხედრო მედიკოსების მიმართ ცოცხალი ძალის უფრო მეტ მსხვერპლს იწვევს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: