"აქცენტი მხოლოდ ნინიზე იყო. მერე ძალიან გავბრაზდი... ნუ გეშინიათ, მეგობრებო, თქვენს ადგილს არავინ გართმევთ, ამერიკაში ყველანი დავეტევით" - კვირის პალიტრა

"აქცენტი მხოლოდ ნინიზე იყო. მერე ძალიან გავბრაზდი... ნუ გეშინიათ, მეგობრებო, თქვენს ადგილს არავინ გართმევთ, ამერიკაში ყველანი დავეტევით"

მოგეხსენებათ, ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსში 2 ქართველი მომღერალი - თათია კობალაძე და ნინი შერმადინი წარმატებით მონაწილეობდა. სამწუხაროდ, თათია კონკურსს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა, თუმცა ხმების რაოდენობით ლიდერობდა... თათია ახლა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია, რადგან "კოვიდის" ახალი შტამით გახლავთ ინფიცირებული,

- თათია, თავს როგორ გრძნობთ?

- უკეთ. ჯერ ჩემი შვილი გახდა ავად, ოღონდ - არ იცოდნენ, "კოვიდის" რომელი შტამი იყო, შემდეგ - ბებო... ყველა გამოვაჯანმრთელე, მერე კი თავად დავინფიცირდი, გაუარესებული ფორმით: კანზე გამონაყარი, ხველება, მაღალი სიცხე... "კოვიდ"-ტესტი 3-4-ჯერ გავიკეთე, მაგრამ ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღე. გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნამდვილად "კოვიდი" მქონდა. ჰაერის უკმარისობას ვგრძნობდი, ამიტომ "სასწრაფოში" დავრეკე და საავადმყოფოში მომათავსეს... მადლობა ღმერთს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა ნამდვილად ვერ დაგელაპარაკებოდით...

- საავადმყოფოში ბევრი ინფიცირებულია?

- ბათუმის ინფექციურში ვიმყოფები და კი, ბევრი ინფიცირებულია. ალბათ იმიტომ, რომ ქვეყანაში ბევრი ტურისტია, თუმცა მათ "ტურისტებსაც" ვეღარ დავარქმევთ - აქ ჩამოსახლდნენ...

- ამ პერიოდს დაემთხვა ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის შედეგების გამოქვეყნება. როგორ შეხვდი იმ ფაქტს, რომ კონკურსს მაშინ გამოეთიშე, როცა ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა გქონდა დარჩენილი?

