როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექისა და წვიმის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით და რომელია ამერიკის კოსმოსური სააგენტოს საიტი, რომელსაც ალპინისტები იყენებენ - კვირის პალიტრა

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექისა და წვიმის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით და რომელია ამერიკის კოსმოსური სააგენტოს საიტი, რომელსაც ალპინისტები იყენებენ

"თუ ძლიერი ელჭექის დროს ქუჩაში იმყოფებით, პირველ რიგში, ეცადეთ, თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.

თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ამ დროს ძალიან საშიშია გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.

ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.

გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.

არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.

მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები. თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია - არ გადახვიდეთ ავტომობილიდან“ - მეტეოროლოგის - კობა ფარტენაძის ამ რჩევას სოციალურ ქსელში რეკორდული გაზიარება მოყვა...

ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, - სვეტლანა ნიორაძეს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა, რომ რჩევებს ვერ გასცემს, რადგან ეს მისი მიმართულება არ არის და ძლიერი ელჭექის დროს ჯობს იმ გამოცდილებას მივყვეთ, რა ცოდნაც უკვე არსებობს...

ჟურნალისტი, თვითნასწავლი სინოპტიკოსი - მიხეილ ვარძელაშვილი კი ამ თემაზე თავის გამოცდილებასა და მოსაზრებებს გვიზიარებს...

- ჭექა ქუხილის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხის ქვეშ დგომა, მეხი პირველ რიგში მას ურტყამს ... გარეთ გასვლისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ ფეხითაც და მანქანითაც, თუ რამე სასწაული აუცილებლობა არ არის!

თუ როგორ გავიგოთ წვიმა იქნება თუ არა, ამისთვის ბევრი საიტი და აპლიკაცია არსებობს, რომელიც მოსალოდნელ წვიმას კონკრეტულ ლოკაციაზე აჩვენებს... ყველაზე კარგი და სანდო საიტი, აპლიკაციაა ჩემი აზრით არის - accuweather.com... თუმცა აქაც 100 %-იანი გამართლება არ არის, სანდო არის მხოლოდ 2-3 დღის პროგნოზი... ამ საიტს ალპინისტები იყენებენ, მთაში წასვლისას. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს საიტია.

- თავად აღმოჩენილხართ ამინდის ცვლილების გამო საფრთხის ქვეშ?

- ერთხელ მოვხვდი ზემო იმერეთში სეტყვაში და სარკინიგზო ხიდის ქვეშ დავიმალე... ადამიანმა სიტუაციის მიხედვით უნდა იმოქმედოს. თუ მთაში მიდის, აუცილებლად თბილი ტანსაცმელი უნდა ჰქონდეს, ან წვიმის საწინააღმდეგო მაინც. როდესაც მთაში ტურებში დავდივარ, ზოგჯერ ორი წყვილი ფეხსაცმელი მიმაქვს, იმიტომ, რომ იქ ამინდი წამებში იცვლება.

გამოუცდელი ადამიანი ჯობია მთაშია არ წავიდეს!

მოკლედ რომ ვთქვა, ყველა სიტუაციისთვის მზად უნდა იყოს, ან თითქმის ყველასთვის...

მთასაც გააჩნია: არის მთა, არის კიდევ მაღალი მთა და იქ კიდე უფრო სერიოზულადაა საქმე...

და კიდევ ერთი: სეზონზეა დამოკიდებული. მაგ.ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში წვიმა ნაკლებად მოსალოდნელია, შემოდგომაზე და გაზაფხულზე უფრო მეტად. რეგიონსაც გააჩნია, დასავლეთ საქართველოში სხვა ამინდია, სხვა კლიმატი,აღმოსავლეთში საერთოდ განსხვავებული.

- მეტეოროლოგის რჩევებზე რას იტყოდით?

- რასაკვირველია, ვეთანხმები... უბრალოდ, ერთი პრობლემაა: ეს ყველაფერი ძალზე სწრაფად უნდა გაკეთდეს და შეიძლება ვერ მოასწროს ადამიანმა. მაინც იმპროვიზაცია უწევს ასეთ სიტუაციებში, ანუ, ცხოვრებისეული გამოცდილება ყველაზე საუკეთესოა.

- ტყეში ძლიერი ელჭექის დროს რა არის ყველაზე სწორი გამოსავალი?

- ტყეში კარავი ხომ მიაქვს ადამიანს და წინასწარ უნდა განსაზღვროს, პროგნოზი შეამოწმოს სად იწვიმებს, სად იქნება ელჭექი... იქ სხვანაირად წასვლა არ შეიძლება!

(სპეციალურად საიტისთვის)