"ტრამპი საქართველოში რომ ჩამოვიდა, დამირეკეს, - გიკითხაო. მერე ბათუმში მისი "ბოინგით" ჩავფრინდით" - 47-სართულიანი "ტრამპ თაუერი ბათუმის" გეგმა, ვიზიტი სააკაშვილთან და ქართველ მოდელებთან "მეგობრობა"
Fox News -ის ცნობით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - მას საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 226 ხმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. ხისტი განცხადებებითა და მიმართვებით გამორჩეული ამერიკის ექსპრეზიდენტი ციხეშიც მოხვდა. ტრამპი ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდა.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა ფულტონის ოლქის ციხეში, სადაც შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მან Newsmax-თან ინტერვიუში ციხეში ყოფნას საშინელი და ძალიან სამწუხარო გამოცდილება უწოდა.
„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებ და ახლა უკვე ოთხჯერ მაქვს ბრალი წაყენებული", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ტრამპს ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული. მას სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.
ტრამპი და საქართველო
ჯერ კიდევ 2012 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველასათვის ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, მომავალში კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვეოდა. საქართველოში ჩამოსვლისას ტრამპმა თბილისში გიგი უგულავასთან ერთად ძველი თბილისი დაათვალიერა. საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრა, სადაც პროექტ "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციას დაესწრო. მილიარდერის თქმით, საქართველოს შესანიშნავი პრეზიდენტი ჰყავდა, ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონდა და თავი ზღაპარში ეგონა. მისი თქმით, საქართველოს შავიზღვისპირეთში "ტრამპ თაუერის" აშენება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ბათუმში 47-სართულიანი "ტრამპ თაუერი" ამერიკელის ინვესტიციით კი არა, "სილქ როუდ ჯგუფის" ფულით უნდა აშენებულიყო. საქართველოში მილიარდერის პარტნიორი კომპანია მხოლოდ ტრამპის ბრენდს გამოიყენებდა.
საქართთველოში ტრამპის ვიზიტის დროს, მასთან შეხვედრაზე მომღერლები ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და სოფო ნიჟარაძე, ასევე, მოდელები: ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი წაიყვანეს. მოგვიანებით, როცა მსოფლიომ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის შესახებ გაიგო, მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა მილიარდერთან შეხვედრა გაიხსენა:
"ტრამპთან შეხვედრის საშუალება ჩემი "მისობის" პერიოდში მქონდა ანუ მას მერე, რაც "მის სამყაროზე" აღმოვჩნდი. ეს ხომ ტრამპის კონკურსია! ჰოდა, პირველად ასე გავიცანი... რასაც შემდეგ ასეთი რამ დაემთხვა: ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკაში ტრამპს ხვდებოდა, მასპინძელმა რატომღაც ერთ-ერთ შეხვედრაზე ყურადღება ჩემზე შეაჩერა, რაც კამერების თანდასწრებით მოხდა, აიღო კონკურსის ჟურნალი და პრეზიდენტ სააკაშვილს აჩვენა, - ნახე, "მის საქართველო" ჩემს კონკურსზე ლას-ვეგასში მონაწილეობდა, რომელსაც ახლოს ვიცნობო (მაგ პერიოდში დედაჩემი პრეზიდენტის პრესსამსახურში აპარატის უფროსი იყო). სააკაშვილმა ჩემ შესახებ არ იცოდა, რომ გაიგო, ძალიან გაუკვირდა და უთხრა, რომ ნათია, ნანუკას დედა ჩემთან აპარატში მუშაობსო. სხვათა შორის, ამის გაგონება დედაჩემისთვისც მოულოდნელობა იყო...
