"უეცრად ქარი ამოვარდა, ტყლაშო, დაიძახა სახლმა და... 4 სართული დამეყარა თავზე... 4 საათის განმავლობაში ვიყავი მიწაში ჩამარხული... ვერ გეტყვით, მერამდენედ მოვკვდი მაშინ" - კვირის პალიტრა

"უეცრად ქარი ამოვარდა, ტყლაშო, დაიძახა სახლმა და... 4 სართული დამეყარა თავზე... 4 საათის განმავლობაში ვიყავი მიწაში ჩამარხული... ვერ გეტყვით, მერამდენედ მოვკვდი მაშინ"

შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ წელიწადში დედამიწაზე, თურმე, საშუალოდ ერთი კატასტროფული და 100 დამანგრეველი მიწისძვრა ხდება. ზოგადად კი, მიწისძვრა ყველაზე მასშტაბურ დამანგრეველ სტიქიად მიიჩნევა და მისგან მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი იღუპება.

მეტ-ნაკლები სიძლიერისა და მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფები, ცხადია, საქართველოშიც ხდებოდა და, სამწუხაროდ, ახლაც ხდება. ბოლო პერიოდის ტრაგედიებიდან ყველაზე დიდი შიში რაჭა-იმერეთის მიწისძვრამ დამიტოვა. მახსოვს, ჭიათურის სოფელ ხალიფაურში ასაკოვან ბებიას ვსტუმრობდი, სახლი მიწისძვრისგან ნაწილობრივ დაზიანებული იყო და ღამეები არ მეძინა. სწორედ მაშინ კიდევ განმეორდა ბიძგები. არსად გავქცეულვარ, რადგან ბებია ვერ გამოიქცეოდა, ამიტომ ლოცვა ვარჩიე. მაშინ გადავრჩით, თუმცა იმ ბიძგებს საშინელი მიწისძვრა უძღოდა წინ...

1991 წლის 29 აპრილს, ორშაბათს, 13 საათსა და 13 წუთზე საქართველოში მოხდა ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრა. ეპიცენტრი მდებარეობდა საჩხერის რაიონის სოფელ ხახიეთში. ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 9 ბალი იყო, ხოლო ძირითადი ბიძგის მაგნიტუდის სიმძლავრე - 6,9-7,2 ბალი. მას შემდეგ, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში რამდენიმე განმეორებითი ბიძგი აღინიშნა, მათ შორის ყველაზე ძლიერი - 3-4 მაისსა და 15 ივნისს. მიწისძვრა გავრცელდა ამბროლაურის, ჯავის, ონის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის რაიონების ტერიტორიაზე და მიწაში მთლიანად ჩაიმარხა სოფელი ხახიეთი, სულ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, დაინგრა და დაზიანდა 4600-მდე სახლი და 1000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა.

წლების შემდეგ იმ მიწისძვრაზე ბევრი ადამიანის ნაამბობი მოვისმინე, მათ შორის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, ჩემი მეგობარი გიორგი დვალაშვილისგან:

- 1991 წლის მიწისძვრას რაჭა-ზემო იმერეთისას უწოდებენ, მაგრამ ვფიქრობ, აჯობებს "ხახიეთის მიწისძვრად" მოიხსენიონ. ხახიეთის მიწისძვრას თვითონ შევესწარი ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისში, იმხანად სკოლაში ვსწავლობდი. ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა - 9.5 ბალს მიაღწია ეპიცენტრში, საქართველოში არასდროს ყოფილა და ის ღამით რომ მომხდარიყო, მთელი რაჭა-ზემო იმერეთის მასშტაბით 110-115 კაცს კი არ იმსხვერპლებდა, არამედ, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა. თუმცა აფთერშოკების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა რაოდენობა მაინც გაიზარდა. მახსოვს, მოგვიანებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1999 წელს, ექსპედიცია მოვაწყვეთ 1991 წლის მიწისძვრის ეპიცენტრში - სოფელ ხახიეთის ტერიტორიაზე, სადაც ნასახლარის ნიშანწყალიც კი არაა შემორჩენილი, ასევე, მის ახლომდებარე სოფლებში: სინაგურში, ქარძმანსა და ტბეთში. ერთადერთი, რაც სოფელ ხახიეთის არსებობას ადასტურებდა, სინაგურიდან ხახიეთისკენ მიმავალ გზაზე, ორი მდინარის შესართავთან მდგომი ტრაქტორი და იქვე საგანგებოდ გაკეთებულ დაფაზე ჩამოწერილი დაღუპულთა სახელები და გვარები იყო. მიწისძვრის შემდეგ სოფელ ხახიეთის ტერიტორიაზე, სადაც 22 კომლი და 42 სული ცხოვრობდა, უზარმაზარი კლდის (ფერდობის სიგრძე 650 მეტრი, სიმაღლე კი 150-160 მეტრი) ჩამონაშალი დაგროვდა, მდინარე ხახიეთის წყლის ხეობაში კი პატარ-პატარა ტბები გაჩნდა. ყველაზე დიდი ტბა იმ ადგილას გაჩნდა, სადაც კლდე მეტად ჩამოიშალა. დროთა განმავლობაში პატარ-პატარა ტბები ლოდებით ამოივსო და ერთი დიდი ტბა შემორჩა.