- გავოცდი, შემდეგ კი გავბრაზდი... "ტოპ ხუთეულში" ჩვეულებრივად ვხვდებოდი. ხმის მიცემის 8 საათი იყო დარჩენილი. მონაცემებით კიდევ პირველ ადგილზე ვიყავი... კონკურსის ანკეტის შევსებისას, კონკრეტული კითხვები არ იყო მოცემული, თუმცა წესდება წავიკითხე, რომელშიც ეწერა, რომ კონკურსანტი აუცილებლად ამერიკის ან კანადის რეზიდენტი უნდა ყოფილიყო - ამერიკაში მუშაობის და ცხოვრების უფლება ჰქონოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პრიზი მიეღო. მაშინ ვიფიქრე, თუ ჩემი სიმღერა შემდეგ ეტაპზე გადავა, დოკუმენტაციის მომზადება პრობლემას არ წარმოადგენს-მეთქი. ყველაფერს ისე მოვასწრებდი, რომ ფაქტობრივად, ამის შესახებ ვერც ვერავინ გაიგებდა, ვიღაც ქართველს რომ არ მიეწერა... თავად კონკურსის წარმომადგენლებმა მითხრეს: მოგვწერეს, რომ თქვენ რეზიდენტი არ ხართ. შესაბამისი დოკუმენტები წარმოგვიდგინეთ, თორემ კონკურსანტების სიას ახლავე დისკვალიფიკაციით "ჩაეხსნებითო". იმდენად დადასტურებული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სანამ პასუხს მივწერდი, ჩემი ანგარიში უკვე წაშლილი იყო - რომ სცადოთ, ჩემს "პროფილზე" ვეღარ გადახვალთ... ნერვიულობის ფონზე, სუნთქვის უკმარისობა უფრო მეტად დამეწყო და საავადმყოფოში გადმოსაყვანი გავხდი. არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც ამდენს წვალობს, იბრძვის, ასეთი ბოროტება გაუკეთო... მაგალითად, წარმოიდგინეთ, საავტორო სიმღერის არანჟირება, რაღაცების შეცვლა, ახლის ჩაწერა რა თანხებს უკავშირდება... სავარაუდოდ, მეც და ნინიც ფინალში ვიქნებოდით, რადგან ჩვენს ჯგუფებში, ორივე პირველ ადგილზე ვიყავით... გეტყვით, ეს კონკურსი ჩემთვის მნიშვნელოვანი რატომ იყო: საერთოდ, გული მეწვის და მეთუთქება, როცა სოციალურ ქსელში მწერენ, - შვილი მშიერი მყავს, ძალიან მიჭირსო. როგორც ვახერხებ, ვეხმარები ამ ადამიანებს, თუმცა ისე ვერა, როგორც მათ სჭირდებათ. ჩემი პირველი სურვილი იყო, კონკურსზე მოგებული თანხით ჩემს კარიერაში რაღაც გამეკეთებინა, დარჩენილით კი ბავშვებს დავხმარებოდი. ჩემს "პროფილზე", კონკურსის პირველივე დღიდან მეწერა, - ჩემს ქვეყანაში გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმარები-მეთქი. სიმღერების ჩაწერა, რადიოებში "დატრიალება" და მსგავსი გეგმები არ დამისახავს... არ ვიცი, კონკურსის წარმომადგენლებს ვინ მისწერა - ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ "ჩვეულებრივი" მოქალაქე ამას არ გააკეთებდა, კონკურსის წესები არ ეცოდინებოდა. წესებით მომღერალი, მუსიკოსი დაინტერესდებოდა და გადაიკითხავდა... ალბათ ვიღაცისთვის დიდი დაბრკოლება ვარ და მიიჩნია, რომ თუ მომიშორებდა, ამით კარგ საქმეს გააკეთებდა... შემდეგ, როცა ჩემმა გულშემატკივრებმა ჩემი მხარდასაჭერი "პოსტი" გამოაქვეყნეს, ვიღაცებმა მათზე თავდასხმა დაიწყეს - ანგარიშებს "ურეპორტებდნენ"... ვიღაცები მეუბნებიან, - არა უშავს, კონკურსზე მომავალ წელს გახვალო... ეს კონკურსი ახლა მჭირდებოდა. იმედი მაქვს, მომავალ წლამდე ამერიკული "ნიჭიერის" სცენაზე დავდგები და მერე ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი აღარ მექნება... უკვე ვგრძნობ, ამერიკაში რომ ჩავალ, იქ გვერდით ბევრი არ დამიდგება. მართალია, ამერიკაში ბევრი ქართველია, მაგრამ ძალიან გადამემტერებიან. შეიძლება პირდაპირ არ შეიმჩნიონ, მაგრამ ამას უკვე ვგრძნობ, რადგან თუნდაც, ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის განმავლობაში, ჩემი და ნინი შერმადინის საერთო მუსიკოსი მეგობრებიდან ჩემს ვიდეოებს არავინ აზიარებდა. პირადში მწერდნენ, - თათია, გამარჯვებას გისურვებ, რა მაგარი გოგო ხარო, ამ დროს კი საჯაროდ წერდნენ: ნინი, მოგებას მხოლოდ შენ იმსახურებ, გამარჯვების კანდიდატი მხოლოდ შენ ხარო. ეს ორმაგი სტანდარტები მაღიზიანებს. საერთოდ, ასეთ საკითხებში ძალიან პირდაპირი ვარ. ის კი არ მაღიზიანებდა, რომ ნინის უჭერდნენ მხარს, არა! ნინის თავადაც ვაძლევდი ხმას - ამის ამსახველი ყველა "სქრინი" მაქვს. ის მაღიზიანებდა და გული მწყდებოდა, რომ მატყუებდნენ. მაგალითად, თუ ნინისთან უკეთესი ურთიერთობა გაქვს და მხარს უჭერ, საჯარო "პოსტზე", ბოლოში იმას მაინც მივაწერდი, რომ ამ კონკურსში მეორე ქართველი გოგოც მონაწილეობს, მასაც წარმატებას ვუსურვებ-მეთქი... ნუთუ ასეთი რთული იყო? მოკლედ, ჩემმა მონაწილეობამ დიდი აგრესია გამოიწვია.

- თავად ნინისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობდი?

- მე და ნინი დღემდე ვკონტაქტობთ. მას დიდ წარმატებას, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ! უბრალოდ, ზუსტად ვიცი, ამერიკაში ჩასულს გვერდით არავინ დამიდგება, ერთი ქალბატონის - დიანა ბაგრატიონის გარდა... მგონია, ჩემს სფეროში უფრო მეტ მტერს გავიჩენ. საქართველოში და ამერიკაში მყოფ კოლეგებსაც მივმართავ: მეგობრებო, ნუ გეშინიათ. თქვენს ადგილს არავინ გართმევთ. ამერიკაში ყველანი დავეტევით. კონკურსებში მონაწილეობა ყველას შეგვიძლია, ამის გამო ერთმანეთი არ უნდა დავხოცოთ... თუნდაც, "ნიჭიერში" 2 ქართველი რომ ვმონაწილეობდეთ, მაგრამ მხოლოდ მე "მაპიარებდნენ", მეორე კი დაიჩაგროს, ხომ არასწორი საქციელი იქნება, არა?

- ქართული მედიისგან მხარდაჭერას ვერ გრძნობდი?

- თავიდან ვერა, რადგან აქცენტი მხოლოდ ნინიზე იყო. მერე ძალიან გავბრაზდი. ისე არ გამოვიდეს, თითქოს იმის გამო ვღიზიანდებოდი, რომ ნინის შესახებ წერდნენ - ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, თუკი ერთ კონკურსანტზე წერ, ხომ შეიძლება, მეორეზეც დაწერო, არა? ამასთან დაკავშირებით განაწყენებულმა "სტატუსიც" დავწერე - თითქოს ვგრძნობ, რომ გარიყული ვარ. თითქოს ყველამ ზურგი მაქცია და პირი შეკრა, - ოღონდ თათიამ არ გაიმარჯვოს და ყველაფერზე მზად არიან-მეთქი. ერთ-ერთ ონლაინგამოცემას მივწერე კიდეც, რომ კონკურსში 2 ქართველი მონაწილეობდა და არა - ერთი... მიზანს მიაღწიეს. ახლა არავინ იტყვის, - მეორე ქართველი კონკურსანტის შესახებ რატომ არ წერთო? მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ, ამდენს ვიბრძვი, არავინ მეხმარება და უბრალოდ საწყენია, რომ სულ ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდები - ჟურნალისტებთან, კოლეგებთან...

- ამერიკულ "ნიჭიერში" შენი მონაწილეობის საკითხი რა ეტაპზეა?

- 6 კასტინგი გავიარე (ინტერნეტით). რთული იყო, მაგრამ ყველაზე რთული ვიზასთან დაკავშირებული საკითხი აღმოჩნდა. მიხარია, რომ ნუცა ბუზალაძემ ამერიკაში ამდენი შეძლო, მაგრამ თურმე, საჭიროა ფინანსურად მყარად იდგე ფეხზე - ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული... ამერიკული "ნიჭიერის" სცენაზე ჩვეულებრივი ვიზით არ გაგიშვებენ... დოკუმენტაციის მოსამზადებლად ბევრი დრო დამჭირდა. "ნიჭიერში" თვის ბოლომდე მელოდებიან, მაგრამ ჩაფრენას ვერ ვახერხებ. თუ მოვასწარი, კარგი იქნება, რადგან კასტინგის ბოლო გადაღებაა დარჩენილი და უკვე "ლაივები" დაიწყება.

- ამჟამად ხელს რა გიშლის?

