"არსებობს წყალგამტარი ასფალტი" - არქიტექტორ ირაკლი ჟვანიას რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან თბილისის დატბორვა - კვირის პალიტრა

"არსებობს წყალგამტარი ასფალტი" - არქიტექტორ ირაკლი ჟვანიას რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან თბილისის დატბორვა

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია, რომელიც წლების განმავლობაში ნიუ იორკის მერიაში მუშაობდა, გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:

"ქალაქშიც მეტი ნალექი იქნება ხოლმე, როგორც მთაში მეტი წყალმოვარდნა და ღვარცოფი. კლიმატის ცვლილება ყველგან მუშაობს, მარტო სადღაც შორს ველურ ბუნებაში კი არა. ამიტომ ყველა ნორმალური ქალაქი ემზადება შეცვლილი კლიმატისთვის და ეს ქალაქგეგმარების ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია დღეს. Resilience ქვია ამას. ამიტომ სადაც იციან ამის შესახებ, იქ სანიაღვრე სისტემას ახალი გათვლებით აკეთებენ და არა აქამდე არსებული ნორმებით. რომ მოაწყობ, იმ სანიაღვრეს მუდმივად გაწმენდა ჭირდება.

ადრე რომ ტროტუარს და გზას დახრა ჰქონდა სანიაღვრე ჭებისკენ, აღარ კმარა ეგ. ახლა გზის საფარის ქვეშ დრენაჟს აწყობენ, რომ მან შეაკავოს და ნელ-ნელა გაუშვას დიდი ოდენობის წყალი. მთავარი სტრატეგია არის წყალგამტარი ზედაპირების შექმნა, რომ უხვი ნალექი ნიადაგმა შეიწოვოს და სანიაღვრეს ზედმეტი წყალი აარიდოს. სხვათა შორის, არსებობს წყალგამტარი, ანუ ფოროვანი ასფალტი, რომელიც გრუნტში ატარებს წვიმის წყალს. ქვის მოპირკითება, რომელსაც ძირში ცემენტის მომზადება აქვს, მაგრამ წყალს არ იწოვს და ყველაფერს სანიაღვრეში უშვებს.

ნალექის მნიშვნელოვან პროცენტს იკავებენ ხეები ფოთლებით, ერთ ხეს რაც წყალი ეცემა, იმის 40% რჩება ფოთლებზე. ასევე, მწვანე სახურავების ვალდებულება მშნებელობებზე უამრავ წყალს იჭერს და ის სახურავებიდან ძირს აღარ ეშვება.

ჩვენთან კიდე სანიაღვრეს არ წმენდენ, შეცვლილი კლიმატის გამოწვევებზე არ თვლიან, მთელ ზედაპირებს სკვერებშიც და ტროტუარებზე აბეტონებენ და წყალგაუმტარს ხდიან. რამდენიმე წლის წინ, ფალიაშვილზე და პეკინის გამზირზე რეაბილიტაციისას ბორდიურის ქვები ტროტუარზე მაღლა დააყენეს და წვიმის წყალი აღარ გადმოდის სანიაღვრეში, ტროტუარზე რჩება როგორც აბაზანაში. მწვანე ტერიტორიები არ გვემატება და სარეკრეაციო ზონები განვითარების მაგივრად, საკრებულოში რამდენიმე დღის წინაც შეცვალეს ცათამბჯენების ასაშენებლად", - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ჟვანია.