" თუ მთავრობა უარს ეუბნება, ამხელა მოგზაურობაში რა სახსრებით მიდის?" - რატომ მიიჩნევს პოლიტოლოგი, რომ პრეზიდენტი მთავრობას ჯიბრში ჩაუდგა - კვირის პალიტრა

" თუ მთავრობა უარს ეუბნება, ამხელა მოგზაურობაში რა სახსრებით მიდის?" - რატომ მიიჩნევს პოლიტოლოგი, რომ პრეზიდენტი მთავრობას ჯიბრში ჩაუდგა

ფაქტია, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კონფრონტაციული ნაბიჯია, ჯიბრზე გაკეთებული ნაბიჯიც კი არის, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების დაწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საყვარელიძე აღნიშნავს, პრეზიდენტის გამგზავრების ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება.

„პირველი კითხვა, რაც ჩნდება - თუ მთავრობა უარს ეუბნება დაფინანსებაზეც, მაშინ, რა სახსრებით მიდის ამხელა მოგზაურობაში პრეზიდენტი, მაგრამ ეს მისი საქმეა. [თუ მისი ხარჯებით მიდის], მაშინ მისი ხარჯებია საინტერესო მოვლენა, მაგრამ ღმერთმა შეარგოს, რაც მეტი ექნება ყველას და მითუმეტეს, პრეზიდენტს კანონიერი გზით მოპოვებული, უკეთესია“, - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, უნდა დაეწყო თუ არა სალომე ზურაბიშვილს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, საყვარელიძე ასე პასუხობს:

„საკითხი დგება, რატომ უღირს პრეზიდენტს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ფაქტია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, კონფრონტაციული ნაბიჯია, ჯიბრზე გაკეთებული ნაბიჯიც კი არის. ვისურვებდი, რომ ქართველ პოლიტიკოსებს, პრეზიდენტის ჩათვლით, უფრო მეტი ელასტიურობა, უფრო მეტი კოლეგიალობა ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა, როგორც ერთ მთლიან გუნდს, ისე აღიქვამდეს და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკოსების ერთობად. ეს ქვეყნისთვის სჯობს, თორემ ასეთი დაპირისპირება უამრავი ყოფილა ისტორიაში“, - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად აქვს ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ქვეყნის სახელით საუბრის უფლება ან რამდენად შეიძლება ეს შეხვედრები შედეგის მომტანი იყოს, საყვარელიძე ასე პასუხობს:

„თქვენი კითხვის მეორე ნაწილი უდავოდ დამაფიქრებელია, არის თუ არა შედეგები ამ ვიზიტებისგან. როგორც ვხედავთ, თუნდაც პრემიერის, სხვა თანამდებობის პირთა ვიზიტების დროს ან უცხოელი პოლიტიკოსების აქ ვიზიტისას, ყველა უცხოელი ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას მხარს უჭერენ. სავარაუდოა, რომ ახლაც პრეზიდენტს არავინ შეეკამათება იმაში, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. აქვს თუ არა, უცხოელებისთვის პრეზიდენტის სიტყვას ის წონა, რომ მათი პოზიცია ბოლომდე გაატარონ და არ დაემორჩილონ რაღაც პოლიტიკურ განწყობილებებს, რაც იმ მომენტში შეიძლება ამოტივტივდეს, ამას მომავალი, უფრო სწორად, კენჭისყრა გვიჩვენებს - რომელი ქვეყანა, რა პოზიციას დაიკავებს.

შეხვედრები ოფიციალური, წესით, არ უნდა იყოს, მაგრამ ახლა ადამ კინზინგერი ჩინეთში იმყოფებოდა, ეს ოფიციალურად არაფერი არ არის, გარდა უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე ანალიტიკოსის [ვიზიტისა]. ჩინეთში, მას როგორც პირველ პირს, ისე დახვდნენ, ეს ქვეყანაზეა დამოკიდებული, რა სტატუსის ფიგურანტად მიიჩნევს ამა თუ იმ ვიზიტორს. კინზინგერის და ზურაბიშვილის შედარება არ მინდა, სხვადასხვა კატეგორიებია, მაგრამ გამორიცხული არაა, პრეზიდენტის სტატუსმა მის მიმართ ისეთი დამოკიდებულება გამოუმჟღავნოს დამხვედრებს, როგორიც მეტ-ნაკლებად სასურველია. რა თქმა უნდა, იმის პრობლემა არის, რომ მხარდაჭერის გარეშე, ალბათ, ოფიციალურ ვიზიტად ეს ჩასვლა არ ჩაითვლება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ის დღეს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას გამართავს.

მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე მას უარი ეთქვა.

"ინტერპრესნიუსი"