"დაე, მსოფლიოში ყველა ომი კულტურამ დაამარცხოს!" - ფესტივალი "არტ კოლხი" უკვე მეშვიდედ მოეწყო ზუგდიდსა და ანაკლიაში - კვირის პალიტრა

"დაე, მსოფლიოში ყველა ომი კულტურამ დაამარცხოს!" - ფესტივალი "არტ კოლხი" უკვე მეშვიდედ მოეწყო ზუგდიდსა და ანაკლიაში

წლების განმავლობაში ვისაც კი გავსაუბრებივარ, მონაწილეს თუ ორგანიზატორს, თითოეულისთვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "არტ-კოლხი" საუკეთესო, ტკბილ მოგონებად რჩება და რომელი პედაგოგი თუ ქვეყანაც ერთხელ მაინც იღებს მონაწილეობას მასში, წლების განმავლობაში უკან ბრუნდება გაახლებული რეპერტუარით თუ მონაწილეებით.

2015 წელს დაარსებული "არტ კოლხი" ამ ზაფხულს უკვე მეშვიდედ მოეწყო ზუგდიდსა და ანაკლიაში. დაარსებიდან დღემდე ამ ფესტივალის მეგობარი, მედიამხარდამჭერი და უცვლელი ჟიურის თავმჯდომარე ვარ, რაც ძალიან მახარებს და ძალიან მშობლიურს ხდის ჩემთვის ამ ფესტივალს. როგორც ყოველთვის, წელსაც მოეწყო ხელოვნების დღესასწაული, რომელმაც არა მარტო სამეგრელოს ეს ულამაზესი ადგილები გაახალისა, არამედ ფესტივალის სტუმრებიც და მათ ქალაქებსა თუ ქვეყნებში მომლოდინე გულშემატკივრებიც, რომლებიც კონცერტს საქართველოდან „ლაივ-ჩართვებით“ ადევნებდნენ თვალყურს. რაც მთავარია, წელს ფესტივალის არა მარტო მონაწილეთა გეოგრაფიული არეალი და რაოდენობა გაიზარდა, არამედ - ფესტივალს საკონკურსო კატეგორიაც დაემატა - "მხატვრული კითხვა", ამჯერად მხოლოდ ქართული ნაწარმოებების. მომავალი წლისთვის, ალბათ, უცხოენოვანი მონაწილეებიც შემოგვიერთდებიან. როგორც ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო მამფორიამ და სამხატვრო ხელმძღვანელმა რომეო ბულიამ მითხრეს, მომავალი წლებისთვის ნომინაციების მრავალფეროვნებაც გველოდება. წელს ფესტივალს უძღვებოდა მისი უცვლელი წამყვანი მიშიკო ბუაძე, დახურვის დღეს კი მას ინგლისურ ენაზე პარტნიორობას უწევდა ნინი შამუგია.

წელს ფესტივალ "არტ-კოლხის" კონკურსანტებს პირველად აფასებდა საერთაშორისო, ინტერნაციონალური ჟიური. აქვე გაგაცნობთ საერთაშორისო ჟიურის წევრებს: საქართველოდან - მანუჩარ სამუშია, მაია ჩიტაია და ირმა ხარშილაძე, ყაზახეთიდან - ნურბოლატ სეიტმურატოვი, პოლონეთიდან - კაროლ პიელოკი და სომხეთიდან რუზანა ჯამბაზიანი. ჟიურის შეფასებიდან გამომდინარე, ფესტივალ „არტ კოლხის“ უმაღლესი ჯილდო - „გრან პრი “ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 7 მონაწილეს ნომინაციების მიხედვით გადაეცა: 1. საესტრადო ვოკალი: ნურისლამ კადირბეკული, ყაზახეთი; ნინი როგავა, საქართველო; ნინი ჯაიანი, რომელიც ჩემი რჩეულიც არის, საქართველო; 2. საესტრადო ანსამბლი: ვოკალური ანს. „ნა შლაკუ“ (NA SHlAKU), პოლონეთი, ხელმძღვ. კაროლ პიელოკი; 3. ვოკალურ-ინსტრუმენტული შესრულება, ფოლკლორი: ანს. „დარნა“ (DARNA), ირანი, ხელმძღვ. მოჰსან მოჰამედი; 4. ინსტრუმენტული ჟანრი: გურიკა ქარცხია, საქართველო; 5. ქორეოგრაფია: ანს. „ვარუნა“ (VARUNA), ლიეტუვა, ხელმძღვ. გერდა მიკოლაიტიენე.

