თბილისის რომელი უბნები აზარალა ყველაზე მეტად ძლიერმა წვიმამ, სად მუშაობენ მაშველები და არის თუ არა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ
ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა. ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, მეხანძრე-მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
ძლიერი წვიმა დედაქალაქში ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ინფორმაციით, დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
" მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, - ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.
„თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მოგვიანებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველაზე რთული ვითარებაა გლდანში.
"თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა ზოგ რაიონში. ყველაზე დიდი პრობლემაა გლდანში, ასევე, არის ქუჩები, სადაც მოხდა ხეების დაზიანება, დაიტბორა სივრცეები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო, მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას",- აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, სოცქსელში მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას, თუ სად არის ყველაზე რთული მდგომარეობა.ეს ლოკაციებია - სანზონაში("დომბიტასთან), ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, ფალიაშვილისა და ბერძენიშვილების ქუჩების კვეთაზე, დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მანქანას ხე დაეცა, გურამიშვილის ქუჩაზე და გლდანში.