"გეოლოგების რეკომენდაციით, მოხდება შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ არსებული ხევის კალაპოტის გაწმენდა, რათა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი"
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესების შესწავლა გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება.
„აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა შედარებით დიდი მოცულობის გრუნტის მასის ჩამოშლას, თუმცა, ჩამოშლილ მასას უშუალოდ მონასტრის ტერიტორიამდე არ ჩამოუღწევია.
გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გაცემული რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნული კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი“, - განაცხადა გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ, რომელიც გეოლოგების ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.
ასევე, სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა მოხდეს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ხევის მიმდებარედ გადაადგილების შეზღუდვა ვიზიტორებისა და მომლოცველებისათვის.
ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.
გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
ქურციკიძის განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვები ხევის კალაპოტისკენ დაწესდება, რომელიც, როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ტურისტებს შეეხებათ. მისივე თქმით, უახლოეს საათებში, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
„ყველაფერი დაკვირვების პროცესშია. რა თქმა უნდა, კვლევა გაგრძელდება. ვაკვირდებით, შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებებს ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. დაცლის საშიშროება ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გარკვეული შეზღუდვა უნდა მოხდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ხევი ჩამოდის და სწრაფად უნდა დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები“, - განაცხადა ქურციკიძემ.
IPN