ვინ დაამხობს პუტინს და როგორი იქნება რუსეთის დიქტატორის აღსასრული?! - გია ხუხაშვილის პროგნოზი - კვირის პალიტრა

ვინ დაამხობს პუტინს და როგორი იქნება რუსეთის დიქტატორის აღსასრული?! - გია ხუხაშვილის პროგნოზი

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი ლოგიკური შესაძლებლობა­ პუტინის დასუსტებაა იმდენად, რომ დაინგრეს­ მისი უძლეველობის მითი, რაზეც დგას სისტემა", - ამბობს ანალიტიკოსი­ გია ხუხაშვილი და პრიგოჟინის მოსკოვზე მარში ამისკენ გადადგმულ პირველ სერიოზულ ნაბიჯად მიაჩნია, - ეს გზავნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც პოტენციურად შეუძლია მონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალებაში - " არ გაბედოთ განძრევა, ყველას მოგწვდებითო. მეორე მხრივ, ისტორიული კანონზომიერებაა, როდესაც სისტემა ასეთ ქმედებებზე გადადის, ეს მისი ბოლო აგონიური გაბრძოლებაა, რაც უცილობელი კრახით დასრულდება"., - აღნიშნავს ანალიტიკოსი. როგორ წარმოუდგენია პუტინის დასუსტება, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ საქმეში ლიდერების გარეშე დარჩენილ "ვაგნერელებს", რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია პუტინის რეჟიმის ჩანაცვლება და ვისთან ითანამშრომლებს დასავლეთი, ამ საკითხებზე გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- პუტინის რეჟიმი სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია, როდესაც ომი დროში იწელება, საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ამ მხრივ დიდი უპირატესობა კოლექტიურ დასავლეთს აქვს. რუსეთი, ადრე თუ გვიან, აუცილებ­ლად დამარცხდება, მაგრამ მანამდე ჯერ დიდი დროა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს ატომური იარაღი აქვს და წითელ ღილაკზე თითის დაჭერა შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთს აქცენტი რუსეთის ხელისუფლების შიგნიდან­ შეცვლაზე, ანუ პუტინის დამხობაზე აქვს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ამ ქვეყანაში მისიონისტური განწყობის შეცვლა. ასეთ შემთხვევაში ომი გაცილებით მალე, ნაკლები დანაკარგი დასრულდება. ამის შანსი დიდია, ამაზე მეტყველებს ისტორიული კანონზომიერება.

პუტინი მისიონისტია, ძალაუფლების­ შესანარჩუნებლად ხალხს არწმუნებს, რომ თითქოს რაღაც მისიის მატარებელია. მართლაც, მის ირგვლივ სერიოზული კონსოლიდაციაა როგორც საზოგადოების, ასევე ელიტის. იმისათვის, რომ პუტინის გარშემო არსებული განწყობა შეიცვალოს, საჭიროა მისი უძლეველობის მითის დამსხვრევა. ამ ამბავში კარგი ის არის, რომ როგორც კი მითოლოგიური ლიდერი სისუსტეს გამოავლენს, პროცესები ფორსირებულად ვითარდება. როგორც კი უკრაინა პირველ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რუს საზოგადოებაში მაშინვე დაიმსხვრევა პუტინის უძლეველობის მითი და დაიწყება შიდა გადატრიალება ამა თუ იმ ფორმით. მაინცდამაინც რევოლუციას არ ვგულისხმობ, შეიძლება შიდა კარის გადატრიალებ­ა იყოს. ასეთი ამბავი არაერთხელ მომხდარა­ ისტორიაში, ეს კანონზომიერებაა. სხვათა შორის, პრიგოჟინის მარში მოსკოვზე ამის ერთ-ერთი სიმპტომია. პუტინმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომაც დასაჯა (მაღალი ალბათობით).

