"კა–გე–ბეშნიკმა თქვა: საქართველოს ამ პარლამენტის წევრების ნახევარი ჩვენი აგენტები იყოო" - ზვიად გამსახურდიას ურთიერთობა სპეცსამსახურებთან და წინასწარ განწირული პრეზიდენტი
დღევანდელი საუბრის თემა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დაცვას ეხება. ძალზე საგანგაშო ჩამონათვალია: პირველი პრეზიდენტის საეჭვო გარდაცვალება, ორი თავდასხმა მეორე პრეზიდენტზე, შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება „ვარდების სახელით“ და ედუარდ შევარდნაძის „სახლში გაშვება“; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას ძნელად დასაჯერებელი თვითმკვლელობა; პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანიას „ტრაგიკული გარდაცვალება“ (რომლისაც დღემდე არავის გვჯერა!); სწორედ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვის გამო მესამე პრეზიდენტი დამნაშავე აღმოჩნდა (თუმცა, ჩემი აზრით, შესაძლოა სააკაშვილს უფრო მძიმე და სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი) და სასჯელს იხდის. ძალზე ბევრი ხომ არაა ერთი პატარა ქვეყნისთვის?
საქართველოს დამოუკიდებლობის სამი ათეული წელი გამოუყენებელი შესაძლებლობებისა და ხელიდან გაშვებული წინსვლის ქრონიკაა. ეს ყველა სფეროს ეხება: ეკონომიკასა და პოლიტიკას, კულტურასა და განათლებას – სამწუხაროდ ამ ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს. ბევრი ჩვენი დღევანდელი პრობლემის სათავე გასული საუკუნის 80 იანი წლების ბოლოდან იწყება: ქართული საზოგადოების ერთ–ერთი ასეთი პრობლემა (ალბათ, უფრო ავადმყოფობა) კერპთთაყვანისმცემლობაა, რომლისგანაც დღემდე ვერ განვიკურნეთ. კერპების შექმნა უფრო იოლი ყოფილა, ვიდრე მათგან განთავისუფლება. კერპთთაყვანისმცემლობა ობიექტური ანალიზისა და მიუკერძოებელი შეფასების უდიდესი მტერია და მთის ვიწრო ბილიკზე თვალახვეულ სიარულს ჰგავს. ადრე თუ გვიან ხევში გადაჩეხვა გვიწერია. თუმცა ჩვენ კვლავ ახალი კერპების შექმნითა და კვლავ იმედით ვინუგეშებთ თავს: იქნება ახლა მაინც გაგვიმართლოს? გავიხსენოთ, თუ რა ენით აღუწერელი ეიფორია სუფევდა საქართველოში 1990 წლის ბოლოს, როდესაც ახდა დიდი ხნის ოცნება და ქვეყნის სათავეში დემოკრატიულად არჩეული ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. სამწუხაროდ, 1991 წელი მათი მმართველობის ერთადერთი სრული წელი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ეს წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია (მაშინ საბჭოთა კავშირის/რუსეთის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებულმა სამოქალაქო ომმა ბიძგი მისცა დამანგრეველ პროცესებს, რომლებმაც ათწლეულით უკან დასწია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება). ამ მოვლენებში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დიდი უარყოფითი მუხტი შეიტანა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამაც: “სუკის” და “კრემლის აგენტების” ძახილმა, უშიშროების ორგანოების საქმიანობის ხელაღებულმა და მოუზომავმა განქიქებამ, ამ სისტემის ძველი, გამოცდილი თანამშრომლებიდან ეროვნული სულისკვეთების კადრების არ შერჩევამ, ძირშივე მოსპო ახალი, ქართული სპეცსამსახურის შექმნის შანსი.
