რატომ აგრძელებს ევროპა რუსული გაზის მოხმარებას და რატომ უწყობს ხელს ამით უკრაინის ომის გაგრძელებას?! - Financial Times - კვირის პალიტრა

რატომ აგრძელებს ევროპა რუსული გაზის მოხმარებას და რატომ უწყობს ხელს ამით უკრაინის ომის გაგრძელებას?! - Financial Times

ბრიტანული გაზეთის - "ფაინენშელ თაიმსის" (Financial Times) დღევანდელ, 31 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ევროკავშირი რუსეთიდან რეკორდული მოცულობის თხევადი გაზის იმპორტს ახდენს" (ავტორი - ელის ჰენკოკი). მასალაში განხილულია საკითხი, თუ რატომ აგრძელებს ევროპა რუსული გაზის მოხმარებას და რატომ უწყობს ხელს თავისი მოქმედებით უკრაინის ომის გაგრძელებას.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ევროკავშირი მიმდინარე წელს რუსული თხევადი გაზის იმპორტს რეკორდული მოცულობით ახორციელებს და ეს ხდება იმ დროს, როცა ბრიუსელს განზრახული აქვს ციმბირული საწვავის შეტანა 2027 წლამდე მთლიანად შეწყვიტოს.

2023 წლის პირველ შვიდ თვეში ბელგია და ესპანეთი მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ მსოფლიოში რუსული თხევადი გაზის შესყიდვის მოცულობით და ამ მხრივ მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩებიან. ამას მოწმობს დარგობრივი მონაცემების ის ანალიზი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-მა წარმოადგინა.

მთლიანობაში, მიმდინარე წელს, რუსული "ცივი" (თხევადი) გაზის იმპორტის მოცულობა, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, 40%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ანუ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე. ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა იმით აიხსნება, რომ ადრე ევროკავშირი თხევადი გაზის შესყიდვებს მცირე რაოდენობით ახდენდა, რადგან ბუნებრივი საწვავის ძირითად რაოდენობას მილსადენების ("ჩრდილოეთის ნაკადების") მეშვეობით იღებდა.

Global Witness-ის ანალიტიკური დასკვნები ეფუძნება დარგობრივი კომპანიების მონაცემებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ ევროპა მიმდინარე წელს რუსეთიდან 1,7-ჯერ მეტ გაზს იღებს, ვიდრე გასულ წელს. იანვრიდან ივლისამდე იმპორტირებული გაზი, ფულადი გამოხატულებით, 5,29 მილიარდ ევროს შეადგენს.

"ეს გასაოცარია. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც, თითქოსდა, დაბეჯითებით ცდილობენ, უარი თქვან რუსულ გაზზე, [გამოდის, რომ "პირობას არ ასრულებენ"] - უბრალოდ, მილსადენურ გაზს ტანკერული თხევადი გაზით ანაცვლებენ", - ამბობს Global Witness-ის თანამშრომელი ჯონათან ნორონია-განტი, - "ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ევროპა რით იღებს გაზს - მილსადენით თუ გაზმზიდი ტანკერით... მთავარი ისაა, რომ ევროპული ქვეყნები და მათი კომპანიები ძველებურად აძლევენ ვლადიმერ პუტინს მილიარდებს სამხედრო მოქმედების გასაგრძელებლად".

ევროკავშირის სახელმწიფოები ციმბირული გაზის დიდ მოცულობას რუსეთის კუთვნილ იამალის ნახევარკუნძულზე, პოლარული წრის მიღმა, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთობლივი საწარმოს - "იამალის" (Yamal LPG - Liquefied natural gas) მეშვეობით იღებენ, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტი რუსულ კომპანია "ნოვატეკს" ეკუთვნის. აქციების დარჩენილ ნაწილს ფლობს ფრანგული "ტოტალენერჯი", ჩინური CNPC და ჩინეთის სახელმწიფო ფონდი. სხვათა შორის, Yamal LPG საექსპორტო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, თუმცა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი შეაქვს.

ისე გამოდის, რომ იმ დროს, როცა ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, რუსეთში მაინც შედის ევროპიდან მრავალმილიარდიანი შემოსავლები. უფრო მეტიც: რუსული გაზის ასეთი დიდი მოცულობით იმპორტი ევროკავშირს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის - კრემლს ხომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს ევროპისათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება, გაზის მიწოდების შეწყვეტაზე, როგორც ეს გასულ წელს იყო მილსადენური გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.