პრიგოჟინის დასჯა ერთგვარი გზავნილია რუსული ელიტისთვის, პუტინმა მათ მიანიშნა, რომ მსგავსი რამ არ გაბედონ, თორემ ყველას მისწვდება, ყველას გაანადგურებს! შეიძლება ითქვას, პუტინის ეს გზავნილი აგონიის შედეგია. წესით, მან უნდა იცოდეს, რომ ბოთლიდან გამოშვებულ ჯინს უკან ვეღარ ჩააბრუნებს.

ფაქტია, პუტინმა სისუსტე გამოავლინა. იცით, პრიგოჟინის მარში როდის დაიწყო? როდესაც უკრაინამ კონტრშეტევის დაწყება გამოაცხადა. კონტრშეტევა მხოლოდ გამოცხადდა, მოქმედება ჯერ არც იყო დაწყებული, რომ რუსეთში უკვე დაიწყო შიდა რყევები _ ელიტაში ურთიერთობები დაიძაბა, რასაც პრიგოჟინის მარში მოჰყვა. ჩემი აზრით, პუტინის ირგვლივ წრე უფრო და უფრო ვიწროვდება, მგონი, არც ისე შორს ვართ იმ დღისგან, როდესაც თავად რუსები გამოუტანენ განაჩენს. ეს იქნება ომის დასასრულის დასაწყისი, რაღაც შეთანხმებები დაიწყება.

- რა გაძლევთ საფუძველს,­ რომ პუტინის გზავნილი არ იმუშავებს და პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტა არ შეშინდება?

- აუცილებლად შეშინდება, მაგრამ შიში ეპიზოდური ემოციაა. შეშინებული ადამიანი ერთხანს ყუჩდება და მერე გადარჩენაზე იწყებს ფიქრს. ე.ი. თან შეშინდებიან და თან მიხვდებიან, რომ მშვიდად ვეღარ იცხოვრებენ. შესაბამისად, მომენტს დაელოდებიან და როგორც კი საშუალება მიეცემათ, მოქმედებაზე გადავლენ. ვფიქრობ, ეს დრო შორს აღარ არის - ერთი ან ორი წლის განმავლობაში რუსეთში აუცილებლად იქნება შიდა გადატრიალება.

- შეშინებული და ჩასაფრებული ელიტები ვის დაეყრდნობიან, როდესაც პუტინს ოპოზიციური ველი მთლიანად მოსუფთავებული აქვს?

- დიახ, რუსეთში ოპოზიციური ველიც მოსუფთავებულია და პოლიტიკური­ პროცესიც ჩამკვდარია, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოცოცხლდება. პუტინს ბოლოს თავისივე გარემოცვა მოუღებს.

- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, პუტინის გარემოცვიდან ვიღაცებს სწორედ დასუსტებული პუტინი აწყობთ, რათა პროცესები კულუარებიდან მართონ.

- მე გამოვრიცხავ ამ ვერსიას. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ რუსული ელიტის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალება ომის დასრულებაა, ომი კი არ დასრულდება, ვიდრე პუტინი ცოცხალია. შესაბამისად, პუტინის ფიზიკური განადგურება ერთადერთი გამოსავალია.

- რუსი პოლიტიკოსების ნაწილი, "ვაგნერის" ზოგიერთი წევრიც ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში პრიგოჟინი აფეთქებულ თვითმფრინავში არ მჯდარა. მართლაც, უცნაურია ისეთ გამოცდილ ადამიანებს, როგორიც პრიგოჟინი და უტკინია, უსაფრთხოების ზომები არ მიეღოთ და თვითმფრინავით ერთად ემგზავრათ, მით უფრო, როდესაც პუტინის შურისძიებას ძალიან ბევრი ექსპერტი პროგნოზირებდა.

- რომც არ ყოფილიყვნენ პრიგოჟინი­ და უტკინი თვითმფრინავში, მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია, პოლიტიკურად ორივე განეიტრალებულია. გარდა ამისა, ჩვენ ზოგჯერ დიდი წარმოდგენა გვაქვს პოლიტიკურ თუ სამხედრო ელიტაზე. სინამდვილეში ბევრი მათგანი, მათ შორის შოიგუ და უტკინი, მარტივი ფსიქოლოგიის ადამიანები არიან. პუტინს ბიზანტიური პოლიტიკა მოსწონს, მან დაამშვიდა ეს ხალხი, დაარწმუნა, რომ ხელშეუხებლები იქნებოდნენ და როცა დრო დადგა, "მიხედა".

პრიგოჟინისა და უტკინის მკვლელობა პუტინის მიზანი კი არა, საშუალება იყო. ეს ხალხი მისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, სამაგალითოდ, სხვების გასაფრთხილებლად დასაჯა, ელიტას დაემუქრა. ჩემი აზრით, პუტინმაც იცის, რომ ეს გზავნილი საბოლოოდ ვერ გადაარჩენს, უბრალოდ, დროის მოგებას ცდილობს.

- რატომ არ შეიძლება ავიაკატასტროფა­ შოიგუს შურისძიებად განვიხილოთ? საფრანგეთში დევნილის სტატუსით მცხოვრები მარატ გაბიდულინი, რომელიც ერთ დროს "ვაგნერის" ­ გავლენიანი მეთაური და პრიგოჟინის პირადი თანაშემწე იყო სამხედრო საკითხებში,­ ამბობს­, რომ ევგენის ასეთი დასასრული პუტ­ინის ინტერესებში არ შედიოდა, რადგან მისი სიკვდილით აფრიკაში რუსეთის ინტერესებს დიდი ზიანი მიადგა. ის ამ ამბავში შოიგუს ინიციატივას უფრო ხედავს, ამბობს, რომ პრიგოჟინი მხოლოდ შოიგუს კი არა, მის ოჯახს, განსაკუთრებით სიძეს უპირისპირდებოდა.

- მე ამას შოიგუს დონემდე არ დავიყვანდი, მიუხედავად იმისა, რომ მეფის კარზე გავლენიანი პირია. არც პრიგოჟინი იყო პაიკი და მის ბედს შოიგუ საკუთარი ინიციატივით ვერ გადაწყვეტდა.

- რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულს, თქვენ საკმაოდ ოპტიმისტური სცენარი გაქვთ, მაგრამ ბოლო დროს დასავლელ ლიდერებს შორის ძველებური ერთსულოვნება აღარ შეინიშნება. ცოტა ხნის წინ განიხილებოდა ვერსია, რომლის მიხედვითაც უკრაინას დაუყოვნებლივ გააწევრებენ ნატოსა და ევროკავშირში ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ.

_ კი, არის ასეთი საუბრები, მაგრამ ეს ყველაფერი ჭადრაკის თამაშივითაა. ყველა ვერსიაა, რაც რეალურ სტრატეგიებად არ უნდა განვიხილოთ. ეს ყველაფერი იმიტაციაა დიდი ბოლის დასაყენებლად. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ატომურ ტრიადას ფლობს, დასავლეთი ფრთხილობს _ ერთი მხრივ, ყველაფრის­ სწრაფად დასრულებას ცდილობს, მაგრამ, მეორე მხრივ, პროცესების ფორსირებას ერიდება. პუტინს ილუზიას უქმნის, რომ რადიკალური ნაბიჯების გადამდგმელი არ არიან. პუტინმა თუ ომის წაგების საფრთხე დაინახა, სავარაუდოდ, ტაქტიკურ-ატომურ იარაღს გამოიყენებს. ამიტომაც ეთამაშებიან კატათაგვობანას და სხვადასხვა ვერსიას არჩევინებენ ყურადღების გადასატანად.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ტერიტორიებისთვის გამართული ომი კი არა, გლობალური დაპირისპირებაა მსოფლიოში ახალი პოლიტიკური წესრიგის შესაქმნელად. წესით, ახალ დღის წესრიგში რუსეთის როლი ან საერთოდ აღარ უნდა იყოს, ან იქნება ძალიან მოკრძალებული.

- ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით­ ჯერ კიდევ შარშან გაიმართა შეხვედრა თურქეთში ამერიკისა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის, სადაც მოსკოვი მკაცრად გააფრთხილეს, რომ მცირე მოძრაობასაც კი რუსეთისთვის სავალალო შედეგი მოჰყვებოდა.