1990 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოს სუკ–ის ხელმძღვანელი ტარიელ ლორთქიფანიძე იყო, შემდეგ კი, 1990 წლის ნოემბრიდან 1992 წლის 8 იანვრამდე უშიშროებაში სამი ხელმძღვანელი (ოთარ ხატიაშვილი, თამაზ ნინუა და ანზორ მაისურაძე ) შეიცვალა. პროფესიონალიზმის სხვადასხვა დონე, საკუთარი კადრები…. . . რა გასაკვირია, რომ ამ საკადრო ციებცხელებას კარგი არაფერი მოუტანია არც საქართველოს უშიშროების სისტემისათვის და არც თავად გამსახურდიასთვის. საქართველოს სუკ–ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ ხატიაშვილმა მხოლოდ 1991 წლის 23 აგვისტომდე გაძლო. შემდეგ ანზორ მაისურაძეს მოუწია საქართველოს პრეზიდენტის კაპრიზების შესრულება. მაისურაძე საქართველოს უშიშროების სისტემას 1991 წლის 30 სექტემბრიდან 1992 წლის 8 იანვრამდე ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი – 2 მაისამდე უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ფაქტია, რომ გამსახურდია სუკ–ის არც ერთ ხელმძღვანელს არ ენდობოდა და მათთან მუდმივ კონფროტაციაში იყო: ამიტომ მთელი უშიშროების სისტემაც ფაქტიურად განუდგა პრეზიდენტს. პირველი მრავალპარტიული არჩევნებით მოსული საქართველოს პარლამენტის შესახებ კა–გე–ბეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ისტორიული ფრაზა წარმოსთქვა: „ამ პარლამენტის წევრებს რომ შევხედე, ნახევარი ჩვენი აგენტები იყოო“. გამსახურდიას თავიდანვე სწორედ კა–გე–ბეს აგენტების სიები აინტერესებდა. აი, რას იხსენებს საქართველოს უშიშროების მაშინდელი ხელმძღვანელი გენერალი ანზორ მაისურაძე ინტერვიუში (სტილი უცვლელია): „ერთხელ ცხონებულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამიძახა და ერთ-ერთ ადამიანზე მკითხა, - არ მითხრა, რომ ეს კაცი თქვენთან არ თანამშრომლობსო.
- რატომ მეკითხებით-მეთქი?
- იმიტომ, რომ შენზე ამბობენ, ყველაფერი იცისო.
დავუდასტურე, რომ იყო ჩვენთან, თანამშრომლობდა და მეორე დღესვე მივუტანე წერილობითი ინფორმაცია. წაიკითხა ყურადღებით. ვთხოვე, რომ არაფერი ეგრძნობინებინა იმ კაცისთვის სპეცსამსახურებთან მისი ურთიერთობის თაობაზე, და თუ რაიმე აინტერესებდა, შეეძლო დაევალებინა, ისიც აუცილებლად შეუსრულებდა. მისაღებში რომ გამოვედი, აგერ არ დამხვდა ის კაცი?! გადამეხვია, გადამკოცნა...“.
მაისურაძე შემდეგ აცხადებს: „პრეზიდენტ გამსახურდიას ისიც ვუთხარი, რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, გაქვთ უფლება, იცოდეთ, ვინ არის აგენტი, მაგრამ ამის გასაჯაროების უფლება თქვენც კი არ გაქვთო. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის, რათა უკეთ მართოს ქვეყანა, უკეთ შეარჩიოს კადრები. აგენტურა არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ეს ინსტიტუტი ქვეყნის შინაური თუ გარეშე მტრების გამოსავლენად და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად. სწორი და მართალი ხელისუფალი იქნება ის, ვინც ამ პრინციპს განახორციელებს“. თუმცა გამსახურდიასა და უშიშროების შეფს შორის ურთიერთობა მალევე სერიოზულად დაიძაბა. . მაისურაძე იხსენებს: "პრეზიდენტმა გამსახურდიამ ქართული ინტელიგენციის 30 წარმომადგენლის სია გადმომცა და დამავალა, დამემოწმებინა მათი უშიშროების აგენტობა...მე ვუპასუხე, რომ არც ერთი, ვინც იმ სიაში ეწერა, აგენტი არ იყო, რასაც დავადასტურებ ყოველთვის და ყველასთან. რომ ყოფილიყვნენ, არც იმას ვიტყოდი, რადგან ჩემი პროფესიონალიზმი და ღირსება ამის უფლებას არ მაძლევს. მითხრა, რომ ერთ კვირაში დაგირეკავ და შენი თანამდებობაზე ყოფნა და სამსახური შენს პასუხზე იქნება დამოკიდებულიო. ვუპასუხე, რომ ამის გამკეთებელი არ ვარ და თქვენი კაბინეტიდან პირდაპირ შინ მივდივარ-მეთქი. ერთი კვირის თავზე მირეკავს და მეუბნება, - შენ მე მატყუებ და ამიტომ სამსახურიდან გაგდებ! არ გამგდების-მეთქი . .“.