2007 წლამდე, ვიდრე ოსებთან ურთიერთობები გართულდებოდა, ყოველწლიურად ვაკვირდებოდით ამ ადგილებს, დღეს კი ყველაფერი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება და ჯავის რაიონს ეკუთვნის. იმ ადგილების კვლევამ დამაეჭვა, რომ საუკუნეების წინათაც უნდა მომხდარიყო იქ მიწისძვრა, რის შემდეგაც იქიდან აიყარა მოსახლეობა, იმ გაუკაცურებულ ადგილებში კი XIX საუკუნიდან ოსები დასახლდნენ. ხახიეთთან ახლოსაა ჯრუჭის მონასტერი, რომელიც 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია. იქაც უზარმაზარი კლდე ჩამოინგრა. შორიახლოს ტბაცაა და სოფლებიც, რომლის მოსახლეობის მონათხრობით, იმ ადგილებში ოდესღაც ამოფრქვეულა ვულკანი, არემარე დაუტბორავს და ყველაფერი გაუნადგურებია. ვულკანი - არა მგონია, მაგრამ ვფიქრობ, დამანგრეველი მიწისძვრა კი შეიძლებოდა მომხდარიყო და ის ტბაც მისი შედეგი იქნება. ბევრ ეჭვს იმ ტერიტორიის ტოპონიმები - ხახიეთი, ტბეთი და კიდევ რამდენიმე სახელწოდებაც აჩენს.

xaxieti-1991-clis-miciszvris-shemdeg-1693395238.jpg
ხახიეთი 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ

ხახიეთის მიწისძვრისგან გამოწვეული განცდები და სიმწარე, მგონი, დღემდე გამოჰყვა იმერეთისა და რაჭის მოსახლეობას. მახსოვს, საჩხერის რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, გია ლომიძემ რომ გაიხსენა ის დღე, - საჩხერის სოფელ ქორეთში ვიყავი. მოხუცი ქალბატონი იყო გარდაცვლილი და მისი დაკრძალვის მეორე დღეს ჭურჭლის ალაგებაში ვეხმარებოდით ჭირისუფლებს. მიწისძვრა რომ დაიწყო, მეგონა, მიწა ძირს ჩავარდა. ისეთი ბიძგები იყო, ლამის 5 მეტრზე გავყავ-გამოვყავდით. ახლომახლო სახლებიც დაინგრა და ნანგრევებიდან ისეთი კვამლი ამოვარდა, მთელი სოფელი ბურუსში გაეხვა. ჩემი მეზობელი მოხუცი კაცი ჩაიყოლა ნანგრევებმა. ბიჭები მივვარდით და, დაახლოებით, იმ ადგილიდან დავიწყეთ ქვების ამოწყობა, სადაც მისი საწოლი გვეგულებოდა, თუმცა მოხუცი ყველას მკვდარი გვეგონა. მერე ერთმა თქვა, მკვდრის მეშინია, ვერ შევხედავო და გასვლა დააპირა. უცებ ქვემოდან ხმა მოგვესმა, - ბაბუა, ნუ გეშინიათ, ცოცხალი ვარო, - თურმე, მოხუცს ჩვენი ხმა გაუგონია. ასე გადავარჩინეთ ის კაცი. სხვა არავინ დაზარალებულა სერიოზულად, თვითონ საჩხერეში კი, ბაზართან, ხუთსართულიანი სახლის ნანგრევებში ჩემი ახლობელი გოგონა მოყვა, რუსუდან ქამუშაძე. საბედნიეროდ, მიაგნეს და გადაარჩინეს. სხვათა შორის, იმ ნანგრევების ადგილას მერე ახალი ხუთსართულიანი სახლი ააშენეს და იმ გოგონას იქვე მისცეს ბინაო.

