ჩემი ცხელი კუმირი - კვირის პალიტრა

ჩემი ცხელი კუმირი

იგი ჯერ კიდევ მაშინ გახდა ჩემი კუმირი, როდესაც დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილიდან რეპორტაჟი წაიყვანა. რამხელა გამბედაობა, რამხელა პროფესიონალიზმი სჭირდებოდა ამ ურთულესი საქმისათვის თავის გართმევას.

რა დეტალურად და ემოციურად აღწერდა გარემოს, როგორი სიფრთხილითა და სინაზით ეკიდებოდა თითოეულ სიტყვას, რადგან იცოდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა სამშობლოს წინაშე. მერე დაიკვეხონ ალ-ჯზირას, ბი ბი სის, ან სხვა რომელიმე, ვითომდა, წამყვანი ტელეკომპანიების რეპორტიორებმა, ჩვენ ერაყში, ვიეტნამში თუ ავღანეთში მიმდინარე საომარი შეტაკებები გაგვიშუქებიაო. კარგი რა! ამ ადამიანმა შეძლო და შეაღწია იმ ადგილას, სადაც მაშინ საქართველოს გული ენთო. მან თვით შერონ სთოუნის აპარტამენტებიდან წაიყვანა რეპორტაჟი!

როგორი სიფაქიზითა და სინაზით ეპყრობოდა იგი თითოეულ პირსახოცს, რომელსაც მსახიობის უბადლო ტანი უნდა შეხებოდა. ან როგორი დახვეწილობა იგრძნობოდა მის სიტყვებში, „ჩვენ ახლა გიჩვენებთ იმ ნომერს, რომელშიც შერონ სთოუნი იქნება განთავსებულიო“. შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ნერვიულობდა, როდესაც სათაყვანებელი მსახიობის აბაზანიდან რეპორტაჟის წასაყვანად ემზადებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, პროფესიონალიზმმა მაინც იზეიმა და მან ამ დიად პასუხისმგებლობას შესაშური წარმატებით გაართვა თავი.

ასეთი ცხელი რეპორტაჟის შემდეგ მას, უბრალოდ, უფლება არ ჰქონდა (მეტიც, ერის წინაშე მოვალეც კი იყო), ტემპერატურა ოდნავ მაინც დაეგდო. მან კი, როგორც პროფესიონალმა ჟურნალისტმა, არათუ დააგდო, სიცხე მთელ 100 გრადუს ცელსიუსამდე ასწია! ქართულ ტელესივრცეში მან შექმნა უპრეცენდენტოდ და უდავოდ გენიალური თოქშოუ, რომელმაც სულ მოკლე ხანში დაიპყრო აუდიტორია.

ან როგორ ვერ დაიპყრობდა, როდესაც იგი, როგორც საზოგადო მოღვაწე ყოველ კვირას ისეთ თემებს წამოსწევდა ხოლმე (წამოსწევდა რა, ახლაც წამოსწევს), რომელიც ერის კულტურული განვითარებისათვის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანია. მართლაც, რა სჭირდება დღეს საქართველოს იმაზე მეტად, ვიდრე ცნობილი თუ უცნობი ადმიანების პირადი ცხოვრების განხილვა. თან, მით უმეტეს, როდესაც გადაცემის სტუმრები ამ საკითხში ყოველთვის ნამდვილი ექსპერტები არიან (სხვათა შორის, სტუმრების არჩევაშიც იგრძნობა გადაცემის ავტორის უდიდესი პროფესიონალიზმი). ის არ ჰგავს ვიღაც-ვიღაც ვაიპროფესიონალებს, ვითომ ჟურნალისტობას რომ იბრალებენ და ამ დროს იმდენად განუვითარებლები არიან, ყველასათვის მოსაწყენ სოციალურ პრობლემებს კიდევ უფრო მოსაწყენად აშუქებენ. მის გადაცემაში  ყველაზე მთავარი რამაა დაცული: ბალანსი! აქ მხარეები მუდმივად უპირდებიან ერთმანეთს და, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხყოფაზეც კი გადადიან. აი რა სჭირდება ქართულ ტელესივრცეს: ცეცხლი! თან ჩვეულებრივი კი არა, 100 გრადუს ცელსიუსიანი!

ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, შედეგმა არ დააყოვნა და სამშობლომ თავის საამაყო შვილს ამაგი დაუფასა! ცხელი 2011 წლის ბოლოს მთელმა ერმა წლის საუკეთესო ჟურნალისტად ერთხმად აღიარა ნოდარ მელაძე.

სიმართლე გითხრათ, ამ დღეს მოუთმენლად ველოდი. ველოდი, როდის მიიღებდა ჩემი ცხელი კუმირი დამსახურებულ ჯილდოს. სულ ცოტა ხნის წინ კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქართული ჟურნალისტიკა დღეს იმაზე ბევრად ღირსშესანიშნავია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ სწორედ ეს პროფესია ავირჩიე და არა სხვა. თუმცა, როდესაც ირგვლივ ისეთი დიდი პროფესიონალები არიან, როგორიც ჩემი ცხელი კუმირია, ვხვდები, ჯერ კიდევ რამდენი მუხლჩახრილი შრომა მჭირდება, რომ მწვერვალებს მივაღწიო.

რაც მთავარია, დღეს შემიძლია, უყოყმანოდ განვაცხადო: ისეთი ჟურნალისტების ყოლა, როგორიც ნოდარ მელაძეა, საქართველოსთვის (და არამარტო საქართველოსთვის) მართლაც რომ უდიდესი პატივია!

გიორგი გოგუა