უშიშროების საპირწონედ გამსახურდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოიაზრებდა. 1990 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" ფრაქციის დეპუტატი დილარ ხაბულიანი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე 1992 წლის 5 იანვრამდე იმუშავა. თუმცა ბოლოს მანაც პირველი პრეზიდენტის რისხვა დაიმსახურა. გამსახურდია „ავტობიოგრაფიაში“ აღნიშნავს: „პირველი სხდომა შედგა 1990 წლის 14 ნოემბერს, რომელმაც თითქმის ერთხმად ამირჩია საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. ჩემი ხელმძღვანელობით პარლამენტმა დაიწყო ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოში. . . . კრემლის რეაქცია უსისხლო რევოლუციაზე, საქართველოში კომუნისტური მმართველობის დასრულებაზე უკიდურესად უარყოფითი იყო. გორბაჩოვის მხრიდან ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ მუქარა გავარდა, მოსკოვი განსაკუთრებით შეაშფოთა კგბ-ს ფაქტობრივმა გაუქმებამ, ცენტრისთვის საიმედო პერსონალის მოხსნამ და ასევე ახალმა დანიშვნებმა. ... რესპუბლიკის მილიცია სულ უფრო და უფრო პასიურობდა და არ იღებდა ზომებს პუტჩისტების დანაშაულებრივი ქმედებების ჩასახშობად, რადგან მათთან ფარულად იყო დაკავშირებული და ეხმარებოდა შს მინისტრი ხაბულიანი და შსს-ს მთელი ხელმძღვანელობა.. . . . . 1991 წლის 27 დეკემბერს სატელევიზიო ანძის დამცველმა გვარდიელებმა ბ.ქუთათელაძის მეთაურობით პრეზიდენტს უღალატა და ტელეანძა პუტჩისტებს გადასცეს“. აქ ერთი ლოგიკური კითხვა უნდა დაისვას: ვინ არჩევდა და ნიშნავდა ამ პიროვნებებს? რა თქმა უნდა თავად გამსახურდია!
პირველი პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკა, სამწუხაროდ, არანაირ ობიექტურ კრიტერიუმებს არ ითვალისწინებდა, დიდი იყო კუთხურობისა და პიროვნული სიმპათია–ანტიპათიის გავლენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოსტებზე კადრების შერჩევის დროს. ზ. გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" კი წერს საქართველოს სსრ სუკ–ი ფაქტიურად გავაუქმეო, თუმცა ეს სასურველის რეალობად წარმოდგენის მცდელობა უფროა. საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის არც სტრუქტურული რეფორმირება და არც საკადრო შემადგენლობის გადახალისება იმ პერიოდში არ მომხდარა! რამდენიმე დღის წინ გამსახურდიას ერთ–ერთი ყველაზე ერთგული თანამებრძოლის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენესი საბჭოს ეკონომიკური რეფორმის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის გივი თაქთაქიშვილის ძალზე საინტერესო წიგნს („ეკონომიკური რეფორმები და ეროვნული ხელისუფლება“) გავეცანი. იქ დაწვრილებითაა აღწერილი თუ რა დიდ სამუშაოს ასრულებდა ეს „კომისია“ საქართველოს ცენტრალიზებული ეკონომიკის საბაზრო მოდელზე გადასაყვანად. ავტორი აღწერს ზ. გამსახურდიასთან სამსახურებრივი ურთიერთობის რამდენიმე საინტერესო ეპიზოდსაც, საიდანაც კარგად ჩანს პირველი პრეზიდენტის ბუნება.