xaxietis-tba-2001-cels-1693395275.jpg
ხახიეთის ტბა 2001 წელს

მაშინ სიკვდილს სასწაულით გადარჩენილ რუსუდან ქამუშაძესაც მივაკვლიე და საშინელი 29 აპრილის გახსენებაც ვთხოვე.

მიწისძვრის დროს იგი 35 წლის ყოფილა:

- ბაზრის წინ, ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი. აივანი ჩაინგრა და "ოთხი სართული" დამეყარა თავზე. გონება დავკარგე და ვფიქრობ, ასე 4 საათის განმავლობაში ვიყავი მიწაში ჩამარხული. აზრზე რომ მოვედი, ვერაფრით გავერკვიე, რა მჭირდა. მუცელი მეწვოდა და ბეჭებით ვცდილობდი წამოწევას. მაგრამ რას წამოვიწეოდი, უზარმაზარი ფილები მეწყო, თურმე, ბეჭებზე. ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი, სილასა და ბეტონში ვიყავი ჩაფლული. მხოლოდ მარცხენა ხელი გადავწიე გვერდზე და ვიგრძენი, თავზე ფარდა შემომხვეოდა, ალბათ, რომელიმე მეზობლის... მეოთხე სართულიდან რომ მოვფრინავდი, ვიღაცას დავუნახივარ და ჩემ მოსაძებნად ამწე მოუყვანიათ. რამდენი ფილა ამაცალეს, იმდენი გატყდა. ოდნავ შევნიშნე სინათლის სხივი და ავყვირდი. მიხვდნენ, სადღაც იქვე ვიყავი და ზემოდან შეძახილებით მამხნევებდნენ.

ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთი ფილა, თავზე რომ მედო, მთლიანად ამოიღეს და წელს ზემოთ დამინახეს, სანახევროდ კი მიწაში ვიყავი. პროფესიონალ მაშველებს არ ჰგავდნენ, საჩხერლები იყვნენ. ის-ის იყო, ამწეთი ამომწიეს, რომ კიდევ იძრა მიწა. შეშინდა ხალხი და ყველამ იმწამს მიმატოვა. ვერ გეტყვით, მერამდენედ მოვკვდი მაშინ. ცოტა რომ ჩაწყნარდა სიტუაცია, ხალხის ნაწილი დაბრუნდა და ცოცხალ-მკვდარი ამომიყვანეს მიწიდან. ფეხები გაშეშებული მქონდა. წამიყვანეს საავადმყოფოში და ექიმს უთქვამს, ხერხემალშია გადატეხილიო. სინამდვილეში, ხერხემალში კი არ ვიყავი გადატეხილი, თირკმელიდან სისხლი მდიოდა, ლავიწის ძვალი მქონდა გატეხილი და ბეჭები - ჩახეული, ამიტომ სასწრაფოდ გადამაფრინეს ქუთაისის საავადმყოფოში და იქ ჩამიტარეს ყველანაირი მკურნალობა. გერმანიიდან ჩამოსულმა ექიმმა მითხრა, დღეს კი შედარებით იოლად გადარჩი, მაგრამ 10-12 წლის შემდეგ იჩენს თავს შენი დაავადებაო. მართლაც გამირთულდა მდგომარეობა - გაფანტული სკლეროზი დამემართა და ცხოვრება გამიმწარა, სხეულის ნახევარ მხარეს - ხელსა და ფეხს სიარულისას ძლივს მივათრევ.

