"განუკითხაობაა ქვეყანაში... აგრძელებენ მთების თხრას, ამასობაში ხან ერთი ფერდი ჩამოიშლება, ხან მეორე" - რას ითხოვს ხელისუფლებისგან ანა დოლიძე
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მისი თქმით, ამ საკითხში ოპოზიციას სრული პასუხისმგებლობა მართებს. მალე გაიხსნება "საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია. მისი მთავარი ამოცანაა შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გადაწყვიტოს... იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიები გაითვალისწინებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა, უსაფრთხოდ იცხოვრონ და შოვის ტრაგედიიდან გრძელვადიანი გაკვეთილები გამოიტანონ. კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამ ყველაფერს სჭირდება საგამოძიებო კომისია", - აღნიშნავს ანა დოლიძე, რომელიც ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ხელისუფლება ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ყველანაირ ხერხს მიმართავს. ჯერ ერთი, ოპოზიცია ყველა ქვეყანაში ცდილობს, ხელისუფლების შეცდომები სამზეოზე გამოიტანოს და ხალხს პრობლემის მოგვარების ალტერნატიული, საკუთარი ხედვები შესთავაზოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ოპოზიციას ისეთ საკითხებზე ვედავებით, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უფრო სწორად, საკითხი ჩვენს სიკვდილ-სიცოცხლეს, ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ ცხოვრებას ეხება. რას ვითხოვთ ჩვენ? - შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს, თუ რამ გამოიწვია რეალურად სტიქია - ნეპოტიზმმა, კორუფციამ, გულგრილობამ..."
"მმართველი გუნდი სრულიად უპასუხისმგებლოდ ეკიდება ხალხის ინტერესებს და თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული კერძო სექტორი. სწორედ ასეთ პოლიტიკას შეეწირა საქართველოს ეკოლოგია. ჩვენი პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსება. ნახეთ, რა უქნეს საყდრისს წიაღისეულის გამო ან რა ხდება რუსთავში, როგორ აბინძურებს ჰაერს ქარხნები... ამას ემატება ხე-ტყის უკანონო ჭრა და გასხვისება..."
"განუკითხაობაა ქვეყანაში. სისტემურად უნდა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ისტორიულ ჭრილში დავსვათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. რატომ იღებენ ადამიანები მშენებლობის ნებართვას ღვარცოფიანი მდინარის კალაპოტში და ვერ იღებენ სტიქიაზე ადრეული შეტყობინების სისტემას?! ამ ყველაფრისთვის საჭიროა საგამოძიებო კომისია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს..."
"კორპუსებს ისეთ ადგილებში აშენებენ, სადაც ბუნებას საერთოდ არ უნდა შეეხო. ნახეთ, რა ხდება რიკოთზე, გამოშიგნეს მთები, როცა იქაურობისთვის საერთოდ არ შეიძლებოდა ხელის ხლება. გეოლოგები ამბობენ, რომ რიკოთზე მოძრავი ქანებია, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, მსგავსი არაფერიაო და აგრძელებენ მთების თხრას, ამასობაში ხან ერთი ფერდი ჩამოიშლება, ხან მეორე, ხან კი გაყვანილი გვირაბები იშლება..."
სტატიას სრულად მხოლოდ ჟურნალ "გზის" 31 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ბახტურიძე