"ბევრ ოჯახში ბიჭებს არასწორად ზრდიან. გოგოს მამა ვარ და სულაც არ მინდა, ჩემს შვილს ისეთი მეუღლე ჰყავდეს, რომელიც მის უფლებებს დააკნინებს" - გოგა ჩანადირი ურთიერთობებსა და გენდერულ თანასწორობაზე
"ოჯახი ადამიანს ხელს არ უშლის, პირიქით, ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდე და სიმყუდროვე შემოაქვს. პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდებს დროის მართვა უჭირთ"
ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ნამუშევრები ყოველთვის ორიგინალური და გამორჩეულია. როდესაც მის ფოტოებს ნახულობ, ძალაუნებურად გახსენდება ცნობილი ფოტოგრაფის - ბრუნო ბარბის სიტყვები - "ფოტოგრაფია ერთადერთი ენაა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში ესმით".
გოგა ჩანადირი ისეთ თემებზე გვესაუბრება, რომელიც მსოფლიოს ყველა წერტილში ესმით და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია:
- ჩემს თავს ფოტოჟურნალისტად მივიჩნევ, რადგან ფოტოგრაფიაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი: თავდაპირველად, ფოტოებს ჩემი სტატიებისთვის ვიღებდი, თანდათან ჩავუღრმავდი ფოტოგრაფიის არსს, მის მნიშვნელობას და ამ საქმემ ძალიან გამიტაცა. ამიტომაც ვამბობ, რომ თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ, ეს საქმე სპეციალურად არსად მისწავლია.
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ ფოტოგრაფმა გამორჩეული, ორიგინალური ფოტოები გადაიღოს?
- ბანალური ფრაზა უნდა ვთქვა - ამისათვის შრომაა საჭირო. საერთოდ, შრომა ნებისმიერ სფეროში უმთავრესია, შეიძლება ადამიანი ძალიან ნიჭიერი იყოს, მაგრამ თავისი ნიჭი უაზროდ გაფანტოს. ეს უბრალო, მარტივი ჭეშმარიტება ყოველთვის კარგად მქონდა გაცნობიერებული, ამიტომ ძალიან ბევრს ვშრომობდი - დავდიოდი, ახალ, საინტერესო ადგილებს ვეძებდი და ვიღებდი... ჩემი ფოტოები სწორედ ასე მომიგროვდა. ძალიან მაინტერესებს ცხოვრებისეული, ყოფითი დეტალები: როგორ იცვამენ ადამიანები, როგორ სწყინთ და როგორ უხარიათ, როგორ აღნიშნავენ დღესასწაულებს, ქორწილებს თუ დაბადების დღეებს - სწორედ ამგვარ, ბუნებრივ გარემოში შეიძლება დაიჭირო ყველაზე საინტერესო, გამორჩეული წამი, გაელვება, რომელიც ფოტოგრაფიაში ასე მნიშვნელოვანია. მომწონს, რომ სოციალურმა ქსელებმა ჩვენს საქმეს ახალი შესაძლებლობები შესძინა და ფოტოგრაფია კიდევ უფრო პოპულარული გახადა.
- როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და დატვირთულ სამუშაო რეჟიმს? - ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოჯახის შექმნას იმიტომ არ ჩქარობს, რომ თავის კარიერაზეა გადართული.
- მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ: ოჯახი ადამიანს ხელს არ უშლის, პირიქით, ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდე და სიმყუდროვე შემოაქვს. უბრალოდ, ადამიანებს დროის სწორად მართვა უნდა შეეძლოთ. ყველაფრის მოსწრება შეიძლება. დატვირთული სამუშაო კი არ არის პრობლემა - პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდებს დროის მართვა უჭირთ. ოჯახს ჩვენს ცხოვრებაში თავისი ადგილი უჭირავს, პროფესიას - თავისი და ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის. მით უმეტეს, ფოტოგრაფია, რომელიც თვითრეალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა. თქვენი დაკვირვებით, რა არის ამის მიზეზი?
- ალბათ ის, რომ ოჯახს ნაუცბადევად ქმნიან. წყვილები ხშირად ერთმანეთს კარგად არ იცნობენ და ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ნაჩქარევად დგამენ. ჩემი აზრით, ანგარებით შექმნილი ოჯახებიც ვერ უძლებენ ცხოვრებისეულ სირთულეებს. აღარაფერს ვამბობ გარიგებით და მოტაცებით შექმნილ ოჯახებზე: ჩემი აზრით, მოტაცებით შექმნილი ოჯახებიც მყიფეა და ცხოვრებისეულ გამოცდებს ბევრმა ვერ გაუძლო. თუმცა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც, საქართველოში ოჯახები ინგრევა.
- რა მიზეზს გულისხმობთ?
- ის, რომ ბევრ ოჯახში ბიჭებს არასწორად ზრდიან: მათ თავიდანვე უნერგავენ აზრს, რომ ოჯახში დომინანტი მამაკაცია, რომ ისინი ოჯახის უფროსები იქნებიან, რაც ქალის როლს აკნინებს და მის დამოუკიდებლობას წინასწარ ზღუდავს. გაცილებით კარგი სიტუაციაა ისეთ ოჯახებში, სადაც ცოლიც და ქმარიც თანასწორუფლებიანია, სადაც ფუნქციები თანაბრად ნაწილდება და ორივე უფროსია - მამაკაციც და ქალიც. ვფიქრობ, რომ ასეთ ოჯახში ურთიერთობები თავისთავად ლაგდება. ამიტომ, ძალიან ბევრ ოჯახში არსებული პრობლემები არასწორი აღზრდის ბრალია. მე გოგოს მამა ვარ და სულაც არ მინდა, ჩემს შვილს ისეთი მეუღლე ჰყავდეს, რომელიც მის უფლებებს დააკნინებს. ჩემი სურვილია, საქართველოში ქალის უფლებები დაცული იყოს და ჩვენი შვილები მავანთა არასწორი წარმოდგენების გამო არ დაიჩაგრონ. ამიტომ, მათ უნდა ვასწავლოთ, რომ ქალს ოჯახში ისეთივე უფლებები აქვს, როგორც მამაკაცს.
- თუმცა, ე.წ. ტრადიციულ ოჯახებში, ასე არ არის და ქალი იჩაგრება...
- ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩემი აზრით, ეს არ არის ქართული ტრადიცია. სიტყვა "მეუღლეც" ადასტურებს, რომ ოჯახური უღელი ორივემ თანაბრად უნდა ატაროს. წარმოიდგინეთ, უღელში ერთს უფრო დიდი ტვირთი რომ ჰქონდეს, ვიდრე მეორეს, რა მოხდება. ჩემი აზრით, ქალის საქმე და კაცის საქმეც არ არსებობს, ორივემ თანაბრად უნდა იზრუნოს ოჯახსა და შვილებზე, რაღაც როლები შეიძლება იყოს გადანაწილებული, რასაც ჩვენი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებები განაპირობებს, მაგრამ მე პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მამაკაცი მეუღლეს საოჯახო საქმეში დაეხმაროს.
ჩემს შვილსაც ვასწავლი, რომ ოჯახში პასუხისმგებლობა ცოლსა და ქმარს თანაბრად ეკისრება. სამწუხაროდ, როდესაც ქმარს ჰგონია, რომ ოჯახის უფროსი თვითონაა და მისი მეუღლე მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, ასეთ ოჯახში ყოველთვის გაუგებრობა და პრობლემები ჩნდება.
- პრობლემებს ვინ დაეძებს, როცა ყოფილ ცოლებს კლავენ იმის გამო, რომ ახალი ცხოვრების დაწყება გაბედეს?
- ეს ჩემთვის წარმოუდგენელი სისასტიკე და უსამართლობაა - სხვა რა უნდა ვთქვა?! უსამართლობაა ისიც, როდესაც მშობლები მთელ ქონებას ბიჭს უტოვებენ, გოგოს კი, ბედის ანაბარად ტოვებენ. ესეც მოძველებული შეხედულებაა. კარგია, რომ ბოლო წლებში, ეს შეხედულება თუ ტრადიციაც შეიცვალა სიმართლე ისაა, რომ მშობლების ქონება თანაბრად ეკუთვნის გოგოსაც, ბიჭსაც, ნაბოლარა თუ პირველ შვილსაც - კანონებიც ამას ადასტურებს.
- არ ფიქრობთ, რომ ფემინისტების მხარდაჭერას დაგაბრალებენ?
- ფემინიზმი მისაღებია თუ ის ქალის და კაცის თანასწორობას ქადაგებს, მაგრამ თუ ამბობს, რომ ოჯახში უპირატესი ქალია, ან მამაკაცია, ამ მოსაზრებას მხარს ვერ დავუჭერ. ვერც იმას დავეთანხმები, რომ ქალი კარიერას არ უნდა გადაჰყვეს და ოჯახს უფრო დიდი დრო უნდა დაუთმოს. შეიძლება ცოლსაც და ქმარსაც დატვირთული სამსახური ჰქონდეს, მაგრამ მაინც ნორმალური, აწყობილი ოჯახი ჰქონდეთ, რადგან შვილების აღზრდაში ძიძა, ბებია, ან სხვა ოჯახის წევრი დაიხმარონ. 21-ე საუკუნეში ბევრმა ქალმა დაამტკიცა, რომ შეიძლება მამაკაცს ნებისმიერ საქმეში აჯობოს. მართალია, ქალები ადრეც მუშაობდნენ, მაგრამ მაღალ თანამდებობაზე იშვიათად ნიშნავდნენ. დღეს ეს ტენდენციაც შეცვლილია და ქალებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზეც კი ვხედავთ: ჩვენ ქალი პრეზიდენტი გვყავს, საქართველოში ქალი მინისტრები, პარლამენტარები და ბიზნესმენებიც მომრავლდნენ, რაც ძალიან კარგია, რატომ? - იქ, სადაც ქალია, სიტუაცია უფრო მშვიდდება და ლაგდება, ქალი უფრო წინდახედულია და მოვლენებს სულ სხვა თვალით აფასებს.
საბედნიეროდ, დღეს აღარავინ კითხულობს, ქალს რა უნდა სტადიონზე, ან პოლიტიკაში, ეს ქალის საქმე არააო...
დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილების თაობას ასეთი, მცდარი წარმოდგენები აღარ ექნება და ეცოდინება, რომ ქალსაც იგივე უფლებები აქვს, როგორც მამაკაცს.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)