როგორც კონსალტინგური კომპანია ICIS-ის უფროსი ანალიტიკოსი ალექს ფროლი განმარტავს, "ევროპელი მუდმივი მყიდველები აცხადებენ, რომ ისინი მომავალშიც შეიძენენ თხევადი გაზის დაკონტრაქტებულ მოცულობას, თუ ამას პოლიტიკოსები არ აუკრძალავენ" (პოლიტიკოსები კი ჯერ ჩუმად არიან). ალექს ფროლი ამბობს, რომ ბუნებრივია, თუ ევროკავშირის ლიდერები თხევადი გაზის შესყიდვას აკრძალავენ, მაშინ ეს ეკონომიკაში სირთულეებს გამოიწვევს, აუცილებელი გახდება ვაჭრობის სტრუქტურის რეორგანიზება. "თუმცა, საბოლოო ჯამში, ევროპა სხვა მიმწოდებლებს მაინც მონახავს, რუსეთი კი - სხვა მყიდველებს", - აღნიშნავს ექსპერტი.

ბელგია რუსულ თხევად გაზს მნიშვნელოვანი მოცულობით იღებს - მისი ნავსადგური ზაბრიუგე ევროპაში ერთ-ერთ იმ იშვიათ ადგილს წარმოადგენს, სადაც ყინულოვანი კლასის ტანკერებიდან (რომელსაც რუსეთი უკიდურეს ჩრდილოეთში იყენებს), თხევადი გაზის გადატვირთვა ჩვეულებრივი კლასის გაზმზიდ ტანკერებში ხდება.

ანალიტიკოსების თქმით, ესპანეთის ენერგეტიკული კომპანია Naturgy და ფრანგული "ტოტალი" (Total) დღემდე ინარჩუნებენ რუსული თხევადი გაზის დიდი მოცულობით მიწოდების კონტრაქტებს - იმის მიუხედავად, რომ ევროპელი პოლიტიკოსები თავიანთი ქვეყნების კომპანიებს მოუწოდებენ, უარი თქვან რუსული თხევადი გაზის შესყიდვაზე.

ესპანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტერეზა რიბერამ, რომლის სამშობლო ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა ექვსი თვის ვადით, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ბრიუსელმა სანქციები უნდა დააწესოს არა მარტო რუსულ მილსადენურ, არამედ - თხევად გაზზეც. შექმნილ სიტუაციას მან აბსურდული უწოდა. ენერგეტიკის ევროკომისრის კადრის - სიმსონის თქმით, ევროპამ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყვიტოს რუსული გაზის მოხმარება, „თუმცა, იმავდროულად, სხვა წყაროებიდან მიწოდების შეუფერხებლობაზეც უნდა იზრუნოს“.

ასევე, ევროჩინოვნიკები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თუ ისინი რუსული თხევადი გაზის იმპორტსაც აკრძალავენ, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება გასული წლის ანალოგიურ ენერგეტიკულ კრიზისს გამოიწვევს, როცა ფასები რეკორდული გახდა - 300 ევრო ერთ მეგავატ/საათზე (ანუ 1000 კუბ/მეტრ გაზზე).

ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამჟამად ევროპული გაზსაცავები, ზამთრის მოახლოების კვალობაზე, თითქმის 95%-ით არის შევსებული, მაინც ერთგვარი "ნერვიულობა შეინიშნება", რადგან არავინ იცის, როგორი იქნება წლევანდელი ზამთარი, თანაც თეორიულად გამორიცხული არ არის გაზის მიწოდების შეფერხებაც.

ანალიტიკური კომპანიების - Global Witness-ისა და Kpler-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე ევროკავშირმა მთლიანობაში 133,5 მილიარდი კუბ/მეტრი თხევადი გაზი შეიძინა, რომელშიც რუსული თხევადი გაზის მოცულობა 21,5 მილიონ კუბ/მეტრს ანუ 16%-ს შეადგენს. ამრიგად, რუსეთმა თხევადი გაზით ევროპის მომარაგებაში მეორე ადგილი დაიკავა, აშშ-ის შემდეგ.

მარტში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ახალი დებულება მიიღეს გაზის ბაზრის წესებზე, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს რუსული თხევადი გაზის იმპორტის შეწყვეტისათვის. მაგრამ დებულება ჯერ ძალაში შესული არ არის, რადგან ევროპარლამენტთან არ შეთანხმებულა.

გერმანელი ენერგეტიკული ექსპერტის - ჰენიგ გლოიშტეინის თქმით, ამ ზამთარს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მითითებით, გაზის დეფიციტის გამო, არც ერთი გერმანული საწარმო აღარ დაიხურება, თუმცა იგი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა გაზის მოხმარება კიდევ 10%-ით უნდა შეამციროს: "თუ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ, გაჩნდება იმ სიტუაციის გამეორების რისკი, როცა ყოველი ზამთრის წინ დამატებით მიმწოდებლებს ვეძებთ".

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო