კონტრშეტევას ხელს... ბალახიც უშლის...
რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანალიტიკურმა სამსახურმა მორიგი ინფორმაცია გაავრცელა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე, სადაც ბრიტანელმა მზვერავებმა განსაკუთრებით გამოჰყვეს, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში, დიდი ბალახის გაზრდის გამო, უკრაინის კონტრშეტევებს დამატებითი პრობლემები შეექმნათ...
ბრიტანელების ამ დასკვნაზე მაშინვე დაცინვა დაიწყეს რუსული სამხედრო პროპაგანდის ბლოგერებმა - უკრაინულ ტანკებს შეტევაზე გადმოსასვლელად ხან წვიმა უშლით ხელს და ხანაც, თურმე, გაზრდილი ბალახიო...
მართლაც, იქნებ ცოტა დაუჯერებლად მოჩანს, როგორ უნდა შეუშალოს ხელი ან წვიმამ და, მით უმეტეს, ბალახმა იმ ტანკების შეტევას, რომლებსაც სახლის კედლის განგრევაც კი შეუძლიათ?
სინამდვილეში კი საქმე ცოტა სხვაგვარადაა...
წვიმიანი სეზონის დროს ატალახებული გრუნტი ხშირად მართლაც უდიდეს დაბრკოლებად იქცევა არა მარტო მაღალი გამავლობის ბორბლებიანი ტექნიკისთვის, არამედ, თვით მუხლუხებიანი ტანკებისთვისაც კი და ამაში ახალი არაფერია...
მაგრამ, ბალახმა მაინც როგორ უნდა შეაჩეროს ტანკი?
შემდეგნაირად: იქ, სადაც დღეს ფრონტის ხაზი გადის, უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ ნაწილში, ათწლეულების განმავლობაში მილიონობით ტონა ხორბალი, სიმინდი და მზესუმზირა მოჰყავდათ და სავარგულებს ყოველწლიურად ხნავდნენ დათესვის წინ, შესაბამისად, იქ სარეველა ბალახი აღარ ამოდიოდა.
ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, წლევანდელ გაზაფხულზე, ამ მინდვრების მოსახნავად და მოსავლელად არავის ეცალა, ვინც მინდორში შესვლა გაბედა, ან ტრაქტორი აუფეთქდა ნაღმებზე, ან - მანქანა.
შესაბამისად, მოუვლელ სავარგულებს სარეველა ბალახი დაეპატრონა და ისე გაიჯეჯილა, რომ იქ ადამიანიც კი იფარება, ფეხით სიარულის დროს, რაც ერთი შეხედვით, პირიქით, ძალზე მომგებიანი უნდა იყოს კონტრიერიშზე გადასული უკრაინული არმიის მოიერიშე ჯგუფების მებრძოლებისთვის, რადგან რუსი ოკუპანტების სანგრებს შეუძლიათ ისე ფარულად მიუახლოვდნენ, რომ მოწინააღმდეგემ ბოლო მომენტამდე ვერ აღმოაჩინოს...
თუმცა, მთლად ასეც არ არის, რადგან ორივე მხარე საბრძოლო მოქმედებების რაიონის მუდმივად დასაზვერად მასობრივად იყენებს ვიდეოკამერიან დრონებს, მათ შორის, თბოვიზორული კამერებით, რაც ადამიანის სხეულის სითბოს უკუნეთ ღამეშიც კი აღმოაჩენს და შეუმჩნევლად მიპარვა მოწინააღმდეგის სანგრებამდე ძალიან ძნელია...
ეს, რაც შეეხებოდა იერიშზე გადასულ ქვეითებს, მაგრამ უკრაინულ ტანკებს რა პრობლემას უქმნის კარგად წამოზრდილი სარეველა ბალახი?
საქმე ის არის, რომ გაზაფხულამდე, სანამ ეს სარეველა ბალახი გაზრდას დაიწყებდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, თავდაცვის ზღუდეების აგებისას, მის წინ მიმდებარე ტერიტორიები უხვად დანაღმეს ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით...
პროფესიონალი მენაღმე ისე აკურატულად, ოთხკუთხედად ამოჭრის გრუნტს, მის ქვეშ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ჩადებს, საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანს და ზემოდანაც ისე „ლამაზად“ დააფარებს და შენიღბავს მოჭრილი გრუნტის ამ ნაჭერს, რომ ვიზუალურად თითქმის შეუძლებელია დანაღმვის ამ კონკრეტული ადგილის გამორჩევა.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასე კარგად შენიღბული დანაღმვის ადგილზე თვეების განმავლობაში 1,5 მ-მდე სიმაღლის სარეველა მცენარეები გაიზარდა, როგორ უნდა განაღმო ხელით ეს ტერიტორია, ჯერ უნდა გათიბო?
რა თქმა უნდა, არსებობს ტრალითა და დისტანციურად განაღმვის მეთოდები, მაგრამ როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ტრალით განაღმვა ძალიან ნელი სიჩქარით მიმდინარეობს, რაც მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს, ტრალიანი ტანკი და მის კუდში მიმყოლი სხვა ჯავშანტექნიკა გამიზნული საარტილერიო ცეცხლით და შვეულმფრენებიდან გაშვებული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით შორი მანძილიდან გაანადგუროს.
დისტანციურად განაღმვა, როდესაც დანაღმული ველისკენ სარაკეტო ძრავის საშუალებით ასაფეთქებელი ნივთიერებით გამოტენილი მრავალმეტრიანი „ძეხვი“ მიფრინავს, მიწაზე ეცემა, შემდეგ დეტონირდება და მიწაში ჩადებულ ნაღმებს ან აფეთქებს, ან მექანიკურად ამტვრევს. ბევრად მისაღებია, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, დისტანციური განაღმვის მანქანების ნაკლებობაცაა და ღმერთმა არ ქნას, მოწინააღმდეგემ ამ მანქანას მოარტყას ასაფეთქებლიანი „ძეხვის“ სტარტამდე... ის საშინელი ძალით დეტონირდება და ეკიპაჟს გადარჩენის ელემენტარულ შანსსაც კი არ უტოვებს.
კონტრიერიშების დასაწყისში, როდესაც უკრაინის არმიამ ჯავშანტექნიკაში საგრძნობი დანაკლისი განიცადა, უკრაინის გენშტაბი ახალ ტაქტიკაზე გადავიდა ქვეითი საიერიშო ჯგუფების გააქტიურების მხრივ, რამაც როგორც ხედავთ, თავისი შედეგი გამოიღო და რუსი ოკუპანტების თავდაცვის პირველი ხაზი რობოტინესთან გარღვეულია, მაგრამ რუსული ნაღმებიდან მომდინარე დიდი საფრთხე არსად გამქრალა, მით უმეტეს, თუკი მათზე... მაღალი სარეველა ბალახია ამოსული...