sachxeris-cm-1693395316. ნინოს ეკლესია მიწისძვრის შემდეგ.jpg
საჩხერის წმ. ნინოს ეკლესია მიწისძვრის შემდეგ

რუსუდანს ჩავეკითხე, ნანგრევებში გონს მოსული, რამეზე ფიქრობდით-მეთქი? და გაიხსენა, - თავიდან ვფიქრობდი, როდესმე ჩემს ჩონჩხს ხომ მაინც ნახავენ-თქო. მერე, ვინატრე, ღმერთო, იმის ბედი მაინც მქონდეს, მკვდარი მნახონ, ვინმემ რომ მიცნოს-თქო. წარმოვიდგინე, როგორ გამასვენებდნენ, მიმიტანდნენ სასაფლაოზე და როგორ დამიტირებდნენ... გადარჩენაზე საერთოდ ვერ ვფიქრობდი, რადგან ვხვდებოდი, ამის შანსი არ არსებობდა. შორიდან საშინელი ხმაური, გუგუნი, კივილ-წივილი მესმოდა და მე კი ხმას ვერავის ვაწვდენდი. საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, მაშინღა გამახსენდა შვილი. წარმოგიდგენიათ? ისეთი საშინელება განვიცადე მიწაში, ჩემი მეცხრეკლასელი ზაზაც კი არ გამახსენდა. ზაზა სკოლაში იყო და მოგვიანებით გავიგე, შიშისგან მეორე სართულიდან გადმომხტარა. საბედნიეროდ, ისიც გადარჩა. ისე წამიყვანეს ქუთაისში, შვილს არაფერი გაუგია ჩემზე. მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ და იმათ ჩემმა საჩხერელმა მეზობლებმა აუტანეს ამბავი.

racha-imeretis-miciszvra-1693395357.jpg
რაჭა-იმერეთის მიწისძვრა

საბოლოოდ, ჩვენი სახლის დანგრევისას სამი ადამიანი დაიღუპა - დედა და 4 წლის ბავშვი, რომელიც გულში ჩაეხუტებინა და ერთი მოხუცი. მიწისძვრისას მხოლოდ ჩვენ ოთხი აღმოვჩნდით კორპუსში. დღის ისეთი პერიოდი იყო, დანარჩენები სამსახურებსა და სკოლაში იყვნენ. მეც ცოტა ხნით, სამსახურიდან შესვენებაზე, სადილად შევირბინე შინ. კარგი ამინდი იყო და აივანზეც გავედი - ქვეყნიერებას გადავცქეროდი და ვტკბებოდი, ვიდრე უეცრად ქარი არ ამოვარდა. უცებ ტყლაშო, დაიძახა სახლმა და გვერდით რომ გავიხედე, მახსოვს, შუაზე რკალივით გამსკდარი სადარბაზოს ნაწილი გვერდულად წამოვიდა. მერე მეც გამომეცალა აივანი, ქვემოთ დავეშვი. მეტი აღარაფერი მახსოვს...

კარგა ხანს ვაგონში ვცხოვრობდით და მერე იმავე ადგილას აშენებული სახლის ამჯერად მესამე სართულზე მოგვცეს ბინა. ალბათ ფიქრობთ, რომ იმავე ადგილას ცხოვრება უსიამოვნო არის, მაგრამ მე ეგ არ მაშინებს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისე დამანგრია მიწისძვრამ, დღემდე, ქარი რომ ამოვარდება, მინდა ვიკივლო, მაგრამ პატარა შვილიშვილები რომ არ შევაშინო, თავს ვიკავებ ხოლმე.

ჩაკეტილი სივრცის პანიკური შიშიც გამომყვა - ტუალეტში რომ შევდივარ, კარსაც ვერ ვხურავ. სამაგიეროდ, თქვენ წარმოიდგინეთ, აივანზე გასვლას მაინც ვახერხებ. ცხოვრებას თავისი მიაქვს. მეორედ დავიბადე-მეთქი, ბევრჯერ მითქვამს და დაბადების დღესაც წელიწადში ორჯერ აღვნიშნავ: ნამდვილ დაბადების დღეს, 17 ნოემბერს და მიწისძვრის დღეს - 29 აპრილსო.

(სპეციალურად საიტისთვის)