ყველა გოგონასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა, რადგანაც, ვიმეორებ, მისი კონკურსია, რომელიც შვილივით უყვარს. მოკლედ, ვინც ასე თუ ისე ვაქტიურობდით, ყველას გვიცნობდა... ლას-ვეგასში კონკურსის მსვლელობისას ვხვდებოდით. სხვადასხვა ღონისძიებაში ვიყავით ჩართულები. ერთხელ გამიმართლა და 5 დიდი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მეც ვიყავი საქველმოქმედო ღონისძიებაზე, პატარა ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე, ფულიც გადაირიცხა, ტრამპის "ბოინგით" გადაგვაფრინეს - ეს, ყველაფერი, კონკურსის ფარგლებში მოხდა. "ბოინგშიც", მახსოვს, ძალიან ჩართული იყო პროცესში... ამ ამბის შესახებ მაშინ მხოლოდ გარშემომყოფებმა იცოდნენ, მე და დედაჩემი დიდად არ ვახმაურებდით, არც ფოტოებს ვაზიარებდით სოციალური ქსელის საშუალებით. თან, "მის სამყაროს" კონკურსის შემდეგ ამერიკაში დიდხანს დავრჩი...
გავიდა რაღაც პერიოდი და ტრამპი საქართველოში ჩამოვიდა, მეც უკვე აქ ვიყავი. ჰოდა, დამირეკეს და ამის შესახებ მაცნობეს, ასევე, მითხრეს, - გიკითხაო. ესეც რომ არ ყოფილიყო, მე, როგორც წინა წლის "მისი" და "მის სამყაროზე" ნამყოფი, ასევე, იმ მიმდინარე წლის "მის საქართველო" - ჯანეტ ქერდიყოშვილი იმ შეხვედრაზე უნდა მივსულიყავით, თან, ჯანეტი "მის სამყაროზე" მიემგზავრებოდა...
როცა შეგვხვდა, ისევ უშუალობითა და სითბოთი დაგვამახსოვრა თავი... შემდეგ ბათუმში ჩავედით, "ტრამპ თაუერი" რომ შენდებოდა და იქაც მისი ბოინგით ვიმგზავრეთ. ისე შემხვდა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ამბობდა, ნანუკას ვიცნობ, ის ჩემს კონკურსზე ნამყოფიაო... მერე პილოტებთანაც შევედით და შტურვალთანაც მომიწია დაჯდომამ, მაგრამ მაშინ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია...
ზოგადად კი, ამ ადამიანზე ცუდის თქმა არ შემიძლია, თვე-ნახევარი მის კონკურსზე ვიყავი და მხოლოდ კარგად მახსოვს კონკურსიც და თვითონაც. გახსნილი იყო ურთიერთობისთვის. ამასთან, თავისი "მის სამყარო" ძალიან უყვარდა და ასევე - ყველა მისი მონაწილე. თითოეულთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა...“, - გაიხსენა მოდელმა ტრამპთან შეხვედრის ისტორია AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.
საპრეზიდენტო კარიერა
2017 წლის 6 იანვარს აშშ-ის კონგრესმა დაადასტურა არჩევნების შედეგები და დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო საქმიანობას 20 იანვრიდან შეუდგა. ბიზნესმენი ყველაზე მდიდარ პრეზიდენტად მიიჩნეოდა. იმ დროისათვის მისი ქონება 4,1 მილიარდ დოლარად შეფასდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის თანხის გადასარიცხი ანგარიშები შეაჩერა, ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის უფრო ნაკლებ თანხებს რიცხავდნენ, ვიდრე - ამერიკა.
სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაიწყეს საუბარი გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკრაინაში ფულის გათეთრებას ეხებოდა. ამ საქმეს კი აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს უკავშირებდნენ.
ტრამპის იმდროინდელი განცხადებები არ მოეწონა აშშ-ის პოლიტიკოსთა ნაწილს, განსაკუთრებით კი - დემოკრატებს. ნენსი პელოსმა კონგრესს ტრამპის იმპიჩმენტისკენაც კი მოუწოდა.
ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ იმპიჩმენტის საკითხი სპეციალურად წამოაყენეს, რადგან 2020 წლის არჩევნებში ტრამპი ისევ მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სენატმა იმპიჩმენტის საკითხს მხარი არ დაუჭირა.
2020 წლის 3 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენი გახლდათ.
არჩევნები საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა.
7 ნოემბერს ოფიციალურ შედეგებამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა არჩევნები წააგო. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მან ისევ განაგრძო ბიზნესის მართვა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებზე ტრამპს ისევ მიეღო მონაწილეობა.
უახლესი ინფორმაციით, კი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - მას საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 226 ხმა.