„ბებერი“ „ლეოპარდიც“ ომში მიდის - სწრაფი ტანკი სუსტი შეჯავშნით...
რუსეთ-უკრაინის წელიწად-ნახევრამდე გაგრძელებული ფართომასშტაბიანი ომი ახალ რესურსებს მოითხოვს - რუსები ციმბირში ათწლეულების განმავლობაში ღია ცის ქვეშ დაყრილ ძველ ტ-62-ების აღდგენას იწყებენ, ხოლო უკრაინელები იძულებულნი არიან, ნატოს ჩამოწერილი ტანკების გადაცემაზეც კი ეხვეწონ...
გუშინ გახდა ცნობილი, რომ უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 Leopard 1A5 ტანკი გადაეცა.
ცნობისთვის, გერმანიამ აქამდე, ივნისში უკრაინას 10 Leopard 1A5 ტანკი უკვე გადასცა.
ტანკის დასახელება თითქოს ნაცნობია, მაგრამ ეს არ არის Leopard 2, ეს მისი წინამორბედი „ლეოპარდია“, საიდანაც დაიწყო ამ „მტაცებელი“ ტანკების „შთამომავლობა“... მკითხველს თავიდანვე რომ შეექმნას წარმოდგენა, ვეტყვით, რომ გერმანული Leopard 1-ის ტიპის ტანკის შედარება შეიძლება უფრო საბჭოთა ტ-62-თან, თუმცა მისი მოდერნიზებული ვარიანტი Leopard 1A5 (სწორედ რომელ მოდიფიკაციასაც გადასცემენ უკრაინის არმიას) თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით უახლოვდება და შეიძლება აჭარბებს კიდეც საბჭოთადროინდელ ტ-72-ს, რადგან მას Leopard 2-ის გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის ავტომატური სისტემა უყენია და მოწინააღმდეგის ტანკების უფრო შორსა და ზუსტად მიზანში ამოღება შეუძლია...
Leopard 1 შეიძლება დახასიათდეს ამ ერთი წინადადებით - სწრაფი ტანკი სუსტი შეჯავშნით! და ეს არცაა გასაკვირი, რადგან როდესაც 1960-იანი წლების დასაწყისში გერმანელმა კონსტრუქტორებმა პირველი „ლეოპარდის“ შექმნა დაიწყეს, მათ მიცემული ჰქონდათ კონკრეტული დავალება - ეს უნდა ყოფილიყო შედარებით მსუბუქი ტანკი, მაღალი სისწრაფით, ძლიერი შეიარაღებით, მაგრამ არასქელი ჯავშნით, რადგან კუმულაციურქობინიანი რაკეტებისგან სქელი ჯავშანიც ვერ დაიცავსო - ასე მიაჩნდათ მაშინ...
შესაბამისად, Leopard 1-ის პირველი მოდიფიკაცია, რომელიც 1965 წელს გამოჩნდა, 40 ტონას იწონიდა, ასფალტირებულ გზაზე 65 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებდა, შეიარაღებული იყო 105 მმ კალიბრის არასტაბილიზებული ქვემეხით (60 ჭურვის მარაგით) და ქვემეხთან შეწყვილებული ერთი 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით (1 250 ვაზნის მარაგით) და ერთი ასეთივე საზენიტო ტყვიამფრქვევით, კოშკურის თავზე.
პირველი მოდიფიკაციის „ლეოპარდის“ სუსტი შეჯავშნა თავიდანვე გაოცებას იწვევდა - ტანკის კორპუსის შუბლა ჯავშნის (რომელიც ძირითად დარტყმას იღებს) სისქე მხოლოდ... 70 მმ იყო (შედარებისთვის - საბჭოთა ტ-62-ის კორპუსის შუბლა ჯავშანი 100 მმ სისქისაა), ხოლო კორპუსის ბორტების ჯავშნის სისქე კი 30-35 მმ-ია(ტ-62-ის კორპუსის ბორტები 80 მმ-იანი ფოლადის ფურცლებითაა შეჯავშნული).
Leopard 1-ის პირველი მოდიფიკაციის ასეთი სუსტი შეჯავშნა მის ბორტს საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანის ბმპ-2-იდან ახლოდან ნასროლი 30 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებისგანაც ვერ დაიცავდა...
პირველი ცივი ომის დროსვე ბუნდესვერში მიხვდნენ, რომ მათ Leopard 1-ს საბჭოთა ტ-62-იდან ნასროლი 115 მმ-იანი ჭურვებიც უდიდეს პრობლემებს შეუქმნიდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ 1970-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მასობრივად გამოჩენილ ტ-64-სა და ტ-72-ებზე, რომელთა 125 მმ კალიბრის ქვემეხები ბრძოლის ველზე უკვე ნამდვილ „განაჩენს“ წარმოადგენდნენ პირველი მოდიფიკაციის „ლეოპარდებისთვის“...
ამიტომაც გერმანელმა კონსტრუქტორებმა მალევე დაიწყეს ბევრად უფრო სრულყოფილი, უკეთესად დაჯავშნილი და 120 მმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი Leopard 2-ის შექმნა, მაგრამ რა უნდა ექნათ უკვე გამოშვებული 4 744 ერთეული Leopard 1-ებისთვის? რა თქმა უნდა, დაეწყოთ მათი თანდათანობით მოდიფიცირება, პირველ რიგში, დამატებითი დაჯავშნის ხარჯზე და ასეც მოხდა-1987 წლამდე განხორციელდა Leopard 1-ის მოდიფიცირების შვიდი პროგრამა და სწორედ მეშვიდე მოდიფიკაციად იქცა Leopard 1A5, რომლების გადაცემაც დაიწყეს უკრაინის არმიისთვის.
Leopard 1A5-ის დონემდე სულ გაუმჯობესებული იქნა 1 225 ტანკი, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ რჩება ბრაზილიის, საბერძნეთის, თურქეთის და ჩილეს შეიარაღებაში, ხოლო თავად გერმანიამ, ასევე - ბელგიამ, დანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, კანადამ და ავსტრალიამ ისინი შეიარაღებიდან მოხსნეს და დაასაწყობეს. თავიდან გაჟღერდა, რომ უკრაინამ შეიძლება 170-მდე Leopard 1A5 მიიღოს, მაგრამ ამ ტანკების იმხელა მარაგია შემორჩენილი, რომ ამ ომის შემდგომი გახანგრძლივების შემთხვევაში, სწორედ Leopard 1A5-ები შეიძლება იქცნენ უკრაინელი ტანკისტების მთავარ დონორად რუსს აგრესორებთან ბრძოლებში...
უბრალოდ, უკრაინელ ტანკისტებს აუცილებლად დასჭირდებათ ნაჩუქარი „ბებერი“ „ლეოპარდების“ დაცვის ხარისხის გაზრდა, პირველ რიგში, მათი კორპუსები შუბლა და ბორტის ჯავშანზე, ასევე - კოშკურის გარშემო, დინამიკური დაცვის ელემენტების ჩამოკიდების სახით...