"საზოგადოების შესაშინებლად არ ვამბობ, თუმცა საქართველოში რეალურია დესტაბილიზაციის საფრთხე - შეიძლება 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდად ვერც კი მივიდეთ"
"საზოგადოების შესაშინებლად არ ვამბობ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში უკვე ძალიან რეალურია დესტაბილიზაციის საფრთხე - შეიძლება 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდად ვერც კი მივიდეთ... შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ უკვე ჩვენზე აღარც არის დამოკიდებული", - ამბობს, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე. მისი თქმით არაერთი მსხვილი მოთაშეა დაინტერესებული, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები სათავისოდ შემოაბრუნოს. უფრო კონკრეტულად, თუ რა საფრთხეების წინაშე ვართ და რომელი დიდი მოთამაშეების ინტერესები იკვეთება საქართველოში, ამის შესახებ ინტერვიუში შეიტყობთ.
- ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე დიდი მოთამაშის ინტერესები იკვეთება. უნდა ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური სურათი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი - რუსეთის გავლენის შესუსტების პარალელურად, გაზრდილია თურქეთის გავლენა. უფრო მეტსაც გეტყვით - აზერბაიჯანის გავლენაც კი გაზრდილია. ეს გარკვეულწილად ყარაბაღის კონფლიქტითაც არის განპირობებული. აზერბაიჯანი და თურქეთი მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიაში მათ უნდა აკონტროლონ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადადგამენ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი შეეგუება საკუთარი გავლენის შესუსტებას და ამ მოცემულობის შესაცვლელად არ იმუშავებს, მოსკოვს ახლა საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან სჭირდება მორჩილი ძალა. ამ ყველაფრის პარლალელურად, საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება ამერიკული და ევროპული ინტერესებიც. ვაშინგტონისთვის გადამწყვეტია იდეოლოგიური ნარატივია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც რეგიონში დასავლური ინტერესების ფლაგმანი გახდება. დღეს არსებულ ხელისუფლებასთან ლაპარაკი რომ რთულია, ამის შესახებ ვაშინგტონში უკვე იციან, ამიტომ საყრდენად სხვებს ეძებენ.
სხვათა შორის, არ მგონია, რომ ამ "სხვებს" შორის „ნაციონალური მოძრაობა“ მოიაზრებოდეს, დისკრედიტირებული ძალა სულაც არ აწყობთ. თავის მხრივ, განსახვავებულია ევროკავშირის ინსტერესები.
- ფიქრობთ, რომ საქართველოში ევროკავშირს და ამერიკის შეერთებული შტატებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ?
- ბოლო დროს გამოჩნდა, რომ ეს ასეა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვაშინგტონი საკუთარი ინტერესების გატარებას მხოლოდ საქართველოში ან თუნდაც სამხრეთ კავკასიაში კი არა, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც აპირებს. ამ მიმართულებით, ევროკავშირისა და ამერიკის ურთიერთობს შორის საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია. ახლა, ენერგეტიკული კრიზისის დროს, ამერიკა ევროპას თავის ნებას კარნახობს, ფაქტობრივად, ვაშინგტონი ქმნის ენერგოპოლიტიკას ევროპისათვის. ევროპის რიგი ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, ვინც საფრანგეთის გარშემო არიან დაჯგუფებულნი, ცდილობენ ნაწილობრივ მაინც დამოუკიდებლად აწარმოონ ენერგოპოლიტიკა. ამას წლების განამვლობაში აკეთებდა გერმანია, რუსეთის მეშვეობით. დღეს საფრანგეთიც ცდილობს აქტიურად ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში, გააქტიუროს ენერგოპოლიტიკა და ლიდერის პოზიცია დაიბრუნოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
სხვათა შორის, ენერგოპოლიტიკის გააქტიურებას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით, სხვა ევროპული ქვეყნებიც ცდილობენ და საფრანგეთთან ერთად მათთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოში ჰყავდეთ საყრდენი ძალა. ე.ი. ეს ყველა მსხვილი მოთამაშე შეეცდება საკუთარი გავლენების ამუშავებას ამ ქვეყანაში. ვინ რამდენად დელიკატურად იმოქმედებს, ეს რთული სათქმელია. ამ ყველაფერს ემატება ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული ურთიერთაპირისპირება და მეორე ნაწილში არსებული სრული ნიჰილიზმი. საერთო ჯამში, დესტაბილიზაციისათვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება.
- როგორ წარმოგიდგენიათ, ამერიკელები და ევროპელები საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნობიან?
- მე ის ვიცი, რომ ორივე შეეცდება თავიანთი ინტერესების გამტარი პოლიტიკური ფიგურების მოძებნას, მაგრამ გამიჭირდება იმის თქმა, სხვადასხვა ფიგურებს დაეყრდნობიან თუ ერთი და იგივეს. ისე კი, კოლექტიური დასავლეთისათვის ერთი ტიპის, ერთი ფსიქოლოგიის, იდეოლოგიისა და მენტალობის ფიგურებია საინტერესო. ორივესთვის ლიბერალური ფასეულობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ მიზნის მისაღწევად განსხვავებული იდეოლოოგის ადამიანებთანაც ითანამშრომლონ.
- შეიძლება ითქვას, რომ იოლი გამოსაცნობია, რუსეთი რომელ პოლიტიკურ ძალას ეყრდნობა?
- სულაც არა. როგორც მე ვატყობ, იმ პოლიტიკური ძალის მიმართულებით, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ შემდეგ პროცესი შეჩერდა. რუსები კი ისევ შერჩევის რეჟიმში არიან. ის რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს, არის სრული მარაზმი და სისულელე.
- გადადგმულ ნაბიჯებში რას გულისხმობთ?
- ალბათ, გახსოვთ, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა, ასევე ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხი. საქართველოს მხრიდან კიდევ იყო მოლოდინი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაც გადაიდგმებოდა რაიმე ნაბიჯები, ეს არ მოხდა და პროცესიც შეჩერდა. „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ დღეს არსებული მოცემულობით, რუსეთთან დიალოგის აღდგენია წამგებიანია და ხმას არ იღებს.
- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- კარასინის მიერ ახლახანს გაკეთებული განცხადება, ისევე როგორც მედვედევის მუქარა. კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩინეთმა და ინდოეთმა აღიარონ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ჩინეთისთვის ეს ძალიან წამგებიანი ნაბიჯი იქნება. დასავლურ პოლიტიკურ ცენტრებს ერთი სული აქვთ, პეკინმა მგავსი შეცდომა დაუშვას, რომ მაშინვე აღიარონ ტაივანის დამოუკიდებლობა. ამიტომ, ცხადია, ამ ნაბიჯს არავინ არ გადადგამს, უბრალოდ ეს იყო კრემლის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მოსკოვი ითხოვს დალაპარაკებას!
- რაც შეეხება, თურქეთს, ანკარას ქართული საზოგადოების რა სეგმენტზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა?
- რელიგიურ ჯგუფებზე, ასე იმ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, რომლებიც თურქეთიდან ფინანსდებიან
- ალბათ, 2024 წლის არჩევნების შედეგი იქნება იმის მანიშნებელი, თუ რომელი ქვეყნის გავლენა იმძლავრებს საქართველოში.
- დიახ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური ან სულად კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას შეეცადოს, თუ ნახავს, რომ ძლა რომელზეც ფსონი ჰქონდა დადებული არჩევნებს ვერ მოიგებს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)