- კი, მაგრამ რისკი მაინც არსებობს. თუ პუტინი დაინახავს, რომ მისი ძალაუფლება და სიცოცხლე საფრთხეშია, ამერიკელების გაფრთხილებას ფასი დაეკარგება.

- ზოგიერთ თქვენს კოლეგას ასეთი აზრიც აქვს, რომ დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკას, სულაც არ აწყობს რუსეთის მთლიანად დაშლა თუნდაც იმ მოტივით, რომ ერთ ხელში თავმოყრილი ბირთვული იარაღის გაკონტროლება უფრო იოლია.

_ დიახ, ეს პრობლემა ნამდვილად არის, როდესაც ატომური იარაღი ერთი ქვეყნის ხელშია, ეს ბალანსირების საშუალებას იძლევა. მართლა ცუდი წარმოსადგენია დანაწევრებული რუსეთი, სადაც ყველა ოლქს თავისი ატომური იარაღი ექნება. ეს კატასტროფის ტოლფასია. ბუნებრივია, დასავლეთს არ აწყობს რუსეთის ბოლომდე დაშლა, უფრო მის დასუსტებაზე აქვს აქცენტი გაკეთებული. ამისთვის კი საჭიროა პუტინის უძლეველობის მითის დანგრევა, შიდა გადატრიალების მოწყობა და მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლების ფორმირება, რომელიც, ერთი მხრივ, შეძლებს რუსეთის ერთიანობის შენარჩუნებას, მეორე მხრივ, რეალისტურ მოლაპარაკებას გამართავს უკრაინასთან. ამ სცენარის განვითარება ნამდვილად შესაძლებელია.

- მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ძალებში ვის მოიაზრებთ?

- ახლა ამის თქმა რთულია, მაგრამ ასეთი ძალების მოძიება შესაძლებელია სამხედრო ან ოლიგარქიულ წრეებში. დღეს რუსეთში პუტინის თანაზომადი, ქარიზმატული ლიდერი არ ჩანს.

- ასეთი სცენარის შემთხვევაში, დასავლეთი რუსეთთან მხოლოდ უკრაინის შესახებ ილაპარაკებს, საქართველო არ განიხილება?

- არა მგონია, პირველ ეტაპზე ვინმეს საქართველო გაახსენდეს. თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასუსტებულ რუსეთთან ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის პერსპექტივა გაცილებით რეალურია.

- რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეას შეიძლება ხორცი შეესხას, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

- მედვედევს სჩვევია მუქარანარევი განცხადებები, ის ვერ აცნობიერებს რეალობას. სამწუხაროა, რომ ამ განცხადებას ოფიციალური თბილისის შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია, "ქართული ოცნების" ლიდერები ენაჩავარდნილი დადიოდნენ.

- ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მედვედევის განცხადებას და აღნიშნა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმურია.

- ინსტიტუციური დომხალი დამახასიათებელია ჩვენი ხელისუფლებისათვის. რა შუაშია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რატომ უნდა პასუხობდეს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს პოლიტიკურ საკითხზე? საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მაინც ეპასუხა. კიდევ კარგი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვიან, მაგრამ მაინც, შეჯანჯღარების შემდეგ რაღაც მაინც ამოღერღა. ჩვენი ხელისუფლება თავადაც დიდ აბსურდშია და ჩვენც აბსურდში გვაცხოვრებს.

ნახეთ, რა გააკეთეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიყურსნენ, წესიერადაც არ მიულოცეს და მერე სისულელეები თქვეს, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართო. მე ცალმხრივი სიყვარული ვიცი, მეგობრობა კი არა. ფაქტია, ჩვენ უკრაინასთან სერიოზული პრობლემები გვაქვს. ამ ამბავს ცოტა მეტი სერიოზულობით უნდა შევხედოთ, უკრაინა დღეს არის ქვეყანა, რომელიც დღეს დასავლური პოლიტიკის ტრენდს ქმნის და მისი სიტყვის წონა ძალიან მაღალია. შესაბამისად, უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესს აზარალებს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)