"მხუთავი ჭაჭა" : როგორ გაიგუდა ქვევრში ორი მეზობელი - "ჭაჭას ისეთი გაზი აქვს, რომ თუ ჩაისუნთქავ, ვეღარ ამოისუნთქავ" - კვირის პალიტრა

"მხუთავი ჭაჭა" : როგორ გაიგუდა ქვევრში ორი მეზობელი - "ჭაჭას ისეთი გაზი აქვს, რომ თუ ჩაისუნთქავ, ვეღარ ამოისუნთქავ"

ბაღდათში, სოფელ დიმში, მსხვილიძეების სახლში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მათ ქვევრში ორი მეზობელი ჩავიდა და სამწუხაროდ, ორივე ადგილზე გაიგუდა. ყველაფერი ისე წამებში დატრიალდა, რომ მათი დახმარება ვერავინ შეძლო.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს ჩვენს სოფელში. ადგილზე არ ვყოფილვარ, ბაღდათში ვიყავი, ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე, როცა ჩავედი სოფელში, ორივე გარდაცვლილის ცხედარი ქვევრიდან უკვე ამოსვენებული იყო და უმძიმესი სურათი იყო. ახლა პროზექტურაში არიან ექსპერტიზაზე გადასვენებული. ფაქტი მსხვილიძეების სახლში დატრიალდა. ამ ოჯახში არაყი უნდა გამოეხადათ, შარშან, ქვევრში ჩაყრილი ჰქონიათ ჭაჭა არყის გამოსახდელად და სწორედ ამის მოდუღებას გეგმავდა ოჯახის უფროსი. მას ეხმარებოდნენ მეზობლები, სწორედ ამ დროს დატრიალდა ტრაგედია. დიდი ქვევრია, ტონანახევრიანი იქნება და პატრონს იმაში ჰქონდა ჭაჭა ჩაყრილი. სამწუხაროდ, ეტყობა ვერ გაითვალისწინეს, რომ თავსახურის მოხდის შემდეგ უნდა ეცლიათ გაზის გასვლა, ჭაჭის გაზი უნდა ამოსულიყო იქიდან, სანამ ბოლომდე არ ამოვიდოდა, მანამდე იქ არავინ არ უნდა ჩასულიყო, მაგრამ...

27 წლის ბენო კუჭავა ქვევრში მალევე ცუდად გამხდარა, იქვე მდგარა მეზობელი, ბადრი ჩილაშვილი. როგორც ჩანს, ბადრი შეეცადა მისი შვილის ტოლ ბიჭს დახმარებოდა. ეიფორიაში ეტყობა, მანაც ვერ გათვალა, ის რატომ გახდა ცუდად, რომ ამის მიზეზი ქვევრში დაგროვილი გაზი იყო და მის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ორივე ადგილზე გაიგუდა. არ ვიცი რა რაოდენობის იყო ქვევრში ჭაჭა, როგორ ამბობენ, სადღაც ნახევარზე იქნებოდა ტონანახევრიან ქვევრშიო. ბენო ეტყობა იქიდან ცდილობდა ჭაჭის ამოღებას. ქვევრში ვინახავთ ხოლმე არყისთვის ჭაჭას, რომ ჩაყრი და თავს დაახურავ შეგიძლია მეორე, მესამე წელსაც გამოხადო არაყი, ჭაჭის გაზი ინახავს, როცა დახურულია. გაუგებრობით მოხდა ეს ტრაგედია, ვერ გათვალეს, რომ ასეთი უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო. ბენო მეზობლად ცხოვრობს, ეხმარებოდა მსხვილიძეებს. იმერეთში ვეხმარებით მეზობლები ერთმანეთს და ასეთი საშინელება დატრიალდა. საშინელ დღეშია ის მეზობელი, რომლის სახლში ეს ფაქტი მოხდა, თავს იკლავდა ისეთ დღეში იყო.

- ამ დროს პატრონი სახლში იმყოფებოდა?

- პატრონი წასულა წყლის ნასოსის მოსატანად, იმით ამოვტუმბავთო უფიქრია, ეტყობა ამ დროს ჩავიდა ბენო, არ დაელოდა მის დაბრუნებას. ერთი ჩაყლაპვა საკმარისია, ისეთი გაზი აქვს ამას, ეტყობა ვეღარ ამოისუნთქა ქვევრში, დახურულ ადგილას რომ იყო, ჰაერზე რომ ყოფილიყო რაღაცნაირად ამოისუნთქავდა, მომენტის ამბავია, მალევე მიხვდა ბადრი ალბათ, რომ ბიჭი ცუდად გახდა და დასახმარებლად ჩასული ისიც გარდაიცვალა. მანაც ეტყობა გადაყლაპა გაზი, ორივე გაგუდულები არიან. ვერ იფიქრა ეტყობა უცებ ამ ეიფორიაში, რომ გაზით იყო მოწამლული ბენო და ისიც ჩავიდა. 5- 10 წუთში მივიდნენ მეზობლებიც, მომენტალურად მოხდა ყველაფერი, ისეთი მხუთავი აირია, მაშინათვე ცუდად ხდება ადამიანი. მახსოვს, მამაჩემი ქვევრს 2-3 დღე ღიას ტოვებდა, რომ გაზი ამოსულიყო ქვევრიდან, დაიცლებოდა გაზისგან და ამის შემდეგ მიშვებდა შიგნით ქვევრში ჭაჭის ამოსატანად, მერე ვედროთი ვიღებდი ჭაჭას. თავღია უნდა ყოფილიყო, სანამ ბოლომდე არ განთავისუფლდებოდა გაზისგან, არ უნდა ჩასულიყვნენ იქ. პატრონს წყლის ნასოსით ჭაჭის ნაწილი რომ ამოეტუმბა, მერე რაც დარჩებოდა იმას არ ექნებოდა ამდენი რაოდენობის გაზი და ამ უბედურებას გადაურჩებოდნენ. დაწყებულიც კი არ ჰქონდათ არყის გამოხდა, მოკლებული რომ ყოფილიყო რაღაც რაოდენობა, მაშინ ამ რაოდენობის გაზი არ იქნებოდა. როგორც ჩანს, ნახევარზე იყო ჭაჭა და იმის ამოღებას შეეცადნენ. ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მთელი სოფელი განიცდის. ბენო დაოჯახებული არ არის, ბადრი 62 წლის არის, ჰყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. შემთხვევის ადგილზე რომ მივედი ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ზედმეტი კითხვის დასმის დრო არ იყო,. უფრო მეტი დეტალი ვერც გამოვიკითხე, ფაქტია ორი ადამიანი აღარ გვყავს, მათი ცხედრები უკვე ამოსვენებულია ქვევრიდან და ახლა პროზექტურაში არიან გადასვენებულები. დახურულ სივრცეში გაიგუდნენ. სიკვდილს აბა ვინ წარმოიდგენდა. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, მშრომელი, წესიერი და ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას", - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ დიმში ტარიელ ყიფიანი.

ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, მიმდინარეობს გამოძიება.

(სპეციალურად საიტისთვის)