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოში მოქმედებდა „თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიაც“ (თავმჯდომარე ვაჟა ადამია ), რომლის მთავარი ამოცანა სწორედ ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმის საკანონმდებლო უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ განხორციელდა. ჩემი აზრით, გააჩნდა რა ქართველი ხალხის უზარმაზარი ნდობა, ზვიად გამსახურდიას შეეძლო ნამდვილად ეროვნული სპეცსამსახურების (დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და „სამთავრობო დაცვის“) შექმნისთვის ჩაეყარა საფუძველი. პირველი პრეზიდენტი ერთი წლის მანძილზე ცდილობდა ქვეყანა სპეცსამსახურების დახმარების გარეშე ემართა, არც ძველს ენდო, ახალიც არ შექმნა: ეს იყო მისი უდიდესი შეცდომა! ამიტომ გამსახურდია დარჩა "თვალისა და ყურის" გარეშე: ის ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა, არ ჰქონდა რეალური და დროული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუნდაც თენგიზ კიტოვანის და ეროვნული გვარდიის მოსალოდნელ ღალატზე.
ოფიციალურ დოკუმენტებში თუ მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში ხშირად შეხვდებით ამგვარ ფრაზებს: "პრეზიდენტ გამსახურიდიას დაცვა" და "გამსახურდიას პირადი დაცვა", თუმცა რეალურად საქართველოს პირველ პრეზიდენტს პირადი დაცვა, ამ ტერმინის კლასიკური გაგებით, ფაქტიურად არ ჰყოლია. ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერი სპორტსმენებისგან (მოჭიდავეები, კარატისტები, მოკრივეები და ა.შ.) დაკომპლექტებული ჯგუფები შიშველი ენთუზიზმისა და პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, ცდილობდნენ პირველი პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის ფუნქციების შესრულებას. რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობდი (მაგ. ნ.მ.–ს): ფიზიკურად ძლიერი ბიჭები კი იყვნენ, მაგრამ პირადი დაცვის უნარ–ჩვევებისა არა იცოდნენ რა. ისე ჩაირიცხნენ, არც მათი პროფესიული მომზადება და პიროვნული თვისებები შეუმოწმებია ვინმეს. უფრო მეტიც: რა გარანტია იყო, რომ მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული აგენტებიც არ იყვნენ? არანაირი. ამიტომაც ეს "დაცვა" გამსახურდიას ერთგული არაპროფესიონალებისგან დაკომპლექტებული "პირადი გვარდია" უფრო იყო ვიდრე სპეცსმსახური.
კარგადაა ცნობილი, რომ გამსახურდია კა–გე–ბეს არასდროს არ ენდობოდა და ტყუილ–მართალს ერთნაირად აბრალებდა: "მეც მწამლავენ და ჩემს ოჯახსო" – სულ გაიძახოდა და გასაგებია, რომ საქართველოს სუკ–ს, რომელიც ჯერ კიდევ არსებული საბჭოთა კავშირის კა–გე–ბეს სტრუქტურად ითვლებოდა, და მის სამთავრობო დაცვის სამსახურს საკუთარ სიცოცხლეს არ მიანდობდა ამიტომაც პირველი პრეზიდენტი რეალურად პირად დაცვის გარეშე დარჩა. უზენაესი საბჭოს ყველაზე ქვედა სართულზე მდებარე სასადილო ( ე.წ."ბუნკერი") პრეზიდენტის და მის გარემოცვის თავშესაფარად იქცა და სწორედ იქ ყოფნისას, პრეზიდენტმა პირადი დაცვის უფროსად, მაშინდელი ფინანსთა მინისტრის რეკომენდაციითა და დიდი მცდელობით, რობინზონ მარგველანი დანიშნა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დღესაც უცნობია ეს დანიშვნა ზვიად გამსახურდიას შესაბამისი წერილობითი ბრძანებულების საფუძველზე განხორციელდა, თუ სიტყვიერად?
პრეზიდენტი გამსახურდია და მისი დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი (მარჯვნიდან პირველი). 1991 წლის დეკემბრის ბოლო დღეები.
ზვიად გამსახურდიას ერთ–ერთი თანამებრძოლი ოთარ უბილავა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში (2012 წლის აპრილი) ძალზე საინტერესო ფაქტებს იხსენებს: "1992 წლის აპრილში პრეზიდენტთან გროზნოში ჩავედით. რეზიდენციაში მისვლისთანავე თვალში მეცა უწესრიგობა და დაცვის სამსახურის გულგრილობა. არავის უკითხავს, - ვინ ხართ, ან რა გინდათო. პრეზიდენტის დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი დიდ დროს სამეგრელოში ატარებდა. ზვიადს საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე ვესაუბრე, პრეზიდენტი აშკარად ვაკუუმში იყო მოქცეული. ამ შეხვედრაზე დაცვის სამსახურის შექმნის აუცილებლობაზეც ვისაუბრეთ, თუმცა პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვასა და ჩვენ შორის სიტუაცია უფრო რომ არ გამწვავებულიყო, შევთავაზე: ჩამოყალიბდეს დაცვის სამსახური და მისი სტრუქტურები, გადამზადდეს არსებული შემადგენლობა და დაემატოს საჭირო სპეციალობის პირები, ყველამ გაიაროს სამედიცინო შემოწმება, მომზადდეს მათი ანკეტური მონაცემები, ხელი მოეწეროს ფიცს და ა.შ. ამაზე პირველმა რობინზონ მარგველანმა თქვა უარი, მას ბაჩუკი გვანცელაძე აჰყვა, გასაკვირი კი ის იყო, რომ ჩვენს წინადადებას მხარი არც მანანა არჩვაძემ დაუჭირა (?!)"
წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ კვლავ იგივე პრობლემა იდგა: ზვიად გამსახურდია ფაქტიურად პირადი დაცვის გარეშე იყო. ოთარ უბილავა "კვირის პალიტრასთან" სხვა ინტერვიუში (2019 წლის 31 მარტი) იხსენებს:
„ჩამოსვლის დღესვე (საუბარია 1993 წლის სექტემბრის ბოლოს გამსახურდიას სამეგრელოში ჩასვლაზე – ბ.ა.) პრეზიდენტმა ზუგდიდში მიტინგი ჩაატარა. 50 000 კაცი მოვიდა. მაშინ ამაყად უთხრეს, - ნახეთ, რამდენი კაცი დგას თქვენ გვერდითო. ამის მერე ზვიადის დაცვაზე არავის უზრუნია, პრეზიდენტი ფაქტობრივად დაუცველი იყო, ექვსიოდე მცველი ახლდა, რომლებიც მის კაბინეტში იმყოფებოდნენ. მიუხედავად ჩემი არაერთგზის თხოვნისა თუ მოთხოვნისა, პრეზიდენტის დაცვის გაუმჯობესებაზე არავინ ფიქრობდა. . . . .გვიან ღამით სენაკიდან მომავალ პრეზიდენტს შუა გზაში ცეცხლი გაუხსნეს. დაცვის წევრები მანქანის ქვეშ შეძვრნენ და ზვიადსაც ასე ურჩიეს... პრეზიდენტმა იუკადრისა ასე მოქცევა... სწორედ იმ ღამეს ზუგდიდში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სახელმწიფო დაცვის სამსახურის შექმნის ბრძანებას. თუმცა გვიანი იყო - რუსები და სამთავრობო ჯარების ნაწილები ყოველი მხრიდან გვიტევდნენ; ამიტომ პოზიციიდან ხალხი დროულად ვერ მოვხსენით".
უბილავას სიტყვებს შემდეგ განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს: 1993 წლის ოქტომბერ–დეკემბერში ზ. გამსახურდიას პირადი დაცვის წევრების რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა და იმ საბედისწერო დღეს მხოლოდ ორი ადამიანიღა იყო დარჩენილი (რ. მარგველანი და ბ. გვანცელაძე), რომელთაც უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია. სამეგრელოს სოფლებსა და ტყეებში გადაადგილებისას გამსახურდიას არ ჰქონდა რეალური ინფორმაცია მდევრების შესახებ: ის ხაფანგში შემოიტყუეს და გვერდით სიმართლის მთქმელიც არავინ არ დაუტოვეს. ზ. გამსახურდია 1993 წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნების შემდეგ უკვე განწირული იყო !