არმაგედონი რუსებისთვის - როგორ იძიეს შური უკრაინელებმა ფსკოვის დივიზიაზე, რომელიც აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში ქართველებს ხოცავდა - კვირის პალიტრა

არმაგედონი რუსებისთვის - როგორ იძიეს შური უკრაინელებმა ფსკოვის დივიზიაზე, რომელიც აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში ქართველებს ხოცავდა

ფსკოვის 76-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზიის დანაყოფები კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა 1989 წლის 9 აპრილს, 1992-93 წლების აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში და ქართველებს ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, თუმცა ჩვენს მაგივრად დღეს დილას შური უკვე იძიეს...უკრაინულმა დრონებმა, რომლებმაც ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე ნამდვილი არმაგედონი მოაწყვეს...

ფაქტობრივად, უკრაინული დრონების ოპერატორებმა გამოიყენეს ის ტაქტიკა, რაზეც 27 აგვისტოს ჩემს ბლოგში "უხიფათო“ დრონების ჯგუფით მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის "გახარჯვა"... ვწერდი-ცრუ სამიზნეებით მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის "გადატვირთვის" შემდეგ რუსეთის ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა კამიკაძე-დრონებით გაგრძელდა და შედეგიც შთამბეჭდავია-არანაკლებ 4 ერთეული Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი განადგურებულია,ასევე საჰაერო დარტყმა განხორციელდა იმავე ფსკოვში მდებარე სამხედრო ნაწილზე, სადაც ფსკოვის მედესანტეთა ყველაზე ელიტური შენაერთი-სპეციალური დანიშნულების მე-2 ცალკეული ბრიგადაა დისლოცირებული, რომელიც ასევე ემორჩილება რუსეთის გენშტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს-"გე-ერ-უ" -ს და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2008 წლის 8 აგვისტოს ქართულ მიწაზე შემოიჭრა...ფსკოვის 76-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ოპერატიულობა ანუ მისი საბრძოლო დანაყოფების ოპერატიულად გადასროლა, მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 334-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკზე, რომელიც ფსკოვის აეროდრომზე ბაზირებს.

Google Earth Pro -ს განახლებულ თანამგზავრულ ფოტოზე,რომელიც სულ ახლახანს, 2023 წლის 24 ივნისსაა გადაღებული, კარგად მოჩანს ფსკოვის აეროდრომზე განთავსებული საავიაციო ტექნიკა, მათ შორის 23 ერთეული Ил-76 ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებიც დიდი ხანია „მსუყე ლუკმას“ წარმოადგენდნენ უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის...

2-pskovi-1693380304.png
თანამგზავრულ ფოტოზე აღბეჭდილი ფსკოვის აეროდრომი, მასზე განთავსებული სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76-ებით...

მით უმეტეს იმიტომაც, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მან ბელარუსიდან ჰოსტომელის აეროდრომზე ტაქტიკური საშვეულმფრენო დესანტი გადასხა, რომელსაც უნდა დაეპყრო აეროდრომი და უზრუნველყო იქ სწორედ ფსკოვიდან გამოფრენილი Ил-76-ების მიღება დამატებითი დესანტითა და ჯავშანმანქანებით, რათა გაერთიანებული ძალებით შეეტიათ სულ რაღაც 25 კმ-ით დაცილებული უკრაინის დედაქალაქის-კიევის ცენტრისთვის-კრემლის მიერ ჩაფიქრებული ეს სადესანტო ოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, ეტყობა ომი მალევე დამთავრდებოდა რუსეთის გამარჯვებით...

საბედნიეროდ, მაშინ უკრაინელებმა მოახერხეს საარტილერიო და საავიაციო დარტყმების მიყენება რუსული ტაქტიკური საშვეულმფრენო დესანტის მიერ ფაქტობრივად უკვე დაპყრობილ ჰოსტომელის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, დროებით მწყობრიდან გამოიყვანეს ის და შეუძლებელი გახადეს დამატებითი რუსული სადესანტო დანაყოფების ჩაფრენა ჰოსტომელში...არადა, ფსკოვის აეროდრომზე მედესანტეებით გადაჭედილი არანაკლებ 18 ერთეული Ил-76 რეაქტიულ ძრავებს ახურებდა ჰოსტომელისკენ გასაფრენად...

და, აი 30 აგვისტოს გამთენიისას უკრაინამ შური იძია ფსკოველ მედესანტეებსა(რომლებიც 2014 წლიდან მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიასა და დონბასის ოკუპაციაში) და მათ სატრანსპორტო თვითმფრინავებზე და ფსკოვის აეროდრომს არანაკლებ 21 კამიკაძე-დრონით შეუტია და ოთხი რუსული 190 ტონიანი Ил-76 გაანადგურა...

3-pskovi-1693380304.png
30 აგვისტოს გამთენიის ფოტო ფსკოვის აეროდრომიდან-მასშტაბური ხანძრის ალმა ფსკოველებში პანიკა გამოიწვია...

რუსი ობივატელების დიდ გაკვირვებასა და გულიწყრომას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ შესძლეს უკრაინულმა დრონებმა არანაკლებ 660 კმ-ის შეუმჩნევლად გადაფრენა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან ფსკოვის აეროდრომამდე ისე, რომ რუსეთის ასე ნაქებმა საჰაერო თავდაცვამ ვერ აღმოაჩინა?

ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერი ეჭვს იმაზეც გამოთქვამს, რომ ფსკოვის აეროდრომზე თავდამსხმელი უკრაინელი დრონები საერთოდ...ნატოს წევრი ესტონეთიდან ხომ არ იყვნენ გაშვებულნი, საიდანაც ფსკოვამდე მხოლოდ 35 კმ-ია?

არსებობს კიდეც ერთი ვერსია, რომ ეს კამიკაძე-დრონები შეიძლება სულაც FPV-დრონები გახლდნენ და მათი გაშვება უკრაინელმა დივერსანტებმა მასიურად განახორციელეს სულაც ფსკოვის აეროდრომის მისადგომებიდან-მაშინ კრემლს პრეტენზიები უკვე არა თავისი საჰაერო თავდაცვის მიმართ უნდა ჰქონდეს, არამედ „ეფ-ეს-ბე“-ს კონტრმზვერავებთან, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობის აეროდრომის სიახლოვეს ამდენი უკრაინელი დივერსანტი შეეპარათ...