"როდესაც გავიგე, რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე უთხრეს უარი პრეზიდენტს, მედვედევის განცხადება გამახსენდა" - როგორ დასრულდება სახელისუფლებო სკანდალი?!
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის წინააღდეგ საბოტაჟსა და კონსტიტუციას დარღვევაში ადანაშაულებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას. "საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვა მდინარაძის განმარტება, რომ "ზურაბიშვილს ვიზიტების განსახორციელებლად არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და და ამ კურსის შესაბამისად მოქმედებს". საქართველოს კანონმდებლობით, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, დგება მისი იმპიჩმენტის საკითხი. თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, "ოცნებას" არ ჰყავს იმდენი დეპუტატი პარლამენტში, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
ამასთან, გავრცელდა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც საუბარია იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე ეთქვა უარი ზურაბიშვილს. როგორც ირკვევა, პრეზიდენტს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიის ფედერაციაში ვიზიტზე, ასევე, ოფიციალურად ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს, ანალიტიკოსი, კონტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე.
- კონსტიტუციაში ნამდვილად არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში აქვს უფლება ისაუბროს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი ვერცერთ ქვეყანაში ვერ იქნება საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი. თუმცა, მას შეუძლია კერძო ვიზიტები განახორციელოს, ნებისმიერ სახელმწიფოში. ჩემთვის მთავარობის პოზიცია აბსოლუტურად გაუგებარია. თუ მთავრობა გულწრფელია, როდესაც გვარწმუნებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციისკენ ვისწრაფვით, რატომ უკრძალავს სალომე ზურაბიშვილს ვიზიტებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. ევროპელ ლიდერებთან. კონსტიტუცია ირღვევა თუ არა, ეს ცალკე თემაა, რისი უფლება აქვს ან არ აქვს, საქართველოს პრეზიდენტს, ესეც სხვა თემაა, მე მინდა დამაჯარებელი არგუმენტების მოსმენა იმის შესახებ, თუ რატომ უკრძალავენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბარს ევროპელ ლიდერებთან.
- დამაჯერებლად არ მიგაჩნიათ მამუკა მდინარაძის არგუმენტი, როდესაც ის ამბობს, რომ ზურაბიშვილის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას?
- კერძოდ, რა იყო მის გამოსვლაში, საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო?
- მმართველი გუნდის განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლაში იგრძნობოდა პათოსი, რომ საქართველო თითქოს დღეს არ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და კანდიდატის სტატუსს. მათი თქმით, ევროპელი კოლეგები შეფასებითი კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია რეფორმების გატარების კუთხით, ზურაბიშვილი კი პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს და შესაბამისად, არსებობს რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვოიაჟის მიზანი საბოტაჟი იყოს.
- ეს არგუმენტი კი არა, სრული აბსურდია! "ქართული ოცნება" რომ ევროსაბჭოს პარლამენტის 12-პუნქტიან გეგმას შესაბამისად არ ასრულებს, ზურაბიშვილმა რომ არ თქვას, ისე არ იციან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა? ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში თქვა, მთავრობა არა, მაგრამ ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსსო. თუ ვინმე ეწინააღმდეგება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს სწორედ "ქართული ოცნებაა" იმიტომ, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.
- "ქართული ოცნების" ლიდერები ირწმუნებიან, რომ რეკომენდაციებს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე ასრულებენ.
- "ქართული ოცნების" ლიდერები ნათქვამი არც დამაჯერებელია და არც საკმარისი. ამ ხელისუფლებას ნებისმიერი რამის თქმა შეუძლია, მაგრამ შეეფერება კი ყველაფერი რეალობას? ვინ უნდა განსაზღვროს, შეასრულა თუ ამ მთავრობამ 12 პუნქტიანი გეგმა?! რა თქმა უნდა, დავალების გამცემებმა. მე არ მიმიცია მათთვის ასეთი დავალება, არც მოსკოვს, არც პეკინს. ევროპარლამენტარები ამბობენ, არ ასრულებენო და... ყოველ შემთხვევაში არ გამიგია, რომ სხვგავარი რამ ეთქვათ.
- თქვენი ვერსიით, პრეზიდენტისთვის აღნიშნულ ვიზიტების უარის თქმას როგორ აღიქვავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები?
- როდესაც გავიგე, რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე უთხრეს უარი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, უნებურად დიმიტრი მედვედევის ის განცხადება გამახსენდა, სადაც ის „ქართული ოცნების“ მთავრობას აქებს და ზურაბიშვილს აკრიტიკებს. მთავრობის ადმინისტრაციამ თითქოს თავი მოაწონა მედვედევს, ნახეთ, რა კარგი ბიჭები ვართ, როგორ დავბლოკეთ, ეს პროდასავლელი ზურაბიშვილიო. ალბათ, დასავლელ პარტნიორებსაც გაუჩნდებათ ასეთი ასოციაციები.
- ზურაბიშვილისგან ახლა რა ნაბიჯის გადადგმა უნდა ველოდოთ?
- კარგი იქნება, თუ კერძო ვიზიტების განხორციელებას დაიწყებს, თუ რა თქმა უნდა ამაზე დასავლელი პარტნიორების თანხმობა ექნება.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე