"ეს ბზარი იყო აქ?!" - "რიკოთის მთები" ანუ... დაბზარული სახლები და ცხოვრება მეწყერთან ერთად! - რა ხდება მშენებარე ავტობანზე - კვირის პალიტრა

"ეს ბზარი იყო აქ?!" - "რიკოთის მთები" ანუ... დაბზარული სახლები და ცხოვრება მეწყერთან ერთად! - რა ხდება მშენებარე ავტობანზე

"ეს ბზარი იყო აქ?!" - კითხულობს დაუვიწყარი პერსონაჟი ცნობილი ფილმიდან - "ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი", მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს... ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ბოლო ხანებში რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს - გზასთან ახლოს მცხოვრებ ხალხს სახლები დაუზიანდა და სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამ მონაკვეთზე ჩატარებული სამუშაოს ხარისხი, კარგა ხანია, ეჭვს აჩენს, რასაც ადასტურებს რამდენჯერმე ჩამოწოლილი მეწყერი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამჯერად ყველაზე რთული მდგომარეობა უბისა-შორაპნის მონაკვეთზეა, რომლის მშენებლობა "ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციამ” 2019 წელს დაიწყო. სოფელ ფუთსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები ოჯახები მუდმივ შიშში არიან:

"ჩვენი სახლები დაიბზარა, ლამისაა ყველაფერი თავზე დაგვენგრეს!"

ხათუნა დოგრაშვილი, ადგილობრივი მაცხოვრებელი:

- სამწუხაროდ, გზის პირას, მშენებარე გვირაბთან ახლოს ვცხოვრობ. რაც ამ გვირაბების გაყვანის გამო აფეთქებები დაიწყეს, ჩემი სახლი სულ დაიბზარა, ფანჯრები ჩამოიფშვნა, როცა კლდეს აფეთქებენ, ფანჯრები თავისით იღება და ამდენი წლის ნაშენები სახლ-კარი თავზე გვენგრევა. სახელმწიფოს ეს ჩინური კომპანია თავის ჭკუაზე ჰყავს მიშვებული და ხალხს რა უჭირს ან რა ულხინს, არ ფიქრობს. სამი შვილი მყავს და უკვე შიშები აქვთ: გამაფრთხილებელი სირენის ხმა რომ ესმით, ეშინიათ და სულ აფეთქების მოლოდინში არიან.

მესმის, რომ ეს გზა საჭიროა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ხალხისთვის ნაკლები ზარალი მოეტანა? ფაქტია, რომ ამ ავტობანის მშენებლობით ყველა ძალიან დავზარალდით: სახლის კედლები დაიბზარა და ჭერიც დაზიანდა, წვიმის დაწყების გვეშინია, რადგან სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ.

rikoti-bzari-5-1693565127.jpg

გეოლოგები ჩინელებს აფრთხილებდნენ, რომ აქ მეწყერსაშიში ზონაა და აფეთქება დაუშვებელია, რომ გვირაბის გაყვანა ბურღვის მეთოდითაც შეიძლება, მაგრამ ვინ მოუსმინა?! ამ კლდის ზემოთ, სადაც გვირაბი გაჰყავთ, სოფელი ფუთია, მის ძირში კი, უძველესი დაბა - შორაპანია გაშენებული. ეს დასახლება 20-21 საუკუნისაა, მოსახლეობა საკმაოდ მჭიდროდ ცხოვრობს და ნუთუ, ამ ხალხზე არავინ ფიქრობს?

ჩამოშლილ კლდეს ხან ცემენტი მიასხეს, ხან ცხაურები დააყენეს, მაგრამ პროცესს ვერ აჩერებენ. ვითომ გაამაგრეს, მაგრამ რამდენჯერაც გაწვიმდა, კლდე იმდენჯერ ჩამოიშალა.

განცხადებას განცხადებაზე ვწერთ, ვაგზავნით, მაგრამ "გზების დეპარტამენტს" ჩვენს გასაჭირზე რეაქცია არა აქვს. ისეთ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენ ვიგონებთ. ამ აფეთქებებით, მეწყერსაშიშ ზონაში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავეს და ახლა ცდილობენ, ჩამოშლილი კლდეები ბადეებით შეაკავონ! არც ერთი პარტიის წარმომადგენლები არ ვართ, ჩვენი შვილების და ოჯახის მომავალი გვაწუხებს, მაგრამ ჩვენს გასაჭირზე რომ ვესაუბრებით, იცით, რა პასუხით გვისტუმრებენ? - ამ ყველაფერს ოპოზიცია იგონებს და თქვენ იმეორებთო... აბა, რა გითხრათ? - არ ვიცი, რა გვეშველება!

rikoti-bzari-6-1693565093.jpg

"დროზე შეაჩერონ ეს აფეთქებები, თორემ მოსახლეობას ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა!"

შორენა ნებიერიძე, ადგილობრივი მკვიდრი:

- მოსახლეობამ იცის, რომ ამ გზაზე თავდაპირველად იტალიურ და იაპონურ კომპანიებს უნდა ემუშავათ, მაგრამ უარი თქვეს - მეწყერსაშიში ზონაა და ვერ შევეხებითო. იმასაც ამბობდნენ, რომ საჰაერო ხიდები უნდა გაეყვანათ - მაღალ ხიმინჯებზე ხიდები უნდა აეგოთ და მეწყრულ მონაკვეთს საერთოდ არ შეეხებოდნენ. იმის გამო, რომ ძვირი ჯდებოდა, სახელმწიფომ ამაზე უარი თქვა, იაფფასიანი ჩინური კომპანია დაიქირავა და ხედავთ, დღეს რა დღეში ვართ!

გზის მშენებლობა კარგია, მაგრამ ამას მოსახლეობის ინტერესები არ უნდა ეწირებოდეს.

ვინ იცის, რამდენჯერ ჩამოწვა ამ მონაკვეთზე მეწყერი, ივლისში, სოფელ მარელისშიც ეს უბედურება დატრიალდა და ძალიან კარგი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა!

ახლა გვირაბი სოფელ ფუთის ქვემოთ გაჰყავთ: მუდმივმა აფეთქებებებმა ისედაც მეწყრული კლდე ჩამოშალა, ვითომ გაამაგრეს, ბეტონიც მიასხეს და ცხაურებიც დააყენეს, მაგრამ როგორც კი ცოტა ძლიერი წვიმა მოვიდა, წყალმა ეს ყველაფერი ძირს ჩამოიტანა. სანამ დროა, გააჩერონ ეს აფეთქებები, თორემ მოსახლეობას ფუთში და ახლომახლო ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა.

მაინცდამაინც შოვის მსგავსი ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ ამ ხალხს ყურადღება მიაქციონ?!

rikoti-bzari-1693565198.jpg

ხომ ნახეს, რიკოთზე რა მოხდა, იმხელა კლდე ჩამოიშალა და რაღაც მაინც უნდა გამოესწორებინათ?! თუ აუცილებლად სახლები უნდა დაგვენგრეს და ღია ცის ქვეშ დავრჩეთ?! ასე თუ გაგრძელდა, სოფელი ფუთი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება და მის ახლომდებარე დასახლებებსაც არ დაადგება კარგი დღე!

საგზაო დეპარტამენტი გვიმტკიცებს: საშიში არაფერია, ყველაფერს ხარისხიანად ვაკეთებთო. მოვიდნენ და ნახონ, რა დღეში ვართ! კაბინეტებიდან ვერ დაინახავენ, ხალხი აქ რა დღეშია. არც კომპენსაციას გვპირდებიან, არც არაფერს, მაგრამ მაგათი არაფერი გვინდა, ოღონდ, ეს აფეთქებები შეწყვიტონ და ჩვენს ნაშრომს მეწყერს ნუ გაატანენ! ამდენი ვიშრომეთ, ვიწვალეთ, სახლები ავაშენეთ და ლამისაა, თავზე დაგვექცეს.

იცით, რას ამბობენ? - ეტყობა, თქვენი სახლები იყო დაძველებული და უხარისხოდ ნაშენებიო! იმხელა გვირაბები გაჰყავთ, აფეთქებები კიდევ დიდხანს არ შეწყდება და კარგს რას უნდა ველოდეთ?! დროზე შეაჩერონ ეს ჩინური კომპანია, რომ ეს დასახლებები მაინც გადარჩეს. საფრთხე მათ ოჯახებს და შვილებს რომ ეხებოდეს, ხომ არავის აპატიებდნენ? - პასუხი მგონი, ყველამ ვიცით!

rikoti-bzari-4-1693565290.jpg

თეა გოდოლაძე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი:

"თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს მეწყერსაშიში ადგილია, რომ ამ მთებს არავინ უნდა შეეხოს!"

- ახალს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი - მეწყერზე გზის გაყვანა დაუშვებელია! თავიდანვე ვამბობდი, რომ რიკოთი და მიმდებარე მონაკვეთი მეწყერსაშიში ადგილია, რომ ამ მთებს არავინ უნდა შეეხოს. სამწუხაროდ, არავინ მოგვისმინა და გზას უკვე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აგებენ.

სერიოზული პრობლემებია სოფელ ფუთში, სადაც სახლები დაბზარული და დაზიანებულია. ღმერთმა ნუ ქნას და მიწისძვრა ან სხვა სტიქიური მოვლენა მოხდეს, მარტო ფუთი კი არა, ახლომდებარე დასახლებებიც რისკის ქვეშაა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მონიტორინგზე დასასწრებად მეც მომმართა, მაგრამ საგზაო დეპარტამენტმა დამბლოკა: თეა გოდოლაძე რომ დაესწროს, სისტემა მთლიანად შეიცვლებაო - სწორედ ეს არ სურთ: რაღაცის შეცვლა მათ ინტერესებში არ შედის.

მე ინჟინერი არ ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ მთებს არ უნდა შეხებოდნენ და საქმეში თავიდანვე გეოტექნიკური ინჟინრები უნდა ჩაერთოთ, მაგრამ ვის ჩართავდნენ, როცა ამ პროფესიის ხალხი საქართველოს უკვე აღარ ჰყავს? იმ გეოლოგების აზრით, ვისი აზრიც პატივსაცემია, ამ სიტუაციაში გამოსავალი არ ჩანს, სამწუხაროდ, მეც ამ აზრს ვიზიარებ, რატომ? - ამ მონაკვეთის გამაგრება შეუძლებელია და რიკოთი კარგა ხანს იქნება საფრთხის შემცველი, ამიტომ ალტერნატიულ გზებზე უნდა ვიფიქროთ! ეს უბრალო კლდეები არ არის, ეს 600 მილიონი წლის გამოფიტული ქანებია.

მეწყრული პროცესი კიდევ უფრო გაამწვავეს და ახლა ამ პროცესს რომელი ბეტონი და ცხაური დააკავებს? ისე მარტივად არ არის საქმე, როგორც ზოგიერთს ჰგონია.

სამწუხაროა, რომ სპეციალისტების გაფრთხილება თავის დროზე არ მოისმინეს და არ გაითვალისწინეს.

rikoti-bzari-1-1693565246.jpg

ლია მუხაშავრია, იურისტი, უფლებადამცველი:

"თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ ეს სახლები გზის გაყვანის გამო დაზიანდა, კომპანიამ მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს"

- ქალბატონო ლია, რა შეიძლება ვურჩიოთ ამ ადამიანებს?

- გზების დეპარტამენტს რამდენი წერილიც უნდა მისწერონ, ვერაფერს მიაღწევენ. მათ სჭირდებათ მტკიცებულება, რომ მათი სახლები ავტობანის მშენებლობის გამო დაიბზარა და დაზიანდა. თუ ექსპერტიზის მოწვევას თავისი ხარჯებით ვერ შეძლებენ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს განცხადებით უნდა მიმართონ და ექსპეტიზისთვის სპეციალისტები ჩამოყვანა მოსთხოვონ. ექსპერტიზა ზუსტად დაადგენს, რა დონის ზარალი მიადგა თითოეულ ოჯახს და კუთვნილ თანხას აუნაზღაურებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის ეტყვიან, რომ მათი სახლებია უხარისხოდ აშენებული და სიმართლეს ვერ დაამტკიცებენ.

საგზაო დეპარატამენტის სახელზე განცხადების წერას აზრი არა აქვს - მე, როგორც იურისტს, მხოლოდ ამ რჩევის მიცემა შემიძლია.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)