გავიხარე, ფესტივალის მონაწილეებს შორის ლიეტუველი და სომეხი სტუმრები რომ დავინახე, ამჯერად გაახლებული შემადგენლობით, მაგრამ მათ შორის ძველი მეგობრებიც იყვნენ - ლიეტუველი რაიმუნდას მიკოლაიტისი და სომხეთიდან რუზანა ჯამბაზიანი, ანა პოღოსიანი და რუზანას ქალიშვილი, ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი სეზონის გრან-პრის მფლობელი ანაჰიტ სიმონიანი.

რუზანა ჯამბაზიანი, ვოკალის პედაგოგი, სომხეთი:

- მეოთხე წელიწადია, რაც საქართველოში ჩამოვდივართ და აღარ ვართ სტუმრები. ფესტივალთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ახალ-ახალი მოსწავლეები ჩამოგვყავს. საქართველო ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი სომეხი დედა საქართველოდან არის. „არტ კოლხი“ ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო ფესტივალია და ამიტომაც მიხარია აქ ჩამოსვლა. შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან ორგანიზებულია და კარგია, რომ თქვენც ასე ეხმარებით, ყოველთვის გვერდში უდგახართ ამ ფესტივალს. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო და ვიმედოვნებ, მომავალ წელსაც აუცილებლად ჩამოვალთ. მადლობა ამისთვის, დაე, მსოფლიოში ყველა ომი კულტურამ დაამარცხოს! ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

pestivalis-camqvanebi-nini-shamugia-da-mishiko-buaze-1693393480.jpg
ფესტივალის წამყვანები ნინი შამუგია და მიშიკო ბუაძე

ანა პოღოსიანი, ქორეოგრაფი, სომხეთი:

- რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები რუზანას შეფასებას და მინდა, მადლობა გადავუხადო "არტ-კოლხს" და მის ორგანიზატორებს - ნინოს, რომეოს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს - თბილი მიღებისთვის, კარგად ორგანიზებული ფესტივალისთვის, მაღალი დონისთვის. რა შრომასაც თითოეული დებთ ამ ფესტივალში, ეს მხოლოდ ჩვენი - პედაგოგების კარგ მუშაობას კი არ უსვამს ხაზს, არამედ გვაერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, გვამეგობრებს უფროსებსაც და ბავშვებსაც, ყველა თაობას. ამიტომაცაა, რომ სულმოუთქმელად ველი მომავალ ზაფხულს და ფესტივალს.

ფესტივალზე ირანის ჩრდილო-ხორასნის პროვინციის ქალაქ ბოჯნორდიდან მოჰსან მოჰამედის ხელმძღვანელობით საკმაოდ დიდი ვოკალურ-ინსტრუმენტული ფოლკლორული ჯგუფი ჩამოვიდა. მათი ნომრები საკმაოდ საინტერესო იყო და ფოლკლორის ნომინაციაში დამსახურებულადაც მიიღეს გრან-პრი.

მოჰსან მოჰამედი, ანს. „დარნას“ დირექტორი, ირანი:

- თქვენ ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ და აქ ძალიან კარგი ადამიანები ცხოვრობენ. არც ეროვნებას აქვს მნიშვნელობა და არც რელიგიას, მთავარია, სიყვარული იყოს. მინდა, რომ ომები დასრულდეს და ადამიანებმა მშვიდობიანად ვიცხოვროთ.

gran-pris-mplobeli-nini-jaiani-sakartvelodan-1693393804.jpg
გრან პრის მფლობელი ნინი ჯაიანი საქართველოდან

კაროლ პიელოკი, ანს. "ნაშლაკუს" ხელმძღვანელი, პოლონეთი:

- ბატონი რომეო ბულია ბულგარეთის ფესტივალზე გავიცანი. გაგვიჩნდა იდეა, ერთმანეთთან გაცვლითი პროგრამები დაგვეწყო. პირველად ვარ ამ ფესტივალზე და პირველად ვარ საქართველოში, მადლობელი ვარ, რომ შემიძლია აქ ვიყო, გავეცნო თქვენს ტრადიციებს. აქ, თქვენთან, ბევრი მზის სხივი, სითბო, სიხარული და სილამაზეა! ფესტივალიც ძალიან კარგია.

ფესტივალ "არტ-კოლხისთვის" ტრადიციად იქცა ხელმძღვანელთა და მონაწილეთა წარმომადგენლების სტუმრობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტში, სადაც ამჯერადაც მერმა, ბატონმა მამუკა წოწერიამ, მისმა პირველმა მოადგილემ ბატონმა კონსტანტინე კაკავამ და მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა იდა ქვარაიამ გვიმასპინძლეს. ახალი კოლექტივების გაცნობის შემდეგ სტუმარ-მასპინძელმა ტრადიცია არ დაარღვია და საჩუქრებიც გაცვალა.

gran-pris-mplobeli-lietuvas-ansambli-varuna-konstantine-kakavastan-da-maia-chitaiastan-ertad-1693393713.jpg
გრან პრის მფლობელი ლიეტუვას ანსამბლი „ვარუნა“ კონსტანტინე კაკავასთან და მაია ჩიტაიასთან ერთად

"არტ-კოლხის" კონკურსანტებს შორის ყველაზე ასაკოვანი სტუმრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყვნენ - შერი გენსი და ჯანა ჯეი, რომლებიც ინსტრუმენტული დუეტის სახით წარუდგნენ ჟიურის და ფესტივალის დამსწრე საზოგადოებას. წარმოიდგინეთ, რა დიდი გზა გამოიარეს ჩვენამდე და დაღლასაც ვერ შეატყობდით. მათ ინსტრუმენტული შემსრულებლების ნომინაციაში I ადგილი დაიმსახურეს. ფაქტია, ჟიურის წევრები მოგვხიბლეს, ხოლო მათ მიერ ორ ვიოლინოზე შესრულებულ "ვა გიორქო მას", არნახული აპლოდისმენტები და შეძახილები მოჰყვა!

შერი გენსი და ჯანა ჯეი, ინსტრუმენტული შესრულება, I ადგილი, აშშ:

- ნინო მამფორია ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიცანით და მისი მოწვევით აღმოვჩნდით საქართველოში. აქ პირველად ვართ და ძალიან შეგვიყვარდა თქვენი ქვეყანა. ორგანიზატორებმა მონაწილეებს ექსკურსიებიც მოგვიწყეს - ზუგდიდიც დავათვალიერეთ და კონცერტისგან თავისუფალ დღეს სვანეთის მთებითაც დავტკბით. ძალიან მაღლა არ ავსულვართ, მაგრამ ენგურის წყალსაცავზე ვიყავით და - ცოტა უფრო მაღლაც. ქართველები თბილი ხალხი ხართ და ყველანი ცდილობთ, გვასიამოვნოთ, დაგვეხმაროთ და თქვენი ულამაზესი ქვეყნის მშვენიერება დაგვანახოთ. თავად ფესტივალი კი ძალიან მოგვეწონა. ბევრი კარგი ადამიანი გაგიცანით, ბევრ შემსრულებელს დავუახლოვდით, მაგალითად, ირანელებს, ლიეტუველებს, პოლონელებს. ყაზახეთიდან ჩამოსულ სტუმრებს და საჩუქრებიც კი გავცვალეთ. ძალიან ლამაზი საფესტივალო დღეები გვქონდა. მთავარია, მშვიდობა იყოს და ქვეყნებს მუსიკაც გააერთიანებს, მეგობრობაც და სიყვარულიც. აქ ისე მოგვეწონა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით, მით უმეტეს, რომ ნინო მამფორიამ უკვე დაგვპატიჟა მომავალი წლის „არტ კოლხზე“. ბედნიერები ვართ, რომ შინ წარმატებულები ვბრუნდებით.

ფესტივალის ქართველი კონკურსანტი ნინო სარალაშვილი "არტ კოლხის" ქართველი კონკურსანტებიდან ასაკით ყველაზე უფროსი იყო, იგი მესამე, "18+" კატეგორიაში გამოდიოდა. მითხრა, ყველაფერს მეუღლის, 3 ვაჟის, ხუთი შვილიშვილისა და საუკეთესო რძლების მხარდაჭერით ვახერხებო. ნინომ თავისი გამოსვლით სითამამის, სილაღისა და ნიჭიერების საუკეთესო მაგალითი უჩვენა ქართველებს, რომლებიც კონკურსის ამ კატეგორიაში გამოსვლას აშკარად არიდებენ თავს. იმედია, მომავალი წლიდან ჩვენი კონკურსის მონაწილეთა შორის, უფროს ასაკობრივ ჯგუფში, სხვა ქართველ მონაწილეებსაც ვიხილავთ.

nino-saralashvili-1693393531.jpg
ნინო სარალაშვილი

ნინო სარალაშვილი, საესტრადო ვოკალი, მე-2 ადგილი, საქართველო:

- ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ ვთვლი, რომ დღეს ვარ მოყვარული მომღერალი, თუმცა პროფესიონალიც ვარ, რადგან არა ერთ საესტრადო თუ ფოლკლორულ ანსამბლში მიმღერია და გამიმარჯვნია. ჩემთვის დიდი პატივი იყო ფესტივალ "არტ კოლხში" მონაწილეობა და საკუთარი ნიჭის გამოვლენა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ ფესტივალის ორგანიზატორების, პირადად ქალბატონ ნინო მამფორიასი და თქვენი, როგორც ჟიურის თავმჯდომარის. ვფიქრობ, ასაკი მხოლოდ ციფრებია და ეს ჩემს შემოქმედებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს, პირიქით - უფრო მალაღებს და მაბედნიერებს. თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ზუგდიდიდან ვარ და სამეგრელოში ნამდვილად საპასუხისმგებლო იყო ჩემი გამოსვლა. ოჯახის უკლებლივ ყველა წევრისგან მქონდა სრული მხარდაჭერა. არ არის მარტივი, 35-წლიანი პაუზის შემდეგ მაყურებლის წინაშე, კონკურსზე და ასეთ დიდ სცენაზე წარდგე. რაც შეეხება ანაკლიაში ჩატარებულ გალა კონცერტს, მართლაც ლაღი და ბედნიერი ვიყავი, მესმოდა მაყურებლის აპლოდისმენტები, ოვაციები, დიდი თუ პატარა ცეკვავდა და მათ შემყურეს, მეც მეტი სტიმული მომეცა. მე-2 ადგილის დიპლომი რომ გადმომეცით, სიხარულისგან თვალზე ცრემლიც მომადგა. ამ ფესტივალმა სტიმული მომცა რომ კიდევ ბევრ კონკურსსა და ფესტივალზე გამოვიდე.

წლევანდელი ფესტივალი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გალა კონცერტზე გამოსვლის სურვილი პედაგოგებსა და მშობლებსაც გაუჩნდათ. რაც მთავარია, მათი გამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა და გაახალისა კიდეც სტუმარ-მასპინძელი. ტრადიციულად, ყოველთვის ემოციური და საზეიმოა ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი. ცხადია, ყველაფერს დაღლაც ახლავს, მაგრამ დასასრულს, ყოველ წელს, იმედიანად ვამბობთ ხოლმე: ფესტივალი დასრულდა, მომავალ ფესტივალამდე! მთავარია, როგორც ზუგდიდის მერმა ბრძანა, საქართველოში, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების თბილ ურთიერთობებს, ხშირ შეხვედრებს და ფესტივალ "არტ კოლხის" მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. ბატონ მერსაც ვეთანხმები და ისიც ვიცი, რომ ნინო მამფორიას, რომეო ბულიას, დიანა მესხიას, როსტომ კაკაჩიას, გია ბენდელიანის, მანუჩარ სამუშიას, ლაშა თოდუას, მაია ჩიტაიას და მთელი გუნდის ძალისხმევით, ფესტივალის მეგობრების და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით, საერთაშორისო-საფესტივალო ზეიმი არასდროს მოიშლება ზუგდიდ-ანაკლიაში!