"წამოუდგენელი სიცარიელე მხრავს. გიოს პოვნის შემდეგ მისი ბოლო წერილი რომ წავიკითხე, მეგონა, გული გამიჩერდებოდა..." - რას ჰყვება ახლობელი შოვში ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის წევრებზე
"მანანა ყველას ეხმარებოდა, იმას რომ შია, მე მშვიდად როგორ უნდა ვჭამოო - წავიდოდა, ლუკმას მიაწოდებდა... გიოს სამირა ძალიან უყვარდა, კართან დადგებოდა და ელოდა - სანამ ნანო არ მოვა, აქ უნდა ვიდგეო"
თითქმის ერთი თვე შესრულდა შოვის ტრაგედიიდან. დაღუპულებიდან ერთ-ერთი ბოლო იდენტიფიცირებული 4 წლის გიორგი(გიო) ხორბალაძეა. სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე ანგელოზი, რომელიც 26 დღის ძებნის შემდეგ იპოვეს. ის დაბრუნდა დედიკოსა და ბებოსთან, რომ ცოტათი მაინც დაემშვიდებინა ემიგრაციაში მყოფი მამის გული, რომელიც ამ დღეებში ინტერნეტით ხან მეუღლეს, მანანა ჯაჭვაძეს სწერდა უპასუხო წერილებს და ხან შვილს. ხან ცოლს ეკითხებოდა უნუგეშოდ: " მეც რატომ არ წამიყვანე? შენთან რომ მოვალ, რას მიპასუხებ, ჩვენს გიოს ხელი რატომ გაუშვი"-ო; ხან შვილს ევედრებოდა:" გამოჩნდი გიო, დედიკო და ბებია გელოდებიან, ინერვიულებენ უშენოდ"-ო.
ეს ენით აუწერელი ტრაგედიაა. გიოს ბებიას, მარინა ხორბალაძეს და ოჯახის მეზობელს, 18 წლის სამირა ისაევას, ტრაგედიიდან მე-3 დღეს მიაგნეს. გ გიოს დედიკო მანანა ჯაჭვაძე კი 10 დღის შემდეგ, შოვიდან ათი კილომეტრის მოშორებით ნახეს.…გარდაცვლილები სოფელ ყანდაურას საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც შაბათს მათთან გიოც მივა….…
სოფელ ყანდაურას წარმომადგენლის, ვალერი ცანკაშვილის თქმით, მთელი სოფელი დაამუნჯა ტრაგედიამ, რომლის მსგავსი მათ მეხსიერებაში არ ყოფილა. "სოფელში ამბობენ, ხალისი დავკარგეთ, ირგვლივ ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს თითქოს ბურუსია ჩამოფარებული და არავინ იცის, ეს ბურუსი როდის ჩამოიხსნებაო", - აღნიშნა მან.
ჩვენ დავუკავშირდით გარდაცვლილების ახლობელს, რომელიც ცრემლს ვერც ჩვენთან საუბრისას იკავებდა:
- რა ვთქვა… მათი დაკარგვით მეც სულის და სხეულის ნაწილი დავკარგე, რაღაც წამოუდგენელი სიცარიელე მხრავს. გულს ყველა სიტყვა მიფლითავს, რომელსაც მათზე ვამბობ. ყველანი: გიოც, მისი დედიკოც და ბებიკოც რუსთავში ცხოვრობდნენ. და იცით, როგორი ცხოვრობდნენ? მუდამ სხვისი გაჭირვების განცდით. გიოს დედიკოც, მანანაც, ერთადერთი შვილი იყოს გიოს ბებიასთვის. მარინამ ის სრულიად მარტომ გაზარდა. ალბათ, ამიტომ მანანამაც კარგად იცოდა განსაცდელი რა იყო, ამიტომაც სულ იმის ცდაში იყო, გაჭირვებულს როგორ დახმარებოდა…. ამ გოგომ წლები იცხოვრა ამერიკაში და შინ გიოს გამო დაბრუნდა. თუმცა ამერიკაში გიოს მამა დარჩა, ის ეხმარებოდა ოჯახს, რის გამოც, საარსებო ლუკმა გააჩნდათ. მანანა თუ განსაცდელში მყოფ კაცს ნახავდა, მაშინვე იწყებდა დარდს: იმას რომ შია, მე მშვიდად როგორ უნდა ვჭამოო - წავიდოდა, მშიერს ლუკმას მიაწოდებდა და მხოლოდ ამის მერე ამოისუნთქავდა.
18 წლის სამირა ისაევა, რომელიც ასევე შოვში დაიღუპა, მათი მეზობელი იყო. უკარგესი ბავშვი: სიცოცხლით სავსე, ლამაზი, ჭკვიანი, უკვე სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. სამირას ოჯახს არაფერი აკლდა, მაგრამ გიოს დედიკომ და ბებიამ ბავშვი ისე გულით შეიყვარეს, რომ ისიც ვეღარ შორდებოდა მათ. განსაკუთრებით გიოსთვის პოულობდა დროს, უფროსი დასავით იყო, ხან ათამაშებდა, ხან ასეირნებდა, ხან გულში იკრავდა. გიოც გიჟდებოდა სამირაზე, ნანოს ეძახდა. საღამოს, როდესაც სამირას შინ დაბრუნების დრო იყო, გიო კართან დადგებოდა და სამირას ასე ელოდა - სანამ ნანო არ მოვა, აქ უნდა ვიდგეო. ასე აღმოჩნდა სამირა შოვში დასასვენებლად, ამ ოჯახმა წაიყვანა, მისი გახარება უნდოდათ, მაგრამ უბედურება გამოვიდა. თავს იმით ვინუგეშებთ, რომ ანგელოზებად წავიდნენ. ანგელოზები კი არც იმქვეყნად შორდებიან ერთმანეთს.
- გიოს მამის მდგომარეობა და მისი ინტერნეტწერილები არანაკლები ტრაგედიაა...
- რა პასუხი ვიპოვო ყველაფერ ამაზე, მეც არ ვიცი და არც არავინ იცის. ჩემსავით ბევრი ეკითხება საკუთარ თავს - ასე რატომ მოხდაო და პასუხს ვერავინ პოულობს. გიოს მამამაც არ იცის, რა უყოს თავის მწარე კითხვებს, რომელიც სანამ იცოცხლებს, მუდამ ექნება. გიოს პოვნის შემდეგ მისი ბოლო წერილი რომ წავიკითხე, მეც მეგონა, რომ გული გამიჩერდებოდა. გიოს წერს: "ჩემო გიო, შენ კი ჩაეხუტები დედიკოსა და ბებოს, მაგრამ მე რა ვქნა, ის რომ ვერ გავიგე, აქ რატომ დავრჩი სატანჯველადო".
იქნებ გიომ თავისი დაბრუნებით ოდნავ მაინც მოაშუშოს მისი გული.
ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას საბოლოოდ მაინც აქვს პასუხი და ალბათ, ისიც იპოვის პასუხებს თავის კითხვებზე.
ეთერ ერაძე
(სპეციალურად საიტისთვის)