- ფინანსური მხარე. ქვეყანაში ამდენი მილიონერია, ამდენი კომპანიაა, თუმცა არც კი დაიჯერებთ, რამდენ მათგანთან დავრეკე და ყველასგან უარი მივიღე. ჩემთვის ეს საშინელი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. ერთ-ერთ ბიზნესმენს ვუთხარი კიდეც: თქვენი და ქვეყნის სირცხვილიც არის, რომ ფინანსური საკითხის გამო, გოგო კონკურსზე ჩასვლას ვერ ასწრებს-მეთქი. სპონსორს ვიპოვი თუ არა, ამერიკაში მაინც ჩავალ. იცი, კონკურსზე სპონსორი რატომ გჭირდება მონაწილეს? "ნიჭიერის" სცენაზე გასვლა მარტივი არაა: ეს არაა ყაზახეთის და თურქეთის "ვოისი" ან უკრაინის "X-ფაქტორი", რომელთა ფინალშიც ვიყავი და ერთ-ერთ მათგანში გავიმარჯვე კიდეც. იქ შემეძლო, მშიერიც ვყოფილიყავი, ტურიდან ტურამდე წყალიც არ მქონოდა. ოღონდ წარმატებისთვის მიმეღწია და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ანგარიშზე თანხა მქონდა თუ არა. ამერიკულ "ნიჭიერს" რაც შეეხება, მასში ყველაფერს ყურადღებას აქცევენ, ჩაცმულობასაც კი... ჩაფრენის ბილეთის საფასურიც ჩემთვის დიდი თანხაა... ეს ყველაფერი ჩემთვისაა წარმოუდგენელი, თორემ შეიძლება, ვიღაცამ 1-2 დღეში მოაგვარა და ჩავიდა... მე დიდ თანხებს ვერ "ვეთამაშები". იმ მომღერლების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვისაც ბრენდული სამოსი აცვია და ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავს. 2 შვილსაც ვზრდი და ჩემი კარიერისთვის ცარიელი ხელებით ვიბრძვი, რადგან ზუსტად ვიცი, სადღაც უნდა გამიმართლოს - იქ უნდა ჩავიდე, სადაც ჩემი ადგილია და ასეც მოხდება. უბრალოდ, ყველაფერ ამას ბრძოლა სჭირდება.

ერთადერთი, რაც მაიმედებს, ისაა, რომ "ნიჭიერის" ამ სეზონზე ამერიკაში ჩასვლა თუ ვერ მოვასწარი, მომდევნო სეზონზე პირდაპირ საეთერო ტურებში "ჩამსვამენ" - წინა ეტაპების ხელახლა გავლა აღარ დამჭირდება. პროდიუსერებს ავუხსენი, - თანხებთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს. ამერიკული "ნიჭიერი" ჩემი ოცნების კონკურსია და რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ თქვენამდე მოვაღწიო-მეთქი. მითხრეს, - არ ინერვიულო. ყველანაირად შეგიწყობთ ხელს. თუ ამ სეზონზე ვერ ჩამოხვალ, შემდეგში პირდაპირ საეთერო ტურებზე გელოდებითო. კარგი იქნება, ჩასვლა ახლავე მოვახერხო...

- ბარიერები საქართველოში არსებულ მუსიკალურ კონკურსებშიც გექმნება ხოლმე...

- პრობლემა საქართველოს კონკურსებიდან იწყება: ერთხელ რაღაც დაღს რომ დაგასვამენ, შემდეგ იმ დაღის მოხსნა რთულია. იმ ადამიანის ხსენება აღარ მინდა - მის მიმართ ქალური სოლიდარობა მაქვს, მის შემოქმედებაში ბევრ რამეს პატივს ვცემ, თუმცა ჩემთან ურთიერთობაში ძალიან არასწორი იყო. მის სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა, განსაკუთრებით - მაშინ. ეს ადამიანი ვინმეს შესახებ რომ იტყოდა, კარგად მღერისო, ყრუც რომ ყოფილიყო, ხალხს ეგონა, მართლა მაგრად მღეროდა; ვის შესახებაც იტყოდა, ნიჭი არ აქვსო, მორჩა, დაღად დაესმებოდა... ვიღაცები მწერენ, - ძალა მოგცაო. არა, ასე არ არის. ამდენს ვიბრძვი, არ დავნებებულვარ და წარმოიდგინეთ, ჩემთვის ხელის შეშლის ნაცვლად, ხელი რომ შეეწყოთ, რას ვიზამდი! ზოგი რომ გააღმერთა, მათმა უმეტესობამ "გამარჯვებულის" სტატუსი მიიღო და მხოლოდ რესტორანში სიმღერით დაკმაყოფილდა - დღეს არაფერს აკეთებს, ბევრ ადამიანს კი, ვისაც შანსი ნამდვილად სჭირდებოდა, გული ძალიან ატკინეს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"